15 მარტს სახალხო კრებამ “ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებისთანავე, ბრძოლის გადამწყვეტი, საბოლოო ეტაპი” გამოაცხადა და განაცხადა: “აღდგომის შემდეგ, საყოველთაო დაუმორჩილებლობას გამოვაცხადებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ საქართველოს დანაშაულებრივი რეჟიმისგან გასათავისუფლებლად”.
კრების ლიდერებმა სხვა პარტიებთან თანამშრომლობისა და კონსულტაციების დაწყების სურვილიც გამოთქვეს. თუმცა აქვთ თუ არა სურვილი თავად ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, შეუერთდნენ სახალხო კრების დაანონსებულ აქციებს, “ვერსიამ” სწორედ ამის გარკვევა სცადა. როგორც აღმოჩნდა, თითქმის ყველა ლიდერი ხელისუფლების შესაცვლელად “სახალხო კრებისგან” დამოუკიდებელ, ბრძოლის საკუთარ გზასა და მეთოდებს ირჩევს და აქციებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.
ირაკლი ალასანია, თავისუფალი დემოკრატების ლიდერი: “სახალხო კრების წევრებს თავიანთი სამოქმედო გეგმა აქვთ, ჩვენ კი ჩვენი გეგმის მიხედვით ვმოქმედებთ. თანაც, ბურჯანაძე ჯერ ბოლომდე ვერ ჩამოყალიბებულა, რას აპირებს აღდგომის შემდეგ”.
კობა დავითაშვილი, ხალხის პარტია: “სახალხო კრების მიერ წინასწარ დაანონსებული რევოლუციები თუ აქციები, ჯერჯერობით, წარმატებით არ დასრულებულა. ჩვენ ამ აქციებს არ შევუერთდებით იმის გამო, რომ არსებობს საარჩევნო ბრძოლის გზა და ჩვენი ამოცანაა სწორედ არჩევნების გზით შევცვალოთ ამჟამინდელი ხელისუფლება. არ ვარ პროგნოზისტი და პოლიტოლოგი, ამიტომ საერთოდ იმის თქმაც მიჭირს, გამოვა თუ არა ხალხი ამ აქციებზე”.
დავით გამყრელიძე, “ახალი მემარჯვენეები”: “ჩვენ დიდი ხანია, დავაფიქსირეთ საკუთარი პოზიცია, რომ სხვის მიერ დაანონსებულ აქციებსა და სხვის პოლიტიკურ პროექტებში მონაწილეობას არ მივიღებთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, სამოქმედო გეგმა. ფაქტია, ხელისუფლება ძალიან მალე უნდა შეიცვალოს, მაგრამ “ახალი მემარჯვენეების” აზრით, ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით. არჩევნებში მონაწილეობით საზოგადოებას უნდა მივცეთ შანსი, გამოვიდეს მძიმე კრიზისული მდგომარეობიდან და ხელისუფლება მშვიდობიანად შეცვალოს”.
ლევან ვეფხვაძე, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიძრაობა: “სახალხო კრების მიერ დაანონსებული აქციის შესახებ არაერთხელ მსმენია, მაგრამ, სამწუხაროდ, დღემდე შედეგი ვერ დავინახე. სიმართლე გითხრათ, ახლაც ვერ ვხვდები, რას აპირებენ, როგორ აპირებენ და, საერთოდ, რა გეგმის მიხედვით მოქმედებენ. რა თქმა უნდა, არ შევუერთდებით ისეთ აქციებს, სადაც ვიცით, რომ კონკრეტული საკითხი არ იქნება დასმული და ექნება მხოლოდ ჯანყის სახე”!
ეროსი კიწმარიშვილი, ქართული პარტია: “ჩვენ, “ქართულ პარტიას”, გვაქვს მკვეთრად ჩამოყალიბებული გეგმა და ამ გეგმის მიხედვით ვაპირებთ ჩვენი მომავალი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას. ქართველი ხალხის შეკვეთაა, ქვეყანა, რაც შეიძლება სწრაფად, გათავისუფლდეს ავტორიტარული ხელისუფლებისაგან, დარწმუნებულები ვართ, რომ გამარჯვებას მივაღწევთ. სხვა პოლიტიკურ პარტიებს კი წარმატებებს ვუსურვებთ”!
ზვიად ძიძიგური, ეროვნული საბჭო: “ჩვენი პარტიის მიზანია ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ არჩევნების გზით, ასე რომ, სხვის აქციებზე ჩვენ არაფერი გვესაქმება”.
“რესპუბლიკელმა” თინა ხიდაშელმა აქციებთან დაკავშირებით კომენტარზე საერთოდ უარი განაცხადა, რადგან, მისი განცხადებით, აქციებზე ფიქრისთვის დრო აღარ რჩება და მოსახლეობის პრობლემების მოგვარებით არის დაკავებული.
როგორც ირკვევა, “სახალხო კრებას” დანარჩენი ოპოზიციური პარტიების ლიდერების თანადგომის იმედი არ უნდა ჰქონდეს. თუმცა, მთავარი ფაქტორი აქციებისთვის მაინც ხალხი და საზოგადოების განწყობაა. რამდენად ემთხვევა ოპოზიციის ლიდერებისა და რიგითი მოქალაქეების აზრი ერთმანეთს, ამის გასარკვევად “ვერსიამ” პოლიტიკოსების შემდეგ იმავე კითხვით _ შეუერთდებით თუ არა სახალხო კრების დაანონსებულ საპროტესტო აქციებს _ ქუჩაში მოქალაქეებს მიმართა.
საზოგადოების აზრი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორად გაიყო, გამოკითხულთა ნაწილმა განგვიცხადა, რომ დაანონსებულ აქციებში, რა თქმა უნდა, მიიღებს მონაწილეობას, ნაწილმა კი ოპოზიციას სრული უნდობლობა გამოუცხადა.
თამარ ცეცხლაძე, 63 წლის: ხელისუფლების წინააღმდეგ დაგეგმილ ნებისმიერ აქციაში მივიღებ მონაწილეობას. გაუსაძლისი პირობები შეგვიქმნა დღევანდელმა ხელისუფლებამ, ხალხი შიმშილით კვდება და მე უფლებაც არ მაქვს, აქციაში მონაწილეობა არ მივიღო. იმედი მაქვს, ამჯერად მაინც გამოიღებს ეს აქციები შედეგს.
ეკა სიჭინავა, 37 წლის: არცერთ აქციაში მონაწილეობა არ მიმიღია და არც ახლა ვაპირებ ვინმეს შევუერთდე. ყველა პოლიტიკოსი მაინც სათავისოდ იბრძვის, არცერთ მათგანს არ აინტერესებს ხალხის ბედი. მართალი გითხრათ, დღევანდელი ოპოზიციის საერთოდ აღარ მჯერა, ვერ გავიგე, ვინ ვის მხარესაა, ხელისუფლების იმედი კი დიდი ხანია, დავკარგე.
გია გეწაძე, 45 წლის: ხელისუფლების შეცვლა, როგორც ძალიან ბევრს საქართველოში, მეც ძალიან მინდა, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ოპოზიციაში ალტერნატიულ ძალას ვერ ვხედავ. იმედი მაქვს, ძალიან მალე გამოჩნდება ის ლიდერი, რომლის ნებისმიერ აქციაზე სიხარულით და ყოველგვარი ეჭვის გარეშე წავალ. ბურჯანაძესთან კი, რა თქმა უნდა, არ დავდგები.
ნინელი მარგველაშვილი, 56 წლის: რა თქმა უნდა, შევუერთდები. მჯერა, რომ ნონა გაფრინდაშვილი ის ადამიანია, რომელიც საქართველოს სწორ გზაზე დააყენებს და ხალხის კეთილდღეობაზე იზრუნებს. შევუერთდები კი არა, იქამდე ვიდგები ქუჩაში, სანამ სააკაშვილი არ გაიქცევა ამ ქვეყნიდან.
ირა იაშვილი, 24 წლის: შეუჩვეველ ჭირს, ისევ შეჩვეული მირჩევნია.
ია გურგენიძე, 36 წლის: მივიღებ მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქციების დაწყებამდე სახალხო კრება კონკრეტულ გეგმებს გააცნობს საზოგადოებას. იცით, ოპოზიციის უბედურება რაშია? გეგმა არ აქვთ, ინსტიქტების დონეზე მოქმედებენ, ამიტომ თუ ჩვენი ოპოზიციური პარტიები პოლიტიკურად არ დაიხვეწებიან, მიზანს ვერასდროს მიაღწევენ.
ელენე ცინცაძე, 26 წლის: ძალიან აქტიურად ვარ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. არა მგონია, სახალხო კრებამ რევოლუციის მოხდენა შეძლოს, მაგრამ მაინც ბოლო შანსს მივცემ, პირადად მე, საერთოდ ოპოზიციას. თუ ახლაც ვერაფერს გააკეთებენ, საერთოდ პოლიტიკაზე საუბარსაც ავუკრძალავ ჩემს თავს.