საქართველოს პარლამენტი ამ დღეებში გია თორთლაძის მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავს, რომელსაც თავისუფლების ქარტია ჰქვია. პროექტში გაერთიანებულია თორთლაძის მიერ პარლამენტში ადრე ინიცირებული კანონპროექტი ლუსტრაციის შესახებ და "პატრიოტთა აქტი", რომლებსაც დაემატა მესამე – საბჭოთა ბოლშევიკური სიმბოლოების აკრძალვა.
თავისუფლების ქარტიის ის ნაწილი, რომელშიც ლუსტრაციაზეა საუბარი, საბჭოთა სპეცსამსახურების თანამშრომლებისთვის, კომუნისტური პარტიისა და კომკავშირის მაღალჩინოსნებისთვის თანამდებობრივი შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. "პატრიოტთა აქტში" ჩადებულია მუხლები სტრატეგიული შენობა–ნაგებობების დაცვაზე, შემოსული ტვირთების და დიდი რაოდენობით ფინანსური გადარიცხვების მონიტორინგზე.
სახალხო ფრონტის თავმჯდომარე ნოდარ ნათაძე ერთ–ერთი პირველი იყო, ვინც ლუსტრაციის კანონის შემოღების აუცილებლობაზე დიდი ხნით ადრე ლაპარაკობდა. ის ამ იდეით კმაყოფილია, მაგრამ ამბობს, რომ მასში ორი პირობის გათვალისწინებაა აუცილებელი.
ნოდარ ნათაძე:
– ლუსტრაცია აუცილებელია. დღემდე იმიტომ არაა გაკეთებული, რომ თვითონ ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს აქვთ დიდი სტაჟი კაგებე–სა და სხვა საბჭოთა ორგანოებში მუშაობის. ლუსტრაციას ორი რამ უშლის ხელს. ჯერ ერთი, არქივი საქართველოდან წაღებულია და მეორე, ვისაც საქართველოში რამე ხელეწიფება, თვითონ არიან არასანდო ადამიანები. ვისაც თვითონ უნდათ, იმას მოუგონებენ აგენტობას ან პირიქით, მის წარსულს დამალავენ. კანონით უნდა იყოს გათვალისწინებული, საბჭოთა პერიოდში ჩადენილი რომელი ქმედებები ითვლება დანაშაულად. შეიძლება რასაც შენ უთვლი დანაშაულად, იმდროინდელი კანონით დამნაშავე სულაც არაა. ამიტომ ამის გაკეთებას ჭკუა სჭირდება. მაშინდელი კანონით, მეზობელს თუ რაღაც საეჭვოს შეამჩნევდი, უნდა დაგებეზღებინა. ახლა რომ გამოარკვიო კაცი, რომელიც მეზობლებს, თანამშრომლებს აბეზღებდა და დასახვრეტად უშვებდა და გასამართლება დაუპირო, ის კაცი გეტყვის, მე ამას კანონი მავალდებულებდაო. ამიტომ უნდა განისაზღვროს მორალური მოთხოვნები, რასაც ის ძველი ჩეკისტი და აგენტი არღვევდა.
ფარული აგენტების გამომზეურება საზოგადოებაში დაპირისპირებას არ გამოიწვევს?
– იმის პატიება, რასაც ეს ხალხი აკეთებდა, არ შეიძლება. ეს არის ღვთისა და საზოგადოების წინაშე ჩადენილი დანაშაული. ცოცხალია თუ მკვდარი, ყველა უნდა გასამართლდეს! არის ტექნიკური დაბრკოლებებიც – ინფორმაციის მოპოვება ადვილი არაა. საქართველოს დღესაც რუსული ფეესბე და გრუ მართავს. საქართველოს ხელისუფლება დღეს რუსული აგენტურაა. ვინც 1992 წლიდან ხელისუფლებაშია, ყველა აგენტია. ეს არის სიმსივნე, რომელიც უნდა ამოიკვეთოს, მაგრამ ამის გაკეთება ძალიან რთულია. ამიტომ ორი რამის დადგენაა აუცილებლია – კანონში უნდა ჩაიწეროს, რა ითვლება დანაშაულად საქართველოს სახელმწიფოს წინაშე და მეორე, ეს უნდა გააკეთოს სასამართლომ.
ცოტა ხნის წინ ერთ–ერთ ინტერნეტსაიტზე დაიდო ერთი ცნობილი მწერლის წერილი მაშინდელი ცკ–ის მდივნისადმი, რომელშიც დაგეგმილ დანაშაულზე აფრთხილებდა. ის მწერალი დღეს ოპოზიციაშია და მისი გამომზეურების მიზეზი ალბათ სწორედ ესაა. შეიძლება თუ არა, ეს კანონი ხელისუფლებამ ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენოს?
– რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ ოპოზიციაში მყოფი აგენტიც ისევე უნდა გამომჟღავნდეს, როგორც ხელისუფლებაში მყოფი მინისტრი.
გამორიცხულია, რომ თავისი დამალონ, სხვას კი ცილი დასწამონ?
– არაა გამორიცხული. როცა ხელისუფლებაა აგენტურული, როცა სასამართლო არ არსებობს, როცა კორუფცია და სახელმწიფოში დიქტატურაა, რასაკვირველია, ეს ყველაფერი შეიძლება თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ. მაგალითად, არავინ იტყვის, რომ ჟვანიას გუნდის ყოფილი წევრები თავიდან ბოლომდე რუსეთის ხალხია. იტყვიან, რომ ვიღაც სხვა არის, მაგალითად, ნინო ბურჯანაძე ან ზურაბ ნოღაიდელი, მაგრამ როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, მაშინ არ იტყოდნენ, რუსეთის აგენტები არიანო. მანამდე არ იცოდნენ, რომ რუსეთის აგენტები იყვნენ?!
თვლით, რომ ბურჯანაძე, ნოღაიდელი და ჟვანიას ყოფილი თანაგუნდელები რუსეთზე მუშაობენ?
– ვფიქრობ კი არა, ვწერ და ამის არგუმენტებიც მაქვს – მათი ქმედებები. სამწუხაროდ, არქივებზე ხელი არ მიმიწვდება. დასკვნებს მათი კონკრეტული ქმედებებიდან გამომდინარე ვაკეთებ.
ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, განსაკუთრებით ხელისუფლება, ისეთი ახალგაზრდაა, წესით, მასში საბჭოთა აგენტები არ უნდა იყვნენ.
– საბჭოთა კავშირის აგენტურული კავშირები გრძელდება. კაგებე, გრუ კარგად მუშაობს. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების წევრები რუსეთის აგენტები არიან, ამას ხაზს ვუსვამ!
ამ კანონის მიღების შემთხვევაში, კომუნისტური პარტიის და კომკავშირის ყოფილ პირველ პირებს დაუწესდებათ გარკვეული თანამდებობრივი ცენზი. მათ შეეძლებათ, იმუშაონ არჩევით ორგანოებში, მაგრამ აღმასრულებელში – არა.
– კომკავშირი უბრალოდ კარიკატურა იყო, პარტიული ორგანოები – ქურდობის და მაიმუნობის ორგანო. ის ხალხი იმის გამო კი არ უნდა გასამართლდეს, რომ რაღაც თანამდებობები ეკავათ, არამედ იმისთვის, რაც დააშავეს. მაგალითად, თუ რაიკომის მდივანი ატარებდა კამპანიას, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იყო მიმართული, უნდა დაისაჯოს, როგორც საქართველოს მოღალატე. საბჭოთა საქართველოში 72 ათასი ადამიანი დახვრიტეს, მათში არაქართველი თითქმის არ ერია, ასე რომ, ეს პოლიტიკა სწორედ ქართველი ერის გენოფონდის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამ სახის დანაშაულზე დღეს არავინ ლაპარაკობს.
ბატონო ნოდარ, როგორ ფიქრობთ, რამდენად აუცილებელია, საბჭოთა სიმბოლიკის ხელაღებით ნგრევა?
– მტრის სიმბოლიკა არ ინგრევა, ინახება, როცა ის რაღაც კულტურულ ღირებულებას წარმოადგენს. მაგალითად, საქართველოს მტრები იყვნენ მაზდეანები, მაგრამ თუ სადღაც აღმოვაჩინეთ ცეცხლთაყვანისმცემლობის ტაძარი, იმას არ ვანგრევთ. როცა თალიბებმა ააფეთქეს კლდეში გამოსახული ბუდას ქანდაკებები, ეს ბარბაროსული აქტი იყო, მაგრამ საბჭოთა სიმბოლიკაში არავითარი კულტურული ღირებულება არაა. უნიჭოდ გამოჩორკნილი ნამგალი და ურო ყველგან იყო, მაგრამ კულტურულ ღირებულებასთან რომ ყოფილიყო დაკავშირებული, ასეთი შემთხვევა არ ვიცი. თუ უნიჭოდ გაკეთებული სიმბოლიკები ამოიკვეთება, ამით კულტურა არაფერს დაკარგავს.
ის პერიოდი მაინც ხომ არის ქვეყნის 70 წლიანი ისტორია?
- საბჭოთა პერიოდის საქართველოს ისტორიაში საბჭოური სულისკვეთებით არავითარი ღირებულება არ შექმნილა – არც ლექსი, არც მოთხრობა, არც ფერწერული ტილო და ა. შ. ეს ყველაფერი ბლეფი იყო და ეს უკვე ფაქტია. საქართველოში საბჭოთა სიმბოლიკა გასანადგურებელია, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მტრულია და მეორე, მასში არანაირი ღირებულება არ არის.