შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველო-აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასაზღვრო სექტორი გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველო-აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასაზღვრო სექტორი გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესამე სამმართველო „წითელი ხიდი“-ს მეცხრე სექტორ „ვახტანგისი“-ს შენობა საზეიმოდ გახსნა. გახსნის ცერემონიას სასაზღვრო პოლიციის უფროსი გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი, უწყების სხვა წარმომადგენლებთან და ოფიციალურ პირებთან ერთად დაესწრო. სექტორი „ვახტანგისი“ საქართველო-აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე მდებარეობს.

სასაზღვრო სექტორის ახალი შენობა ევროპული სტანდარტების მიხედვით არის აშენებული. ინფრასტრუქტურა უახლესი ტექნოლოგიებით მოეწყო და აღჭურვილია სხვადასხვა სახის თანამედროვე აპარატურით. სასაზღვრო სექტორი ადგილობრივმა მოსახლეობამ დაათვალიერა და ახალი ინფრასტრუქტურით კმაყოფილი დარჩა.

გასულ კვირას შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის მესამე სამმართველოს მე-4 სექტორ „ახკერპი“-ს და მე-5 სექტორ „ბურდაზორი“-ს შენობები გახსნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტია მესაზღვრეების სამუშაო პირობების გაუმჯობესება. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის თებერვლიდან სახელმწიფო საზღვრის დამცველებს ხელფასები მნიშვნელოვნად გაეზარდათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასაზღვრო პოლიციას დამატებითი სახსრები გამოუყო საქართველო-რუსეთის ფედერაციის, საქართველო-აზერბაიჯანის რესპუბლიკის და საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე ახალი სექტორების მშენებლობისთვის.

საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 3 სასაზღვრო სექტორი. საქართველო-აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 2 სასაზღვრო სექტორი. საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 4 სასაზღვრო სექტორი. საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 1 სასაზღვრო სექტორი. 2014 წლის ბოლოსთვის 6 ახალი სასაზღვრო სექტორის მშენებლობა დაიგეგმა.