ბიძინა გეგიძე პოლიციამ დააკავა

ბიძინა გეგიძე პოლიციამ დააკავა

9 აპრილის ქუჩაზე ზაზა ბეგლარაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო ბიძინა გეგიძე ფიზიკურად გაუსწორდა. შელაპარაკების კადრები შსს–მ გაავრცელა.

ბატონო ბიძინა, რატომ მივიდა საქმე სიტყვიერ შეურაცხყოფამდე, რამაც თქვენი ასეთი რეაქცია გამოიწვია?

– იმ დღეს მომხდარი ფაქტის მიზეზებს დრო გაარკვევს, მე მიზეზებზე ნამდვილად ვერ და არც ვისაუბრებ. ეს იყო ჩვეულებრივ ადამიანებს შორის ჩხუბი თუ რაღაც წინასწარ დაგეგმილი ინციდენტი. მე პირადად გულწრფელად მინდა, რომ ეს წინასწარ დაგეგმილი არ იყოს და ეს იყოს შემთხვევა, რომელიც ყველას შეიძლება დაემართოს. თბილისში ყოველთვის ხდებოდა, ახლაც ხდება და ალბათ მოხდება ხოლმე ბიჭებს შორის კონფლიქტი, ფხიზელ და, მით უმეტეს, ნაქეიფარ მდგომარეობაში.

თქვენ ფხიზელი იყავით?

– მე აბსოლუტურად ფხიზელი ვიყავი. ნასვამიც რომ ვყოფილიყავი, ეს არავითარ ზეგავლენას არ მოახდენდა ჩემს მოქმედებაზე. ნასვამიც ზუსტად ისე მოვიქცეოდი.

ამ ფაქტის შემდეგ თუ შეხვედრიხართ და გისაუბრიათ ზაზა ბეგლარაშვილთან?

– არა, არ მქონია საუბარი, არც შევხვედრივარ და არც მას გასჩენია ამის სურვილი.

ამ ფაქტის გამო პირადად თუ გესაუბრნენ ოპოზიციის ლიდერები და რა გითხრეს?

– ისინი ვერაფერს მეტყოდნენ, რა უნდა ეთქვათ?! იქ ჩემი მეგობრები არიან. თითქმის ყველას კარგად ვიცნობ და კარგი ურთიერთობა მაქვს. ჩემთვის კონკრეტულად არაფერი უთქვამთ, მაგრამ რამდენიმემ გააჟღერა განცხადება, რომ სამწუხარო ფაქტი მოხდა, ეს პირველ რიგში მე ვთქვი, არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ და ეს ძალიან კარგი იქნებოდა. მაგალითად, დათო გამყრელიძემ თქვა, რომ დედის გინებაზე ჩვენც ზუსტად ისე მოვიქცეოდით, როგორც ბიძინა გეგიძეო.

გია კორკოტაშვილის სამსახურიდან განთავისუფლებაზე რას იტყვით?

– არ ვარ ისეთი ადამიანი, ჩხუბი რომ მასზე ცუდად არ მოქმედებს. ჩემზე უარყოფითად მოქმედებს ნებისმიერი ასეთი ფაქტი. ეს იქნება ჩემი ოჯახის წევრთან თუ სხვასთან კამათი, ჩემთვის უკვალოდ არ ჩაივლის ხოლმე. თუ ადამიანს ვაწყენინე, მერე მე თვითონ ვარ ცუდად, მაგრამ კორკოტას განთავისუფლება საერთოდ ყოველგვარი მორალური ჩარჩოებიდან ამოვარდნილია. ამაზე აღშფოთებული ვარ ისევე, როგორც ჩემ ირგვლივ მყოფი ყველა ადამიანი.

როგორ ფიქრობთ, ეს ხელისუფლების დაკვეთა იყო?

– ამაზე ვერ ვფიქრობ, იმიტომ, რომ არც მაინტერესებს, ხელისუფლების დაკვეთა იყო თუ თვითონ ტელევიზიის. ამ შემთხვევაში დაკვეთაც რომ ყოფილიყო, ღირსეული და ზეობის მატარებელი ტელევიზიის ხელმძღვანელი, დირექტორთა საბჭო, თუ რა სტრუქტურაც არის, ვინც ასეთ საკითხებს აგვარებს, ამ საქციელის გამო ვერ გაიმართლებს თავს.

თითქმის ყოველ საღამოს რაღაც ხდება, ჩხუბის ფაქტები ალბათ კიდევ განმეორდება.

– ჩვენ იქ საჩხუბრად არ დავდივართ. პირიქით, ჩვენი სურვილია, თუ ჩხუბი და მსგავსი შემთხვევა მოხდა, აღვკვეთოთ ასეთი რამ. ჩვენი საზოგადოება ამ მიზნით არის შექმნილი. ასაკოვანი ადამიანებიც არიან გაწევრიანებული. ძველი გამოცდილი სამართალდამცავები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციაში "ქვეყნისა და ხალხისთვის" არიან გაერთიანებული და ასევე ჩვეულებრივი ძალიან ჭკვიანი და ღირსებით სავსე პიროვნებები. ახალგაზრდა ბიჭებიც, სპორტსმენები არიან. გარდა იმისა, რომ ხდება რაღაცეებზე დაფიქრება და სწავლა, ახალგაზრდები სწავლობენ ქცევის ნორმებს. ეს არის დროებით და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე აღარ მოგვიწევს ადამიანებს ქუჩაში სიარული და ელემენტარული უსაფრთხოების დაცვა. როცა ქვეყანაში ეს პრობლემა საზოგადოების გადასაწყვეტია, იმ ქვეყანაში ყველაფერი რიგზე არაა. ეს არსებულმა რეალობამ გამოიწვია. დაიწყო პერმანენტული ცემა–ტყეპა, ჩასაფრება ადამიანების. სამართალდამცავები, კერძოდ, პატრული არ ერეოდა თუ ვერ ერეოდა ამ სიტუაციებში. ან ასეთი დავალება ჰქონდა. აქედან გამომდინარე, სპონტანურად მოხდა ამ საზოგადოების შექმნა. წინასწარ ეს არ იყო განსაზღვრული. ეს კრიზისი და დაძაბულობა მალე უნდა დამთავრდეს. ყველა კარგად უნდა დაფიქრდეს და ქვეყანაში არსებული კრიზისის გასაღები ნახოს.

რას იტყვით საკანში ნარკოტიკის მოხმარებასთან დაკავშირებით?

– მე თვითონ არ მინახავს ის ვიდეო. სადაც უნდა იყოს, საკანში და საკნის გარეთაც, ნარკოტიკის მოხმარება ჩემთვის მიუღებელია. ეს უბედურებაა იმ ადამიანებისთვის, ვინც ამას მოიხმარს. ამაზე რაიმე კომენტარის გაკეთების სურვილიც არ მაქვს. ეს ძალიან ცუდია, მე პირდაპირ ვიტყვი – ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ასეთი მეთოდებით არ უნდა იბრძოდეს ერთმანეთის წინააღმდეგ. ასეთი თემები არ უნდა იყოს ერთმანეთზე ნეგატივის შექმნისთვის გამოყენებული. პოლიტიკურ მაგიდასთან უნდა ხდებოდეს ეს ბრძოლა და კამათი, ერთმანეთის ოპონირება და არა – საკანში გადაღებული კადრებით, ნარკოტიკის მოხმარება იქნება ეს თუ მთვრალი ადამიანების დაფიქსირება. ეს არის თამაშის დაბალა დაწევა. როცა ხელისუფალი და ოპოზიცია ხარ, უნდა იზრუნო, რომ საზოგადოების მოთხოვნების სტანდარტი იყოს გაცილებით მაღალი.

თქვენი პირადი პროგნოზი როგორია, როდის დასრულდება ეს აქციები?

– დასრულდება ძალიან კარგად. ოპტიმისტი ვარ. ძალიან კარგად დასრულდება. რამდენი ხანიც უნდა დასჭირდეს, თვეები თუ წელი, მაინც კარგად დასრულდება.

თუმცა ახლა არ გამოდის იმდენი ხალხი, რამდენიც თუნდაც 9 აპრილს იყო.

– 9 აპრილს უამრავი ადამიანი გამოვიდა, მათ შორის, მე, ჩემი ოჯახი და მთელი ჩემი სამეგობრო წრე. მათ ამ ხელისუფლებას შეუთვალეს, რომ შენ უნდა წახვიდე, 9 აპრილს გამოსვლის მიზეზი და მიზანი ეს იყო. ჯერჯერობით ის ხალხი ურყევად დგას პოზიციაზე, რომელიც 9–ში დააფიქსირა. ხელისუფლება დიალოგისკენ მოუწოდებს ოპოზიციას, ოპოზიციასთან კი არ უნდა ჰქონდეს დიალოგი, არამედ იმ ხალხთან, რომელიც ქუჩაში გამოვიდა და თავისი პოზიცია დააფიქსირა. იყოს დიალოგი იმაზე, რომ მომავალში წავა, რადგან თავს ვერ ართმევს თავის უპირველეს მოვალეობას, რომ დაიცვას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და მოქალაქეები. არც ესაა დაცული და მიტინგზე მისულ ადამიანებს უსაფრდებიან და სცემენ. საბოლოოდ ეს ყველაფერი დაუსჯელად რჩება.

დიალოგი ჩვენი ქვეყნის მომავალზე უნდა იყოს. უნდა დაინგრეს ძალადობა, მოსმენების და დაშინებების რეჟიმი. უნდა შეიქმნას სისტემა, რომელიც ქვეყანაში ღირსებას, ზნეობას, რწმენას წინა პლანზე წამოწევს. ფუნდამენტი უნდა იყოს გარკვეული და მასზე უნდა აშენდეს ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები, ქვეყნის და ყველა მოქალაქის კეთილდღეობა.