რამდენიმე წლის წინ, როდესაც ინგა გრიგოლიას (ჯერ კიდევ) თოქ-შოუ ჰქონდა (ჯერ კიდევ) ცოცხალი ბადრი პატარკაციშვილის “იმედში”, ხელისუფლებიდან “გამოჟონა” ინფორმაციამ, რომ ჰოლივუდისთვის (ჯერ კიდევ “ივერიის” წინ მდგომი) დავით აღმაშენებლის შესახებ ფილმი უნდა დაეკვეთათ. ბევრი იკამათეს მაშინ სცენარისტებმა და კინორეჟისორებმა, უბრალო და კარის მწერლებმა, მაგრამ საბოლოოდ ფილმის გადაღებამდე საქმე არ მივიდა.
სამაგიეროდ, სააკაშვილის შესახებ ფილმის გადაღებაზე გავრცელებულ ანონსს არავითარი ვნებათაღელვა არ მოჰყოლია. 2009 წელს ჩვენი ყოჩაღი ოპოზიცია სააკაშვილის სახლში გაშვებას გეგმავდა და ფილმი ვიღას ახსოვდა! სხვადასხვა წყაროს მიხედვით “აგვისტოს ხუთი დღე” 35 თუ 40 მილიონი დოლარი დაჯდა და თუმცა საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფდა დაფინანსებაში მონაწილეობას, ფილმის პომპეზური პრემიერა და მისი საქველმოქმედო გაგრძელება თვალნათლივ მოწმობდა, თუ ვინ იყო იქ დამკვეთი და ვინ - შემსრულებელი.
ნუ ვილაპარაკებთ ფილმის მხატვრულ ღირსებებზე. მას უკვე თვით ლიბერალურმა ინტელექტუალურმა ელიტამ გამოუტანა განაჩენი. ნურც რენე ჰარლინის (ლაური რენე ჰარიოლას) მოღვაწეობის ანალიზს შევუდგებით. მისი შემოქმედების გვირგვინი კაციჭამია ზვიგენები და საავტომობილო რბოლებია. ნურც ჰალსტუხის ჭამის არშემდგარ კინოვერსიას შევეხებით (გასტრონომიულ თემას მოგვიანებით მივუბრუნდეთ). არც საგრძნობლად მოსუქებულ ველ კილმერსა და მოსკოვიდან “ბარემ” ჩამოყვანილ შერონ სტოუნზე ღირს ყურადღების გამახვილება: ეს უფრო ძირითადი კერძის გარნირის მოვალეობას ასრულებდა.
გაცილებით უფრო საინტერესოა, შევადაროთ, როგორ იქცეოდა ქართული პოლიცია 26 მაისსა და 5 ივნისს. კინემატოგრაფი იცნობს ტექნოლოგიას, რომელსაც პარალელური მონტაჟი ჰქვია. მისი ჩემპიონი ეიზენშტეინი იყო (რენე ჰარლინთან რა მოსატანია!). პარალელურ მონტაჟში ჩინებულად გამოჩნდებოდა, რომ თუ 26 მაისს იმავე ადგილზე ადამიანებს თავ-პირი დაუჩეჩქვეს და სისხლი ადინეს, 5 ივნისს სისხლისფერ ხალიჩასა და შეგროვებულ ხალხს შორის ლითონის ღობურები დადგეს და ჰოლივუდის ვარსკვლავებს ახლოს არ მიაკარეს თაყვანისმცემლები. პოლიციამ ისიც მოახერხა, რომ კინოთეატრიდან საკმაოდ მოშორებით რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი “გააუვნებელყო”, ანუ მანქანებში ჩატენა და სასწრაფოდ გაარიდა იქაურობას. ექსცესები არ ყოფილა.
რატომ არ იმოქმედა პოლიციამ თუნდაც ასევე 26 მაისის ღამეს?
ზღაპრები “არასანქცირებული” მიტინგის შესახებ გვერდზე გადავდოთ, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა არ იცნობს ამგვარ ცნებას. ისინი, ვინც ამ ტერმინს იყენებენ, მეოცე საუკუნის 80-იან წლებში არიან ჩარჩენილი. უკანასკნელად ამ მოტივით 1989 წლის 9 აპრილის ბარბაროსული დარბევის გამართლება სცადეს საბჭოთა გენერლებმა. 26 მაისს პოლიციის აგრესიული ქცევის მიზეზი მარტივია: მისი მიზანი არ იყო მხოლოდ მოედნის გაწმენდა აღლუმისთვის, მიზანი ობერლეიტენანტ ჰანს კლოსისა არ იყოს, “სიცოცხლეზე მეტი” იყო - ქუჩაში გამოსულთა სამაგალითო დასჯა და ანგარიშსწორება. ამ ყოველივეს გვირგვინად სისხლშეუმშრალ ქვაფენილზე შაბაშის მოწყობა იქცა, რომელიც ჩვენს თვალწინ ჯერ 26 მაისის აღლუმზე, შემდეგ კი 5 ივნისის პრემიერაზე გადაიშალა. დიქტატორებიც კი ერიდებიან სამხედრო პირების სიმრავლეს აღლუმების დროს, სააკაშვილის ზურგსუკან კი მხოლოდ კურსანტები ისხდნენ. ბრწყინვალების ორდენებით საგანგებო დაჯილდოება კიდევ ერთი ჩაფურთხება იყო სულში იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რამდენიმე საათის წინ უმოწყალოდ ცემეს ზუსტად ამ ადგილზე. და ეს არ იყო მხოლოდ ხელისუფლების “დამსახურება”. ხალხს სულში “ბრწყინვალე” ორდენოსნებმაც ჩააფურთხეს.
ჩვენი ხელისუფლების არჩევანი რენე ჰარლინზე შემთხვევით არ შეჩერებულა. ისიც მათსავით ზედაპირულია, მისთვისაც მუტანტი-ზვიგენების გამოყვანაა უფრო საინტერესო, ვიდრე ცოცხალი ადამიანების ცხოვრება და სიკვდილი. ადამიანები მხოლოდ ზვიგენის საკვების როლს ასრულებენ.
ჩვენი ხელისუფლებაც ხომ როგორც კინოში, ისე ცხოვრობს. მათ წარმოსახვაში მორიგი დუბლის შემდეგ ქუჩაში დახვრეტილი ადამიანი ფეხზე უნდა წამოდგეს და ვითომ არც არაფერი ყოფილა, ისე გააგრძელოს ცხოვრება. მაგრამ ცხოვრება კინო არ არის. სინამდვილეში სანდრო, ბუტა, გიორგი, სხვები და სხვები ვეღარ წამოდგებიან.
ფილმი, რომლის პრემიერა ხელისუფლებამ ასე პომპეზურად აღნიშნა, ისეთივე მდარე სცენარითაა გადაღებული, როგორც სხვა “ფილმები”, ყოველდღიურად რომ გვიჩვენებენ ნაციონალური არხების საინფორმაციო გამოშვებებში. ამ “ფილმების” სიუჟეტი ძირითადად შეთქმულებებს ეძღვნება, თუმცა მათ შემქმნელებს რომ უსმინო, მათ “შეთქმულებების თეორიების არ სჯერათ”. არ სჯერათ, როცა საქართველოს წინააღმდეგ მათ შეთქმულებას ამხელს ვინმე, სამაგიეროდ ურყევად სწამთ, რომ მათ წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობს ყველა, მათივე ვიწრო წრის გარდა, რომელიც თავს ამ ქვეყნის ბატონ-პატრონად მიიჩნევს.
26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ყინწვისში დააკავეს ახლადშექმნილი “ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის” 23 წევრი, რომელთაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით წაუყენეს (შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად).
ერთ-ერთი ადვოკატის განცხადებით, პროკურატურა ამტკიცებს, რომ ეს 23 კაცი დაუკავშირდა ერთმანეთს, რათა ჩამოეყალიბებინათ შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც მერე ცხინვალის ტერიტორიიდან შემოიყვანდა დაახლოებით 2000 კაცს. ისინი იქნებოდნენ ქართულ ფორმებში ჩაცმული, ქართულად მოლაპარაკე, ოღონდ რუსი ჯარისკაცები (!) და დაეხმარებოდნენ სახელმწიფო გადატრიალებაში. ნიკა გოგუაძე (“ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის” თავმჯდომარე) აღიარებით ჩვენებაში აცხადებს, რომ მაისის დასაწყისში მათ მოსკოვში მიიღეს დავალება შეექმნათ “ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობა”, რომლის ძირითადი ფუნქციაც იქნებოდა ნინო ბურჯანაძის და ბადრი ბიწაძის მიერ გამართული საპროტესტო აქციების მხარდაჭერა.
ამ სასწრაფოდ შექმნილი ორგანიზაციის სახელწოდებაც საინტერესოა; ტერმინის სახით ეროვნულ-სარწმუნოებრივი იდეოლოგია და მოძრაობა რამდენიმე წლის წინ შემოიტანა ბესარიონ გუგუშვილმა, რომელიც ინტერნეტ-რესურს „პრესა. გე“-ს გარშემო დატრიალებული სკანდალის შემდეგ, მარტში უეცრად ამ საიტის ბლოგერი გახდა. შეგახსენებთ, რომ საიტი დამფუძნებელთა ჯგუფმა იანვარში ხმაურით დატოვა და განაცხადა, რომ იგი შსს-ს კონტროლს ქვეშ გადავიდა.
ერთი სიტყვით, იდეოლოგიის ავტორი ზვიად გამსახურდიას დევნილი მთავრობის თავმჯდომარეა, პოლიტბიურო - სააკაშვილის მიერ განდევნილი პოლიტიკოსები და ძალოვანები, ხოლო აღმსრულებლები - საზოგადოებისთვის ნაკლებად (ან თითქმის) უცნობი პიროვნებები, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლებაში მომყვან პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და ორგზის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ეხმარებიან! ჩვენს სამშობლოს რომ არ ეხებოდეს, საკმაოდ სახალისო ვოდევილის ხასიათს ატარებს ეს ყოველივე.
ამ სცენართან შედარებით “აგვისტოს ხუთი დღე” ყოველგვარ ინტრიგასა და მასშტაბს არის მოკლებული. სამაგიეროდ. ქართული ნიჭი იგრძნობა იმაში, თუ როგორ მოგვაწოდეს ჰოლივუდის ვარსკვლავების თბილისში ჩამოსვლა: “რენე ჰარლინი თვითმფრინავიდან გადმოსვლისთანავე ქართულ მიწას ემთხვია”! “შერონ სტოუნმა ქართული ჩირი და ჩურჩხელა გასინჯა”!
ეს თავგანწირვა ქართველმა ხალხმა უთუოდ უნდა დაუფასოს შერონ სტოუნს, რადგან იგი დიაბეტით არის დაავადებული და 2001 წელს გადატანილი ინსულტის შემდეგ კატეგორიულად არ ეკარება შაქარს, მაკარონს, თეთრ პურს, ბრინჯსა და კარტოფილს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ შერონმა ჩირი და ჩურჩხელა მოსკოვში მირთმეულ ხიზილალიან ბლინებსა და პელმენებს დააყოლა, მთელი ამ კინოაბსურდის დრამატურგია გასაგები გახდება.
რუსთაველის თეატრში საქველმოქმედო საღამოზე ბილეთების ფასი 5-დან 10.000 დოლარამდე მერყეობდა. სულ 1,5 მილიონი ლარი შეიკრიბა. “ეს თანხა მთლიანად მოხმარდება აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს” - ამაყად გვამცნეს ნაციონალურმა არხებმა. დიახ, მხოლოდ ჩვენს ხელისუფლებას შეუძლია, 40 მილიონი დახარჯოს “მოგებული ომის” მთავარსარდლის უკვდავსაყოფად, ხოლო დაღუპულთა ოჯახებს ქველმოქმედთა ხელიდან მილიონნახევარი ლარი უბოძოს!
ვიდრე ეს ქველმოქმედნი კულინარიის დარგში სამგზის “ოსკაროსან” ალან პასარის მიერ მომზადებულ დელიკატესებს აგემოვნებდნენ, სოსო ჯაჭვლიანი მცხეთის იზოლატორში შიმშილობდა და უკვე 16 კილოგრამი ჰქონდა დაკლებული.
რუსთაველის მცირე დარბაზი ეკვადორიდან საგანგებოდ ჩამოტანილი 4 ფერის 7.000 ვარდით გააფორმეს, ოღონდ სააკაშვილისთვის არავის უყვირია, გადადექიო! საინტერესოა, ნინო ბურჯანაძეს რომ 10.000 დოლარიანი ბილეთი ეყიდა, ერთი ვარდიც აეღო ხელში და სააკაშვილისთვის ამ უზნეობის პარადის ჩატარებაში შეეშალა ხელი, იქნებ შედეგი უკეთესი ყოფილიყო, ვიდრე 26 მაისს?
“კრავთა დუმილი” საქართველოში უკვე დაირღვა. არც შერონ სტოუნია ჯოდი ფოსტერი და არც ჩვენი ხელისუფლება - ისეთი მარადიული, როგორც თავად წარმოუდგენია. ძროხებმაც კი იციან თავისიანის სისხლის ფასი. ერთხელ სოფელში გასაოცარი ფაქტის შემსწრე აღმოვჩნდი: ძროხებმა განწირული ბღავილით აიკლეს სოფელი, მთელი დღე გაუჩერებლად ბღაოდნენ, ადამიანს არ იკარებდნენ. მოხუცებმა ამიხსნეს, რომ ვიღაცას ხბო დაუკლავს, ტყავი და თავ-ფეხი კი დაუმარხავად დაუყრია. ამიტომ ბღაოდნენ ასე განწირულად ძროხები.
ინსტინქტიაო, ვინმე იტყვის. იქნებ ასეც იყოს, მაგრამ “ძირითადი ინსტინქტი” სინამდვილეში გვარის გაგრძელებაა და არა სექსი, რომლის სიმბოლოდაც ჰოლივუდმა შერონ სტოუნი 1992 წელს აქცია. ვინც ამ ორ ცნებას შორის განსხვავებას ვერ ხედავს, მისთვის სააკაშვილის ძირითადი ინსტინქტი 2008 წლის აგვისტოსა და წლევანდელი 26 მაისის შემდეგაც უცნობი ყოფილა.