1972 წელს, როცა ახალგაზრდა მწვრთნელმა რიჩარდ სალერმასპორტული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია "სალერი" დააფუძნა, ფიქრობდა, რომ "ადიდასისა" და "პუმასგან" განსხვავებით, მისი პროდუქტი ყველასათვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო, მაგრამ გერმანელი ბიზნესმენი ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მისი აღმაფრენის წყარო... უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ის საუბრები გახდებოდა.
ბევრზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ "სალერის" სპორტული ეკიპირებით ფეხბურთში პირველი და მეორე ბუნდესლიგის 8 კლუბი სარგებლობს.
გერმანული სპორტული ფირმა "სალერი" ევროპაში საკმაოდ პოპულარულია და ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებებში ამ ბრენდის ნაწარმით არაერთი გუნდი თუ სპორტსმენი იმოსება.
საქართველოში "სალერი" 2008 წლიდან ფუნქციონირებს. მას შემდეგ არის ნოდარ ახალკაცის სახელობის საფეხბურთო ფესტივალისა და "ბენდელას" თასის პარტნიორი, იყო ამ ტურნირის გენერალური სპონსორიც.
2012 წელს გერმანული ფირმის სავაჭრო ცენტრი თბილისში გაიხსნა და ამა წლის სექტემბრიდან პირველი ლიგის გუნდების ეკიპირებით მომარაგებაც საკუთარ თავზე აიღო.
ამავდროულად, "სალერის" პრეზიდენტი რიჩარდ სალერი ქველმოქმედიცაა, საქართველოს დიდი მეგობარი გახლავთ და ცოტა დაუჯერებლადაც შეიძლება ჟღერდეს, რომ საქართველოთი ისე მოიხიბლა, სამომავლოდ აქ დასახლებას აპირებს...
ახლა მთავარზე: რიჩარდ სალერი ბავშვთა საფეხბურთო სკოლებისთვის ახალი მეთოდოლოგიის შემუშავებასა და დანერგვაზე მუშაობს:
"ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის. ფეხბურთელი, ისევე, როგორც ნებისმიერი ბავშვი, იმ გზით განვითარდება, როგორ სულიერ საზრდოსაც მიიღებს.
ცხადია, გერმანულ საფეხბურთო სკოლებში ფიქრობენ, რა მიმართულებით განვითარდნენ და რესურსი როგორ აითვისონ. ამ მიმართულებით მილიონები იხარჯება და ახალი მეთოდების შესამუშავებლად, მეცნიერებთან თანამშრომლობენ.
წმინდა საფეხბურთო ვარჯიშების გარდა, ბავშვების განათლებასა და აღზრდაზეც ფიქრობენ. ამ მიმართულებით, ჩვენთანაც თანამშრომლობენ, რადგან იციან, რომ ჩვენთვის საინტერესო თემაა - "სალერი" მხოლოდ ბიზნესი არ არის, ეს ფილოსოფიაცაა. ჩვენ კი გრძელვადიან გეგმებსა და პროექტებზე ვმუშაობთ".
საინტერესოა, რომ სალერი გერმანელი ბავშვების აღზრდაში ქართულ სიბრძნეებსაც იყენებს:
"რამდენიმე წლის წინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გავიცანი და ამან ჩემზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, ყოველწლიურად ვცდილობ, საქართველოში ჩამოვიდე, მოვინახულო და თუნდაც 5 წუთი გავესაუბრო. მისგან ბევრი ქართული სიბრძნე მოვისმინე.
ბევრი ვიფიქრე და მომავალი გერმანელი ვარსკვლავების გაზრდაში ჩემი პატარა წვლილის შეტანა ამ სიბრძნეების გამოყენებითაც ვცადე. საფეხბურთო სკოლებს მულტიპლიკაციური სოციალურ-საგანმანათლებლო რეკლამების სერიალი შევთავაზე, სადაც პროპაგანდას ვუწევთ სიკეთეს, მეგობრობას, კეთილშობილურ ურთიერთობებს...
უკვე რამდენიმე მულტიპლიკაცია დამზადდა, სადაც სხვადასხვა ხალხის სიბრძნეები ბავშვურ ენაზეა გადმოცემული. მათ შორის, განსაკუთრებით დიდი ადგილი საქართველოს პატრიარქის მონაყოლზე შექმნილი სიუჟეტის რეკლამებს დავუთმე.
ამ მულტიპლიკაციებს საფეხბურთო სკოლების ოფისებში დამონტაჟებულ ტელევიზორებში აჩვენებენ.
მჯერა, რომ ამ სულიერი საზრდოთი გაზრდილი გერმანელი ბავშვები მოედანზე კეთილშობილური საქციელის, ბრძოლისუნარიანობისა და გონიერი თამაშის მაგალითს სხვებსაც მისცემენ".
საქართველოში "სალერს" პარტნიორი ჰყავს:
"საქართველოსთან თანამშრომლობა თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივნის, გოჩა თამაზაშვილისა და ჰოლდინგ "იბერია ბიზნეს ჯგუფის" დამსახურებაა. მათ არა მხოლოდ თანამშრომლობა შემომთავაზეს, არამედ საინტერესო პროექტებით დაასაბუთეს, რომ აქ ინვესტიციების განხორციელება მიღირდა.
ვარ "საბურთალოს" პარტნიორიც, რომელიც თავის ბაზას აშენებს, სადაც ჩვენს აღმზრდელობით რეკლამებს ქართველ ბავშვებსაც მივაწვდით. სხვათა შორის, ამ პროდუქციით, ერთ-ერთი ქართული არხიც დაინტერესდა და მას უახლოეს პერიოდში გაუშვებენ. მათ ჩვენებას ვაპირებთ ნოდარ ახალკაცის სახელობის საფეხბურთო ფესტივალის დროსაც".
დაბოლოს, რიჩარდ სალერი თბილისში "სალერის თასის" დაფინანსებას კვლავაც აპირებს, ხოლო ქართული კლუბებისთვის ტექნიკური სპონსორობის ხელშეკრულებას ამზადებს:
"ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი გამოდგა. ამიტომ პარტნიორობის გაფართოებასა და ბიზნესის მასშტაბების გაზრდაზე ვფიქრობ. სკოლებსა და გუნდებს ფორმებს ხელმისაწვდომ ფასში შევთავაზებთ.
გარდა ამისა, ვფიქრობთ საქართველოში ცნობილი მწვრთნელების ვიზიტის დაფინანსებაზეც, რომლებიც ქართველ სპეციალისტებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"