„ნიკა რურუა ჯაბას მეგობარი იყო და არა - მხედრიონელი

„ნიკა რურუა ჯაბას მეგობარი იყო და არა - მხედრიონელი"

18 წლის წინ, 1991 წლის 22 დეკემბერს თბილისში დაწყებული ძმათა სისხლისმღვრელ ომს 6 იანვარს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიერ თბილისის დატოვება მოჰყვა, თუმცა სისხლიანი მოვლენები ამით არ დასრულებულა. რაოდენ მძიმეც უნდა იყოს მისი გახსენება, ალბათ მაინც უნდა გავიხსენოთ, მით უმეტეს, რომ ის ტრაგიკული დღეები, რომლებმაც ქვეყანას დიდი დაღი დაასვა და მისი ბედი უკუღმა დაატრიალა, სწორედ ახალი წლის დღეებში ხდებოდა. ამ მოვლენებში ერთი–ერთი გადამწყვეტი როლი შეიარღებულმა დაჯგუფებამ, "მხედრიონმა" ითამაშა, რომლის ამჟამად ცოცხლად გადარჩენილ წევრთაგან ერთ–ერთი დოდო გუგეშაშვილია. მასთან საუბარი 1991 და 1992 წლების გასაყარი ღამის გახსენებით დავიწყეთ.

დოდო გუგეშაშვილი:

– ვერ გეტყვით, რომ იმ ახალი წლის ღამეს ამაღლებული განწყობა იყო. ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი, როგორც მაშინდელი ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მომხრეები, ქუჩაში იყვნენ. ოპოზიციის ნაწილმა ახალი წელი ყოფილი "იმელის" შენობაში გაითენა, ნაწილმა – სასტუმრო "საქართველოში", გამსახურდიამ თავისი გარემოცვით – პარლამენტის ბუნკერში. ეს იყო ტრაგიკული ახალი წელი.

ჯერ ისევ ახალი წლის დღეები იყო, ზვიად გამსახურდიათავის თანამოაზრეებთან ერთად პარლამენტის შენობა რომ დატოვა. ფრიად არასასიამოვნო კადრებია, როცა მხარზე ავტომატგადაკიდებული ქართველი ბიჭები პარლამენტის შენობის წინ ამას შამპანურით აღნიშნავენ.

– ყველანი დარწმუნებულები ვიყავით, რომ გამსახურდიას წასვლით დამთავრდებოდა საქართველოს ისტორიაში ერის დაპირისპირების სისხლიანი ქრონიკა, თუმცა ასე არ მოხდა. თბილისში დაწყებულმა მოვლენებმა დასავლეთ საქართველოში ჰპოვა გაგრძელება. სოხუმის დაცემის შემდეგაც კი ზვიადისტური დაჯგუფებები აფხაზებთან, ჩეჩნებთან და სხვა ჩრდილოკავკასიელებთან ერთად დასავლეთ საქართველოში ჩართულები იყვნენ სამოქალაქო დაპირისპირებაში. სოხუმის დაცემამდეც გადაკეტილი იყო სამეგრელო, არ უშვებდნენ ქართულ ჯარს აფხაზეთში. მოლოდინი, რომ 6 იანვარს გამსახურდიას საქართველოდან წასვლით დასრულდებოდა სამოქალაქო დაპირისპირება, არ ახდა. მას შემდეგაც ბევრი ახალგაზრდა, ორივე მხრიდან, შეეწირა სამოქალაქო დაპირისპირებას.

მაშინ თუ ელოდით, რომ გამსახურდიას შემდეგ საქართველოში შევარდნაძეს ჩამოიყვანდნენ?

– ჩვენი სასახელო ინტელიგენციის ნაწილი იმ მდგომარეობიდან, რაშიც მაშინ ქვეყანა იყო, გამოსავალს შევარდნაძის ჩამოსვლაში ხედავდა. ჩვენი დამოუკიდებლობა მაშინ მხოლოდ ჩეჩნეთმა და სომხეთმა ცნო. ამ ხალხმა ჩათვალა, რომ შევარდნაძის ავტორიტეტი უშველიდა, რომ დასავლურ სამყაროს საქართველოს დამოუკიდებლობა ეცნო. ასეც მოხდა.

ამ ხალხში იყო ჯაბა იოსელიანიც?

– ბატონ ჯაბასთან მოდიოდნენ ცნობილი ადამიანები და ეუბნებოდნენ, რომ შევარდნაძე აუცილებლადაა ჩამოსაყვანიო.

თქვით, რომ "მხედრიონს" ყველა მოვლენაზე გაქვთ პასუხი. სამოქალაქო ომში მონაწილეობაზე რას იტყვით?

– იმ დროისათვის უკვე არსებობდა გამსახურდიას მმართველობით გამოწვეული უკმაყოფილება. გამსახურდია ყველა მასთან არამყოფ ძალას ერის მოღალატეებად და სუკ–ის აგენტებად რაცხავდა, ინტელიგენციას "წითელს" უწოდებდა. რუსთაველის ერთ მხარეს კარვების ქალაქი იყო, მეორე მხარეს, ოპოზიცია. "მრგვალი მაგიდის" შიგნითაც მოხდა განხეთქილება. პრემიერმინისტრი, რამდენიმე სხვა მინისტრი და ეროვნული გვარდიის მეთაური ოპოზიციაში გადავიდნენ. ქვეყანა იზოლაციაში იყო, დაიწყო ოპოზიციის გაშმაგებული დევნა. დააპატიმრეს გიორგი ჭანტურია, მამუკა გიორგაძე, ვანო ხუხუნაიშვილი, გოგა ხაინდრავა, ჯაბა იოსელიანი და სხვები. ტელევიზიის და უნივერსიტეტის კიბეებზე იმართებოდა ჟურნალისტების და პროფესორ–მასწავლებლების აქციები.

ასეთ ვითარებაში, 4–5 ოქტომბერს, მთავრობის სასახლის მხრიდან პირველი ტყვია გავარდა ოპოზიციის მიტინგის მიმართულებით. ამ ტყვიას შეეწირა ახალგაზრდა კაცი, სხვათა შორის, ხელისუფლების მომხრე. მრავალათასიანი მიტინგების ერთადერთი მოთხოვნა იყო "გადადექი!".

ამ ყველაფერმა გაათენა ის ავბედითი 22 დეკემბერი. შემდეგ ბუნკერში მყოფთა ნაწილი გამოვიდა ბუნკერიდან. დასავლეთ საქართველოდან ჩამოიყვანეს ხალხი პრეზიდენტის დასაცავად. ამან უფრო გაამწვავა სიტუაცია. გამსახურდია ერთი პერიოდი მოლაპარაკებაზე თანახმა იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, გარემოცვამ არ მისცა საშუალება და უარი განაცხადა.

არ ნანობთ, რომ თავის დროზე ასეთ პროცესებში ჩაერთეთ?

– სამოქალაქო ომს გულისხმობთ? ეს არის ჩემი ცხოვრების ტკივილიანი ბიოგრაფია და ყველა მხარისთვის ასე უნდა იყოს, თუმცა დღესაც ვთვლი, რომ, სადაც ვიდექი, იქ უნდა ვყოფილიყავი. ეს არ ნიშნავს, რომ მეამაყება სამოქალაქო ომში მონაწილეობა. რაოდენ გაუსაძლისიც უნდა იყოს ხელისუფლება, არასწორი – მისი პოლიტიკა, თუ არის საშიშროება, რომ ტყვია გავარდება, ჯობია, არჩევნებს დაველოდოთ.

ძმათამკვლელი ომი ქვეყანაში 6 იანვარს არ დასრულებულა. იმ პერიოდში "მხედრიონის" თარეში დღესაც ბევრს ახსოვს.

– სამოქალაქო ომი დიდი ტრაგედიაა. ასეთ დროს ქვეყანაში უკონტროლო ვითარებაა. არამხოლოდ სამთავრობო და არასამთავრობო ჯარები ერთვებიან პროცესში, ასევე ადამიანები, რომლებიც არც ერთ მხარეს არიან, მაგრამ ხელს ითბობენ. რაც შეეხება სამოქალაქო ომის დროს ჩადენილ დანაშაულობებს, დამერწმუნეთ, თანაბრად იყო ჩადენილი, როგორც წინა ხელისუფლების, ისე მომდევნო ხელისუფლების მომხრეების მხრიდან. ყველაზე მეტი იმ გაურკვეველი დაჯგუფებების მხრიდან იყო, რომლებიც ყველგან მოქმედებდნენ და ამბობდნენ, რომ მხედრიონელები იყვნენ.

მხედრიონელების რამდენიმე წევრი დღეს პოლიტიკაშია, მაგალითად, ნიკა რურუა.

– რურუა მხედრიონელი არასოდეს ყოფილა. მისი მამა, მხატვარი ვახტანგ რურუა, იყო სულგანათლებული ბატონი ჯაბას მეგობარი. ჰქონდათ ოჯახური ურთიერთობაც და ნიკას ყოველთვის ჰქონდა პირდაპირი მეგობრობა როგორც ბატონ ჯაბასთან, ისე მხედრიონელებთან და არამხედრიონელებთან. "მხედრიონში" მიღებას წესები ჰქონდა. იყო რამდენიმე ადამიანი, ვინც რეკომენდაციას უწევდა პიროვნებას და შემდეგ რეკომენდატორი იყო პასუხისმგებელი ამ პიროვნებაზე. აუცილებელი იყო ფიცის მიღება. საოცარი ფიცი გვაქვს. გვიწერია, რომ არ დავუშვებთ ქვეყანაში დიქტატურას და შევეწირებით ქვეყნის კეთილდღეობას და ერთიანობას. 800 ღირსეული ვაჟკაცი შეეწირა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

ირინა სარიშვილმა პირდაპირ ხელი დაადო ძმებ რურუებს, გიორგაძემ სარწმუნო ფაქტები მითხრა, რომ გია ჭანტურია ძმებმა რურუებმა მოკლესო.

– სარიშვილს თავის დროზე აქვს გაკეთებული განცხადება, რომ გია იგორ გიორგაძემ მოკლა, შემდეგ – თემურ ხაჩიშვილმა. ჯაბა იოსელიანმაც იცოდა ჭანტურიას მკვლელობის შესახებო. დასახელდა ვარდიკო ნადიბაიძეც, შოთა კვირაიაც. ნადიბაიძე გია ჭანტურიას არ იცნობდა და მერე კითხულობდა, ვინ არის, რატომ უნდა მომეკლაო. მახსოვს, როგორი განადგურებული იყო ბატონი ჯაბა, როცა გია ჭანტურიას დაღუპვის ამბავი გაიგო. ძალიან უყვარდა, თუმცა ინტრიგების გამო ბოლო დროს ისეთი ურთიერთობა აღარ ჰქონდათ, როგორც ადრე. სანამ ქალბატონი ირინა რურუაზე ასეთ განცხადებას გააკეთებდა, უნდა გადაემოწმებინა და გაიგებდა, რომ ნიკა იმ დროს საქართველოში აღარ იმყოფებოდა. უკვე ამერიკაში იყო წასული. არ ვიცი ირინასი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გიორგაძის ნებისმიერი "სარწმუნო" ფაქტები, დაუჯერებელი და არასარწმუნოა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის.

ირაკლი ალასანიაზეც დადის ხმები, მხედრიონელი თუ "კულინართა საძმოს" წევრი იყოო. ამაზე რა ინფორმაცია გაქვთ?

– "მხედრიონი" სხვაა და საძმოები – სხვა. "კულინართა საძმო" და არც ერთი საძმო, გლდანის საძმოს გარდა, "მხედრიონში" არ ყოფილა. აფხაზეთის ომის და შემდგომ პერიოდში რამდენიმე საძმო შეიქმნა და ეს ახალგაზრდა, ემოციებით და ჯანით სავსე ბიჭები, სამწუხაროდ, ისე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომ დიდი მსხვერპლი გამოიწვია. რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, შეიძლება ჰქონდა და უდავოდ ექნებოდა პირადი ურთიერთობა იმ ბიჭებთან, რომლებიც ციდან ჩამოფრენილები არ იყვნენ, მაგრამ თვითონ მასზე არასდროს გამიგია, რომ "კულინართა" ან რომელიმე საძმოს წევრი ყოფილიყო.

ახლა როგორი განწყობაა თქვენს ორგანიზაციაში არსებული ხელისუფლების და ოპოზიციის მიმართ?

– ჩვენი ასოციაციის, "საქართველოს მხედრიონის მეომარ ვეტერანთა კავშირის" თითოეული წევრი თავისუფალია თავის ქმედებაში. თვითონ ორგანიზაცია აქტიურად არაფერშია ჩართული. რაც შეეხება პირადად ჩემს დამოკიდებულებას, მინდა ვიკითხო, რომელ ოპოზიციაზე საუბრობთ, რომელიც გუშინ ხელისუფლება იყო თუ იმაზე, მოვდივარ და მე ამირჩიეთ, რადგან კარგი ბიჭი ან გოგო ვარო? არ მწამს ასეთი ოპოზიციის, რაღა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება. არც ამ ხელისუფლების მწამს. მექმნება შთაბეჭდილება, რომ არც ერთ მხარეს ახსოვს, რომ დღესაც ვანიას ჩექმის ქვეშაა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.

მხოლოდ ქვეყნის სულიერი მამის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის მწამს. სამწუხაროდ, ისტორია მეორდება. სანამ სამოქალაქო ომი დაიწყებოდა, უწმინდესის წინააღმდეგ სერიოზული მოძრაობები იყო. ბროშურებიც გამოდიოდა. სამოქალაქო ომის შემდეგ ზვიადისტების მიტინგებზე ერთ ხელში დუდაევის სურათები ეჭირათ, მეორეში უწმინდესის გადახაზული სურათები. იყო შემთხვევები, როცა სექტანტების ბრბო მიეჭრა საპატრიარქოს, მოინდომეს ჩაქოლვა და მაშინ ერთმა ქვამ ქეთი დოლიძეს თავი გაუტეხა. იყო ბევრი უკეთური გამონათქვამი. ეს მეორდება. ვიღაც არსებები საქართველოში ყველაზე დიდ ავტორიტეტზე უკეთური გამოსვლებით თუ სტატიებით ცდილობენ საკუთარი არსებობის დადასტურებას. სამწუხაროდ, ამის მოწმენი ისევ გავხდით.

ბოლო დროს პოლიტიკური სიტუაცია რამდენჯერმე ისე იყო წკიპზე, სამოქალაქო ომამდე ცოტაღა დაგვაკლდა. ღმერთმა დაიფაროს ასეთი ვითარებისგან, მაგრამ თუ ჩაერთვება მასში "მხედრიონი"? 

- ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ სამშობლოს დასაცავად, მაგრამ ისეთ სიტუაციაში, რაც თქვენ თქვით, "მხედრიონს" შეუძლია მხოლოდ შუაში ჩადგეს. ჩვენმა თაობამ გაიარა ის ტრაგედია, სირცხვილი, უბედურება, რასაც სამოქალაქო ომი ჰქვია და ეს არ უნდა განმეორდეს! ამას ქვეყანა ვეღარ გადაიტანს და სამშობლოს წინაშე ორივე მხარე იქნება მტყუანი.