სოროსი სააკაშვილს გადაეკიდა. უკვე გადაწყვეტილია რომელ ოპოზიციურ ძალებს შეიყვანენ პარლამენტში

სოროსი სააკაშვილს გადაეკიდა. უკვე გადაწყვეტილია რომელ ოპოზიციურ ძალებს შეიყვანენ პარლამენტში

ინტერვიუ შალვა ხაჭაპურიძესთან

 

გასულ კვირას სახალხო კრებამ ღიად განაცხადა, რომ მაისის დასაწყისში შეუპოვარ ბრძოლაზე გადადიან და რომ ამ ქვეყანას რევოლუცია სჭირდება, რას ფიქრობთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით?

- დღეს ქართულ ოპოზიციაში ფაქტიურად ორი მიმართულებაა. ორივე თანხმდება ერთ საკითხზე, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ერთი ამბობს, რომ ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით, მეორენი კი ამბობენ, რევოლუციის გზითო. მე ვამბობ, რომ არანაირი რევოლუცია, კარგია არჩევნების გზით თუ შეიცვლება და ეს მოხდება, მაგრამ წარმოუდგენელია, ფაქტიურად შეუძლებელია, სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა არჩევნების გზით მისცენ ადამიანებს საშუალება ნორმალური არჩევანი გააკეთონ.

 

ისინი არსად წასვლას არ აპირებენ, ამიტომ რჩება საპროტესტო აქციები. ერთი ნაწილი ამას რევოლუციას ეძახის, პირადად მე ვაცხადებ, რომ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა გრძელდება, უბრალოდ, აქ ახალ ტალღაზეა საუბარი.

 

მე მოვუსმინე სახალხო კრების ამ განცხადებას, ვესწრებოდი პირადად ამ განცხადებას როცა აკეთებდნენ. აღდგომის შემდეგ ვიტყვით თარიღსო. კი ბატონო, თქვან, უნდა ითქვას, რომ ”ქართული პარტიაც” ანალოგიურ განცხადებას აკეთებს და ჩვენ ვაკეთებთ კიდევ ანალოგიურ განცხადებას. ამიტომ, კარგი იქნება, ეს ადამიანები, ვინც ამ მიმართულებაზე ფიქრობენ, პირველ რიგში, ტერმინოლოგიას დავაზუსტებდეთ და ასევე კარგი იქნება, თუ დაივიწყებენ იმ მომენტებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა რამდენიმე ხნის წინ საგაზეთო სტატიების სახით და ის ძალები, ვინც ფიქრობენ ერთნაირად, დადგნენ და ერთნაირად დაიწყონ ბრძოლა ამ რეჟიმის წინააღმდეგ. აჯობებს, რომ მოხდეს შეთანხმება, დავუშვათ ერთი იწყებს 2 მაისს, მეორე 10 მაისს და მესამე 15 მაისს. ეს ცოტა არასერიოზულია. საერთოდ, მე წინააღმდეგი ვარ თარიღების გამოცხადების, პროცესი უნდა მიმდინარეობდეს და პროცესმა უნდა მოიტანოს თვითონ ეს მომენტი. მე არავის გაკრიტიკება არ მინდა, უბრალოდ, ეს არ მესმის.

 

ფიქრობთ, რომ ეს ცოტა არასერიოზულია?

- შეიძლება, რაღაც კონკრეტულ თარიღში დანიშნო რაღაც აქცია, მაგრამ აქ ვიწყებ და აქ ვამთავრებ... ასე ბუნებაში არ ხდება. ვთქვათ, გადაწყვეტილი გაქვს აქცია - პარლამენტის პიკეტირება - და სიტყვაზე, ვთქვათ, ამისთვის საჭიროა ორი ათასი კაცი და აქციაზე მოვიდა 500 ადამიანი, რას ეუბნები ამ ადამიანებს - დღეს, რადგან არ მოვიდა ბევრი ადამიანი, წადით სახლებშიო? ამიტომ არის, რომ რაღაც დღეების დაანონსება არ უნდა ხდებოდეს. ეს დაახლოებით როგორ არის იცით? ფეხმძიმე ქალმა რომ გამოაცხადოს, 15 მაისს ვიმშობიარებო და ვერ იმშობიარა 15 მაისს. ეს პროცესი როდესაც მოვა, ბუნებრივად იმშობიარებს მაშინ. აქ მთავარი რიცხვის დასახელება კი არ არის, განწყობა რომ არის საბრძოლო, ეს კარგია და უზარმაზარი სამუშაო აქვს ახლა ოპოზიციას იმისთვის ჩასატარებელი, რომ მუხტი აიწიოს.

 

მე ხელოვნურ აწევას კი არ ვგულისხმობ, ის უზარმაზარი ნეგატიური დამოკიდებულება, რაც საზოგადოებაში არსებობს ხელისუფლების მიმართ ოპოზიციური რესურსების მობილიზებით, უნდა მოხდეს სამუშაოს გადანაწილება, რათა მოხდეს ამ ხალხის ერთ მუჭად შეკვრა, ერთ დიდ ენერგიად, რომელიც უნდა მიმართო ამ რეჟიმის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი შეიძლება ისე უცებ მოხდეს, რომ ამას დღის გამოცხაებაც კი არ დაჭირდეს. ხელოვნურობა არ უხდება ამას. კომკავშირელებს ჰქონდათ ხოლმე, პირველ მაისზე მოხვალთ და ამდენ კაცს მოიყვანთ და ასე შემდეგ. ეს არ ვარგა, წამგებიანია და დღეს ამით ვერასდროს ვერ მოიგებ. ეს უნდა დაიწყოს, როგორც ზვავი რომ მოდის, დაიწყოს პატარა თოვლის გუნდასავით და ჩაიტანოს მერე რაც ჩასატანია. ასე უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყველაფერი ძალიან არასერიოზულია.

 

რაც შეეხებათ იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც საარჩევნო კუთხით მუშაობენ? მათ მუშაობას რამდენად ექნება შედეგი?

- შედეგი არ ექნება არანაირი. შედეგი უკვე არა აქვს ამას, იმიტომ, რომ მარტო ბიომეტრიულ სურათზე აპელირება, რასაც მე ბოლო დღეებია ვუსმენ, არ არის მთლად მართებული. ვისაც კარგად ესმის საარჩევნო კანონმდებლობა, უნდა დაჯდეს ჩვენთან ერთად და ყველაფერს ავუხსნით. ჩვენ ამის თაობაზე სემინარებიც გავმართეთ. უფრო მეტიც - გახსოვთ, ადვოკატებმა ჩავატარეთ აქცია თვითმმართველობის არჩევნების წინ და ვთქვით, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არა აქვს, ხელისუფლება ამ არჩევნებს მაინც გააყალბებს და მოვითხოვეთ ათი მუხლის შეტანა საარჩევნო კანონმდებლობაში. მე იმ პერიოდში ყველა ოპოზიციური პარტია მოვიწვიე, თან დავახვედრე საკმაოდ მაღალი დონის იურისტები და ვუთხარით ამ ხალხს, რომ ამ კოდექსით არჩევნებში მონაწილეობას აზრი არა აქვს. ეს იყო მინიმუმ ათი ცვლილება, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემდა არჩევნები არ გაყალბებულიყო და გეთანხმებითო, მათაც მითხრეს, მაგრამ მაინც წავიდნენ და არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ.

 

ამის შემდეგ იმ ათი პუნქტიდან ახლა ექვსი აქვთ შეტანილი ამ მოლაპარაკებებზე, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ფაქტიურად, ექვსივეზე უარს აცხადებს ხელისუფლება. დღეს ხელისუფლება არაფერზე წამომსვლელი არ არის. რვიანმა თუ შეხედა, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდა და სერიოზული საპროტესტო ტალღა დაიწყო, მინდა გითხრათ, რომ რადიკალურ ოპოზიციას გაგვასწრებენ და ჩვენზე წინ დადგებიან ისინი.

 

რვიანში შემავალი პარტიები აცხადებენ, რომ ხელისუფლება საარჩევნო რეჯიმზეა გადასული და ჩვენც არჩევნებისთვის ვემზადებითო...

- გეთანხმებით, რვიანიდან რამდენიმე პარტია უკვე გადასულია ამ რეჟიმზე, საარჩევნო კამპანიას აწარმოებს. ასევე გადასულია ხელისუფლებაც. მათ სქემა უკვე დამუშავებული და დადებული აქვთ. რამდენიმე ოპოზიციური პარტია აპირებს შევიდეს პარლამენტში. მათ აქვთ უკვე სია თუ ვინ უნდა შეიყვანონ. მინდა გითხრათ, რომ მე ნამდვილად არ მოვიაზრეები იმ პარლამენტში, არც ბურჯანაძე არ მოიაზრება, არც ქართული პარტია და კიდევ ბევრი პოლიტიკური ძალები არ მოიაზრებიან. იქ უკვე ადგილები გადანაწილებულია, მაგრამ ერთი რამე დაიმახსოვრონ - დავუნგრევთ მაგ ყველაფერს. ეხება ეს ხელისუფლებასაც და იმ ოპოზიციასაც, ვინც გარიგებაშია შესული

ხელისუფლებასთან. ყველაფერი დაენგრევათ და გაყვებიან უკან სააკაშვილს. მათ თუ

ჰგონიათ, რომ ჩვენ არაფერი არ ვიცით, ძალიანაც ცდებიან. რუსეთში ვისთანაც აპირებენ ფეესბეში ჩასვლას და მოლაპარაკებას, რომ აი, ჩვენ ნებართვა მოგვცეს, რომ შევიდეთ პარლამენტში. ამ დღეებში აპირებს რამდენიმე ლიდერი მოსკოვში ჩასვლას და რუსეთთან მოლაპარაკების დაწყებას, ამ ყველაფერს დავუდებთ წინ.

 

რაც შეეხება ხელისუფლების შიგნით მიმდინარე პროცესებს, საკმაოდ

სერიოზული მუშაობა მიმდინარეობსო...

- მაგათ დაუწყვეტიათ ერთმანეთი. თუმცა ის ყველაფერი, რაზეც ამ დღეებში საუბრობენ, ყველაფერი ზღაპარია. ეს არის დეზინფორმაცია, რაც გამოდის ხელისუფლებიდან. არ დაიჯეროთ თქვენ, რომ ეს კურდღლები, რომლებსაც დამპალი ხორცის ნაჭრები ეძახა სააკაშვილმა ტბის პირას გამართულ მთავრობის სხდომაზე, ამათგან რომელიმე გამოვა და სააკაშვილს დაუპირისპირდება, ან მის წინააღმდეგ ინტრიგების ხლართვას დაიწყებს. ეს არის დეზინფორმაცია. მე გეტყვით იქ რაც ხდება, სააკაშვილს უნდა, რომ დარჩეს პრემიერ-მინისტრად, გარკვეულ ძალებს კი არ უნდათ, რომ სააკაშვილი იყოს პრემიერი.

 

ვინ არიან ეს ძალები?

- ბოკერია, უგულავა და მისთანები. ეს სერიოზული ძალებია, ბენდუქიძეც ჩართულია ამ პროცესებში და ეს მომენტები მუშაობს, მაგრამ სანამ სააკაშვილი არ იტყვის, აღარ მინდა, ბატონო, აქ ყოფნა და წავალო, ეს ის ხალხი არ არის, ვინც სააკაშვილს ასე მარტივად მოიშორებს. წრიალებენ, მუშაობენ, დაძვრებიან, დარბიან. გეტყვით, ახლა როგორი რამ მოხდა. საფრანგეთის საელჩოს ადვოკატები არაერთ ინფორმაციას ვაწვდით და ელჩი საკმაოდ ინფორმირებულია ბევრ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ სოროსის ფონდი, ანუ ფონდი ღია საზოგადოება ყოველთვის აწვდიდა ისეთ ინფორმაციებს საელჩოებს, რომ თითქოს აქ ყველაფერი კარგად არის. თუმცა 4 დღის წინ საფრანგეთის ელჩს შეხვდა სოროსის ფონდი და მას უდებენ ისეთ მასალებს, საფრანგეთის ელჩი გაგიჟდა, რომ იტყვიან, დეპრესიაში ჩავარდა კაცი, იმნაირი მდგომარეობაა. როგორც გითხარით, ის იყო საქმის კურსში, რაც ხდება რეალურად ქვეყანაში, ჰააგის სარჩელიც გავაცანი, მაგრამ სოროსის ფონდმა იმდენად სკანდალური მასალები გამოიტანა, რაც ჩვენთვის მიუწვდომელია, რომ ელჩი გაოგნებული იჯდა, ამას რას ვისმენო. საქმე იცით რაში მდგომარეობს?

 

რაში?

- საინტერესოა, სოროსის ფონდმა როდის მერე დაიწყო სააკაშვილის ლანძღვა-გინება?! აი, ზუსტად ბოკერიას ის გუნდი, სოროსელების ის გუნდი ამოქმედდა ახლა და მუშაობენ სააკაშვილის წინააღმდეგ. თუმცა, გეუბნებით, რომ მარტო ამას ვერ შეძლებენ და ამისთვის სჭირდებათ გარკვეული ოპოზიციური ძალები, რომლებიც შევლენ მათთან გარიგებაში. გეტყვით იმასაც, რომ ასეთი ძალები ბოკერიას უკვე მოძებნილი ჰყავს. ამიტომ ვამბობ, რომ ოპოზიციის გარკვეულმა გათახსირებულმა ნაწილმა უკვე გარიგება დადო ამ გუნდთან. მე ამ შემთხვევაში რვიანი არ მყავს მხედველობაში, აბსოლუტურად სხვა ძალებია აქ. სულ სხვა თამაში მიდის. სააკაშვილს

პრემიერ-მინისტრობა უნდა, ამის შესახებ ამერიკაში ღიადაც განაცხადა.

 

რამდენად ექნება ამ შემთხვევაში დასავლეთის მხარდაჭერა?

- თუ გგონიათ მას რამედ ანაღვლებს, დაუჭერს თუ არა მხარს დასავლეთი, ძალიან ცდება საზოგადოება. ევროკავშირი პირდაპირ ლაპარაკობს ამ ადამიანის შესახებ, რომ ეს არის ტირანი, თუმცა არის ორმაგი სტანდარტები, სადაც ამერიკას უწევენ ანგარიშს. ერთადერთი საქართველო დარჩა, სადაც არ ჩამოუგდიათ ამერიკის მიერ მოყვანილი ხელისუფლება.

 

იცით, რომ ამერიკის მიყვანილი და დანიშნული ხალხი ყველგან გადმოყარეს თავდაყირა. ისინი ფიქრობენ, რომ საქართველოში შენარჩუნებული უნდა იქნას ეს სიტუაცია და უნდა მოხდეს ხელისუფლების ისეთი ჩანაცვლება, რომ აქ პროამერიკული კურსი შენარჩუნებულ იქნას. თუმცა სააკაშვილს თავისი გეგმები აქვს. ფაქტია ისიც, რომ სააკაშვილი ამერიკასთან თამაშობს, თამაშობს იმითი, რომ აგერ ირანთან საზღვარი გახსნა. ჩრდილოკავკასიელებს უვიზო რეჟიმი მისცა. ამერიკელებმა კი მშვენივრად იციან, რომ სააკაშვილი რუსეთის კაცია და ფეესბესთან მჭიდრო ურთიერთობაში იმყოფება. ამერიკელებმა ეს ყველაფერი ძალიან კარგად იციან. ამიტომ ისინიც თამაშობენ. ეს ყველაფერი კი მეც და ქართველ საზოგადოებასაც ნაკლებად აინტერესებს. ეს არის იმ სქემის ერთ-ერთი წახნაგი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ სააკაშვილი პრემიერი გახდება, ან არ გახდება, ბოკერია ჩაანაცვლებს თუ არ ჩაანაცვლებს.

 

ეს ყველაფერი ერთი თამაშის სხვადასხვა წახნაგებია, რომელშიც მაინც ერთი ძალა რჩება გამარჯვებული, არადემოკრატიული და არაეროვნული ძალა. მე ვსაუბრობ სულ სხვა რამეზე. ასევე გეტყვით იმის შესახებაც, რომ იმ პარტიებში, რომლებიც ამბობენ, რომ რევოლუცია გვინდაო, საკმაოდ საეჭვო რამ შეიმჩნევა...

 

რას გულისხმობთ, ან ვისზე საუბრობთ?

- მე არ დავიწყებ დღეს გვარების დასახელებას, ეს ყველაფერი ბრძოლის დროს გამოჩნდება ვინ ვინ არის და როგორ არის და რამდენად გააზრებული აქვთ, რა უნდა მოხდეს და როგორ უნდა მოხდეს. ყველა ეს სქემა უნდა დაიშალოს და მთელ მსოფლიოს, მათ შორის ამერიკასაც და რუსეთსაც ჩვენ უნდა ვუთხრათ, რომ თქვენი აგენტები და სქემები კი არ უნდა მუშაობდეს აქ, ჩვენ ვართ, ქართული პოლიტიკა ვართ აქ. კი ბატონო, პარტნიორულ ურთიერთობაზე პრობლემა არ არის, ამისთვის მზად ვართ, მაგრამ ის, რომ პრეზიდენტის ნაცვლები ინიშნებოდნენ და სათლის დონეზე იყოს აქ პოლიტიკა აწყობილი, ჩვენ ეს აღარ გვინდა და ამას წერტილი უნდა დავუსვათ. ეს არის ჩვენი მიზანი. დღეს ბევრი ოპოზიციური პარტია კი ისეთ თამაშებს თამაშობს, რასაც მე და ჩემი პარტიის წევრები არასდროს ვიკადრებთ.

 

ალბათ ეს არის ჩვენი პრობლემა, რომ ყოველთვის არსებობენ ისეთი ოპოზიციური ძალები, რომლებიც ხელისუფლებას ურიგდებიან და მის თამაშს თამაშობენ...

- გეთანხმებით, არის ეს და საზოგადოებას წარმოდგენაც არა აქვს, რა ძალებზეა საუბარი. რომ გაიგონ, რა ძალებზეა საუბარი, შეიძლება ბევრმა ინფარქტიც მიიღოს და შოკიდანაც ვერ გამოვიდნენ. მე არ ვიცი ეს ტყუილია თუ მართალი, მაგრამ ეს ინფორმაციები ჩვენამდე მოდის. თუმცა ამ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თუ ეროვნული ძალები მოვლენ ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, ეს უშიშროების არქივები გაიხსნება და ეს ხალხი გამოაშკარავდებიან. საუბარი მაქვს იმ ხალხზე, ვინც წლების განმავლობაში სხვადასხვა ხელისუფლების დაკრულზე ცეკვავდნენ და ასრულებდნენ ანტიქართულ ქმედებებს. ვთვლი, რომ ისინი ისეთივე დამნაშავენი არიან, როგორიც ეს ხელისუფლება. ამიტომეს ძალები დღეს ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ სააკაშვილის რეჟიმი იქნას შენარჩუნებული, რადგან თუ სააკაშვილის რეჟიმი აღარ იქნება, მათი ფუნქციაც იკარგება. თუმცა ფუნქციას დაკარგავენ თუ არა, ეს დიდად არ აღელვებთ, მათი სადარდებელი ის არის, რომ კარგი ცხოვრების საშუალება ეკარგებათ.

 

მე მათი გვარებიც ვიცი, მაგრამ რაღაც მომენტების გამო ჯერ თავს ვიკავებ ამის

დასახელებისგან. დღეს მათ ჰაერივით სჭირდებათ სააკაშვილი და მისი რეჟიმი. თუ მოვა ეროვნული ძალა, რა თქმა უნდა, მათ გაუშვებს პოლიტიკურ სანაგვეზე და სწორედ ამიტომ ხდება ეს ყველაფერი. კიდევ გავიმეორებ, ხალხი მეცოდება, რადგან ბევრი იმნაირი გვარი ტრიალებს, შოკისმომგვრელია.