ინტერვიუ ”ხალხის პარტიის” ლიდერთან, კობა დავითაშვილთან
ბატონო კობა, დღეს ოპოზიცია ორ ნაწილად არის გაყოფილი. ერთი მომხრეა არჩევნების, ხელისუფლებასთან აწარმოებს მოლაპარაკებას, ხოლო მეორე ნაწილი, რომლებსაც რადიკალებს ეძახიან, რევოლუციის შესახებ საუბრობს. როგორია თქვენი პოზიცია და რომელ გუნდში მოიაზრებით?
- ხალხის პარტია მოიაზრება ეროვნულ საბჭოში, რომელიც მესამე გზას ადგას და მიიჩნევს, რომ არც ერთი და არც მეორე გზა არ არის ერთადერთი, ორივე მეთოდი უნდა იქნეს გამოყენებული და ასევე პოლიტიკური ბრძოლის ყველა მეთოდი. ასეთია ეროვნული საბჭოს პოზიცია და მიგვაჩნია, რომ ვერც აქციებისა და ვერც არჩევნების გამორიცხვა პოლიტიკური ბრძოლის არსენალიდან ვერ იქნება წარმატების მომტანი.
ე.ი. ორივე ფრონტზე აპირებთ ბრძოლას?
- დიახ, სწორედ ასეა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბრძოლის ყველა მეთოდი უნდა
გამოვიყენოთ, ხოლო ჩვენს კოლეგებს მოვუწოდებ, ურთიერთდაპირისპირების ნაცვლად, მინიმუმ, ურთიერთთავდაუსხმელობისა და მაქსიმალური კოორდინაციის რეჟიმში გადავიდნენ.
ჯერჯერობით ოპოზიციის მხრიდან ეს არ შეინიშნება...
- ვერ დაგეთანხმებით. სწორედ ახლახან გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ჩვენ, პრაქტიკულად, შევთანხმდით, იმავე რვიანის ფორმატში, იმავე ქუჩის ოპოზიციასთან ურთიერთთავდაუსხმელობის შესახებ.
თქვენ ფიქრობთ, რომ ამ პირობას დაიცავს ოპოზიცია?
- ჩვენ ამის ერთ-ერთი გარანტი ვიქნებით.
რაც შეეხება დაანონსებულ რევოლუციებს, ამასთან დაკავშირებით როგორია თქვენი პოზიცია?
- მინდა ვთქვა, რომ არც ერთი ხავერდოვანი რევოლუცია, რაც მსოფლიოში მოხდა უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, არ მომხდარა, თუ არა არჩევნებთან დაკავშირებული, იმიტომ რომ სწორედ არჩევნების დროს დგება ხოლმე ხელისუფლების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ და ამიტომ არჩევნების პროცესი ბრძოლის საუკეთესო ფორმაა. ნებისმიერი ხავერდოვანი რევოლუცია სწორედ არჩევნების გაყალბების ფაქტს მოჰყვება ხოლმე. ასე იყო ჩვენს ქვეყანაშიც. აქედან გამომდინარე, დასკვნები ყველამ თავად გააკეთოს.
თქვენ ფიქრობთ, ჯერ არჩევნები და შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედება?
- დიახ, ეს გზა უფრო მართებულად მიგვაჩნია.
კეთდება შეფასებები, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში არეულობა, მიტინგები თუ რევოლუცია სწორედ სააკაშვილს აწყობს და მის წისქვილზე დაასხამს წყალს. რამდენად ეთანხმებით ამას, სჭირდება სააკაშვილს არეულობა?
- მე არ შევალ დაპირისპირებაში. ეს არის დაპირისპირების ლოგიკა, როდესაც დაპირისპირება ხდება ოპოზიციის შიგნით და ასეთი არგუმენტები გამოითქმის, რომ ან ერთი გზა, ან მეორე გზა აწყობს სააკაშვილს. მე ვიტყვი, რომ ერთმანეთთან კოორდინაცია საუკეთესო გამოსავალია ყველასთვის.
რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, ამის შესახებ რას ფიქრობთ?
- ეს მხოლოდ დაეხმარება იმავე საარჩევნო მოლაპარაკებების პროცესს და,
პირიქით, საარჩევნო მოლაპარაკების პროცესი დაეხმარება აქციას, რომ ჰქონდეს შედეგი.
თქვენ თუ მიიღებთ აქციებში მონაწილეობას, თუ ეს აქციები მართლაც დაიწყება?
- თუ რაიმე აუცილებლობა იქნება, ჩვენ ყოველთვის ხალხის გვერდით ვიდგებით. უბრალოდ, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს და მიგვაჩნია, რომ ეს გზაა სწორი. არავის ვაძალებთ ჩვენს გზას, მაგრამ მართებულად ეს მიგვაჩნია.
რაც შეეხება რვიანის მუშაობას, რადიკალურ ოპოზიციას ამასთან
დაკავშირებით თავისი პოზიცია აქვთ და აცხადებენ, რომ ეს დროის ფუჭი კარგვაა, რადგან ხელისუფლება არაფერს დათმობს. რამდენად დაათმობინებთ?
- თუ რადიკალური ოპოზიციის სამიზნე იქნება ზომიერი ოპოზიცია, ხელისუფლება არაფერს დათმობს. თუ რადიკალური ოპოზიციის სამიზნე იქნება ხელისუფლება, მაშინ ეს კარგი იქნება საერთო საქმისთვის.
დღეს რა სიტუაციაა, ამ მოლაპარაკებების შედეგად, რას ფიქრობთ, რამდენად წამოვა ხელისუფლება დათმობაზე?
- ჩვენ არა გვაქვს იმის ილუზია, რომ ბრძოლის გარეშე ეს ყველაფერი თავისით მოხდება. საჭიროა ბრძოლა და ამ ბრძოლას სჭირდება კოორდინაცია. ამ ურთიერთთავდასხმების შეწყვეტას კვლავ მოვუწოდებ ოპოზიციას და კვლავ კოორდინაციის აუცილებლობაზე ვსაუბრობ.
საუბარია იმის შესახებ, რომ ოპოზიციას ხელისუფლების შესაცვლელად აუცილებლად დასჭირდება როგორც დასავლეთის, ასევე რუსეთის მხარდაჭერა. რამდენად აქვს ოპოზიციას ეს მხარდაჭერა?
- არა მგონია, ვინმეს მხარდაჭერა გვჭირდება ამაში. ჩვენ გვჭირდება
ჩაურევლობა და ნეიტრალიტეტი. მინიმუმ, ის გვჭირდება, რომ რაც მოხდა 2008 წელს, არ გამეორდეს, როდესაც გაყალბებული არჩევნების შედეგები ცნო რუსეთმაც, ამერიკამაც და ევროპამაც. ჩვენ გვაწყობს ნეიტრალიტეტი და ჩაურევლობა ჩვენს შიდა საქმეებში.
იქიდან გამომდინარე კეთდება ასეთი შეფასებები, რომ სააკაშვილი სწორედ ამ ძალების დახმარებით მოვიდა ხელისუფლების სათავეში...
- მე არ ვიზიარებ ბოლომდე ამ მოსაზრებას, იმიტომ რომ ამ დროს უცხო ძალებს სხვა ფავორიტებიც ჰყავდათ და სააკაშვილმა საკუთარი აქტიურობით გამოჭედა თავისი ბედი.
იმ პერიოდში მისი თანამოაზრე იყავით და თქვენ მეტი იცით ამ ყველაფრის შესახებ...
- სწორედ რომ ასეა და ამიტომ ვაცხადებ ამას.
ფიქრობთ, რომ დღეს არ სჭირდება ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერა?
- ოპოზიციას სჭირდება, რომ მინიმუმ სააკაშვილს არ მიუძღვნას დასავლეთმა დითირამბები და ეს უკვე სახეზეა.
დღეს რამდენად უჭერს დასავლეთი მხარს სააკაშვილს?
- სააკაშვილი ძალიან ნიჭიერი კაცია საკუთარი თავისთვის სამარის გათხრაში. იმით, რაც მან ებრაელ ბიზნესმენებთან დაკავშირებით გააკეთა, საკმაოდ სერიოზული შეცდომა დაუშვა და ის აგრძელებს ამ შეცდომების დაშვებას. მისთვის მხარდაჭერა დღეს, პრაქტიკულად, არ არსებობს და ნეგატივი მის მიმართ ყოველდღიურად იზრდება.
ისრაელის პოზიცია საკმაოდ ნეგატიურია...
- დიახ, ასეა და ისრაელის პოზიცია, მოგეხსენებათ, არ არის მხოლოდ ერთი
ქვეყნის პოზიცია.
რა ინფორმაციებს ფლობთ იმის შესახებ, რაც უმრავლესობაში ხდება? მართალია გავრცელებული ხმები იმის თაობაზე, რომ სააკაშვილს თავად მისივე გუნდი მოიშორებს, რომ ბოკერია და მისი გუნდი ემზადებიან ხელისუფლებაში მოსასვლელად?
- მე ასეთ საკითხებს კომენტარს არ ვუკეთებ, იმიტომ რომ არა მაქვს
უტყუარი მტკიცებულებები, რათა დაზუსტებით ვთქვა რამე. არ მჩვევია ვარაუდების გამოთქმა.
რამდენად არის იმის შანსი, რომ სააკაშვილი კვლავ გახდეს პრემიერი?
- შანსი ნულია.
რატომ ხართ ასე დარწმუნებული?
- იმიტომ, რომ პრაქტიკულად, გადაწყვეტილია, ის ვერ გახდება პრემიერ-მინისტრი.
თუმცა, გამოითქვა ვარაუდები, რომ შესაძლოა პარლამენტის თავმჯდომარე გახდეს და მთელი ძალაუფლება პარლამენტს დაუქვემდებაროს...
- სააკაშვილი ამთავრებს საკუთარ პოლიტიკურ მოღვაწეობას და მე ვურჩევდი, მშვიდად დაამთავროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ქვეყნისთვის იქნება ძალიან ცუდი, თორემ სააკაშვილის დარდი ნამდვილად არა მაქვს.
თუ შეატყობს სააკაშვილი, რომ მის სავარძელს საფრთხე ემუქრება, არის სისხლის ღვრაზე წამსვლელი?
- სააკაშვილი ძალიან ბევრს ბაქიბუქობს, მაგრამ პიროვნულად ის არც ისე
მამაცი ადამიანია.
ფიქრობთ, რომ მისგან კადაფი ორს არ მივიღებთ?
- ის მშიშარაა. მე ასე ვფიქრობ და ასე ვიცნობ.