1995 წლის მარტში მსოფლიო შეძრა მოსკოვიდან მოსულმა ცნობამ: თავის სახლთან მოკლულია პოპულარული ტელეწამყვანი და ორტ–ს (რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზია) გენერალური დირექტორი ვლად ლისტიევი.
– მკვლელი მას საკუთარ სახლთან ჩაუსაფრდა, – იტყობინებოდა რადიო "თავისუფლება", – ლისტიევს ესროლეს მაშინ, როდესაც გადაცემა "ჩას პიკის" გადაღებებიდან შინ ბრუნდებოდა.
ლისტიევს ხელზე შვეიცარიული საათი ეკეთა, ჯიბეში კი დიდძალი თანხა ედო, რასაც მკვლელმა ხელი არ ახლო. პირველი ტყვია ვლადს ხელში მოხვდა, მეორე – თავში. შემდეგ მკვლელი უკვე წაქცეულთან მივიდა და საკონტროლო გასროლა განახორციელა:
– ქილერს გაძარცვის მოტივი არ ამოძრავებდა, – თვლის გამომძიებელი უვაროვი, – ესაა შეკვეთილი მკვლელობა, განხორციელებული პროფესიონალის მიერ. როგორც ჩანს, ლისტიევი გავლენიან ძალებს ხელს უშლიდა და მათ ის მოიშორეს.
იმაზე, თუ კონკრეტულად ვის უშლიდა ხელს ლისტიევი, უვაროვმა დუმილი ამჯობინა.
ვლად ლისტიევი 1965 წელს დაიბადა. მან სპორტული ინტერნატი დაამთავრა (სპეციალობა მსუბუქი ათლეტიკა). იყო სსრკ–ს ჩემპიონი 100 მეტრზე სირბილში (იუნიორთა შორის). ჟურნალისტიკაში ვლადი სამხედრო–სავალდებულო სამსახურის გავლის შემდეგ მოვიდა. მან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა, ხოლო შემდეგ ცენტრალური ტელევიზიის საერთაშორისო პროპაგანდის განყოფილებაში მუშაობდა, რომლის ამოცანაც საზღვარგარეთ პროპაგანდისტული გადაცემების ორგანიზება წარმოადგენდა.
– ლისტიევმა აქ კარგი სკოლა გაიარა და მაღალი დონის პროფესიონალად ჩამოყალიბდა, – წერს "სოვერშენნო სეკრეტნო".
ჟურნალ "ვიზვოლნი შლიახის" აზრით, ამ დროს ლისტიევი არა მხოლოდ კარგ ჟურნალისტად ჩამოყალიბდა. მან დაამყარა კონტაქტი რუსეთის გავლენიან ძალებთან, რომელთაც იმპერიის მოდერნიზება სურდათ.
– ლისტიევს განსაკუთრებით ნ.ნ. იაკოვლევი წყალობდა, – წერს "ვიზვოლნი შლიახი", – როდესაც ხელისუფლებაში გორბაჩოვი მოვიდა, იაკოვლევი კრემლში დამკვიდრდა და "პერესტროიკის" ერთ–ერთ არქიტექტორად მოგვევლინა. სწორედ იაკოვლევის მხარდაჭერით ჩნდება ცენტრალური ტელევიზიის ტელეეკრანებზე გადაცემა "ვზგლიადი", რომელიც ლისტიევის მიერ იყო მომზადებული. ლიგაჩოვი და სხვა კონსერვატორები "ვზგლიადის" გამოჩენას ხელს უშლიდნენ, მაგრამ იაკოვლევს მხარი გორბაჩოვმა დაუჭირა და "ვზგლიადიც" ტელეეკრანებზე დამკვიდრდა.
ლისტიევი, ისევე როგორც მისი პროექტი "ვზგლიადი", სულ უფრო პოპულარული ხდებოდა. გადაცემა განსაკუთრებით ახალგაზრდობას მოსწონდა, ხანშიშესულებს ის ზედმეტად მოურიდებლად ეჩვენებოდათ. პარტიული ორთოდოქსები (ლიგაჩოვი და ა.შ.) "ვზგლიადს" დასანახად ვერ იტანდნენ, თუმცა, ალბათ, უფრო საინტერესოა ცნობილი შავრაზმელი (მაგრამ უდავოდ ნიჭიერი) მწერლის ვალენტინ რასპუტინის კომენტარი:
– ზოგიერთი უშიშროების ორგანოებს უშვერი სიტყვებით ლანძღავს, თუმცა ავიწყდება, რომ რუსეთის დიდებაში სუკის, ისევე როგორც არმიის, წვლილი განუზომელია. განსაკუთრებით ამაზრზენია, როდესაც სუკს ის ადამიანები აგინებენ, რომლებიც იქ გამოზარდეს. უწინარეს ყოვლისა, მხედველობაში მყავს ბატონი ლისტიევი და "ვზგლიადელები". ლისტიევი სუკმა ჯერ კიდევ არმიაში სამსახურისას გადაიბირა. სუკის დახმარებით ის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო, შემდეგ წლების განმავლობაში ცენტრალური ტელევიზიის პროპაგანდისტულ განყოფილებაში მუშაობდა, სადაც სუკელების გარდა, ცხვირსაც არავის შეაყოფინებენ. მეტიც, ბატონი ლისტიევი დღესაც დაკავშირებულია სუკთან. ის იმ წრეებზე მუშაობს, რომელთაც ჩვენი დიადი ქვეყნის "განახლება და გარდაქმნა" სურთ. მიზანი უდავოდ კეთილშობილურია, მაგრამ მისი განხორციელებისათვის პეტრე დიდის ინტელექტი, სიმამაცე, განსწავლულობა და სიბრძნეა საჭირო. არც ბატონ ლისტიევს და არც მის შეფებს ეს არ გააჩნიათ, მათი "გარდაქმნაც" კატასტროფით დასრულდება.
"ვზგლიადი" ცდილობდა დემოკრატიული ფასეულობების პროპაგანდას, ებრძოდა შავრაზმელებს, ანტისემიტებს, თუმცა მისი დემოკრატიზმი ფრიად თავისებური გახლდათ. ასე, მაგალითად, "ვზგლიადმა" დაგმო 1989 წლის 9 აპრილს თბილისში მშვიდობიანი მიტინგის დარბევა, სასტიკად გაამათრახა "პამიატი", მაგრამ ამავე დროს ლისტიევმა ტელეეკრანიდან განაცხადა:
– საქართველოსა და ბალტიისპირეთში შექმნილი მდგომარეობა ცალსახად მიგვანიშნებს იმაზე, რომ ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე მუშაობა უნდა დაჩქარდეს. რესპუბლიკებს, რომლებიც არ მოისურვებენ მას შეუერთდნენ, ალბათ განსაკუთრებული სტატუსი მიენიჭებათ. ეს ძირითადად ბალტიისპირეთსა და საქართველოზე უნდა გავრცელდეს. ჩვენმა რეაქციონერებმა უნდა შეიგნონ, რომ ძალადობით სახელმწიფოს მთლიანობის შენარჩუნება შეუძლებელია, ამავე დროს, ქართველი და ბალტიელი ნაციონალისტებიც უნდა მიხვდნენ: 21–ე საუკუნე კარსაა მომდგარი, შესაბამისად ისეთი ცნებები, როგორიცაა "ეროვნული დამოუკიდებლობა", უკვე ყავლგასულია. გლობალიზაციის პირობებში დამოუკიდებელი ვერც ერთი სახელმწიფო ვერ იქნება.
ლისტიევი აგრესიულად შეხვდა უკრაინაში ეროვნულ მოძრაობის აზვირთებას. როდესაც 1990 წლის ოქტომბერში კიევში ხრეშჩატიკზე ხალხმრავალი დემონსტრაციები და სტუდენტთა ცნობილი შიმშილობა მოეწყო, ლისტიევმა ტელეეკრანიდან ამას ასეთი კომენტარი გაუკეთა:
– აღნიშნული აქციები მხოლოდ შავრაზმელთა წისქვილზე ასხამენ წყალს. ე.წ. უკრაინული ეროვნული დროშების ფრიალი და სტეპან ბანდერაზე სიმღერების ღრიალი საუკეთესო საბაბია, სსრკ–ში სამხედრო გადატრიალების მოსაწყობად. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ბანდერა ჰიტლერის დამქაში და სამხედრო დამნაშავე იყო. შესაბამისად, მისი და მის მიმდევართა წინააღმდეგ ძალის გამოყენებაც გამართლებულია, რასაც რეაქციონერები აუცილებლად შეეცდებიან.
ლისტიევი და მისი "ვზგლიადი" რუსი რეაქციონერების ინტრიგების შედეგად ტელეეთერიდან მოიხსნა. მიუხედავად ამისა, "ვზგლიადელები" ნახევრად იატაკქვეშეთში განაგრძობდნენ მუშაობას. "გკ ჩეპეს" ჩახშობის შემდეგ, ლისტიევი და მისი "ვზგლიადი" ტრიუმფით ბრუნდებიან ტელეეკრანებზე. ლისტიევი კვლავ თავისი თავის ერთგულია. ის განაგრძობს დემოკრატიული ფასეულობებისა და რუსეთის იმპერიული იდეალების პროპაგანდას:
– დღეს რუსეთმა მოიშორა კომუნისტური უღელი და დემოკრატიის გზაზე დადგა. შესაბამისად, ტრაგედიას ვერ ვხედავ იმაში, თუკი ყოფილი სსრკ–ს რესპუბლიკები რუსეთის გარშემო შემოიკრიბებიან. საბჭოთა კავშირი რაღაც ფორმით აუცილებლად უნდა აღდგეს, ეს არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცისათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვისაა კარგი!
უკრაინის დამოუკიდებლობას ლისტიევი უაღრესად უარყოფითად მოეკიდა. ის ხმამაღლა აცხდებდა, რომ ეს "რუსეთის ერთიანობისათვის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორია".
– დამოუკიდებელი უკრაინის შექმნა სხვა არაფერია, თუ არა ყოფილი წითელი ნომენკლატურის მცდელობა შეინარჩუნოს თავის ძალაუფლება და პრივილეგიები. უკრაინის პრეზიდენტი ხომ ცეკას ყოფილი მდივანი (იდეოლოგიის დარგში) ლეონიდ კრავჩუკი გახდა, რომლის გარშემოც ძველი პარტიული ნომენკლატურაა დარაზმული. რუსეთში კი პრემიერ ეგორ გაიდარის თაოსნობით გრანდიოზული რეფორმები დაიწყო. გაიდარის გუნდს კი ახალგაზრდა მეცნიერები წარმოადგენენ, რომლებიც განათლებული, პატრიოტი და პატიოსანი ხალხია. შედეგად, რუსეთი ყალიბდება როგორც სამართლებლივი და დემოკრატიული სახელმწიფო, უკრაინა კი დახავსებულ, მაფიოზურ–ნომენკლატურულ წარმონაქმნად დარჩა. ასეთია ამ "დამოუკიდებლობის" კატასტროფიული შედეგი.
პოლიტიკური განცხადებების პარალელურად, ლისტიევი ახალ ტელეპროექტებსაც ქმნის. მისი ძალისხმევით ჩნდებიან ისეთი პოპულარული გადაცემები, როგორიცაა "პოლე ჩუდესი", "უგადაი მელოდიუ", "ჩას პიკი". ლისტიევის გავლენა და პოპულარობა იზრდება. მალე ის ორტ–ს გენერალური დირექტორი ხდება.
ლისტიევის სიტყვები, რომ რუსეთი "სამართლებლივ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ ყალიბდება" უფრო სურვილი გახლდათ, ვიდრე რეალობა. სინამდვილეში გაიდარისა და მისი გუნდის რეფორმებმა რუსეთის ეკონომიკა საბოლოოდ დაანგრიეს. საზოგადოება გაიყო ძალიან მდიდრებად და ძალიან ღარიბებად. კრიმინალური გზით გამდიდრებულმა ხალხმა არნახული გავლენა მოიპოვა. მათ რიცხვს ბორის აბრამოვიჩ ბერეზოვსკიც განეკუთვნებოდა, რომელთანაც ლისტიევი სამკვდრო–სასიცოცხლოდ აღმოჩნდა დაპირისპირებული.
ბერეზოვსკი მდიდარი, გავლენიანი კაცი იყო და "ორტ"–ზე კონტროლის დაწესებაც სურდა. ამას ხელს უშლიდა გენდირექტორი ლისტიევი, რომელიც ბორის აბრამოვიჩთან დაპირისპირებულ კლანზე მუშაობდა. ბერეზოვსკის ინტერესებს "ორტ"–ზე ცნობილი სარეკლამო მაგნატი ლისოვსკი და ირენა ლესნევსკაია იცავდნენ. ლისტიევი შეეცადა მათი გავლენის განეიტრალებას.
– მან შეზღუდა რეკლამა, შემდეგ კი დროებით შეაჩერა კიდეც ის, – წერს "სოვერშენნო სეკრეტნო".
ბერეზოვსკიმ ნაცად ხერხს მიმართა და ლისტიევის მოსყიდვა სცადა. ამან არ გაამართლა. ვლადმა მის დიდძალ ქრთამზე უარი განაცხადა. ბორის აბრამოვიჩმა ელცინის მეშვეობით სცადა ლისტიევის განეიტრალება, მაგრამ ამაოდ. ვლადი თავის პოსტზე რჩებოდა და ნელა, მიზანმიმართულად ბერეზოვსკის ძირს უთხრიდა:
– ვლად, მე ყველა საშუალება ამოვწურე, – განუცხადა ლისტიევს ბერეზოვსკიმ, – ნუ მაიძულებთ, უკიდურეს ხერხებს მივმართო, ეს ნამდვილად არ მინდა.
– ბორის აბრამოვიჩ, თქვენ რა, მაშინებთ? – გაიღიმა ლისტიევმა.
– გაფრთხილებთ. ხომ გახსოვთ, ო,ჰენრის სიტყვები, ბონივური ორს ვერ ზიდავსო. ისე მიგყავთ საქმე, რომ ამქვეყნად ან მე, ან თქვენ უნდა დარჩეთ.
– დავრჩები მე, თქვენ კი მოუსავლეთში წახვალთ, – ლისტიევი კვლავ იღიმებოდა, – მაპატიეთ, არ მცალია, – და ბერეზოვსკის ზურგი შეაქცია.
ლისტიევის მკვლელობა ბორის ელცინმა პირად კონტროლზე აიყვანა. თავის სატელევიზიო გამოსვლაში რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა:
– ლისტიევის მოკვლით ბანდიტებმა მთელ ჩვენს სახელმწიფოს დარტყმა მიაყენეს. როგორც რუსეთის პრეზიდენტი, პირობას გაძლევთ, დამნაშავეებს აუცილებლად გამოვავლენთ და დავსჯით!
პრეზიდენტის სიტყვები იმდენად კატეგორიულად ჟღერდა, რომ მათი ჭეშმარიტება თვით მრავლისმნახველმა პრპოკურატურისა და მილიციის თანამშრომლებმაც კი დაიჯერეს. ბერეზოვსკი–ლისტიევის კონფლიქტის შესახებ ხომ ყველამ კარგად იცოდა. გამოძიებამ დაადგინა ისიც, რომ ბერეზოვსკი საგანგებოდ შეხვდა ერთ კრიმინალ–ავტორიტეტს და ლისტიევის მკვლელობა შეუკვეთა.
– ბორის აბრამოვიჩი საზღვარგარეთ იმყოფებოდა, როდესაც დაურეკეს და აცნობეს, ომონმა თქვენს ოფისს ალყა შემოარტყა და ჩხრეკის ჩატარება სურთო, – წერს "სეგოდნია".
ბერეზოვსკის დაცვა, რომელშიც შემდგომში ლონდონში მოკლული ლიტვინენკოც იყო, ყოველნაირად ცდილობდა, წინააღმდეგობის გაწევას. ბორის აბრამოვიჩი კი სასწრაფოდ დაბრუნდა რუსეთში. ირენა ლესნევსკაიამ მას მოახსენა:
– ოფისი გაჩხრიკეს, მე კი დამკითხეს, უხეში, ტლანქი ფორმებით დამკითხეს...
ბერეზოვსკი არ დაბნეულა. მისი კარნახით ლესნევსკაიამ მოამზადა თავისი ვიდეომიმართვა ელცინის ცოლისადმი. რუსეთის პრეზიდენტის მეუღლე მისი ახლობელი იყო. ირენამაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამართალდამცველებმა შეურაცხყოფა მიაყენეს და ა.შ.
– მიმართვამ ადრესატამდე მიაღწია, – წერს "სოვერშენნო სეკრეტნო", – შედეგმაც არ დაახანა. გამომძიებელი, რომელიც ლისტიევის მკვლელობას იძიებდა, საქმეს ჩამოაშორეს, შს–ს მოსკოვის სამმართველოს უფროსი კი თანამდებობიდან მოხსნეს.
ეს ბერეზოვსკის პირველი სერიოზული წარმატება იყო. შემდგომში ბორის აბრამოვიჩმა იმასაც მიაღწია, რომ ლისტიევის მკვლელობის საქმე დახურეს.
– საქმე დახურულია, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მუდამ ასე იქნება, – განუცხადა პრესის წარმომადგენლებს გამომძიებელმა უვაროვმა, – მოვა დრო და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმება.
როგორც ცნობილია, ბერეზოვსკი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი გახდა. სანამ ის ამ პოსტზე იყო, ლისტიევის საქმის გამოძიებაზე ლაპარაკიც არ შეიძლებოდა. როგორც ცნობილია, ერთხანობას ბერეზოვსკი პუტინთანაც მეგობრობდა. ბორის აბრამოვიჩის წვლილი უდიდესია იმაში, რომ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი გახდა. თუმცა, გაზეთებში სისტემატიურად ქვეყნდებოდა სტატიები, რომელთა ავტორებიც ამტკიცებდნენ:
– ლისტიევის მკვლელობა ბერეზოვსკიმ შეუკვეთა!
მალე ამ სტატიებს წიგნებიც მოჰყვა. პუტინი უკვე რუსეთის პრემიერი იყო, მაგრამ ყურიც არ შეიბერტყა. მოცემულ ეტაპზე მას ბერეზოვსკი ძალიან სჭირდებოდა. ამიტომაც უშიშროების სამსახურს უბრძანა:
– ჩაატარეთ ღონისძიებები, რაც გააბათილებს ხმებს იმის შესახებ, რომ ლისტიევის მკვლელობის უკან ბერეზოვსკი დგას.
მალე მოსკოვში გავრცელდა ხმები, რომ ლისტიევი სატრფიალო თავგადასავლების მსხვერპლი შეიქმნა. "დეზა" მართლაც ოსტატურად იყო შეთითხნილი. ყველამ იცოდა, რომ განსვენებულ ლისტიევს ქალები ძალიან უყვარდა და უამრავი საყვარელი ჰყავდა. პუტინი ბერეზოვსკის მკვლელობაში მონაწილეობაზე მხოლოდ მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც მასა და ოლიგარქს შორის კონფლიქტი მოხდა. ბერეზოვსკი უკვე საზღვარგარეთ იმყოფებოდა და რუსული მართლმსაჯულებისათვის მიუწვდომელი გახლდათ.
უკანასკნელ ხანს "ლისტიევის საქმე" კვლავ წამოტივტივდა. კვლავ გამოქვეყნდა ცნობა, რომ მკვლელობა ბერეზოვსკიმ შეუკვეთა. ემიგრაციაში მცხოვრებმა ბორის აბრამოვიჩმა ამაზე განაცხადა:
– ლისტიევის მკვლელობის უკან არც მეტი, არც ნაკლები ვლადიმერ პუტინი დგას! რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები შორს არაა და პუტინს სურს, მე მომაკეროს მკვლელობა, რომელიც თავად ჩაიდინა!