ალასანიას განცხადება, რომ თბილისის მერობა სურს პირდაპირი არჩევით, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე შეიძლება განვიხილოთ, როგორც ულტიმატუმი დანარჩენი ოპოზიციური პარტიების მიმართ, - გავერთიანდეთ, ოღონდ ჩემს (და ალიანსის) გარშემო, თუ არა, ყველამ თავის ბოსტანში მოძოვოსო.
ალიანსმა "საძოვრად" დიდი სახელისუფლებო მწვანე ველი ამოარჩია, თუმცა ძალიან დაჭაობებული და სახიფათო. იგი ენდო ხელისუფლების ჯერ მხოლოდ სიტყვიერ დაპირებას თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევის შესახებ , - ანუ, ყოველგვარი გარანტიის გარეშე, რომელიც შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებას განაპირობებდა და საარჩევნო გარემოს შეცვლასაც. თუმცა, უკვე მრავალჯერ დარწმუნდნენ, იგივე საკუთარი მწარე მაგალითებით, რომ უფრო შეიძლება ენდო ბანქოს შულერს ან ვაგზლის კახპას, ვიდრე ხელისუფლების სიტყვას.
ალიანსმა კი ეს რუბიკონი მაინც გადალახა. მიუხედავად გულწრფელი პატივისცემისა მისი ცალკეული წევრების მიმართ, მყარად მჯერა, რომ ამ განცხადებას ციურ მანანასავით მიიღებდნენ ხელისუფლებაში, მით უმეტეს, ირაკლი ალასანიას სეფე-სიტყვის შემდეგ, - ეს იქნება პირველი ეტაპი ჩვენი ბრძოლისაო. მაშ, ის სამთვიანი საპროტესტო აქციები რაღა იყო თავისი ნათელი (9 აპრილი, 26 მაისის სტადიონი.) და რუხი (სამებისკენ უთაო გალაშქრება, თანდათან მზარდი ხალხის იმედგაცრუება და ა.შ) დღეებით? მოთელვა თუ იძულება? ბოლოს და ბოლოს, ალიანსიც ხომ მისი აქტიური მონაწილე იყო, თუმცა კი ბოლოს აშკარად ითრევდა ფეხს.
დააკვირდით: ქუჩის სამთვიანი აქციების უშედეგობაზე ყველაზე ხშირად და დაბეჯითებით (ხელისუფლებაზე მეტადაც კი) ლაპარაკობენ ისინი, ვინც უარი თქვა მასში მონაწილეობაზე (ქრისტიან-დემოკრატები), ანდა ის ხალხი, ვისაც უარი ეთქვა მომიტინგეებში გარევაზე (ზურაბ ნოღაიდელი და მისი მომხრეები).
ეჭვი არ უნდა იყოს, რომ ალინსის გადაწყვეტილება სრულად ჩაეწერებოდა ამერიკულ სცენარში, რომლებმაც ეს ხელისუფლება "აგვირჩიეს" რუსების ხელშეწყობით. ჩვენს დღევანდელ პატრონებს - ამერიკელებს, უკონტროლო არაფერი არ უყვართ და ჩვენს სამომავლო პერსპექტივაზეც, ცხადია, თვითონვე უნდა იზრუნონ. ბარაქ ობამას ადმინისტრაციას, ეტყობა, ჯერ არ მოუნახავს მიხეილ სააკაშვილის ალტერნატივა და ამიტომ მათთან სრულ ჰარმონიაში მყოფ პოლიტიკურ ძალებს კეთილი ღიმილით დაულოცეს გზა ადგილობრივი არჩევნებისკენ. ჩვენს შემთხვევაში კი ამერიკელთა სიტყვა ისეთია, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელია. თეთრ სახლს ლათინური ამერიკა ისევ გაუწითლდა, უკრაინაშიც ნარინჯისფერი წითლით იცვლება, შუა აზიაში უკვე ეჭვის თვალით უყურებენ...
მოკლედ, ჩვენღა დავრჩით სანუგეშოდ.
ოკეანისგაღმელთა მეორე ეშელონიდან (ალიანსიდან), რესპუბლიკელთა ამერიკული ქოლგა მეტისმეტად თვალისმომჭრელი ფერისაა იმისთვის, რომ არ დაინახო, ალასანიას ხომ საერთოდ თავის ნდობით აღჭურვილ პირად თვლიან. შარშან, აგვისტოს ომამდე ერთი თვით ადრე, თბილისში ჩამოსულმა კონდოლიზა რაისმა მიხეილ სააკაშვილთან ერთი-ერთზე საუბარი არ ინება, - ირაკლი ალასანია მომგვარეთო და მისი თანდასწრებით მრავალჯერ გაფრთხილა პრეზიდენტი,- ცხინვალში ომი არ გააჩაღოო. მოკლედ, მშვენიერი ალიბი გაიკეთა სწორედ ალასანიაზე დაყრდნობით. რაც შეეხება სამთვიანი აქციების ერთ-ერთ აქტიურ და თითქმის რადიკალურ მონაწილეებს, მემარჯვენეებს, მათ უფრო გვიან აატალახეს აშშ-სკენ მიმავალი გზა, მაგრამ იგი მაინც უკვე მყარად გატკეპნეს. რაღაც საეჭვოდ გაუგრძელდა ამერიკაში სტუმრობა პარტია "თავისუფლების" ხელმძღვანელ კოკო გამსახურდიასაც, რომელსაც ზოგი უკვე პარლამენტში ხედავს,- მისგანაც უარყოფილ პარლამენტში.
ბოლო პერიოდში ამერიკულ გეგმაში ნაკლებად ჩანს რადიკალურად შერაცხული ნინო ბურჯანაძე და მისი პარტია, ხელისუფლებაც ყველაზე დიდი გაშმაგებით პარლამენტის ყოფილ სპიკერს უტევს.
ამიტომ, კიდევ ვიმეორებ, ამ ეტაპზე ალიანსელთა გადაწყვეტილება უფრო დანარჩენი ოპოზიციისკენ მიმართული დარტყმა იყო, ვიდრე ხელისუფლების. როცა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე აცხადებ თანხმობას და თანაც ამას ბრძოლის პირველ ეტაპად ასაღებ, ამით პირდაპირ ამბობ, რომ ყაბულსა ხარ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობაზე 2013 წლის ჩათვლით (თუ რაიმე "იმპოტრულ" საიდუმლოს არ ხარ განდობილი).
მოკლედ, ალიანსს არ ეჩქარება. ხელისუფლებაში ყოფნა კარგია, მაგრამ არც პრივილეგირებული, კონფორტული ოპზოციონერობაა ურიგო. ყოველ შემთხვევაში, სიცხეში დგომასა და აქეთ-იქეთ სირბილს მაინც სჯობს. თან თანხაც ნაკლები გეხარჯება. მაგრამ, არა მგონია, იმ სამთვიან აქციებზე, და უფრო ადრეც, ხალხი ადგილობრივი არჩევნებისთვის გამოდიოდა ქუჩაში. ეჩქარება მხოლოდ მშიერ კუჭს, მით უმეტეს, თუ იგი შენი შვილისაა. ეჩქარება ათასობით უსასოო დევნილს. ეჩქარებათ 5-ლარიანი ვითომ დაზღვევის იმედად მიგდებულ, პრივილეგირებულ აფთიაქების ხარბ და უძირო ხახაში მოხვედრილ ავადმყოფებს, ჯალათურად დახოცილი და უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების ჭირისუფლებსა და ახლობლებს. ეჩქარება, ბოლოს და ბოლოს, მთელ ქვეყანას, რომელიც შარშანდელი კატასტროფის შემდეგ ისევ თვალდათვალ მცირდება 100-100 თუ მეტი კვადრატული კილომეტრობით, და ჯერაც არ ვიცით, უკვე რამხელა ტერიტორია გაყიდა თუ გაასხვისა ამ ხელისუფლებამ ხალხისგან ფარულად. მათ ვერ დააპურებს და ვერ უმკურნალებს ამჟამად ქუჩაში უხვად გამოფენილი ხელისუფლების მადიდებელი ძვირადღირებული აბრები თუ ბანერები.
თუმცა, ალასანიას სამეულს სხვა იმედებიც ექნება - ხელისუფლების დიდი სისულელის, ანდა ობამას ადმინისტრაციის უკვე მომწიფებული რადიკალური ჟესტისა, რომელიც მიხეილ საკაშვილს ვადაზე ადრე გაისტუმრებს პოლიტიკური ასპარეზიდან. მაგრამ ეს ჯერჯერობით მხოლოდ ქიმერად ჩანს. ჯერ ერთი, იმდენი დანაშაული მიუძღვის "ნაციონალებს" ქვეყნის წინაშე, იმდენი შეცდომა აქვს ჩადენილი, ბარემ 100 ხელისუფლების შესაცვლელად იქნებოდა საკმარისი. მაგრამ იმ პოლიტიკურ ჭაობში, რასაც ამჟამად წარმოადგენს ჩვენი სამშობლო, უძრაობა (ან უიმედო ფართხალი) და ნიჰილიზმია გაბატონებული. ამერიკის ადმინისტრაცია კი პირდაპირ არ ახდენს გადატრიალებებს ჩვენისთანა ქვეყნებში (რომელსაც შემდეგ რევოლუციად ნათლავს). მას თანდათანობით ამზადებენ ხოლმე მწვანე დოლარებით, "მეგობრული" რჩევებითა და "საიმედო" ხალხოთ.
შესაძლოა, იმ აზრსაც ჰქონდეს არსებობის უფლება, რომ გაზაფხულ-ზაფხულის აქციების დროს ალიანსის წევრები რიგით მომიტინგეებზე უფრო ადრე დარწმუნდნენ მის უპერსპექტივობაში. ალტერნატივად უკანდახევა ამჯობინეს ადგილობრივი არჩევნებისკენ. მაგრამ ამქვეყნად უკვალოდ არაფერი არ იკარგება. მართალია, აგვისტოსა და შემოდგომის დასაწყისში ოპოზიციური შტილით ხელისუფლებამ აშკარად მოითქვა სული და თითქმის ადრინდელად დაიგრძელა ხელები, მაგრამ სწორედ იმ აქციების შემდეგ გაქტიურდა თითქოს ფარული ტორტმანი და შინაგანი რყევა "ნაციონალურ" ხელისუფლებაში და ჯგუფებად დაყოფის ტენდენცია, თუმცა ჯერ კიდევ ვირტუალურად. თითქოს ახლა დაინახეს, რომ ამ ქვეყნად მუდმივი არაფერია, თვით მათი შეუზღუდავი ბატონობაც კი, და საკუთარ მომავალზე დაიწყეს ფიქრი.
მაგრამ მათი გონებრივი ინფანტილიზმისათვისაც კი უჩვეულო იყო გადაწყვეტილება მანდატდახეული ხალხისთვის პარლამენტარის უფლებამოსილების აღდგენის შესახებ. ამ ფონზე იმდენად კომიკური აღარ აღმოჩნდა ნუგზარ ერგემლიძის "ისტორიული" სიტყვა - გადაექციათ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ღამის კლუბის მსგავს დაწესებულებად, - როცა გინდა შეხვალ, როცა გინდა გამოხვალ. რაც არ უნდა გაიჭაჭონ ხელისუფლების შტატიანი მეგაფონები, - დარჩიაშვილი, წიკლაური და მისთანანი, მაგრამ განდგომილთა პარლამენტში დაბრუნება იქნება მხოლოდ მათი იქ შეთრევა სირცხვილის საბელით, თანაც საკუთარი ნაფურთხის ასალოკად. თან იქ "ნათელი" მაგალითი ეყოლებათ პარლამენტში მორჭმულად მჯდარი, "ნაციონალური" უმრავლესობის მიერ მეტისმეტად დაფასებული გია თორთლაძის სახით. რა, მასზე ნაკლები არიან?..
ალბათ წვრილმანია იმის თქმა, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, თანაც საკონსტიტუციო, პარლამენტმა (ქვორუმმა) ერთხმად მიიღო. ისიც საინტერესოა, რომ საკონსტიტუციო ნორმების დაცვაზე, როგორც ბიბლიაზე, ყველა ოპოზიციონერი იფიცება, თუმცა ქვეყნის მთავარი კანონი კარგა ხანია ნაციონალური პარტიის წესდებად გადააქციეს ჩვენმა საამაყო "ხალხის რჩეულებმა". სპიკერობის დროს ნინო ბურჯანაძეს საყვარელი სიტყვა - "კონსტრუქციული მოქმედება" ლამის მთელი ოპოზიციის ლოზუნგი გახდა.
მოკლედ, ალიანსელებმა გადაწყვიტეს, გამოაცოცხლონ დემეტრაშვილის მკვდრადშობილი კომისია (რომელმაც, მხოლოდ 6-თვიანი უსაგნო "ლაყაფის" მეტი ვერაფერი შემოგვთავაზა) და იბრძოლონ თბილისის მერობისთვის. მართალია, იმასაც აცხადებენ, რომ ეთანხმებიან ოპოზიციურ პრაიმერიზს და იმისდა მიუხედავად, რომ ალასანია უეჭველად გაიმარჯვებს (?!), დაეთანხმებიან ოპოზიციური "არჩევნების" შედეგებს და მასში გამარჯვებულს დაუჭერენ მხარს. მაგრამ ამ პრაიმერიზის ჩატარებისა ვის სჯერა, ისაა საკითხავი. ალიანსმა თავისი წრე, უნდა ითქვას - საკმაოდ სოლიდური - შემოხაზა და იქ დიდსულოვნად მხოლოდ იმას შეუშვებს, ვისაც შესაფერისად ჩათვლის, ვთქვათ, კონსერვატორებს. დანარჩენები კი ერთგვარი მარგინალების თუ რადიკალების როლში დარჩებიან. თუმცა ეს "გარიყულები" ჯერ საკმაოდ ფრთხილ განცხადებებს აკეთებენ ალიანსის დემარშის გამო, - ეს მათი გადასაწყვეტიაო.
მაგრამ აქ მთავარი ქვაკუხედი ლევან გაჩეჩილაძეა, თუმცა მას უყვარს ხოლმე მიხეილ სააკაშვილთან ღამეული ჭუკ-ჭუკი (სულო ცოდვილო, ხანდახან უჩუმრადაც კი), მაგრამ უდავო ფაქტს ვერ გაექცევი, - უფროსმა "გრეჩიხამ" თბილისში დამაჯერებლად დაამარცხა ხელისუფლების კანდიდატი - მიხეილ სააკაშვილი, დაამარცხა საშინელი წნეხისა და საარჩევნო კანონდებლობის პირობებში და დედაქალაქში ისევ ფავორიტად უნდა ჩაითვალოს. უკვე ნათელია, რომ მას აღარ უნდა ჰქონდეს საპრეზიდენტო ამბიცია, მაგრამ ქალაქის მერობაში რაღა უშლის ხელს?
სხვა კანდიდატები კი, ოპოზიციას ვგულისხმობ, ანგარიშში ჩასათვლელები არ არიან. არ არის გასაკვირი, რომ ლეიბორისტებმა მაშინვე უგანეს ადგილობრივ არჩევნებს. მიზეზად, რასაკვირველია, დრაკონული საარჩევნო კანონმდებლობა და ვითარება დაასახელეს. ეს ყველაფერი, ცხადია, სიმართლეა, მაგრამ შალვა ნათელაშვილს ყოველთვის ემარჯვებოდა და უყვარდა მუდამ ოპოზიციაში და მართალ პოზიციაზე ყოფნა, - საქმენი კიდევ მოიცდიან: პოლიტიკოსის პირობაზე ბატონი შალვა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და უეჭველია, მისი სამოქმედო პროგრამა მხოლოდ პრეზიდენტობას უკავშირდება.
მართალია, მიხეილ სააკაშვილმაც და გიგი უგულავამაც დაუჭირეს მხარი პირდაპირი წესით თბილისის მერის არჩევას, მაგრამ ნაციონალები რის ნაციონალები არიან, უკან დასახევი გზა რომ არ დაიტოვონ, როგორც მოხდა ოპოზიციისთვის მინისტრების მოადგილეთა თანამდებობების შეთავაზების შემდეგ - ორი ქალბატონის, სალომე ზურაბიშვილისა და გუგული მაღრაძის ყაბულს მაშინვე ცივი უარი მოაყოლეს.
მოგვიანებით კი ხელისუფლების "თვალსაჩინო სახე", - კაკო ბობოხიძე ალაპარაკდა პრეზიდენტის წინადადების მიუღებლობაზე და მას მალე ვიცესპიკერმაც, მიხეილ მაჭავარიანმაც აუბა მხარი. რა ხდება - თვითონ მიხეილ სააკაშვილს გაუხუნდა ლილა საკუთარ პარტიაში თუ იქ სათადარიგო გზებს ეძებენ, თუკი ეს საარჩევნო "ადგილობრივი გზა" მათთვის არასასურველი მიმართულებისკენ მიუხვევს? ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ გახდება ნათელი, როცა დამთავრდება საკანონმდებლო ჯახირი, ანუ თუკი მმართველთა სიტყვიერ განცხადებას საკანონმდებლო გარანტია მოჰყვება. ისიც საინტერესოა, შეიძლება თუ არა ხელისუფლების ასეთი ფერისცვალება, როცა მათი არსებობის ერთადერთი წყარო მხოლოდ არჩევნების ტოტალური გაყალბებაა.