“რესპუბლიკური პარტიის” აღმასრულებელი სამდივნოს მიერ გარიცხული მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ აჭარის რეგიონული ორგანიზაცია დაშლის პირასაა და მისი გარიცხვის კვალდაკვალ პარტიას მალე ასობით რესპუბლიკელი დატოვებს.
“რესპუბლიკურ პარტიაში” არსებული უთანხმოება საქართველო-თურქეთს შორის ტაძრების რეაბილიტაციის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას უკავშირდება.
მურმან დუმბაძე: პარტიის აღმასრულებელი სამდივნოს სრული უფლება ჰქონდა ემოქმედა წესდების მიხედვით და პრინციპში, ჩემი გარიცხვა კანონიერია. თუმცა მთავარი ისაა, რომ ეს შეუგნებლად არ გამიკეთებია. მიმაჩნია, რომ თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულება აღნიშნული შინაარსით არ უნდა დაიდოს. ეს ქართულ სახელმწიფოებრიობას და მის მომავლს არ წაადგება, ეს უპრინციპო, უნიათო, უტოლო ხელშეკრულებაა და საქართველოს მთავრობამ ხელშეკრულბას ხელი არ უნდა მოაწეროს. ეს ჩემი პრინციპული პოზიციაა და ამ პრინციპულ პოზიციაზე ვდგავარ გარიცხვის შემდეგაც.
თქვენ იცოდით, რომ პარტიას თურქეთთან გასაფორმებელი ხელშეკრულების წინაღმდეგ თქვენი დამოკიდებულება არ მოეწონებოდა და მაინც წახვედით ამ გზით?
- პარტიაში ამაზე დებატები ბოლო ორი თვის განმავლობაში გვქონდა. მე პარტიაში ეროვნული კომიტეტის წევრიც ვიყავი, რაც მაღალი პოლიტიკური თანამდებოდაა, მაგრამ სამწუხაროდ ჩემი ვერ გავიტანე. გადაწყვეტილება მიიღო აღმასრულებელმა კომიტეტმა და არა ეროვნულმა კომიტეტმა. აღმასრულებელ კომიტეტში 7 ადამიანი შედის: ძმები ბერძენიშვილები, ივლიანე ხაინდრავა, დავით უსუფაშვილი, თინა ხიდაშელი და კიდევ ორი ადამიანი. სხდომა ძალიან დიდი ხნის, 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეს ნიშნავს, რომ აზრები გაიყო. რამდენადაც მე ვანგარიშობ, დავით უსუფაშვილი ჩემი გარიცხვის წინაამდეგ წავიდოდა, იმიტომ, რომ კერძო საუბრებში ის მხარს მიჭერდა. ეს არის ჩემი ვარაუდი. სხდომის ოქმი სამწუხაროდ არ მინახავს, მაგრამ, როგორც ჩანს, უსუფაშვილი უმცირესობაში აღმოჩნდა.
საუბარია იმაზეც, რომ აჭარის მთელი რეგიონული ორგანიზაცია აპირებს გადადგომას.
- დიახ. მე ყველაზე მეტად ამაზე ვწუხვარ. “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეული, მისი ფლაგმანი, აჭარის რეგიონალური ორგანიზაცია დაშლის საფრთხის წინაშეა. როცა რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელები პარტიულ განცხადებებს გააკეთებენ, მაშინ შემიძლია ხმამაღლა ვთქვა ამის შესახებ, თუმცა დაშლის საშიშროება აშკარად ჩანს.
რამდენი ადამიანი აპირებს პარტიის დატოვებას?
- რამდენიმე ასეული. თითოეულ პიროვნებას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ მათ შორის ყველა რაიონის თავმჯდომარე გადადგება.
ეს იცის პარტიის თავმჯდომარემ?
- ორი დღის წინ თბილისში ვიყავი, მაგრამ სამწუხაროდ ჩემი ყოფილი პარტიის თავმჯდომარეს ვერ შევხვდი. ის ბათუმში ბრძანდებოდა და რეგიონულ კომიტეტის წევრებს ხვდებოდა.
სხვათა შორის თქვენთან, ”რეზონანში” 5 მარტს დაიწერა ”რესპუბლიკური პარტიის” ოფიციალური პოზიცია დავით უსუფაშვილის ხელმოწერით ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ერთი კვირით ადრე რუსპუბლიკური პარტიის წევრის უფლებამოსილება შევიჩერე იმ ულტიმატუმით, რომ პარტიას ბოლოს და ბოლოს გამოეხატა საკუთარი პოზიცია ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ის პოზიცია, რომელიც 5 მარტს თქვენს გაზეთში გამოქვეყნდა, ჩემი იძულებითი, ჩემი შანტაჟის შემდეგ გამოხატული პოზიციაა რესპუბლიკური პარტიის მხრიდან.
გამოდის, რომ აჭარის რეგიონული ორგანიზაცია მთლიანადდაიშლება?
- ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული, რომ რეგიონული ორგანიზაცია ძველი შემადგენლობით დარჩება და გააგრძელებს ფუნქციონირებას. ეს ხომ ჩემი საკუთარი ინიციატივა არ ყოფილა. ის, რაც შეიძლება არ იცოდე დედაქალაქმა, მაღალი კლასის პოლიტიკოსებმა, შეიძლება იცოდეს პარტიის ქვედა დონის წევრებმა.ბათუმის, რეგიონის საქმე და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები უფრო კარგად მესმის და უკეთ ვხედავ. იმას, რასაც ივლიანე ხაინდრავა ვერ ხედავს, უფრო კარგად ხედავს მურმან დუმბაძე. ივლიანე ხაინდრავა შეიძლება ევროპას უფრო კარგად ხედავს, ვიდრე ბათუმს. ამ შემთხვევაში ”რესპუბლიკურმა პატიამ” დაარღვია ყველაზე მთავარი პრინციპი - ქვედა დონის ინიციატივებსა და პასუხებს არ მოუსმინა და გამოუვიდა ის შედეგი, რა გამოუვიდა - შესაძლებელია ”რესპუბლიკურ პარტიის” მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეული, აჭარის რეგიონული ორგანიზაცია დაიშალოს.
ახლა ჩემი უმთავრესი ამოცანა 23 მარტის აქციაა. ეს დღე ღირსეულად უნდა ჩატარდეს და მერე გახმოვანდება გადაწყვეტილება.
23 მარტს ბათუმში დაგეგმილი აქციას სათავეში თქვენუდგახართ?
- დიახ. ”რესპუბლიკური პარტია” ამ აქციის კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა, მიუხედავად ამისა სანამ გამრიცხავდნენ მე ვიყავი ჩართული ამ პროცესებში. 23 მარტს ილია ჭავჭავაძის ძეგლთან გაიმართება საინფორმაციო აქცია, რომელიც თურქეთ-საქართველოს შორის პოლიტიკური ხელშეკრულების წინააღმდეგ იქნება მიმართული. მიმაჩნია რომ ეს ბათუმელთა ღირსების აქცია და უნდა მოვიდნენ.
უნდა გითხრათ, რომ ბათუმელთა აბსოლუტური უმრავლესობა კატეგორიტული წინააღმდეგია ბათუმის ცენტრში აზიზიეს სულთნის სახელობის მეჩეთის ხელახალი აშენებისა. გამოკითხვა ჩატარდა და ხალხის აზრიც აქიდან ვიცი.
არის თუ არა იმის საფრთხე, რომ ამ აქციამ ბათუმში მცხოვრები მუსლიმანების უკმაყოფილება გამოიწვიოს და რაიმე დაპირისპირება მოხდეს?
- არა. ამ აქციაში მონაწილეობის მიღებას მუსლიმებიც აპირებენ. ასე რომ, რელიგიურ ნიადაგზე რაიმე დაპირისპირება პრაქტიკულად გამორიცხულია. ერთადერთი დამაბრკოლებელი შეიძლება სააკაშვილის ხელისუფლება იყოს.
ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი საკაშვილის მხრიდან და გეტყობათ ქვენც ამ ტერორის ქვეშ აღმოჩნდით, ასეთ შეკითხვას რომ მისვამთ. რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება საქართველოს ისტორიას არ ახსოვს.
აჭარის მუსლიმანებიც გამოდიან თურქეთის სახელმწიფო ულტიმატუმით ასაშენებელი მუსლიმური ტაძრის წინააღმდეგ. მუსლიმი მრევლის დიდი ნაწილი იქნება 23 მარტს 3 საათზე ილია ჭავჭავაძის ძეგლთან თურქეთ-საქართველოს შესაძლო პოლიტიკური ხელშეკრულების წინააღმდეგ. ამ აქციაში მონაწილეობას მიიღებს ჩემი თანაპარტიელები,ბათუმის ორგანიზაციის აბსოლუტური უმრავლესობა იქ იქნება. სხვათაშორის, აქციაში ხელისუფლებაში, საჯარო სამსახურებში დასაქმებული თანამდებობის პირებიც მიიღებენ მონაწილეობას.