„ერთხელ ჩემი ცოლი ძალიან ვცემე...“

„ერთხელ ჩემი ცოლი ძალიან ვცემე...“

მომღერალ გია სურამელაშვილს არატრადიციული მამაკაცის იმიჯი აქვს, თუმცა მისი განსხვავებული ჩაცმულობისა და ქცევების მიღმა ჩვეულებრივი აზიატი იმალება. როცა ქართული ტრადიციების შესახებ შევთავაზეთ საუბარი, სიამოვნებით დაგვთანხმდა და ბევრი სათქმელიც აღმოაჩნდა.

ბატონო გია, ქართველი, ტრადიციული კაცისგან განსხვავებული იმიჯი გაქვთ. თქვენი ცხოვრების სტილი როგორია?

- იმიჯის რა გითხრათ, ასე ერთი შეხედვით ჩანს, თორემ ძალიან მსმელი, მოქეიფე, სუფრის მოყვარული ადამიანი ვარ. თითქმის ყოველდღე ვსვამ დილამდე, თანაც ყანწებით.

ყანწით დალევა გიყვართ?

- რატომაც არა!

სადღეგრძელოების თქმა თუ გეხერხებათ?

– თქვენ როგორ ფიქრობთ, ადამიანს, რომელიც ასეთ სიმღერებს მღერის სიყვარულზე და ა.შ., სადღეგრძელოს თქმა არ შეეძლება? მთელი ცხოვრება ვქეიფობ.

თამადა თუ ყოფილხართ?

- ჩემს მეგობრებში თამადაც ვყოფილვარ. უბრალოდ ვიღლები, რადგან სულ გადარბენაზე ვარ – ჩაწერა, გადაღება, საღამოს სცენა. ამიტომ არც ქეიფი მერგება და არც – დროსტარება, მაგრამ რაღაც მომენტში მაინც ვთამადობ ხოლმე, თუ, რა თქმა უნდა, ამის განწყობა მაქვს.

რას ნიშნავს თქვენთვის ქართული სუფრა?

- ძალიან ბევრს ნიშნავს, მით უმეტეს, რომ ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე. ბაბუაჩემი საბჭოთა კავშირის გმირი იყო, სტუმართმოყვარე ოჯახი გვქონდა. ჩვენს სახლში ყოველთვის ხალხი ირეოდა. მეც სულ სუფრასთან ვიჯექი. სხვათა შორის, დალევა ბავშვობაშიც მიყვარდა. დედა და მამა ამის უფლებას არ მაძლევდნენ, ბაბუ კი ნებას მრთავდა, რომ ცოტა დამელია.

სუფრა თქვენთვის დალევასთან ასოცირდება?

- არამხოლოდ დალევასთან, სუფრასთან ბევრი რამის შემეცნება ხდება. სულ ვცდილობ, სუფრასთან უცხო ადამიანებთან არ მოვხვდე, მაგრამ თუ ასე მოხდა, თამადასაც ყურადღებით ვუსმენ და სხვა ადამიანებსაც.

რატომ არიდებთ თავს უცხო ადამიანებთან ქეიფს?

- დღის განმავლობაში ძალიან ვიღლები. ამიტომ ხშირ შემთხვევაში ახლობლებთან ვამჯობინებ ყოფნას. თუმცა უცხო ადამიანებისგანაც სიამოვნებით ვიღებ მიწვევას და სუფრასთან მათთან ერთად ვჯდები. ხშირად უთქვამთ, რა საჭიროა სუფრა და სადღეგრძელო, თამადა და მსგავსი წეს–ჩვეულებები, მაგრამ ეს ტრადიცია ძალიან მიყვარს. 40 წელს ვარ გადაცილებული, სხვა თაობას მივეკუთვნები, მაგრამ თანამედროვეობას ფეხს ვუწყობ და ტრადიციებიც მომწონს. ძალიან მიყვარს, როცა ოჯახებში მეპატიჟებიან და სუფრა სახლში იშლება. რესტორანში ვმღერი და ამიტომ ძირითადად იქ მიწევს ყოფნა. შესაბამისად, ოჯახში მყუდრო სუფრასთან ჯდომა მირჩევნია.

სტუმრების გამასპინძლება თავად თუ გიყვართ?

- მეგობრები სულ ჩემთან არიან. სადაც მე ვარ, ჩემი თანაშემწე, დაცვის წევრები, დაქალები, ძმაკაცები არიან.

შეიძლება თქვენი სახლის კარზე წინასწარი გაფრთხილების გარეშე ვინმემ დააკაკუნოს?

– არა, ასეთი რამ არ ხდება. ამას ვერც ვერავინ გაბედავს. თუ სახლში ვარ, მაშინ ვისვენებ. თანაც მარტო ძალიან იშვიათად ვარ. ყოველთვის ვიღაც არის ჩემთან ერთად. როცა მარტო ვარ და კარზე ზარია, თუნდაც დენის ან გაზის ქვითრის გამო იყოს მოსული, შანსი არ არის, გავაღო.

მარტო ცხოვრობთ?

- ოჯახი აღარ მყავს. ჩემი შვილი ცალკე ცხოვრობს. მეგობრები, ახლობლები, დაცვა – ეს არის ჩემი ყოველდღიური გარემოცვა.

თქვენი შვილი უკვე 23 წლის არის. როგორც ვიცით, ის თქვენგან ძალიან განსხვავდება.

- ქუჩა უყვარდა. ის, რასაც ქუჩის აკადემია ჰქვია, ყველამ უნდა გაიაროს. გარკვეული ინციდენტის გამო ციხეშიც მოხვდა. არანაირი დახმარება და ჩარევა არ მოითხოვა, სასჯელის ვადა ბოლომდე მოიხადა და ისე გამოვიდა.

რამდენი ხანი გაატარა ციხეში?

- 3 წელი იყო. დღემდე ვთვლი, რომ დამნაშავე არ იყო, მაგრამ მე არ ჩავერიე. ელემენტარულ რაღაცეებში დავეხმარე. თვითონ არის ძალიან ვაჟკაცი და თავად როგორც ჩათვალა საჭიროდ, ისე მოხდა კიდეც.

როგორი მამაშვილობა გაქვთ?

- ბრწყინვალე. ნუგა იმ პერიოდში დაიბადა, როცა მე პოპულარობის ზენიტში ვიყავი. მაშინ ჩემს თავს საოცარი რაღაცეები ხდებოდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისთვის ყურადღება და დრო არ მომიკლია. შვილისთვის ყოველთვის ვიცლიდი. დედაჩემი მირეკავდა ხოლმე, არ იძინებსო. შემეძლო, კონცერტიც ჩამეგდო, მასთან მივსულიყავი და დამეძინებინა, მერე კი ჩემს საქმეს ვუბრუნდებოდი. ბანკეტებს ვტოვებდი, მივდიოდი, ჩავიხუტებდი და ვაძინებდი. დაცვის წევრები ქვემოთ მელოდებოდნენ. მერე კი ისევ ბანკეტზე მივდიოდით.

გარდატეხის ასაკში, როცა განსაკუთრებულად სჭირდებოდა მამის ხელი, მონაწილეობა მიიღეთ მის გაზრდაში?

- მე ძალიან კარგი მშობლები მყავდა და ნუგა მათ გაზარდეს, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ძალიან მკაცრად. ხელისგულზე ატარებდნენ. მამა ახლახან გარდამეცვალა. დედა უკვე 8 წელია, აღარ მყავს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილი მათ გაზარდეს. როცა ნუგა დაიჭირეს, დედაჩემი ცოცხალი აღარ იყო.

დღეს მამა–შვილი მეგობრები ხართ?

- კი. უთბილესი ადამიანია. მე ცოტა მძიმე და მკაცრიც ვარ. ზღვარი, რომ ჩვენ მხოლოდ მეგობრები კი არა, სინამდვილეში მამა–შვილი ვართ, არ იკარგება. ცოტა ზედმეტად ვიცი მის პირად ცხოვრებაში ჩარევა.

თავად რამდენად ერევა თქვენს ცხოვრებაში?

- აბსოლუტურად არ ერევა. ესემესს მომწერს ხოლმე, აუ, მამი, რა მაგარი იყავი გუშინ, სადღაც გიყურეო და ა.შ. თუ მის ზარებს ვერ ვპასუხობ, იმიტომ, რომ იმ დროს დაკავებული ვარ, ესემესები მხვდება.

დედასთან ერთად არ ცხოვრობს?

- ხან დედასთან არის, ხანაც – მარტო.

ცოლს რამდენი ხნის წინ გაშორდით?

– 22 წელია, მეუღლეს გაშორებული ვარ. არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს და არც შეხვედრები გვიწევს.

მან თუ შექმნა ოჯახი თქვენ მერე?

- არ მინდა ამაზე საუბარი. ეს მისი პირადი ცხოვრებაა და ამაზე მე არავისთან მილაპარაკია.

შვილს ქართული ტრადიციებით ზრდიდით?

– კი, ჩემი შვილი ქართული ადათ–წესებით იზრდებოდა. ვიცი, რომ ის ბევრ ტრადიციას შეინახავს. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება წინ მიდის და ამ საუკუნემ ბევრი რამ შეცვალა, მაინც ვთვლი, რომ გარკვეული ფორმით ყველა ტრადიცია უნდა შენარჩუნდეს.

ანუ ტრადიციების მიმდევარი ხართ?

- ვერ გეტყვით, რომ გოიმი დავრჩი და 90–იან წლებში ჩავრჩი. ცხოვრების დინებას მივყვები. ასეთი იმიჯი მაქვს – განსხვავებულად მაცვია, მოღეღილ–მიღეღილი, დახეული, ჯაჭვებიანი სამოსი. თავი გოიმად არ მიმაჩნია. დღეს სხვა ცხოვრებაა და უნდა ავყვეთ.

თქვენი ჩაცმულობა ტრადიციული კაცის ჩაცმის სტილს არ ჰგავს. რატომ იცვამთ ასე?

- რომ გითხრათ, ოდესმე კოსტიუმით დავდიოდი–მეთქი, მოგატყუებთ. ჩემს ხელისმოწერაზე პიჯაკი არ მცმია, პერანგით ვიყავი. ვერც იმას ვიტყვი, რომ გამომწვევად ვიცვამ. ყველანაირ სამოსს ვირგებ. არც მიწევს ქუჩაში, ჩვეულებრივ მაღაზიებში სიარული და ა.შ. მანქანიდან კი ვხედავ, რომ ჩემზე სასწაულად ჩაცმული ადამიანები დადიან. მე, მაგალითად, ბრიჯებით და შორტებით სახლიდან არ გავალ. ეს ჩემი სამოსი არ არის.

თქვენი ჩაცმულობის გამო კონფლიქტი არ მოგსვლიათ, თუნდაც ქუჩაში? დამცინავი დამოკიდებულება არ გიგრძვნიათ? ქართველებს გვჩვევია სხვის ცხოვრებაში ჩარევა და ამიტომ გეკითხებით.

– არასოდეს! ბედნიერი ვარ, რომ ბევრ ადამიანს ვუყვარვარ. ზოგი კი ამბობს, რომ არ ვუყვარვარ, მაგრამ სინამდვილეში მათაც ვუყვარვარ. ბევრი მოდის, კუთხეში ჯდება და მისმენს. ერთი–ორი ჭიქის შემდეგ კი ყველა იხსნება და ერთობა. მე დღეს არ ვიარსებებდი, თაყვანისმცემლები რომ არ მყავდეს. ყოველთვის მოთხოვნადი ვიყავი და ამისთვის მადლობა ჩემს მსმენელებს.

ცოლის მეორედ მოყვანას არ ფიქრობთ?

- არა. არასოდეს უნდა თქვა "არა", მაგრამ მეორედ ცოლს არ მოვიყვან. დღეს ოჯახის შექმნა ადვილი არ არის. ამ ნაბიჯის გადადგმა რთული იქნება. ისეთი ცხოვრების წესი მაქვს, დღეს ოჯახს ვეღარ ავიტან. ძალიან ბედნიერი ვარ, თავს კარგად ვგრძნობ. რა საჭიროა, ცოლი? საყვარელი ადამიანი ისედაც შეიძლება გვერდით გყავდეს. ოჯახურ გარემოს მიჩვეული არ ვარ. დიდი ხანია, ასე არ მიცხოვრია.

ჯვრისწერა, ნიშნობა, ქორწილიც ტრადიციაა. ამ წესებს არ სწყალობთ?

- რატომაც არა? ლამაზი ტრადიციაა, მაგრამ ეს ხდება სხვა ასაკში და ერთხელ. ძალიან მწყდება გული, რომ ქორწილი არ მქონდა. მხოლოდ ხელი მოვაწერეთ. არადა ყველაფერს თავისი სილამაზე და ხიბლი აქვს. 22 წლის წინ ძალიან ლამაზი იქნებოდა, რომ მქონოდა, მაგრამ მაშინ არ გამოვიდა.

რატომ არ გამოვიდა?

- დედაჩემსა და ჩემს მეუღლეს შორის თავიდანვე უთანხმოება იყო.

ოჯახის დანგრევის მიზეზიც ეს ხომ არ გახდა?

- კი, რა თქმა უნდა. გარკვეულწილად ამ ფაქტორმა იმოქმედა.

თქვენ დედას დაუჯერეთ, მისი მხარე დაიჭირეთ?

- მე დედის გავლენის ქვეშ არ მოვქცეულვარ, მიუხედავად იმისა, რომ ფანატიკურად მიყვარდა. მასთან ძალიან მაგარი ურთიერთობა მქონდა. რომ გარდაიცვალა, ლამის საფლავში ჩავყევი... ჩემსა და ჩემს მეუღლეს შორის მოხდა გაუგებრობა. როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა, მაშინ ვერ გამიგო. ამდენი ქალი მეხვია გარს, ამდენი წივილ–კივილი იყო. უმეტესწილად სახლში არ ვიყავი.

ეს ყველაფერი ადვილად გასაგები და ასატანი ნამდვილად ვერ იქნებოდა ცოლისთვის.

- მესმის, მაგრამ იმ წუთში ძალიან გავბრაზდი. დღე და ღამე საქმე მქონდა და ეს მას არ ესმოდა. ეჭვიანობის სცენებს მიწყობდა. მან წააგო, ეს ფაქტია. დღემდე უნდა შერიგება.

თქვენ – არა?

- არა.

თქვენი ჩაცმულობა, ქცევები ხშირად ხდება ჭორის საბაბი, თქვენს არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაზეც საუბრობენ. რას პასუხობთ იმ ხალხს, ვინც ამას ამბობს?

- იმიტომ ლაპარაკობენ, რომ უნდათ ისაუბრონ; იმიტომ, რომ მოდაში ვარ. იმიტომ, რომ საქმე არ აქვთ. ეს არის სისულელე! ყველაზე საუბრობენ, ვინც კარგია. ილაპარაკონ, ფეხებზე მკიდია! შავი პიარიც პიარია. იმაზე ჭორაობენ, ვინც მაგარი და წარმატებულია. მათი საუბრები არ მაშინებს.

ქალისა და მამაკაცის ოჯახურ უფლება–მოვალეობებს შევეხოთ. ქალი დიასახლისი უნდა იყოს, ქმარ–შვილს ემსახურებოდეს თუ მამაკაცივით მასაც ჰქონდეს სახლის გარეთ სამსახური?

- გარკვეული დრო სახლში უნდა იყოს. არ ვამბობ, რომ არ უნდა იმუშაოს და თავისი კარიერა არ აიწყოს, მაგრამ მამაკაცი დაღლილი რომ დაბრუნდება და არც სადილი დახვდება გაკეთებული, არც სახლი დალაგებული და არც ბავშვი მოვლილი, ეს არავისთვის იქნება სასიამოვნო. ყოველდღე ცოლზე ადრე რომ მიხვალ სახლში, ეს ჩვეულებრივია?

ამ დროს ძიძაა გამოსავალი.

- არ მინდა ძიძა! ცოლზე ადრე რომ მივალ სახლში, არ მინდა, ძიძა დავინახო და ვიცოდე, რომ ცოლი სხვაგან არის, სამსახურში. ჩემი ცოლი ამ მხრივ ყოველთვის ხელში მეჭირა.

ეს როგორ?

– ერთხელ ძალიან ვცემე.

ეს რას ნიშნავს?

– იმას, რასაც გეუბნებით.

მიზეზი?

- დაღლილ–დაქანცული ტელევიზიიდან მივედი სახლში, გასაღები არ მქონდა და ის სახლში არ დამხვდა.

სწორად მიგაჩნიათ, როცა მამაკაცი ქალზე ხელს სწევს?

- თუ ღირსია, რა თქმა უნდა, სწორიც არის.

პირიქით, ქალმა რომ ასწიოს ხელი?

- კი, ბატონო! თუკი მამაკაცი ღირსია, მაშინ ქალმაც უნდა ასწიოს ხელი.

დღეს, 21–საუკუნეში, სიტყვა არ არის საკმარისი საიმისოდ, რომ თქვენი სათქმელი ადამიანს გააგებინოთ?

- როცა სიტყვა არ არის საკმარისი, მაშინ უნდა გადახვიდე შეურაცხყოფაზე.

თვლით, რომ ქალი მამაკაცს უნდა მორჩილებდეს?

- ასე არ ვთვლი, გენდერულ თანასწორობას ვიზიარებ. როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, იქ ყველაფერი სიყვარულით კეთდება და აღარ არის გარჩევა, მე შენზე მაღლა ვარ და შენ – ჩემზე დაბლა. ჩემი მშობლების ცხოვრება ამის კარგი მაგალითია. მათ იდეალური ურთიერთობა ჰქონდათ. მამისგან არასოდეს გამიგონია, ცოლისთვის მიემართა, შენი ასე და ისეო... ეს ალბათ დედის დამსახურებაც იყო. მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი ეჭვიანი იყო და დედაჩემი – ულამაზესი ქალი, მათ შორის კონფლიქტი არასოდეს ყოფილა. დედას ყველაფერი სახლში მირთმეული ჰქონდა. შეიძლება სულ სამჯერ იყო ბაზარში, ისიც ჩემთან ერთად.

დედა დიასახლისი იყო?

- კი. დედა მთლიანად ჩვენზე იყო გადმორთული. მე არ ვიტყვი, რომ ყველა ქალი მაინცდამაინც ასე უნდა იყოს, მაგრამ მამას სურვილი ასეთი იყო და ცოლ–ქმარს არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ. მაშინ ასეთი ცხოვრება იყო. დღეს კი არც ერთი ქალი გაიგებს ამ მოთხოვნას, ადგება და გაგშორდება.

რომელი ტრადიცია არ მოგწონთ?

- ქელეხის. საყვარელი ადამიანის გარდაცვალება იმდენად დიდი ტკივილია, რომ ვერ ვხვდები, ამ დროს სუფრა რა საჭიროა. მე ეს გამოვცადე, როცა დედა გარდამეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ არაფერზე დამჭირდა ზრუნვა, მაინც ძალიან მძიმე და საშინელი დღეები იყო ჩემთვის.

რატომ გააკეთეთ ქელეხი, თუ ეს თქვენს პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა?

- სწორედ იმიტომ, რომ ტრადიციაა და ასე უნდა გაკეთებულიყო. ეს პროცესი ძალიან ცუდი იყო. ძნელია, როცა განადგურებული ხარ და ტრადიცია გავალდებულებს, რომ იმ სუფრასთან იჯდე. ამ დროს არაფერი გინდა ამქვეყანაზე, სიცოცხლეც კი და ამ დროს ხუთას კაცში უნდა დაჯდე და ჭიქა ასწიო. ეს დედის და მამის გამო გავაკეთე. ისინი ტრადიციებს ყოველთვის იცავდნენ და მეც ასე ვიქცევი. თანაც გია ვიყავი და ამ წესს ვერ გადავუხვევდი, მერე უაზრო ჭორები წავიდოდა.