Fireball ერთ-ერთი გამორჩეული ალბომია Deep Purple-ს დისკოგრაფიაში. გარდა იმისა, რომ ჯონლენონის ლანძღვა-გინების მითით, ბავშვობიდანვე ვიყავით შეპყრობილნი, რაღაც ფარულსა და მისტიკურ სალბომი, თუნდაც ჩაწერის ადგილიდან გამომდინარე, მოიაზრებს.
In Rock-ის პერიოდიდან მოყოლებული, Deep Purple აშკარად გამოხატულ საკონცერტო ჯგუფად იქცა. იმპროვიზაციული თვალსაზრისით, ის ალბათ ნებისმიერ ბრიტანულ ჯგუფზე წინ წავიდა.
ამის მიზეზი ერთის მხრივ გაუთავებელი ამერიკული ტურნეები იყო, მეორეს მხრივ კი საკონცერტო მასალის სიმწირე, რაზეც ჯგუფი შეგნებულად მიდიოდა დროის უკმარისობის გამო.
სამაგიეროდ სიმღერათა ქრონომეტრაჟი ხშირად 10-15 წუთს ჭარბობდა და ზოგჯერ ნახევარ საათსაც კი აღწევდა ხოლმე. გავიხსენოთ ამ მხრივ გამორჩეული Mandrake Root, Wring That Neck და როლინგების Paint It Black, რომელიც ფაქტობრივად იან პეისის ბენეფისად ქცეულიყო.
სწორედ ამგვარმა „შეზღუდულობამ“ განაპირობა შემდგომში Deep Purple-ს გამორჩეული საკონცერტო შემართება.
ალბომ Fireball-ის ერთ-ერთი მიზანი, თითქოს საკონცერტო რეპერტუარის გამრავალფეროვნება უნდა ყოფილიყო, მაგრამ მსმენელმა სინამდვილეში სულ სხვა რამ მიიღო.
ჯერ კიდევ ვინილის დისკების პერიოდში, ამაოდ ვეძიებდით Fools-ისა თუ Demon’s Eye-ს ლაივ ვერსიებს, მაგრამ ნამდვილად არ ველოდით, რომ დღევანდელ დღესაც კი ასეთი დეფიციტური იქნებოდა Fireball-ის საკონცერტო რეპერტუარი.
მეტიც, 1971 წლის ტურნეშიც კი, ჯგუფის სეტ ლისტი ფაქტობრივად ორად ორი სიმღერით - Fireball და Strange Kind Of Woman შეივსო. აქედან სტაბილურად მხოლოდ ეს მეორე სრულდებოდა.
ერთ მშვენიერ დღეს, რიჩი ბლექმორმა უთხრა გილანს - წამოდი, ედგარ ვინტერის კონცერტს დავესწროთო. გილანმა ჰკითხა - ეგ ვიღააო. ალბათ მკითხველმა წარმოიდგინა რიჩის საპასუხო ფიზიონომია.
საბოლოოდ ედგარ ვინტერის 15 წუთიანი Tobacco Road იქცა Strange Kind Of Woman-ის საკონცერტო იმპროვიზაციის საფუძვლად, რაც გიტარ-ვოკალის პასუხს ემყარებოდა. სიმღერა დღემდე რჩება Deep Purple-ს უშრეტი საკონცერტო ფანტაზიის უმნიშვნელოვანეს გამოხატულებად.
Strange Kind Of Woman-ის სტუდიური ვერსია შედარებით უფერული გამოდგა როგორც ჟღერადობის, ისე დაკვრის მხრივაც. იგი ბრიტანეთში სინგლის სახით გამოვიდა, აშშ-ში კი Demon’s Eye-ს ნაცვლად შეიტანეს ალბომში, რითაც საგრძნობლად დაამახინჯეს იგი.
Fireball მგზნებარე როკ’ნ’როლია, რომელშიც იან პეისი წუთში 240 ჩარტყმას ანხორციელებს. ვოკალის საოცარ პარტიას ამშვენებს როჯერ გლოვერის ბას გიტარისა და ჯონ ლორდის ჰამონდის სოლოები. ბლექმორი აქ „მეტეორული“ აკომპანემენტითაა დაკავებული და დიდი მაესტროს გამორჩეულ დაკვრას, უკვე მომდევნო სიმღერაში No No No ვხვდებით.
Fireball-ის წარმომავლობა საკმაო მიქმა-მოთქმას იწვევს, რადგან ამერიკული ტურნეს დროს, Deep Purple-ს ხშირი ურთიერთობა ჰქონდა კანადურ ჯგუფ Warpig-თან, რომლის ერთადერთი ალბომი 1970 წელსაა გამოცემული.
საქმე ისაა, რომ გამოუცდელი ყურისთვისაც კი ნათელია ამ ალბომიდან კომპოზიცია Rock Star-სა და Fireball-ს შორის მსგავსება. მაგრამ Rock Star-ში Deep Purple In Rock-დან Flight Of The Rat-იც ისმინება.
ამჟამად ბუნდოვანია, როდის იწერებოდა კანადური ჯგუფის ერთადერთი ალბომი, Deep Purple In Rock 1969 წლის სექტემბერში მზადდებოდა, ხოლო Fireball კი 1970 წლის სექტემბრიდან მოყოლებული.
ალბათ უმჯობესია, ლეგენდარული ჯგუფის მხრიდან პლაგეატის (არსებობის შემთხვევაში) უგულვებელყოფა და უბრალოდ ტკბობა შესანიშნავი როკ’ნ’როლით, რომელიც კვლავაც Deep Purple In Rock-ის ენერგეტიკასა და სულისკვეთებას ავლენს. ამ თვალსაზრისით Fireball, ალბომიდან ერთადერთია.
No No No პირქუშია და სიღრმისეული. ტექსტი კი ადამიანების მანკიერ თვისებებზე მიუთითებს. კომპოზიციის ბლუზური ტენდენცია უკვე მომდევნო, სადღაც ფანკური ელფერის მქონე ზემოთ ნახსენებ Demon’s Eye-ში გადადის, რომელიც თითქოს სცენურობის მიუხედავად, ჯგუფმა საკონცერტო სეტ ლისტში არ შეიყვანა.
იგივე ითქმის ქანთრის სტილში დაკრულ ერთადერთ სიმღერა Anyone’s Daughter-ზეც, რომლის არსებობა ლეგენდარულ ჯგუფს, 1993 წლის ტურნეში გაახსენდა.
Fireball-სა დაStrange Kind Of Woman-ის გარდა, საკონცერტო რეპერტუარი ალბომის მეორე გვერდის გამხსნელმა - The Mule გაამდიდრა. სიმღერა კონცერტებზე იან პეისის დრამ სოლო-ბენეფისად იქცა და პირვანდელი სახე, ფაქტობრივად დაკარგა.
ალბომის მეორე გვერდზე No No No-ს სიღრმისეულ მუხტს, Fools წარმოაჩენს, რომლის გიტარ ექსპერიმენტი იმპროვიზირდებოდა ერთი წლის შემდეგ ჩაწერილი Space Truckin’-ის საკონცერტო ვერსიებში.
დამაგვირგვინებელი No One Came კი ხმის რეჟისორ მარტინ ბირჩის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნამუშევარია. უკვე სტივ მორსის პერიოდში, Deep Purple მას ხშირად ასრულებს კონცერტებზე, მაგრამ საკონცერტო ვერსიის ერთადერთი უარყოფითი მხარე, სწორედ მისი ახალი ჟღერადობაა.
Fireball-ის „სათადარიგოთა სკამზე“ შესანიშნავი სიმღერები Freedom და Slow Train, ასევე ინსტრუმენტულ პიესა Grabsplatter-ზე აწყობილი I’m Alone აღმოჩნდნენ. საინტერესოა თვით Fireball-სის ინსტრუმენტული ვერსიაც, რომელსაც ბლექმორის ეფექტური სოლო ასრულებს.
მნიშვნელოვანია, რომ ალბომის საბოლოო სახემდე მიყვანა, The Who-ს შესანიშნავ ალბომ Who’s Next-ის ჩაწერის პარალელურად მიმდინარეობდა გვერდით სტუდიაში.
იდუმალებით გამორჩეული Fireball კი თუმც სულ რაღაც ერთი კვირით, გამოსვლისთანავე ბრიტანეთის ჩარტებს ჩაუდგა სათავეში.
ნაშრომით უკმაყოფილო იყო რიჩი ბლექმორი. Fireball-ის უარყოფით მხარეს იგი თითოეული მუსიკოსის „ზედმეტ გარჯასა“ და ამბიციაში ხედავდა, როჯერ გლოვერს მიაჩნდა, რომ ალბომი Deep Purple In Rock-ის წნეხის ქვეშ იწერებოდა, ჯონ ლორდი და იან გილანი ნამუშევრით აღფრთოვანებულნი იყვნენ, ხოლო იან პეისმა კი როგორც ყოველთვის, დუმილი ამჯობინა...
ათწლეულების შემდეგ, Deep Purple-ს ყველა ალბომში მონაწილე ერთადერთი მუსიკოსი შეიძლება უკვე წუთში არა 240 ჩარტყმით, მაგრამ მაინც „მეტეორის“ სისწრაფით იჭრება ხოლმე კონცერტებზე Fireball-ით, რაც თბილისის კონცერტმაც ნათლად დაგვანახა.