ბადრი ბიწაძე სიკვდილს სასწაულად გადაურჩა

ბადრი ბიწაძე სიკვდილს სასწაულად გადაურჩა

ბადრი ბიწაძე ხელისუფლებას მის მიმართ პროვოკაციის მცდელობაში ადანაშაულებს. ამბობს, რომ 27 ოქტომბერს ტელეკომპანია "მაესტროდან" გამოსვლის შემდეგ, მის ავტომობილს სამი შავი ფერის "ჯიპი" აედევნა. ვახუშტის ხიდზე მათ მანქანები გააჩერეს და თავდასხმას შეეცადნენ, რის შემდეგ, მისი თქმით, "მაესტროში" დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

ბიწაძე „საკანი 5“-ის სტუმარი იყო. საუბრის ძირითადი თემა საქართველოს ხელისუფლების მიერ ცხინვალის დაბომბვასა და პანკისის ხეობაში არსებულ ვითარებას შეეხებოდა.

ბადრი ბიწაძე: პირველის ნახევარზე დავტოვე ტელეკომპანია "მაესტრო". როგორც კი ტელევიზიიდან წამოვედი, შავი ფერის სამი ჯიპი ამედევნა. ვახუშტის ხიდის დასაწყისში შეეცადნენ პროვოცირებას.

რატომ ფიქრობთ, რომ თქვენ აგედევნენ?

- წუთიც და იქ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდებოდა. ორი მანქანა წინ მოგვყვებოდა, ერთი კი უკან, მაგრამ მოვახერხეთ და მოვბრუნდით. დაიბნენ. ეს არის მათი ხელწერა. ძალიან კარგად ვიცნობ სააკაშვილს, როგორც კი მოისმენდა იმას, რაც ვილაპარაკე, ეგრევე გასცემდა ჩემი დასჯის ბრძანებას. ესენი წინასწარ დაგეგმილ ოპერაციას ვერ ასრულებენ და ასე უცებ რას შეასრულებდნენ?!

და რა თქვით ისეთი, რამაც გააღიზიანა ხელისუფლების წარმომადგენლები?

- ვთქვი ის, რაც იყო სიმართლე, რაც ვიცი და რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი. ვისაუბრე ცხინვალის თემაზე და ასევე პანკისზე. ვთქვი, შეიძლება თუ არა ტერორისტების გადმოსვლა პანკისის ხეობაში. რაც შეეხება ცხინვალის თემას, ვთქვი, რომ შეიძლებოდა ომის აცილება, თუ არ იქნებოდა სააკაშვილი და ვიცი, რომ ეს გააღიზიანებდა. ვთქვი, რომ სააკაშვილი ემზადებოდა ამ ომისთვის.

თუ მიმართეთ გამოძიებას?

- არა.

რატომ?

- იმიტომ, რომ პატრულის ორი ეკიპაჟი იქვე იყო ჩასაფრებული და თვალყურს ადევნებდა ამ ფაქტს. იციან, რომ იარაღის ტარების უფლება მაქვს და საკმაოდ გამოცდილი ვარ. ამიტომ, უნდათ, რომ მასროლინონ. მაგათთვის ხომ ადამიანის სიცოცხლე არაფერია. თავისივე დაქირავებულ ადამიანს თავად გაწირავენ და მერე მე დამაბრალებენ. ეს უნდოდათ ახლაც, მაგრამ არ გამოუვიდათ. ორმა მანქანამ, რომლებიც წინ მომყვებოდა, ხიდის თავი ჩაკეტა, ერთი მანქანა კი უკან მომყვებოდა. მაშინვე მივიღე გადაწყვეტილება და მარშრუტი არ გავაგრძელე, მანქანა შემოვატრიალე და მივბრუნდი ტელევიზიაში. როგორც ჩანს, დაიბნენ. გვიან გადაწყვიტეს, რა ექნათ. უკან გამომყვნენ, მაგრამ უკვე ტელევიზაში ვიყავი.

ტელევიზიაში რომ მიბრუნდით, უკან გამოგყვნენ?

- კი. ტელევიზიამდე მოვდნენ, მაგრამ იქ უკვე ხალხი დახვდათ. მიხვნენ, რომ არაფერი გამოუვიდოდათ და წავიდნენ. მინდა ამ ადამიანებს ვუთხრა, რომ მათთვის უკეთესია, თავი დაანებონ ჩემს თვალთვალს, რადგან მათ ისე გაწირავენ, რომ არც დაფიქრდებიან.

რამდენი იყვნენ მანქანაში დაახლოებით?

- შავი ფერის შუშები ჰქონდა მანქანას და ვერ შევამჩნიე, ნიღბიანები იყვნენ თუ არა. წინა ორ მანქანაში 4-4 კაცი იჯდა. უკანა მანქანაში რამდენი იჯდა, არ ვიცი. დარწმუნებული ვარ, რომ შეიარაღებულები იქნებოდნენ. მე ვიცი სააკაშვილის ხასიათი და ამ გადაცემას რომ უყურებდა, ვიცი, რა ბრძანებას გასცემდა.

რა ბრძანებას გასცემდა?

- რა თქმა უნდა, ჩემი დასჯის ბრძანებას გასცემდა.