20 მარტს, ქალაქ ტოლიატიში რუსმა სამართალდამცველებმა ქუჩაში ლეკურის მოცეკვავე კავკასიელები დააპატიმრეს. საცეკვაო რიტმს აყოლილი მოცეკვავეები თან საქართველოსა და აზერბაიჯანის დროშებს აფრიალებდნენ. აღსანიშნავია, რომ დაკავებულებს შორის ქართველები არ არიან.
ლეკურის ცეკვის გამო დაკავებული კავკასიელების შესახებრუსული ინტერნეტ-გამოცემა “ვოლნი გოროდ” იტყობინება. მათივე ცნობით, რუსმა სამართალდამცველებმა 16 კავკასიელი 20 მარტს, კვირა საღამოს დააკავეს.
რუსული რესურსის ცნობით, ტოლიატის “პარკ-ჰაუსის” მოპირდაპირ მოედანზე მყოფთა მოულოდნელად ახალგაზრდა ბიჭების ჯგუფმა ლეკურის ცეკვა დაიწყო, ხოლო მუსიკალური გაფორმებისთვის ავტომანქანის სტერეოსისტემა გამოიყენეს. ცეკვისას ახალგაზრდები აზერბაიჯანისა და საქართველოს დროშებს აფრიალებდნენ.
თუმცა, ცეკვის დასრულება არ დასცალდათ, რადგან ისინი რუსმა სამართალდამცველებმა დააკავეს. გაზეთის ინფორმაციით, 16 დაკავებულს შორის ძირითადად აზერბაიჯანელები, ერთი სომეხი, რუსები და ერთიც ადიღეელია.
”როგორც განყოფილებაში გადაყვანილმა ახალგაზრდებმა გამომძიებელს განუცხადეს, ისინი ახალგაზრდული პარტიის წევრები არ არიან და “პარკ-ჰაუსში” თითოეული თავისი საქმისთვის მივიდა. ბიჭებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დააკისრეს. ექსტრემისტული ხასიათის აქციის დაუშვებლობის შესახებ სიტყვიერი გაფრთხილება მიიღეს და გაუშვეს” - წერს გაზეთი.
რუსული ქსენოფობია თუ კავკასიური კულტურისთვის გამოცხადებული ბრძოლა? რატომ კრძალავს რუსეთი კავკასიური სიმღერებისა და ცეკვების საჯაროდ დემონსტრირებას?
ისტორიკოსი გია ანჩაბაძე ამბობს, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი ანტიკავკასიური პოლიტიკის შედეგია და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი რუსეთს უარყოფითად შეუბრუნდება.
გია ანჩაბაძე: “როდესაც სპორტის მოყვარული სვირიდოვი მოკლეს და რუსეთში კავკასიელების წინააღმდეგ გამოსვლები გაიმართა, ამის შემდეგ რუსეთის ქალაქებში კავკასიური ცეკვები და სიმღერები აკრძალეს. ეს უკანონობაა, მაგრამ ფაქტია.
ეს არანაირი დემოკრატიის ჩარჩოებში არ ჯდება. ამით რუსები მთელ კავკასიურ კულტურას ბოიკოტს უცხადებენ. გამოდის, რომ კავკასიური მუსიკა და ცეკვა სისხლის სამართლის დანაშაულია; იმ ხალხების მუსიკა და ცეკვა, რომლებიც რუსეთის მოსახლეობის გარკვეულ პროცენტს შეადგენენ. ეს ანტიკავკასიური პოლიტიკაა, რაც კარგს არაფერს მოუტანს რუსეთის სახელმწიფოს. საბოლოო ჯამში ეს ისევ რუსეთის წინააღმდეგ შებრუნდება”, - ამბობს ანჩაბაძე.
ისტორიკოსი თვლის, რომ ახალგაზრდების საჯაროდ ცეკვა პროტესტის ერთგვარი გამოხატულებაა: “თავის დროზე წერდნენ, რომ რუსული მოსახლეობა აღშფოთებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ ჩვენს ქალაქში თავის მუსიკას რატომ უკრავენ და ქუჩებში რატომ მღერიანო. ამიტომ გარკვეულად ეს კავკასიელი ახალგაზრდების პროტესტიც არის, რომ თუ თქვენ ასე იქცევით ჩვენს წინააღმდეგ, აი, ჩვენც, არ გიყურებთ. მას შემდეგ, რაც ანტიკავკასიური გამოსვლები იყო, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ ამის შემდეგ ქუჩებში კავკასიურ ცეკვებს პოლიცია აღკვეთს”.
იმ ვერსიას, რომ შესაძლოა მოედანზე ქართველები არ იყვნენ და ქართულ დროშას კავკასიელები სოლიდარობის ნიშნად აფრიალებდნენ, ისტორიკოსი ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნევს: “არ მგონია კავკასიელების სოლიდარობა ისეთ დონეზე ავიდეს, რომ ქართველების ნაცვლად სხვებმა იქნიონ ქართული დროშები”.
უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ნუგზარ წიკლაურის თქმით, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან კავკასიელების დევნა, ცემა, დაპატიმრებები რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია.
“ზოგადი ვითარება გახლავთ ის, რომ არა მხოლოდ ნაციონალური ცეკვისთვის ან საჯარო გამოსვლებისთვის, არამედ კანის ფერისა და წარმომავლობისთვისაც კი რუსეთში ადამიანები იდევნებიან. არა მხოლოდ ჩრიდლოკავკასიელები, არამედ ამიერკავკასიელებიც, მაგალითად - სომხები, აზეირბაჯანელები... ყველა, რომლებიც არასლავური წარმოშობის არიან.
სრულიად ნათელია, რომ ყველა ეს დაკავებები, ქუჩებში დევნა, რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია. ჩეჩნები, ჩრდილოეთ კავკასიელები რუსეთის მოქალაქეები არიან. მათ, განურჩევლად იმისა, დაღესტნელები არიან თუ ჩეჩნები, ზუსტად ისეთივე უფლება-მოვალეობები უნდა ჰქონდეთ, როგორიც რუსეთის ფედერაციის ყველა მოქალაქეს აქვს. თუმცა, ერთია რაც ამ ქვეყნის კონსტიტუციაში წერია და მეორე -რეალური პოლიტიკა.
რეალური პოლიტიკა არის ამ ეთნოსების მაქსიმალური შევიწროება. ის პრობლემები, რომელიც დღეს არის ჩრდილოეთ კავკასიაში, არის რუსეთის პოლიტიკის გამოძახილი. როდესაც რუსეთში ერთი კვირის მანძილზე იმართებოდა აქციები, იქვე მდგომი პოლიციის შენაერთები არ ცდილობდნენ როგორმე შეეჩერებინათ ქსენოფობიური გამოხტომები. თვით რუსეთის ხელისუფლების ბუნება არის ქსენოფობიური და არაშემწყნარებლური. აქ ვხედავთ ფაშისტურ ბუნებას, რომელიც ვლადიმერ პუტინმა დანერგა”, - ამბობს წიკლაური და კავკასიელ ხალხს შორის არსებულ სოლიდარობაზე საუბრობს.
“არა მხოლოდ რუსეთში, არამედ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში კავასიურ დიასპორებს ერთმანეთისადმი სოლიდარობა აქვთ. ძალიან ბევრი შემთხვევა შემიძლია დაგისახელოთ, როდესაც აზერბაჯანელები, სომხები და ჩრდილოეთკავკასიელები სხვადასხვა აქციებზე გამოდიოდნენ და აცხადებდნენ, რომ საქართველოს ტერიტორია რუსეთის მიერ ოკუპირებულია. ზოგადად, ეს სოლიდარობა არსებობს, რაც ძალიან კარგია.
როდესაც ქვეყანაში ადამიანებს კანის ფერის გამო არბევენ, ცხადია, იქ ქართული დროშა ორმაგ გაღიზიანებას გამოიწვევდა. ეს არის რუსეთის ხელისუფლების ბუნება - ზოოლოგიური ქსენოფობია სხვა ერების მიმართ და თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის ყველა ინდივიდის მიმართ, ასეთ ადამიანზე დიდი აგრესია მოდის.
ისეთი ქვეყანა, როგორიც დღეს რუსეთია, შეუძლებელია თავისუფალი აზრის გამოვლინებას ეგუებოდეს. რუსეთის ხელისუფლების საფუძველი ის გახლავთ, რომ ამ ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ თავისუფლება და უნდა იყვნენ უსახო მასა, რომელიც ერთი ადამიანის გადაწყვეტილებას ემორჩილება”, - აღნიშნა წიკლაურმა.