შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით განხორციელდა ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მოპარული და დაკარგული სამგზავრო დოკუმენტების ბაზის (SLTD) განთავსება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში. ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მოპარული და დაკარგული სამგზავრო დოკუმენტების ბაზაში შეტანილია საქართველოს მოქალაქეების მიერ დაკარგული პასპორტების მონაცემებიც. ზემოაღნიშნული სიახლის დანერგვის შემდეგ, მოქალაქეების მიერ სახელმწიფო საზღვრის კვეთის დროს დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც ადგილი ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაკარგული/გაუქმებული პასპორტით კვეთის მცდელობას, რაც აღკვეთილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ. დაკარგული/გაუქმებული სტატუსის მქონე პასპორტები ჩამოერთვათ მფლობელებს და გადაეცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის სამსახურს, ხოლო მოქალაქეებს, რომლებსაც არ გააჩნდათ სხვა სამგზავრო დოკუმენტი, უარი ეთქვათ სახელმწიფო საზღვრის კვეთაზე.

აღსანიშნავია, რომ ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მოპარული და დაკარგული სამგზავრო დოკუმენტების ბაზა ფუნქციონირებს ინტერპოლის წევრი თითქმის ყველა ქვეყნის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში. შესაბამისად, აღნიშნული ხასიათის პრობლემა საქართველოს მოქალაქეებს შეიძლება შეექმნათ უცხო ქვეყნის საზღვრის კვეთის დროსაც.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, რომლებიც ფლობენ დაკარგული/გაუქმებული სტატუსის მქონე პასპორტებს, თავი შეიკავონ ასეთი სახის დოკუმენტით მგზავრობისგან და მათ ხელთ არსებული დაკარგული/გაუქმებული სტატუსის მქონე დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად მიმართონ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის სამსახურს.