ნაციონალმა დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ ივანიშვილს მესამე ანეკდოტის მოყოლა სთხოვა.
"ხალხში რამდენიმე დღეა, თქვენი იუმორი სალაპარაკო თემა გახდა. ვგულისხმობ ორ ანეკდოტს – მიტუას და ქალო შედი ბუტკაში. იქნებ შეხვედრის დასრულების შემდეგ დაგვიტოვოთ კიდევ ერთი ანეკდოტი, რომელიც ჩვენ კვლავ კარგ განწყობაზე დაგვაყენებს", – განუცხადა ხაჩიძემ.
ბიძინა ივანიშვილმა ხაჩიძის ამ რეპლიკას კითხვით უპასუხა: "მართალია, რომ თქვენ გარემოს დაცვის სამინისტროში ველოსიპედით დადიოდით და ველოსიპედი სულ კორიდორში გქონდათ გაჩერებული? – ბოლოს კი დასძინა, – მე ანეკდოტებს ვყვები მეგობრებში, მე და თქვენ მეგობრები არ ვართ, თუმცა შესაძლებელია მომავალში გავხდეთ".
გოგა ხაჩიძემ ამ ყველაფერს რამდენიმე წუთში "ფეისბუქის" გვერდზე შემდეგი სტატუსი მიუძღვნა: "მეტი რაღა ვქნა, მეგობრებო? იქნებ დავტყუო ერთი ანეკდოტიც?".
ეს ყველაფერი პარლამენტში მოხდა და გოგა ხაჩიძეც იმ ოპოზიციის წარმომადგენელია, რომელიც თავს კონსტრუქციულობით იწონებს. "სარკემ" ამ და კიდევ სხვა საკითხებზე კომენტარის გაკეთება უმცირესობის დეპუტატ მიხეილ მაჭავარიანს სთხოვა.
ბატონო მიხეილ, როგორ შეაფასებთ პირველ სასესიო კვირას?
- ჩვენ იმიტომ დავსვით შეკითხვები, რომ "ქართული ოცნების" პროგრამის მიმართ დიდი მოლოდინია მოსახლეობის მხრიდან და გვაინტერესებდა რაღაცეების გარკვევა. უმრავლესობას აქვს ყველა ბერკეტი, რომ მთავრობა, ბიუჯეტი დაამტკიცოს, თავისი გადაწყვეტილებები გაიტანოს და ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ ერთგული ვართ ჩვენი პროგრამის. ჩვენს პროგრამაში სხვა პრინციპები იყო გაწერილი და არა ის, რაც "ქართულმა ოცნებამ" წარმოადგინა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რაც მოსახლეობისთვის ნაკლებადაა საინტერესო, რომ ბოლო პროგრამა განსხვავდებოდა იმისგან, რაც ადრე ჰქონდათ. ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენს მოსახლეობას უნდა დანაპირების შესრულება. ბურთი და მოედანი არის "ქართული ოცნების" და მე მათ წარმატებას ვუსურვებ.
ახალ კაბინეტზე რა აზრის ხართ?
- მოსახლეობამ ნდობა არა მინისტრებს, არამედ მხოლოდ ივანიშვილს გამოუცხადა და ალბათ სულ არ ჰქონდა მნიშვნელობა, რა გუნდს წარადგენდა. მინისტრების მიმართ დამოკიდებულება სხვადასხვანაირია, ახლა მთავარია, ამ გუნდმა საქმე გააკეთოს.
პროგნოზი როგორი გაქვთ, გაართმევენ თავს?
- არ მინდა, რომ ვერ გააკეთონ. პირიქით, მინდა, ქვეყანა წინ წავიდეს. ჩვენ რომ ხელისუფლებაში ვიყავით, სხვანაირი ვიყავით და ოპოზიციაშიც სხვანაირი ვართ. ყველაფერზე არ გავაკრიტიკებთ ხელისუფლებას. მაგალითს მოგიყვანთ: პროგრამაში ჩაწერილი იყო, რომ საქართველო არ უნდა იყოს პრობლემა დასავლეთსა და რუსეთს შორის. ეს ახალ სამთავრობო პროგრამაში აღარ არის და საგარეო კომიტეტში ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ რუსეთთან დიპლომატიური კავშირების აღდგენა დაიწყება მაშინ, როცა გაირკვევა ოკუპაციის საკითხები. ოკუპაცია არ ეწერა პროგრამის პირველ ვარიანტში, მაგრამ ბატონმა ივანიშვილმა ახსენა თავის სიტყვაში მას შემდეგ, რაც გიორგი ბარამიძემ ამაზე ყურადღება გაამახვილა. თუ ქვეყანაში გაგრძელდება დაწყებული პროცესები, თუ ჯანდაცვა ისეთი იქნება, როგორსაც ამბობენ, ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება. თუ შენი თანამოქალაქეების ცხოვრება უკეთესი ხდება, როგორ შეიძლება ეს არ გიხაროდეს?
თქვენ ამბობთ, რომ იქნებით კონსტრუქციული ოპოზიცია, მაგრამ პირველი სასესიო კვირა იმდენად ხმაურიანი და გამაღიზიანებელი იყო, გამიჭირდება იმის დაჯერება, რომ კონსტრუქციულად მუშაობას შეძლებთ.
- არაკონსტრუქციული რა ვთქვით? ვილაპარაკეთ ჯანდაცვაზე, სხდომას ჯანდაცვის კომიტეტში პირადად მე ვესწრებოდი. ჩვენ გვქონდა კითხვები, მივიღეთ პასუხები. ჯანდაცვის კომიტეტში ნამდვილად კონსტრუქციული შეხვედრა გაიმართა, თუ გინდათ, ჰკითხეთ მინისტრს.
ხაჩიძის ანეკდოტზე რას იტყვით, ის ხომ თქვენი გუნდის წევრია?
- ეს თვითონ ხაჩიძეს ჰკითხეთ. ამაზე კომენტარს მე ვერ გაგიკეთებთ, მაგრამ ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მე ამ განხილვაზე ველოსიპედზე არ ვილაპარაკებდი. მე პასუხს მხოლოდ ჩემს თავზე ვაგებ და შემიძლია გითხრათ, რომ ჯანდაცვის კომიტეტში სამუშაო გარემო იყო. ვილაპარაკეთ დაზღვევის მოდელზე, ბევრ საკითხზე. ჩვენ ვერ მოვერიეთ ამ საკითხებს, დერეგულაციაც გავაკეთეთ, კანონიც მივიღეთ, მაგრამ არ გამოგვივიდა, ახლა ამათ უნდა ვაცალოთ.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ნაცმოძრაობის რღვევას წინ ვერაფერი დაუდგება და ამის პირველი ნიშანი ის სამი მაჟორიტარი დეპუტატი იყო, ვინც დავით უსუფაშვილის პარლამენტის თავმჯდომარეობას ხმა მისცა.
- ვინც დაუჭირა მხარი, არავის დაუმალავს, მაგრამ, როცა მივიღეთ გადაწყვეტილება მთავრობასთან დაკავშირებით, ჩვენი გუნდი ერთიანი იყო. მე არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც პროცესები წავიდეს, ეს ჩვეულებრივი პროცესია, ვიღაცა იქით წავა, ვიღაც წამოვა. არაფერი გაგიკვირდეთ, პოლიტიკა არის ადგილი, სადაც არასოდეს უნდა თქვა, არასოდეს. მაგალითად, ამას წინათ ვახტანგ ხმალაძეს ვუსმენდი პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით. საინტერესო იყო. ვფიქრობ, ეს პარლამენტი ქვეყნისთვის ძალიან სასარგებლო იქნება. ახლა დიდი დავალება აქვს მთავრობას, ბიუჯეტი უნდა წარმოადგინოს, უნდა განისაზღვროს პრიორიტეტები და კიდევ ვიმეორებ, ახლა კრიტიკა საჭირო არ არის, დრო უნდა მივცეთ, რომ რაღაც გააკეთონ.
სხვათა შორის, უკვე აქტიურად დაიწყეს საუბარი, რომ იანვარში უნდა ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნები და არა ოქტომბერში.
- როცა ხმალაძე ვახსენე, ეს არ მიგულისხმია. რაც შეეხება საკითხს, საქართველოს აქვს კონსტიტუცია და იქ წერია, რომ ოქტომბერში უნდა იყოს. ამ ლოგიკით, 2008–ში არჩევნები მაისში იყო, მაგრამ ახლა ჩავატარეთ ოქტომბერში, რომ კონსტიტუციური ვარდნა არ ყოფილიყო.
მაგრამ ხუთწლიანი ვადაც ხომ ეწერა კონსტიტუციაში, რომელიც მერე სააკაშვილის სურვილით შეიცვალა?
- პარლამენტზეც ეწერა ოთხწლიანი ვადა, მაგრამ 4 წელი და 5 თვე იყო პარლამენტი. ჩვენ რომ საპარლამენტო არჩევნები ამ ლოგიკით გადმოგვეტანა მაისში, ვფიქრობ, ჩვენი ოპონენტებისთვის ძალიან ცუდი იქნებოდა.
თქვენი გუნდის წევრების მიმართვებზე რას ფიქრობთ, "ფეისბუქზე" რომ იდება – შაშკინის, ადეიშვილის...
- ადამიანი თვითონ წყვეტს წასვლას.
სად გარბის ეს ხალხი? თანაც, გვიმტკიცებენ, უდანაშაულოები ვართო.
- არ ვიცი, ვერ გეტყვით.
ბარამიძის გავიცესპიკერებას აჟიოტაჟი მოჰყვა. ისიც ითქვა, აფრასიძეების საქმეში მისი ბრალეულობა იკვეთება და ალბათ იმუნიტეტის მოხსნის საკითხიც დადგებაო.
- ბარამიძე იყო შს მინისტრი, თავდაცვის მინისტრი. კრიმინალების წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო და ბოლომდე ახორციელებდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამ საქმეში გია ბარამიძემ დიდი წვლილი შეიტანა. თუ ვინმეს დაავიწყდა, როგორ პარპაშობდნენ კრიმინალები, მკვლელები, ქურდები, კარგად გაიხსენონ საქართველოს უახლესი ისტორია. გიამ მაშინ ყველაფერი კანონის შესაბამისად გააკეთა და ვფიქრობ, რომ ამაზე რაიმე საუბარი თითიდან გამოწოვილი იქნება. რაც შეეხება ვიცესპიკერობას, რეგლამენტით გვქონდა ადგილი და გადავწყვიტეთ, გია ყოფილიყო.
ბიზნესმენი მინდია ქაშიბაძე აცხადებს, რომ მას მაღალი თანამდებობის პირები ნაციონალური მოძრაობის ანგარიშზე თანხების გადარიცხვას აიძულებდნენ და რადგან არ გააკეთა, წილები წაართვეს. ამასთან დაკავშირებით მან თქვენი გვარიც ახსენა. ქაშიბაძე ასევე ახსენებს წერეთელს და გიორგაძეს...
– მაშინაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ გამოძიებასთან ვითანამშრომლებ. როცა სურათი ვნახე, გამახსენდა, რომ ორ–სამჯერ მყავს ნანახი, ვანო ხუხუნაიშვილმა, ჩემმა მეგობარმა გამაცნო, როგორც მეგობარი. არასოდეს არაფერი მაკავშირებდა ამ ამბავთან, გიორგაძე ჩემთვის საერთოდ აღმოჩენა იყო. ვანომ ის გამაცნო, როგორც კომპიუტერების ქართული კომპანიის ერთ–ერთი დამფუძნებელი და შემდეგ მთხოვა, პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვსულიყავი. ასეთ პრეზენტაციებზე ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე, ბევრჯერ ვარ ნამყოფი. მასთან სხვა არანაირი შეხება არ მქონია. ასეთი ტალახის სროლა ახლა ბევრი იქნება, ეს მე გადატანილი მაქვს და ისევ გადავიტან.
თუ თქვენი გუნდის წევრის ბრალეულობა გამოიკვეთა, გასწირავთ, თუნდაც ახლო მეგობარი იყოს?
- თუ გამოიკვეთა, ეს ჩემთვის პირველი არ არის. ბევრი მინისტრი, მოადგილე და სამმართველოს უფროსი წასულა ციხეში. დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მთავარია, პოლიტიკური ნიშნით არ მოხდეს დასჯა. ეს პრობლემა ჩვენს ხელისუფლებას ნამდვილად არ ჰქონდა.