100 საავადმყოფო უტოპიურ პროექტად იქცა

100 საავადმყოფო უტოპიურ პროექტად იქცა

„100 საავადმყოფოს" ბედი გარკვეულია. ეს პროგრამა მუდმივი გაურკვევლობისთვისაა განწირული.

საავადმყოფოების ასაშენებლად კომპანია "ბლოკ ჯორჯია" სანატრელ ჩეხურ ინვესტიციებს ისევ ელის. ამასობაში კი მასთან კონტრაქტის გაწყვეტის მოთხოვნით ოპოზიციას უმრავლესობიდანაც შეუერთდნენ. მიუხედავად იმისა, რომ "100 საავადმყოფოს" პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ საპრივატიზაციო კონკურსში გამარჯვებულ "ბლოკ ჯორჯიას" საკონტრაქტო პირობები არ შეუსრულებია, მიღებული ქონება ისევ მის საკუთრებაში რჩება.

საავადმყოფოებში, განსაკუთრებით კი რაიონებში კატასტროფული მდგომარეობაა, ფაქტობრივად, იქ ადამიანისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენაც კი შეუძლებელი ხდება. სწორედ ამ და სხვა ბრალდებების გამო, ქრისტიან-დემოკრატები და ახლა უკვე უმრავლესობის ზოგიერთი წევრი კომპანიასთან კონტრაქტის გაწყვეტას ითხოვენ.

"ბლოკ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი მამუკა ჯანაშვილი "რეზონანსთან" საუბარში ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. მისი თქმით, დიდი საავადმყოფოების საოპერაციო და რეანიმაციულ განყოფილებებს რემონტი ჩაუტარდათ. ახალი საავადმყოფოების აშენებას კი კომპანია ჩეხური ინვესტიციის მიღების შემდეგ გეგმავს, რომელიც ჯანაშვილის თქმით, წლის ბოლოსთვის უნდა შემოვიდეს საქართველოში.

თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვანის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან ხურციძე კომპანიას ხალხის ტერორშიც კი ადანაშაულებს. "ბლოკ ჯორჯიას" საქმიანობა უნდა გადაიხედოს და მის მიერ ხალხზე ტერორი უნდა შეწყდეს", - ამბობს ხურციძე. მისი თქმით, ხალხი კომპანიისგან საავადმყოფოების აშენებას და მათ თანამედროვე ინვეტარით მოწყობას ელოდა, თუმცა კომპანიამ მუშაობა საკადრო პოლიტიკით დაიწყო. ხურციძემ ხაზი გაუსვა, რომ "ბლოკ ჯორჯია" საავადმყოფოებში გაურკვეველი მენეჯმენტით მუშაობს და მის ვალდებულებებს არ ასრულებს.

"ბლოკ ჯორჯიას" საკითხი პლენარულ სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატებმა" რამდენჯერმე დასვეს. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ გაუქმდეს ხელშეკრულება, ხოლო სახელმწიფომ წარმოადგინოს სამედიცინო დაწესებულებების რეფორმის ახალი გეგმა.

დეპუტატები კომპანიას საკადრო პოლიტიკაში ჩარევასა და ექიმების გათავისუფლებაშიც ადანაშაულებენ, რაც ხელშეკრულებით მის ფუნქციებში არ შედის. ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ იმავდროულად კომპანია არც ჰოსპიტალების მშენებლობის მხრივ აღებულ ვალდებულებას ასრულებს.

ფრაქციის წევრის მაგდა ანიკაშვილის განცხადებით, კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების გარშემო ბევრი კითხვის ნიშანია. მისი აზრით, არ არის გამორიცხული, რომ თავის დროზე ჯანდაცვის სამინისტროსა და "ბლოკ ჯორჯიას" შორის მოხდა გარიგება ან მიკერძოებული ხელშეკრულება გაფორმდა, რადგან გაუგებარია, რა კრიტერიუმებით შეირჩა "ბლოკ ჯორჯია" ასი ახალი საავადმყოფოს პროექტის განხორციელებისთვის.

"ბლოკ ჯორჯიასთან" ხელისუფლებას გაფორმებული აქვს ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოში 100 ახალი სამედიცინო დაწესებულების აშენებას და მათ აღჭურვას. ანიკაშვილის ინფორმაციით, კომპანია ვერ ასრულებს კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებს და 100 ახალი საავადმყოფოს აშენების ნაცვლად, მოხდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების გასხვისება. პარტიის წევრის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, თავის დასაცავად კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ თითქოს "ქრისტიან-დემოკრატებმა" "ბლოკ ჯორჯიას" წინააღმდეგ იმიტომ გაილაშქრეს, რომ ამისათვის მოძრაობის ლიდერებს "ვიღაცამ" რამდენიმე მილიონი გადაუხადა. "ცუდია, რომ ამ ტიპის კომპანიას საქართველოს ჯანდაცვის სისტემის დანგრევაში უწყობენ ხელს", - დასძინა ვეფხვაძემ. მამუკა ჯანაშვილი "ქრისტიან-დემოკრატებისგან" ფაქტების გამომზეურებას ითხოვს. მისი თქმით, პარტიის წევრების ყველა ბრალდება უსაფუძვლოა, ვინაიდან კომპანიის ხელმძღვანელობას არც ექიმები გაუთავისუფლებია და არც პარტიის წევრები დაუდანაშაულებია რამეში.

“ყველაფერი რასაც, ისინი აცხადებენ სისულელე და სიცრუეა. მანახონ ერთი ექიმი მაინც, რომელიც მათ ბრალდებას დაადასტურებს. ყველა დიდ საავადმყოფოში რემონტი გავაკეთეთ, ექიმები აღფრთოვანებულები არიან. ინვესტიციებთან დაკავშირებითაც ყველაფერი გადაწყვეტილია. წლის ბოლომდე შემოვა და საავადმყოფოების მშენებლობას დავიწყებთ", - ამბობს მამუკა ჯანაშვილი.

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე მიიჩნევს, რომ ცალკეული პრობლემების მიუხედავად, კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით მისი ხელაღებით უარყოფითი შეფასება არ შეიძლება. ვიცე-სპიკერი გიგი წერეთლის აზრით კი, პარლამენტს ამ საკითხით დაინტერესების უფლება ნამდვილად აქვს, თუმცა "ბლოკ ჯორჯიას" მუშაობა ობიექტურმა მიზეზებმა შეაფერხა, კერძოდ, მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა და აგვისტოს ომმა. მისივე თქმით, ჰოსპიტალური სექტორის განვითარებასთან დაკავშირებით მთავრობა ახალ ხედვას უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი კი "ქრისტიან-დემოკრატებს" კერძო კომპანიების შერჩევით ლობირებაში ადანაშაულებს. ცისკარიშვილის განცხადებით, არ შეიძლება კომპანიების კარგი ურთიერთობების მიხედვით შერჩევა. მისივე თქმით, თუ ქრისტიან-დემოკრატები ბიზნესს უჭერენ მხარს, მაშინ ყველა კომპანიას ერთნაირად უნდა მიუდგნენ.

წესით, 100 საავადმყოფოს აშენების პროცესი დასასრულს უნდა უახლოვდებოდეს, თუმცა სხვადასხვა მიზეზით ეს პროცესი იწელება, თანაც ისე, რომ მთავრობის მხრიდან კომპანიის ხელმძღვანელობის მიმართ საყვედურიც კი არავის წამოსცდენია. პროგრამის შეჩერების მიზეზი ჩეხური ინვესტიციების შემოუსვლელობაა. ამ მიზნით, ჩეხეთში პრეზიდენტის ჩათვლით მთავრობის ყველა წევრი ჩავიდა. მორიგი ჩეხური დაპირება ისაა, რომ ინვესტიციები წლის ბოლოს უნდა შემოვიდეს. წლის ბოლო კი რამდენიმე კვირაში დადგება.