ვისი ვირტუალური ორგანოა პარლამენტი და უპრეცედენტო სამთავრობო მოსმენების რა ფაქტებს იხსენებენ ყოფილი პარლამენტარები

ვისი ვირტუალური ორგანოა პარლამენტი და უპრეცედენტო სამთავრობო მოსმენების რა ფაქტებს იხსენებენ ყოფილი პარლამენტარები

მხოლოდ საქართველოში შეიძლება, პრეცედენტი მოხდეს ასჯერ და ასმეერთედ  გამეორების შემთხვევაში, მაინც პრეცედენტად დარჩეს. მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს უხარია, როცა სხდომაზე რამდენიმე “მეორეხარისხოვან” მინისტრს შეიტყუებს.

 

მხოლოდ აქ არ რჩება დრო ერთი თხილისგულივით ცხრადდაშლილი სამინისტროს პირველ პირს კომიტეტის სხდომებზე შეირბინოს, რადგან ამ დროს ინსტრუმენტ “კოსმიურ ხელზე” იაპონელებისთვის კომპოზიციას თხზავს.

 

ალბათ, გარემოს დამცველი გოგა ხაჩიძე პარლამენტში მომავალ სასესიო კვირაშიც არ გამოჩნდება, თუ კოსმიურად არ მიიწვევენ. სამაგიეროდ, გამოჩნდებიან ძალოვანი უწყებების მინისტრები და ამ შემთხვევაში, მართლაც უპრეცედენტოდ, ავტონომიას გამოაცხადებენ - თუ დანარჩენებს დეპუტატები კითხვა-პასუხის რეჟიმში “გაწურავენ”, მერაბიშვილი-ადეიშვილი მთელ დროს მდუმარების რეჟიმში გაატარებენ.

 

მხოლოდ ჩვენთანაა საკანონმდებლო ხელისუფლება აღმასრულებელზე დაქვემდებარებული და მხოლოდ და მხოლოდ აქ მოისმენთ ასეთ განცხადებას ქვეყნის მეორე პირისგან: “უმრავლესობა და უმცირესობა უპრეცედენტო ფორმატზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც მთელი საპარლამენტო კვირა მინისტრთა კაბინეტის მოსმენას დაეთმობა”... და მთელი ეს “უპრეცედენტობათა” კასკადი მას შემდეგ, რაც ჩვენს მოკლეხნიან პარლამენტარიზმს შესანიშნავად ახსოვს “სამთავრობო საათის” არსებობა ხუთშაბათობით. ახსოვს უშიშროების მინისტრის, შოთა კვირაიას იმპიჩმენტის გამოცხადებით მოხსნა, ჟვანია-თარგამაძის გადადგომის სკანდალი 2001 წელს...

 

“ვერსია” წინა მოწვევების პარლამენტის დეპუტატებს დაუკავშირდა, რომლებიც მოკლე მეხსიერების პატრონთათვის განმარტავენ, რამდენად უპრეცედენტოა საპარლამენტო კვირის ფორმატი და საკანონმდებლო ორგანოში მინისტრების დაბარების ფორმალობად ქცეული ცერემონია.  

 

ყოფილი “ედეპეს”, ამჟამად პარტია “იმედის” ლიდერი ირინა სარიშვილი მიიჩნევს, რომ კითხვა-პასუხის კვირა საინტერესო მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ მას ხელისუფლება მოსალოდნელი არეულობის ირიბ შესავლად აქცევს:

 

“თავისთავად ფაქტი, რა თქმა უნდა, უპრეცედენტო არაა. იშვიათი შემთხვევების გარდა, მინისტრები საკანონმდებლო ორგანოში მისვლას არ ერიდებოდნენ. აი, ამ პარლამენტს კი თავი ვინმემ საერთოდ რატომ უნდა აარიდოს, როცა შეხმატკბილებული ხელისუფლება და ოპოზიცია ერთ თამაშს თამაშობენ? შესაძლოა, ამჯერად ოპოზიციამ ლანძღვა-გინების ლექსიკონი გაიმდიდრა, მაგრამ არა მგონია, ეს მომავალ კვირისთვის ”უპრეცედენტოს” დასარქმევად კმაროდეს. დიახ, ერთი-ორჯერ ისეც მომხდარა, რომ მინისტრი პარლამენტში ვერ მოსულა ან თავი აურიდებია, მაგრამ ამაზე ისეთი ამბავი ატყდებოდა, შემდეგ უბრალოდ, იძულებული იყო, სხდომას დასწრებოდა.

 

თუ ჩვენს დროს პარლამენტში დემოკრატიას თამაშობდნენ მაინც, დღეს თავს გარეგნულ ფორმებზეც აღარ იწუხებენ. ოპოზიციას კიდევ ერთხელ მიეცემა საბაბი, ძალოვანების ქმედება გააპროტესტოს, ან პროტესტის მსგავსი რამ მაინც დადგას. თუ ამასაც გვერდი აუარა, ე.ი. ეს ფორმატი თავიდანვე ასე იყო შეთანხმებული. წინ აბსოლუტურად უმიზნო და უსაგნო დღეები გველის. პროცესი საინტერესო ერთადერთ შემთხვევაშია - თუ ხელისუფლება ამ გაზაფხულის ბოლოს დაგეგმილი კონფლიქტის პროვოცირებას აპირებს, შესაძლოა, მომავალი სხდომები ამის ერთ-ერთი “ჩაფენაც” იყოს, თუმცა ამაშიც  ეჭვი მეპარება. ესეც ზუსტად ისეთივე სპექტაკლია, როგორსაც სულ ახლახანს დავაჟკაცებული კიწმარიშვილი და კიდევ ვიღაცეები გვპირდებიან ქართული პარტიიდან”.

 

დავაჟკაცებულებიდან “გამარიოებულებზე” კი პარლამენტში “ტრადიციონალისტთა კავშირის” ლიდერი აკაკი ასათიანი გადადის, რომელიც ჟვანია-თარგამაძის სკანდალის დეტალებს იხსენებს:

 

“მთელი პრობლემა რა არის იცით? პარლამენტი ვირტუალური ორგანო გახდა და კომპიუტერულ თამაშს დაემსგავსა, ვთქვათ - “სუპერმარიოს”. რაც პირველი პარლამენტი აირჩიეს, მინისტრების მიყვანის ტრადიცია ჯერ კიდევ მაქედან მოდის. სხდომები განსაკუთრებით ბობოქარი გამსახურდიას შემდგომ პარლამენტში იყო, როცა განსახილველად მინისტრების ყოფნა-არყოფნის საკითხი დგებოდა. ბოლო ბოლო, მთავრობა გადადგა ორჯერ. მახსოვს, ჟვანიამ დასვა საკითხი, გადავდგები, თუ თარგამაძეც გადადგებოდაო. მაშინ თარგამაძე ღირსეულად მოიქცა, გადადგა და პოლიტიკური კრიზისიც განიმუხტა. მერე შევარდნაძემ აიღო და მთელი მთავრობა გადააყენა. დღეს კი მსგავსი რამ არ მოხდება. გამორიცხულია, ვინმემ რომელიმე მინისტრის, განსაკუთრებით, ძალოვანების საკითხი დააყენოს. ამას რომელი ერთი იზამს? ამიტომ აქვს უსუსურების განცდა საზოგადოებას”.

 

ნათელაშვილის თანაგუნდელი ქალბატონი ნესტან კირთაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება და ამ სხდომებს ერთგვარ პიარ-მოთელვებად აქცევს:

 

“ბაქრაძეს გაცნობიერებული თუ აქვს, რომ პარლამენტი ის ორგანოა, რომელსაც აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლი ფორმალურად მაინც ეკისრება?! მეტიც, მას რეგლამენტით ევალება, რაც შეიძლება ხშირად მიიწვიოს მთავრობის პირველი პირები და ისინი ანგარიშისა და კითხა-პასუხის რეჟიმში ჩააყენოს. თუ აქვს, მაშინ არ უნდა განაცხადოს, მინისტრების სხდომაზე მისვლა პირველი და უპრეცედენტოაო. პარლამენტის წევრი ორგზის გახლავართ. 92-95 წლებში არაერთხელ დაისვა და კენჭისყრაზეც გავიდა სახელმწიფო მეთაურის ყოფნა-არყოფნის საკითხი. პარლამენტში მოსვლის შემდეგ გააკეთეს გენერალურმა პროკურორმა და შს მინისტრმა განცხადებები გადადგომის შესახებ.

 

2007 და 2008 წლები ისე წარიმართა, მაშინდელ თავმჯდომარეს იმპიჩმენტის პროცედურა ყოველგვარი რევერანსების გარეშე უნდა დაეწყო. 2007-ში, შს მინისტრმა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იარაღი გამოიყენა, 2008-ში აგვისტოს ომის შემდეგ, სახელმწიფო ისე დაიშალა, ბოლოს, მარტო კულტურის მინისტრმა აგო პასუხი. რამდენად შრომისუნარიანია პარლამენტი, რომელიც შს მინისტრის რიტორიკულ დონეზე გაკრიტიკებასა და მისი იმპიჩმენტის პროცედურის ვერბალურად აღძვრასაც კი ვერ ბედავს? ამ შოუს მიზანი მხოლოდ მძიმე ფონიდან ყურადღების გადატანაა. შესაძლოა, ზოგიერთი მინისტრი “დაისაჯოს”, ზოგიერთი თანაგუნდელიც გაკილონ. კონკრეტულ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ, ვვარაუდობ, რომ მთავრობა თავის გუნდს ამზადებს, რაც უკვე შემოდგომაზე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოემსახურება”.

 

სამი წინა მოწვევის პარლამენტის წევრია დღეს ნოღაიდელის თანაგუნდელი მარინა მოლოდინი, რომელიც “სამთავრობო საათის” აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს და გარკვეულ ეჭვებს “კუდიან დეპუტატებთან” დაკავშირებითაც გამოთქვამს:

 

“მთავრობა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული არა მხოლოდ მაშინაა, როცა ხელისუფლებას ეს პიარისთვის სჭირდება. თავად გახლდით სამი მოწვევის პარლამენტის წევრი და ძალიან კარგად მახსოვს, რომ ხუთშაბათობით ე.წ. სამთავრობო საათი გვქონდა, როცა მთავრობა მოდიოდა და ანგარიშს გვაბარებდა. “სამთავრობო საათი” დღეს საერთოდ გაუქმებულია. ეს იმის ბრალია, რომ პარლამენტს არ აინტერესებს, რას აკეთებს მთავრობა და - პირიქით. სხვათა შორის, როცა მთავრობას ვეძახდით, ძალოვანი სტრუქტურის მინისტრებიც მოდიოდნენ, დღეს კი ძალოვნებს ცალკე სამყარო აქვთ. ვფიქრობ, მათ თვითონ პარლამენტის წევრები არ იწვევენ, რადგან თითოეულ დეპუტატს საკუთარი ბიზნესი და დიდი კუდი აქვს. რაც შეეხება გარემოს დაცვის მინისტრს, რომელიც საკომიტეტო მოსმენებსაც არ ესწრება, მისი სამინისტრო ისეთი კორუმპირებულია, პასუხი მისთვისაც უნდა მოეთხოვათ. ალბათ, მისი შემცვლელი ჯერ ვერავინ იპოვეს, ამიტომ გამოაცალეს მთელი სამინისტრო და სასაცილო მინისტრად დატოვეს. ხაჩიძეს თვითონ უნდა ჰქონდეს იმდენი ღირსება და თავმოყვარეობა, რომ ადგეს და წავიდეს”.

 

თემა აქტუალურად არ მიაჩნია “რესპუბლიკელ” დავით ბერძენიშვილს, ამიტომ პარლამენტის სეხნია თავმჯდომარეს ლაკონურად აკრიტიკებს:

 

“რომელ  უპრეცედენტობაზეა საუბარი, ეს საპარლამენტო ცხოვრების შემადგენელი ნაწილი და ჩვეულებრივი ამბავია. ყველა მოწვევის პარლამენტში მთავრობის წევრებს არათუ პარლამენტის სხდომებზე, არამედ ფრაქციებსა და კომისიებში იწვევდნენ. ეს თემა დღეს აქტუალურად საერთოდ არ მიმაჩნია. სახელისუფლებო მედია დღესაც და ამ სხდომებიდან დიდი ხნის განმავლობაშიც ეცდება, ამ თემით ქვეყანაში რეალური პრობლემები  გადაფაროს. გამაგებინეთ, ვინ დაარქვა ამ პროცესს უპრეცედენტო, ბაქრაძემ?! მისთვის შეიძლება მართლა უპრეცედენტოა იმიტომ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ჰქვია, თუმცა ვერ თავმჯდომარეობს”.

 

სამაგიეროდ, ბაქრაძე ასე იოლად ხელიდან “თავისუფალ დემოკრატებში” გადაბარგებულ რომან კუსიანს ვერ დაუსხლტა:

 

“ესეც ნაციონალური მოძრაობისთვის დამახასიათებელი ავადმყოფობაა - “პირველად საქართველოში”. არადა, ყველა გამოცდილ პარლამენტარს უნდა ახსოვდეს ყოველ მეორე კვირაში “მთავრობის საათის” არსებობა. დღევანდელი გადმოსახედიდან, მთავრობასაც ერთი ფოსტალიონი ჰყავს პარლამენტში და - პრეზიდენტსაც. აი, ამ ორი ფოსტალიონის, ორი თეთრი მტრედის, საპარლამენტო და საპრეზიდენტო მდივნების იმედადაა დღეს საკანონმდებლო ორგანო, რომელიც ნოტარიუსის ფუნქციას ასრულებს და სადაც მხოლოდ შავ კანონპროექტებს ეზიდებიან. და ეს მაშინ, როცა არსებობს პრეცედენტი, როგორ შეძლო პარლამენტმა და კვირაიას იმპიჩმენტი გამოუცხადა უკანონო მოსმენების გამო.

 

პარლამენტარიზმის ისტორია ჟვანიას შექმნილია და დღეს იგი ხელის ერთი მოსმით ინგრევა. არც ის მახსოვს, აქამდე პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის კაბინეტიდან სასწრაფოებით წაეყვანოთ. ხალხში სასაცილო ვერსია რომ გაავრცელეს, ბაქრაძეს თირკმლის უკმარისობა ჰქონდაო, ბარემ იმის რეცეპტიც გაავრცელონ, ასე სწრაფად რით განვკურნოთ თირკმლის უკმარისობა.

 

დღეს დეპუტატები სამინისტროებში საშვის გარეშე რომ ვერ შედიან, მსგავსი არაფერი მახსოვს. პრაქტიკულად, არსებული პრობლემები მინისტრებამდე ვერ მიაქვთ. შოუს უმთავრესი ელემენტი კი ამ მოსმენების ბოლოს გათამაშდება, როცა მთავრობაში ძალოვანი მინისტრების, როგორც კანონიერი ქურდების პრეზენტაცია მოხდება. ისინი, როგორც ჩანს, შოუს საბოლოო შედეგებს თვალს ზემოდან გადაავლებენ. და ბოლოს, ამ სხდომების ჩატარება ორი თემის, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისა და სალოცავებთან დაკავშირებით თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულების გადაფარვის მცდელობაა”. 

 

ბურჯანაძის თანაპარტიელი გია კობახიძე დღემდე “სახალხოობის” ერთგულია. 95-99 წლების პარლამენტში სახალხო პარტიის წევრი ამჯერად სახალხო კრების ტრიბუნიდან საუბრობს:

 

“საქართველოში პარლამენტი, ბრჭყალში უნდა მოვიხსენიოთ, რადგან ასეთი ორგანო არ არსებობს. მთავრობა კი განტევების ვაცებითაა დაკომპლექტებული. სიტუაცია კომიკურია, რადგან ღიად ითქვა, რომ ქვეყნის რეალური მმართველები, ანუ ძალოვანი უწყების მინისტრები ამ დებატებში მონაწილეობას არ მიიღებენ. ამიტომ ასე ვიტყვი: პარლამენტი დღეს მკვდრადშობილი ორგანოა, რომლის გაცოცხლების იოტისოდენა იმედიც აღარ არსებობს. აღმასრულებელი ხელისუფალნი კი ე.წ. პადსტავნოი მინისტრები არიან, ამიტომ მთავრობის მისვლა პარლამენტში შეიძლება “მკვდარზე ვენოკად” მოვნათლოთ. ნამდვილად ორი მკვდარი აეკიდა ერთმანეთს! წინა მოწვევების პარლამენტში გუნდის შიგნით ორი ძალა ჰყავდათ - კორუმპირებული ძველები და რეფორმატორი ახალგაზრდები და ერთმანეთში რაღაცის გათამაშებას მაინც ახერხებდნენ, ახლა ესეც გამოირიცხა. გარდა ამისა, არ არსებობს სუბიექტი სახელად “საპარლამენტო უმცირესობა”, რადგან მან ხმა ამ კონსტიტუციას მისცა და ე.წ. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების ფარსში მონაწილეობს”.

 

“სამთავრობო საათის” არსებობა “მემარჯვენე” დავით გამყრელიძესაც ახსოვს და ღრმადაა დარწმუნებული, რომ ადეიშვილ-მერაბიშვილი გილაურს აქეთ იბარებენ:

 

“ხელისუფლებას დასჭირდა თავისი წარუმატებლობა და კრიზისი პიარით გადაფაროს და აჟიოტაჟი ატეხა, ეს რა უპრეცედენტო რამ ხდებაო. არადა, ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, მაგალითად, ბრიტანეთში, ეს ყოველკვირეული პრაქტიკაა და საქართველოს პარლამენტშიც ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ჩვენ ყოველი კვირის ბოლოს “სამთავრობო საათი” გვქონდა, როცა სხვადასხვა დარგის მინისტრებს ძირითადად ოპოზიცია ვიწვევდით, ან მათთან კითხვებს ვგზავნიდით და შემდეგ სხდომებზე მათი სერიოზული გაწურვა მიდიოდა. ასე იყო ნაციონალური მოძრაობის მოსვლამდე. ვერ ვხვდები, რატომ არიან ამ თუნდაც პიარის გამონაკლისი ძალოვანი მინისტრები. ალბათ, მეტყველების პრობლემა აქვთ.

 

ყველაზე ხშირად პარლამენტის ტრიბუნასთან სწორედ ძალოვნები უნდა იდგნენ, რადგან ისინი ეკონომიკაში, ბიზნესსა და შემოსავლებში ყველაზე აქტიურად ერევიან. შს და იუსტიციის მინისტრებს  განსაკუთრებული სტატუსები აქვთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ პრემიერზე მეტი ძალა აქვთ და, რეალურად, ნაბიჯებს აქეთ კარნახობენ. ადეიშვილი-მერაბიშვილი გილაურის დავალებით არსად გამოცხადდებიან და პარლამენტს ანგარიშს არ ჩააბარებენ. ალბათ, თვლიან, რომ პიარიც აღარ სჭირდებათ. დანარჩენებს ბევრს ნუ მოვთხოვთ, ნურც ხაჩიძეს, რადგან არცერთი მათგანი საკუთარ თავს არ ეკუთვნის. მინისტრების ავტონომიურობა ნულის ტოლია და სპიკერის ფუნქციამდეა დასული. სამწუხაროდ, დღეს მინისტრებს პრეზიდენტი მხოლოდ გარეგნობით არჩევს”.