როგორ გახდნენ ილიკო და ილარიონი ნოდარ დუმბაძის რომანის მთავარი პერსონაჟები

როგორ გახდნენ ილიკო და ილარიონი ნოდარ დუმბაძის რომანის მთავარი პერსონაჟები

ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების სიუჟეტებიცა და პერსონაჟებიც არასოდეს ყოფილა გამოგონილი. ყოველ მათგანს ჰყავდა თავისი პროტოტიპი. სწორედ ამ პროტოტიპებსა და მათთან მწერლის დამოკიდებულებაზე გვესაუბრება ნოდარ დუმბაძის მამიდაშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი – ნორა კოტინოვი.

ნორა კოტინოვი: ნოდარ დუმბაძის როგორც რომანები, ისე მოთხრობები ავტობიოგრაფიული ხასიათისაა. ამიტომ, ნაწარმოებების მთავარი პერსონაჟი ყოველთვის თვითონაა. ალბათ, სწორედ ამის გამო, მისი ბევრი ნაწარმოები იწყება სიტყვით – მე. თითქმის ყველგან პირველ პირში ლაპარაკობს. თუმცა, თვითონ სხვადასხვა სახელებსა და გვარებს ირგებს. პერსონაჟებს, იგი ირჩევს სამეგობროდან, სანათესაოდან, სამეზობლოდან და სწორედ ეს ადამიანები არიან მისი გმირების პროტოტიპები. დავიწყოთ ნოდარის პირველი რომანის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ პერსონაჟთა პროტოტიპებით. ვინ არიან ისინი.

ბებია არის ჩვენი საერთო ბებია – ოლღა ქერქაძე-დუმბაძე. ოლღა ბებია, თავის დროზე იყო რევოლუციური წარსულის მქონე ძალიან აქტიური და ლამაზი ქალბატონი. დედაჩემი მიყვებოდა ხოლმე, როდესაც ნიკოლოზის დამხობა ახლოვდებოდა, თურმე 17-18 წლის ოლღა შედგებოდა მაგიდაზე და ყვიროდა: „ძირს ნიკოლოზა!“ ბებია იმავე წელს იყო დაბადებული, როცა სტალინი და ასე იცოდა ხოლმე თქმა: „სტალინი ჩემი კბილააო“. ოლღა ბებია წარმოშობით იყო სოფელ მეწიეთიდან, ხოლო გათხოვილი გახლდათ სოფელ ხიდისთავში, რომელსაც გურულები „პატარა პარიზს“ ეძახდნენ.

რატომ?

– იმის გამო, რომ ძალიან ბევრი მეამბოხე სულის ადამიანი ცხოვრობდა იქ. სხვათა შორის ამავე სოფლიდან იყო ცნობილი ფირალი ესე კალანდაძე, რომელიც მეფის ჟანდარმებმა მოკლეს და მოსახლეობას მისი დაკრძალვა აუკრძალეს. ბებია გვიამბობდა, როგორ გაპარულა ღამით ქიშვარდი ბაბუა და მიცვალებული მალულად დაუმარხავს.

ბებიას და ბაბუას 7 შვილი ჰყავდათ, რომელთაგან უფროსს ვლადიმერი ერქვა. თუმცა, აკაკი წერეთლის პატივსაცემად, ყველა აკაკის ეძახდა. იგი 1901 წელს დაიბადა, აკაკი, ხომ 1915-ში გარდაიცვალა, მაგრამ ეს პოეტი სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად და მის პატივსაცემად იმ დროს ძალიან ბევრი, ბიძაჩემისნაირი აკაკი დადიოდა საქართველოში. სწორედ ეს ვლადიმერი გახლდათ ნოდარის მამა. რაც შეეხება დედაჩემ შუშანას, ის ოლღასა და ქიშვარდის მესამე შვილი გახლდათ.

1937 წელი საბედისწერო აღმოჩნდა დუმბაძეების ოჯახისთვის. დააპატიმრეს ნოდარის მამა, მისი ძმები – გაბრიელი და ნიკოლოზი და მოგვიანებით, ორი რძალი – ანა (ანიკო) ბახტაძე – ნოდარის დედა და გაბრიელის მეუღლე – თამარ ბარაბაძე. ამათგან, გაბრიელი და ვლადიმერი დახვრიტეს, ხოლო ნიკოლოზი და მისი რძლები ციმბირში გადაასახლეს 10 წლით, საიდანაც 9 წლის შემდეგ დაბრუნდნენ. ამდენი სიმწარის შემდეგ ბებიამ ხასიათი შეიცვალა. მახსოვს, როგორ ტიროდა და მოთქვამდა ხოლმე ღამღამობით. ნოდარმა ოლღა ბებიას ეს მხარე ნაწარმოებში აბსოლუტურად უგულებელყო და ის მხოლოდ შვილიშვილზე უზომოდ შეყვარებულ ბებიად დაგვიხატა. წინა პლანზე წამოწია მისი იუმორი და დაამეგობრა ილიკო და ილარიონთან.

წყევლა თუ იცოდა ოლღა ბებიამ ისეთი, როგორც ნაწარმოებშია აღწერილი?

– ოლღამ წყევლა მართლა იცოდა და ძალიან ხშირად სწყევლიდა ნოდარს, რადგან საშინლად ონავარი ბავშვი იყო. ბებიას ერთ-ერთი წყევლა მახსოვს: „შენ მეისპე, ნოდარია, მოგკლავ და შეგიყენებ გობის სარაქავ სისხლს“. ოღონდ წყევლას რომ ჩაათავებდა, ბოლო სიტყვას აუცილებლად დააყოლებდა – „აღარა“. ამ სიტყვით ანეიტრალებდა ხოლმე თავის წყევლას. თანაც, ამშვიდებდა ნოდარს: „ნუ გეშინია ბებია, მე როცა გწყევლი ჩემი ძუძუები გლოცავენ“. ამის შესახებ წერს კიდეც ნოდარი და ალბათ, ყველას ახსოვს. სხვათა შორის სესილია თაყაიშვილის ოლღა ბებია საოცრად ჰგავდა ჩვენს ბებიას. მახსოვს, როგორ ვტიროდით, როდესაც პირველად ვიხილეთ იგი მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ჩვენს ბებიას რომ ასახიერებდა.

ილიკო და ილარიონზე რას გვეტყვით?

– ბებიას კარის მეზობლები – ილიკო და ილარიონი, სინამდვილეში დუმბაძეები იყვნენ. ისინი ბაბუაჩემ ქიშვარდი დუმბაძის ღვიძლი ბიძაშვილები გახლდნენ. ნოდარმა მათ ნაწარმოებში სახელები დაუტოვა მხოლოდ, გვარები კი შეუცვალა. ეს, ასე ვთქვათ, მისი მწერლური მანერა იყო. მთელ თავის შემოქმედებაში ერთადერთ პროტოტიპს დაუტოვა საკუთარი გვარი ნოდარმა. ეს გახლდათ მამაჩემი – ვანიჩკა კოტინოვი. რაც შეეხება ილიკოსა და ილარიონს, ისინი სოფლის კოლორიტები გახლდნენ. ორივე მართლა ცალთვალა იყო. ილიკომ ცალი თვალი დაკარგა ომში, ხოლო ილარიონმა მზის დარტყმის შედეგად. ხასიათებით ისინი ერთმანეთის ანტიპოდები იყვნენ. ილიკო სოფელში განთქმული გახლდათ თავისი ანეკდოტებითა და ხუმრობებით. ილარიონი კი პირქუში, უხეში, უსალმო ადამიანი იყო, ძალიან უყვარდა კითხვა, მე ის გაზეთის გარეშე არ მახსოვს. სხვათა შორის, მისი ხასიათის ეს შტრიხი ნოდარს რომანშიც აქვს ხაზგასმული. იქვე ნოდარის მეზობლად, ცხოვრობდა ქიშვარდი ბაბუას კიდევ ერთი ბიძაშვილი კოწია დუმბაძე. ნოდარმა ის ორ ნაწარმოებში გამოიყენა. კოწია სინამდვილეშიც ფოსტალიონი იყო. სხვათა შორის, კოწიას შვილიშვილი იყო ზურიკელა, ვისი სახელიც ნოდარმა ამ რომანში დაირქვა. დიდი მაკვარანცხი ბავშვი იყო ზურიკელა. გაწამებული ჰყავდა კოწია ბაბუა.

როგორ შეხვდნენ ეს პერსონაჟები „მე, ბებია ილიკო და ილარიონის“ გამოქვეყნებას და მანამდე თუ იცოდნენ, რომ იწერებოდა რომანი, რომლის გმირებიც ისინი იყვნენ?

– გაიგეს, რომ რაღაცას წერდა და შორიდან ემუქრებოდნენ: „ჩამევიდეს აქ, რავა გაგვამასხარავა ნოდარიამ, რავა გამოგვიყვანა თემშარაზე“, ანუ მთელ შარაზეო, საქვეყნოდ. თუმცა, როცა ნოდარი ჩავიდა მეგობრებთან ერთად, რა გააკეთა იცით? შეიყვანა ილარიონმა ეზოში, გახსნა ჭური და ჭურის თავზე აქეიფა. როდესაც რომანი გამოვიდა ილიკოც და ილარიონიც ძალიან პოპულარულები გახდნენ. ეს მათ მოსწონდათ კიდეც.

რაც შეეხება ბებიას, ის როგორ შეხვდა ამ რომანს?

– ბებია ვერ მოესწრო რომანის დაბეჭდვას. ის ამ დროს უკვე გარდაცვლილი იყო.

ქალბატონი ანიკო 1946 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან. ნოდარს ძალიან გაუჭირდა დედასთან ურთიერთობა. ის საშინლად იყო გაუცხოებული. დედაჩემს რამდენჯერმე შესჩივლა კიდეც: რა ვქნა, მამიდა, დედას, ვერ ვეძახიო. წარმოიდგინეთ, თავის მხრივ, რა დღეში იქნებოდა ამ დროს ანიჩკა ბიცოლაც. ეს ემოციები ნოდარს აღწერილი აქვს „მზიან ღამეში“. ხოლო დედის ხასიათი, სიდარბაისლე, მაღალი ინტელექტი არ დაუკარგა „დეიდა ანიკოს“ „კუკარაჩაში“, რომელმაც არაჩვეულებრივად იცის ბიბლია და მასთან კუკარაჩა დადის სულიერებაზე სასაუბროდ. ანიჩკა ბიცოლა მართლაც ეწეოდა პაპიროსს, „დეიდა ანიკოს“ მსგავსად, რაც იმ დროისთვის საკმაოდ იშვიათ მოვლენად ითვლებოდა. მინდა აღვნიშნო, რომ წლების შემდეგ, ნოდარისა და ანიჩკა ბიცოლას ცხოვრება კალაპოტში ჩადგა. უფრო მეტიც, ნოდარი აღმერთებდა დედას.

ნოდარ დუმბაძის რომელ ნაწარმოებში გვხვდება მისი მეუღლის – ნანული გუგუნავა-დუმბაძის პროტოტიპი?

– სხვათა შორის, ერთხელ ნანულიმ ნოდარს უსაყვედურა, ყველაზე წერ და მე კი შენს ნაწარმოებში არსად ვჩანვარო. ნოდარმა უპასუხა: როგორ არა, განა ხატია შენ არ ხარო? ნანული მართლაც საუცხოო გარეგნობის იყო. ისევე როგორც ხატიას, მასაც თეთრი პირისახე, ლურჯი თვალები და ღია წაბლისფერი, დატალღული თმა ჰქონდა. სხვათა შორის, ის ჩემი თანაკურსელი იყო და გადაჭარბების გარეშე გეუბნებით: ნანული მთელ უნივერსიტეტში გამორჩეული გახლდათ თავისი გარეგნობითა და გემოვნებით.

თქვენ იყავით ნოდარ დუმბაძის ერთ-ერთი პირველი მკითხველთაგანი. რომელი ნაწარმოები მოგწონდათ განსაკუთრებით მისი შემოქმედებიდან?

– ნოდარის ნაწარმოებებში განსაკუთრებით მომწონს მოთხრობები და მიმაჩნია, რომ ამ მოთხრობებში უფრო კარგად გამოჩნდა მისი მწერლური სული და მისი აზროვნების ფილოსოფიური სიღრმე. ჩემი აზრით კი, ერთ-ერთი საუკეთესო ნოდარის მოთხრობებიდან არის „ხაზარულა“. ალბათ გახსოვთ, ამ ნაწარმოებში ხაზარულა ვაშლის ხეა. ვაშლი საერთოდ იშვიათობა იყო გურიაში, იქ მსხალი უფრო ხარობს. ხაზარულას ნერგი ბაბუას ჩამოუტანია სადღაციდან და ჩვენს ეზოში დაურგავს ოდის წინ. ამ მოთხრობაში საუბარია სწორედ ამ ვაშლის ხეზე, რომელსაც განსაკუთრებული არომატის ნაყოფი ჰქონდა და იშვიათად ისხამდა. იმის გამო, რომ ცოტას ისხამდა, ბებიამ დაავალა ნოდარს, ეს ხე შეეშინებინა.

რას ნიშნავს ხის შეშინება?

- ასეთი ტრადიცია არსებობდა ხალხში, როდესაც ხე უნაყოფო ან მცირენაყოფიანია, მას ნაჯახს მოუღერებენ, თითქოს უნდა მოჭრან. ასე შეაშინა მოთხრობის მთავარმა პერსონაჟმაც ხაზარულა. ამის შემდეგ განსაკუთრებით ბევრი მოისხა, მაგრამ ეს ბოლო ყვავილობა აღმოჩნდა, რადგან გახმა. საბოლოოდ, უკვე ნამდვილად მოჭრეს გამხმარი ხაზარულა. თურმე, როდესაც ხე წაქცეულა, გადანაჭერიდან წითელი სითხე გადმოღვრილა. ამის შემდეგ ვაჟას პერსონაჟებივით იწყებს საუბარს ხაზარულა და მისი მოთქმით მთავრდება ნაწარმოები. ვინაიდან მე ვიცოდი, რომ ნოდარის პერსონაჟები და სიუჟეტები არ იყო გამოგონილი, დავინტერესდი, საიდან ან, რატომ უნდა გადმოღვრილიყო ხის გადანაჭერიდან წითელი სითხე. ბევრი ფიქრის შემდეგ აღვიდგინე ბავშვობა. გამახსენდა, რომ ხაზარულას გასწვრივ ეზოს თავში იდგა ორი ჭადარი. მათ შორის ბაბუას ჭურები ჰქონდა ჩაგდებული. ერთში ესხა „იზაბელა“ მეორეში კი „ცოლიკაური“. ამ ჭადრებს ძალიან ღრმა ფესვები ჰქონდა და ბევრჯერ ბაბუას ჭურებიც გაუსკდა ამის გამო. მე ვფიქრობ, სწორედ ამ დროს, უსათუოდ ამ წითელმა ღვინომ ჩაჟონა ქვემოთ და შეაღწია ფესვებამდე. ამით ვხსნი მის გადანაჭერში გაჩენილ სიწითლეს, რომელიც ასე მხატვრულად წარმოსახა ნოდარმა ამ მოთხრობაში. ასე გაიხსნა ჩემთვის ნოდარის გარდაცვალების შემდეგ „ხაზარულას“ საიდუმლო.