„ჩვენთვის ყველაზე დიდი დარტყმა იყო, როცა ვიტალი დარასელია დავკარგეთ. მას მერე, ფაქტობრივად, „დინამო“ ვეღარ გაიმართა წელში, მას შემდეგ წავიდა ჩავარდნები. ამან ძალიან იმოქმედა ყველა ჩვენგანზე. მერე გამოგვაკლდნენ კახი ასათიანი, გივი ნოდია, ნოდარ ახალკაცი, დათო ყიფიანი. ძნელია მათ გარეშე, მაგრამ, რას ვიზამთ, ცხოვრება გრძელდება“, – ამბობს თენგიზ სულაქველიძე, რომელმაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება მხოლოდ ფეხბურთს დაუთმო.
როგორ გახდა ქუთაისელი ბიჭი თბილისის „დინამოს“ წამყვანი მოთამაშე, რა გამოიარა გუნდთან ერთად და როგორ ცხოვრობს დღეს უკვე 55 წლის ფეხბურთელი, ამას მისი დღიურებიდან გაიგებთ.
მოედანზე აღარ ხართ, მაგრამ, აქტიურად უდგახართ სათავეში ბავშვთა ფეხბურთს. გვიამბეთ, საიდან და როგორ დაიწყო ყველაფერი.
– ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. როცა საშუალება მაქვს, ჩავდივარ. სწორედ იქ დავიწყე ფეხბურთის თამაში, ქუთაისის „ტორპედოს“ ჯგუფ „კოლხიდაში“, რომელიც ავტოქარხნის ტერიტორიაზე იყო. ვარჯიშის შემდეგ ნიჩბოსნობით ვერთობოდი. ამან თავისი შედეგი მომცა, გამომდინარე იქიდან, რომ ნიჩბოსნობას თავისებური ფიზიკური ძალა სჭირდება. სამი წლის შემდეგ ქუთაისის „ტორპედოს“ ახალგაზრდულ გუნდში გადამიყვანეს. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი საქართველოში. ერთად ვთამაშობდით ხერხაძე, ხახუნაშვილი, ფესვენიძე, გაბელია, სვანაძე, კოსტავა, შენგელია. მერე მოხდა ისე, რომ რამდენიმე ფეხბურთელი თბილისის „დინამოში“ გადმოვედით. „ტორპედო“ დაიშალა, სამაგიეროდ, თბილისის „დინამო“ გაძლიერდა. ყველა საუკეთესო ფეხბურთელი, ვინც რეგიონებში იყო, აქ მოჰყავდათ. ასე რომ, იმ წარმატების ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც „დინამოს“ ჰქონდა, მეც ვარ და ეს ძალიან მიხარია. ვთამაშობდი საბჭოთა კავშირის ნაკრებში, რაც მაშინ ბევრს ნიშნავდა. ქართველი თუ იყავი და ერთი თავით მაღლა არ იდექი, არავითარ შემთხვევაში არ დაგიძახებდნენ ნაკრებში.
ქუთაისშიც ხომ იყვნენ ძველი ბიჭები, ქურდები, იყო უბანში საქმეების გარჩევა. თქვენც იყავით ერთ-ერთი მათგანი თუ შეგნებულად აუარეთ გვერდი ამ ყველაფერს?
– 10 წლის ვიყავი, ფეხბურთის თამაში რომ დავიწყე. უბანში ოთხმოცდაათი პროცენტი სიგარეტს ეწეოდა, მაგრამ, იყვნენ ადამიანები, რომლებიც ყველანაირად ხელს გიშლიდნენ, არ მოგეწია, არ დაგელია. ერთხელ რომ მითხრეს, თუ გინდა, სპორტსმენი გამოხვიდე, შვილო, არც სიგარეტი არ უნდა მოწიო, არც უნდა დალიოო, გასაგები იყო ჩემთვის. 55 წლის ვხდები და სიგარეტი არ მომიწევია. ფაქტობრივად, ფეხბურთის გარდა, გასართობი არ გვქონია, წავიდოდით ვარჯიშზე, მოვიდოდით სახლში, საჭმელს ვჭამდით, ცოტას დავისვენებდით და ისევ სავარჯიშოდ მივდიოდით. უბანში დგომას ვერიდებოდი, თავიდანვე არ მომწონდა. თან, ჩვენი უბანი განთქმული უბანი იყო. ალბათობა დიდი იყო იმისა, რომ მათი გავლენის ქვეშ მოვქცეულიყავი, მაგრამ, ფეხბურთმა გადამარჩინა. იმის დრო ნამდვილად არ მქონდა, ბირჟაზე დავმდგარიყავი. ფეხბურთის მადლიერი და ბედნიერი კაცი ვარ, რომ კაცად ჩამომაყალიბა და დღეს ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობ. ფეხბურთელი რომ არ ვყოფილიყავი, მაშინ, არ ვიცი, რა მოხდებოდა. შეიძლება, სწორ გზას არ დავდგომოდი და ძალიან ცუდად დამთავრდებოდა ჩემი ცხოვრება. დანაობა და ხანჯლაობა არ იყო. ან გალახავდი, ან გაგლახავდნენ, მერე შერიგდებოდნენ და ასე. ჩხუბით არ მიჩხუბია, მაგრამ, მდინარესთან ახლოს ვცხოვრობდი და ბევრი ადამიანი მყავს გადარჩენილი. 6 წლის ვიყავი, ცურვა რომ ვისწავლე, არაჩვეულებრივად ვცურავ.
ყველას აქვს ცხოვრებაში მიზანი. რა იყო თქვენი მიზანი?
– რვა დედმამიშვილი ვიყავით. ჩემი მიზანი იყო ცხოვრებაში რაღაცისთვის მიმეღწია, რათა ნორმალურად გვეცხოვრა. თბილისის „დინამო“ პიკი იყო. აქ თუ მოხვდებოდი, ჩათვალე, რომ ყველაფერი გქონდა. ეკონომიკური თვალსაზრისითაც უზრუნველყოფილი იყავი და სახელი და პატივისცემაც არ გაკლდა. ძალიანაც მსიამოვნებდა, მოგებული თამაშების შემდეგ რომ მცნობდნენ. თავიდან ჩემი ოცნება იყო, ქუთაისის „ტორპედოში“ მოვხვედრილიყავი. თუ ნამდვილი სპორტსმენი ხარ, უფრო დიდზე უნდა იფიქრო. „დინამოში“ ათი წელი ვითამაშე და მიმაჩნია, რომ ეს იყო ყველაზე ბედნიერი წლები. ოცდათერთმეტი წელი გავიდა, რაც ევროპის თასი ავიღეთ. „დინამოს“ ახლანდელმა ხელმძღვანელობამ, მთავრობამ, სამინისტრომ ძალიან დაგვაფასა. ამ დიდი გამარჯვების შედეგად რაინდის წოდება მოგვანიჭა, რასაც, როგორც წესი, ოლიმპიურ ჩემპიონებსა და მსოფლიოს ჩემპიონებს ანიჭებენ. ამდენი წლის შემდეგ ვიგრძენი, რომ ფეხბურთი ტყუილად არ მითამაშია. ეს ჩემთვის ორმაგი სტიმულია. რამდენიმე წლის წინათ საფეხბურთო სკოლა დავაარსე. მინდა, აღვზარდო ძალიან ძლიერი ფეხბურთელები, რომლებიც საქართველოს გუნდებს, ნაკრებს გამოადგებიან. გული მწყდება მხოლოდ ერთ რამეზე, რომ საქართველოს ნაკრებში ვერ ვითამაშე. საბჭოთა კავშირის ნაკრებში კი ვითამაშე, მაგრამ, ის სხვა იყო. როცა შენი ქვეყნის სამკერდე ნიშნით გამოდიხარ მოედანზე, ბევრს ნიშნავს. მე მახსოვს, რა ცუდ დღეში ვიყავით, როცა შეკრებებზე მივდიოდით. ჩაგაფრენდნენ, ივარჯიშებდი, მეორე დღეს ითამაშებდი და უკან ბრუნდებოდი. სასტუმრო და სტადიონი – სულ ეს იყო. ქალაქს არ გაჩვენებდნენ. რომ გვეთქვა, ქალაქს დავათვალიერებო, მაინც არ წაგიყვანდნენ. აი, ასეთი ცხოვრება გვქონდა.
ფეხბურთის თამაშს მოვრჩი და ისევ ფეხბურთში ვარ. მე, ჩემი შვილი და შვილიშვილი ყოველ დილით ერთად მივდივართ ბაზაზე. ბაზას კარგად მოვლა უნდა, საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა. მინდა, რომ საქართველოში ყველაზე კარგი ბაზა გვქონდეს. ეს არის ჩვენი ცხოვრება, ამაზე ვართ ძირითადად გადართული. ეს საქმე ვიცი, მიყვარს და ამას ვემსახურები. ყველაფერი გავაკეთე, რომ ეს მქონოდა. ამას შეეწირა ჩვენი ერთი აგარაკიც და მეორეც. ვფიქრობ, რომ ეროვნული, საშვილიშვილო საქმეა. ჩემი ოჯახი ძალიან ხელმომჭირნედ ცხოვრობდა და ჩემი მშობლებისთვის რომ ეთქვათ, გადასახდელიაო, ნამდვილად ვერ ვითამაშებდით ფეხბურთს. დღემდე მიდევს თავში, რომ, თუ ჩემთან ნიჭიერი ბავშვი მოდის, ყველანაირად უნდა დავეხმარო.
თქვენს პირად ცხოვრებაზეც გვიამბეთ.
– მე და ჩემმა მომავალმა მეუღლემ ერთმანეთი ქუთაისში გავიცანით. ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ვსწავლობდით ორივე. ერთმანეთი მოგვეწონა და შევუღლდით. მერე თბილისში წამოვედით საცხოვრებლად. ფეხბურთელის ცოლობა ძალიან ძნელია. სანამ ფეხბურთელი კარიერას არ დაასრულებს, ცოლი არ უნდა შეირთოს. გვყავს ვაჟი, ჩემი სეხნია, რძალი, შვილიშვილი და ახლა მეორეს ველოდებით.
რას გაიხსენებდით „დინამოში“ გატარებული წლებიდან?
– მოსაგონარი ბევრია, რაღაცა კარგად გახსენდება, რაღაცა – ცუდად. მაგალითად, ჩემზე ამბობდნენ, უხეში და უზრდელიაო. ჩემს ცხოვრებაში ერთხელ ვარ გაძევებული მოედნიდან, ისიც ტაშის დაკვრისთვის: ერევანში ვთამაშობდით. მსაჯმა ყვითელი მომცა. მიმაჩნდა, რომ არ მეკუთვნოდა, გავმწარდი და ტაში დავუკარი. ამის გამო ისევ ყვითელი მიჩვენა და გამაძევა. სომხებთან ურთიერთობა ადვილი არ არის, ძალიან დაძაბული მატჩი გვქონდა. იცით თქვენ, მწვრთნელები და საპატიო ფეხბურთელები წინ სხედან. გავდივარ მოედნიდან და, ნოდარ ახალკაცმა მომაძახა – ბიჭო, დაგვღუპეო? პირველი ტაიმი 1:1 დამთავრდა. დაიწყო მეორე ტაიმი და ეს თამაში 4:1 ანგარიშით მოვიგეთ. ახალკაცს ვუთხარი – აი, მე რომ არ გავსულიყავი თამაშიდან, ამ მატჩს ხომ ვერ მოვიგებდით-მეთქი. გაეცინა.
საბჭოთა ნაკრებში ვთამაშობდით. ბრაზილიაში ვართ. ძალიან ცხელა, მაღაზიაში გავლა გადავწყვიტეთ. ჩემი ცოლისთვის ჩექმა მომეწონა. მეგობარს ფული მივეცი და ვთხოვე, ჩექმა მომიტანე-მეთქი. მომიტანა. ხომ არ დავუწყებდი შემოწმებას. თურმე, ინვალიდების მაღაზიაში შესულა, სადაც ორი მარჯვენა, ორი მარცხენა – ყველაფერი ასე იყიდება. ცალ-ცალი ჩექმა ჩამოვუტანე ცოლს და კინაღამ გაგიჟდა – ეს რა უბედურებააო.
ახლა რომ დახეული ჯინსები აცვია ყველას, ჯერ კიდევ მაშინ იყო მოდაში, მაგრამ, საქართველოში სირცხვილად ითვლებოდა. უცხოეთში ვართ, შეკრებებზე. მე, კოსტავამ და შენგელიამ, ჩვეულებრივი ჯინსები ავიღეთ, გოგიამ და გოგია გაბიჩვაძემ – დახეული. მოვედით სასტუმროში, ყველამ ჩავიცვით. ამან რომ ჩაიცვა, შეწუხდა – არა, უნდა წავიდე, გამოვცვალო, ქუთაისში მარტო მე მეცმევა ჰიპური ჯინსი და დამცინებენო, – მიხვდა, რომ არ უნდა ეყიდა. ჩვენი ჯინსები ათი დოლარი ღირდა, იმან კი ოცი დოლარი მისცა. წავიდა გადაცვალა და კიდევ ოცი დოლარი დაამატა.