შსს-მ წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შსს-მ წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მეხუთე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი დავით ლ. და 1997 წელს დაბადებული გიორგი ე. წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის ჯგუფურად გაქურდვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

დაკავებულებმა 14 ოქტომბერს, ღამის საათებში, თბილისში, ქინძმარაულის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის კარი შეამტვრიეს და შესაწირის ყუთი გატეხეს, საიდანაც ფული მიითვისეს. დამნაშავეებმა ასევე ჯვრები, ხატები და საეკლესიო სხვადასხვა ნივთი გაიტაცეს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, დავით ლ. და გიორგი ე. მომხდარიდან ორ დღეში დააკავეს. დავით ლ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას პატარა ხატები, გიშრით გაწყობილი ოქროს ჯვარი, ფსალმუნები, ორი კრიალოსანი, ძეწკვები და ბეჭედი, ხოლო გიორგი ე-ს ბინის ჩხრეკისას საეკლესიო სამაჯური და ბეჭდები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).