საქართველოს ბაზრის ორი მესამედი გენმოდიფიცირებულ საკვებს უკავია

საქართველოს ბაზრის ორი მესამედი გენმოდიფიცირებულ საკვებს უკავია

საქართველოში სამომხმარებლო ბაზრის 2/3 გენმოდიფიცირებულ პროდუქციას უჭირავს. მთავრობა „გმო“ პროდუქციის წინააღმდეგ კანონის ამოქმედებას მუდმივად აჭიანურებს და თავს იმით იმართლებს, რომ საქართველოში მოსახლეობის 50-60% ღარიბია, 25% კი - ღატაკი. ამ კატეგორიას კი საკვებად იაფი სურსათი სჭირდება. თუმცა, ექსპერტები აცხადებენ, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქციის ბაზრიდან გაქრობა პროდუქტების გაძვირებას არ გამოიწვევს.

მსოფლიოს ბევრი ქვეყანა გენმოდიფიცირებულ საკვებს ომს უცხადებს. უკრაინის მოსახლეობა ქვეყანაში ამგვარი საკვების შეტანის წინააღმდეგია. უკრაინის ერთ-ერთი ინსტიტუტის მიერ გამოკითხულ უკრაინელთა თითქმის 90 პროცენტი ქვეყანაში გენმოდიფიცირებული პროდუქტების შეტანის წინააღმდეგია.

გენმოდიფიცირებული საკვების შემოტანის აკრძალვაზე საუბარი საქართველოშიც დიდი ხანია მიმდინარეობს. ქვეყნის ხელისუფლება ამის ასაკრძალად კანონის მიღების წინააღმდეგია.

"საქართველოს გენმოდიფიცირებული პროდუქციისგან თავისუფალ ზონად გამოცხადების შესახებ" კანონპროექტზე მსჯელობა პარლამენტში მიმდინარეობდა, თუმცა ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქციის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი გადამეტებულია. სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, მეცნიერულად დადგენილი არ არის, მავნებელია თუ არა ადამიანის ჯანმრთელობისათვის გენმოდიფიცირებული პროდუქცია. შესაბამისად, ასეთი საკვების შემოტანის აკრძალვის საჭიროება არ არსებობს.

სამინისტროს პოზიციას კატეგორიულად არ იზიარებენ "საქართველოს მწვანეები", რომლებიც ამტკიცებენ, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქცია ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნეა, ასეთი პროდუქციის მიღება იმუნიტეტის დაქვეითებას, ალერგიებს და მოწამვლას იწვევს.

გაისმა ბრალდებები, რომ მთავრობის გარკვეული წევრები ლობირებენ ქვეყანაში გენმოდიფიცირებული საკვების შემოტანას და ამკრძალავ კანონს მათ გამო არ იღებენ. მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ მთავრობა მხოლოდ იმას ლობირებს, რომ ქვეყანა ეკონომიკურ ბლოკადაში არ მოექცეს და პროდუქცია არ გაძვირდეს. მთავრობის წევრებს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მოჰყავთ არგუმენტი, რომ გენმოდიფიცირებული საკვების ბაზრიდან ამოღება სხვა პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს.

ქვეყანაში არსებობს მოთხოვნა, რომ გენმოდიფიცირებულ საკვებს სპეციალური მარკირება გაუკეთდეს და მოსახლეობამ თავად გააკეთოს არჩევანი, რა ტიპის პროდუქტები შეიძინოს. ხელისუფლება მზად არის გაიზიაროს ეს მოთხოვნა.

საქართველოში არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია, ბაზრის რა ნაწილი უკავია გენმოდიფიცირებულ საკვებს. ექსპერტი შალვა მელქაძე ამის მიზეზად ასახელებს იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში შემოსული პროდუქცია ლაბორატორიულად არ მოწმდება.

"ქართულ ბაზარზე გენმოდიფიცირებული საკვების ზუსტი პროცენტული მაჩვენებლის განსაზღვრა ძალიან რთულია. საკვები თუ გენმოდიფიცირებულია, ეს უნდა იყოს დამტკიცებული ლაბორატორიულად. საქართველოში კი ასე არ ხდება.

ელემენტარულად, თუ ავიღებთ სოიოს, ამის მიხედვით შეიძლება მივხვდეთ, რა მდგომარეობაა ქვეყნის ბაზარზე. მთელი მსოფლიოს ბაზრის 75-80% უჭირავს გენმოდიფიცირებულ სოიოს. საქართველოშიც შემოდის ეს პროდუქტები. ყველა გენმოდიფიცირებულია, გარდა ადგილობრივისა. ამასთან, არსებობს ეჭვი კარტოფილზე, ტომატზე, თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია ამის შესახებ არ არსებობს.

ქვეყნის კანონმდებლობა არ კრძალავს ამგვარი საკვების შემოტანას და, შესაბამისად, ამას ვერ ვაკონტროლებთ", - აცხადებს შალვა მელქაძე.

ექსპერტი არ ეთანხმება ხელისუფლების მოსაზრებას, რომ გენმოდიფიცირებული საკვების შემოტანის აკრძალვა ბაზარზე დარჩენილი პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს:

"გენმოდიფიცირებული საკვების ბაზრიდან გაქრობა პროდუქტების გაძვირებას ნამდვილად არ გამოიწვევს. გენმოდიფიცირებული და არაგენმოდიფიცირებული საკვების ფასი ზუსტად ერთი და იგივეა. არავინ თქვას, რომ გენმოდიფიცირებული უფრო იაფი ღირს.

ჩვენთან ყველა პროდუქტზე არის ისეთივე ფასი, როგორი ფასიც არის მსოფლიო ბაზარზე. აქედან გამომდინარე, აკრძალვა არ გამოიწვევს არანაირ ფასის ზრდას. ერთადერთი, ამის შედეგად შეუმცირდებათ შემოსავალი იმ ვაჭრებს, რომლებსაც ქვეყანაში გენმოდიფიცირებული საკვები შემოაქვთ. ისინი ძალიან იაფად ყიდულობენ ასეთ პროდუქტებს და საქართველოში ძვირად ყიდიან", - აღნიშნავს მელქაძე.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ბაზარზე არსებულ პროდუქციას შესაბამისი მარკირება გაუკეთდეს.

"საჭიროა, მოქმედების პირველ ეტაპზე ვაიძულოთ მეწარმეები პროდუქტებზე გააკეთონ მინიშნება, რომ მათი პროდუქცია გენმოდიფიცირებულია. საქართველომ კარტახენას ოქმთან მიერთებით აიღო ვალდებულება, რომ გენმოდიფიცირებული საკვების აკრძალვის შესახებ უნდა მიგვეღო კანონი. პარლამენტი კი ჯერჯერობით ამისგან თავს იკავებს - ხან რას იგონებენ, ხან-რას და მუდმივად გადააქვთ კანონის მიღება", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბარში მელქაძემ.

სოფლის მეურნეობის ექსპერტი პაატა კოღუაშვილი მიიჩნევს, რომ ქართული ბაზარი ძალიან რთულ მდგომარეობაშია: "ქართული ბაზრის ძალიან მნიშვნელოვანი პროცენტი უჭირავს გენმოდიფიცირებულ პროდუქციას. ჩვენი ბაზარი დაუცველია არა მარტო ასეთი პროდუქტისგან, არამედ ფალსიფიცირებულისგანაც. შემიძლია გითხრათ, რომ ბაზრის ორი მესამედი გენმოდიფიცირებულ საკვებს უკავია. ასეთი საკვები იაფია და, შესაბამისად, ხელმისაწვდომია ღარიბი ქვეყნებისათვის. ასეთ ქვეყნებს კი საქართველოც მიეკუთვნება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციები უკვე ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ამ პრობლემას. მონრეალის კონფერენციამ მიიღო მიიღო ორი ძალიან მნიშვნელოვანი დადგენილება. პირველი - თავად სახელმწიფოებს და მათ ეროვნულ კანონმდებლობას მიეცათ უფლება, თავად გადაეწყვიტათ, შეეტანათ თუ არა გენმოდიფიცირებული საკვები. მეორე - მეწარმეები ვალდებულები იყვნენ აღენიშნათ პროდუქტზე, თუ ის შეიცავდა 0.9% გენმოდიფიცირებულ ელემენტებს.

თუ ეროვნული კანონმდებლობა არ კრძალავს ასეთი პროდუქტის შეტანას, მომხმარებელმა ის მაინც უნდა იცოდეს, რას ყიდულობს. ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, ხორცზე ისიც კი არის მითითებული, იკვებებოდა თუ არა ეს პირუტყვი გენმოდიფიცირებული საკვებით. სუპერმარკეტებიც კი არ იღებენ ასეთ პროდუქციას.

როგორც კოღუაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება ამკრძალავ კანონს სპეციალურად არ იღებს, რადგან ეს მათ პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

"ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს აგროწარმოების განვითარებისათვის. მათ დღევანდელი კვერცხი ურჩევნიათ ხვალინდელ ქათამს. ქვეყნის ბიუჯეტი აგებულია იმპორტირებული საქონლიდან შემოსულ გადასახადებზე. ამიტომ, ქვეყანა იძულებულია ასეთი პროდუქცია შემოიტანოს. თან ეს პროდუქტები შედარებით იაფია. საქართველოში კი მოსახლეობის 50-60% ღარიბია, 25% კი - ღატაკი. ქვეყანაში უკვე დაწყებულია პროდუქტებზე ფასის ზრდა. თუ გენმოდიფიცირებულ, იაფ საქონელზე ფასები გაიზრდება, ეს დიდი ტრაგედია არ იქნება.

ბოლო ორი წლის განმავლობაში 2 მილიარდი ლარი დაიხარჯა იმპორტირებულ საქონელზე. უკეთესი იქნება, ეს თანხა ადგილობრივ წარმოებას მოხმარდეს. ქვეყანას აგროწარმოების განვითარების სტრატეგიაც კი არ გააჩნია. ადგილობრივი წარმოების სტრატეგიული მოდელიც კი არ გვაქვს", - აღნიშნა პაატა კოღუაშვილმა.