რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე ერთ–ერთი იშვიათთაგანია, რომელიც ჩეკისტების გასამართლების პროცესს ესწრებოდა.
ბატონო გიგა, როგორ მოხვდით ჩეკისტების სასამართლო პროცესზე?
- ჩეკისტების გასამართლება აუცილებელი იყო. ჩემი ბიძის – ევგენი მიქელაძის მეუღლე, ქეთუსია ორახელაშვილი, ულამაზესი ქალბატონი, 37 წლის ცნობილი დაპატიმრებების შემდეგ ახალი დაბრუნებული იყო გადასახლებიდან. მან ამ სასამართლოზე დასასწრებად მიწვევა მიიღო. თვენახევრის განმავლობაში გამართული სხდომები ახლანდელ რკინიგზელთა სახლში მიმდინარეობდა. პირველივე სხდომიდან თითქმის გულშეწუხებული გამოიყვანეს, განაცხადა, იქ წამსვლელი აღარ ვარო და თავისი საშვი დამითმო. ასე ვესწრებოდი ჩეკისტთა გასამართლებას და ყოველი სასამართლო სხდომის ბოლოს ვფიქრობდი, აქ აღარ მოვალ–თქო. თვითმკვლელობამდე ვიყავი მისული იმ შეგრძნების გამო, თუ სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანის ზნეობა. მაშინდელი ჩეკისტები იყვნენ ბობოლები – რუხაძე, რაფავა, წერეთელი, ხაზანი, საგამოძიებო განყოფილების უფროსი კრემიანი ცნობილი სადისტი გახლდათ.
ამ პროცესს საინტერესო ამბავი უძღოდა, რასაც ჩემი უახლოესი მეგობარი, ნატა ვაჩნაძის უფროსი ვაჟი თენგიზ ვაჩნაძე შეესწრო. იგი მაშინდელი ცხაკაიას ქუჩის კუთხეში ცხოვრობდა. ერთხელაც სახლში ღამის 3 საათზე ბრუნდებოდა, შევჩენკოს ქუჩასთან საზარელი რამ შენიშნა, კგბ–ს შენობის წინ იდგნენ ბობოლები, უკვე ფეხზე დგომით დაღლილიყვნენ და ტროტუარზე ჩამომსხდარიყვნენ, ეტყობა, ოთახში შესვლისა და საუბრის ეშინოდათ, რადგან ყველაფერი ისმინებოდა, ამიტომ ქუჩაში ამჯობინეს ლაპარაკი. მათ აშკარად ეტყობოდათ აღელვება, ცხადი იყო, რაღაც ხდებოდა. მართლაც, მეორე დღეს ისინი დაიჭირეს, ყველა მათგანს დახვრეტა მიუსაჯეს. მთელ ამ სასამართლო პროცესს რუდენკო ხელმძღვანელობდა, ისეთი მოწმეები მოჰყავდათ, რომ ვერ წარმოიდგენდით, ადამიანი ასეთ საშინელებას თუ ჩაიდენდა.
ერთ–ერთმა მოწმემ, გვარად თოდუამ, რომელიც ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი რექტორი იყო და გადასახლებაც იწვნია, სასამართლოს მოუყვა, რომ პატიმრებს ჯგუფ–ჯგუფად ასწრებდნენ ერთმანეთის დაკითხვას, რათა ენახათ, რა ელოდათ და წინდაწინ შიში გასჩენოდათ. თოდუა ევგენი მიქელაძის დაკითხვას დასწრებია. გამომძიებელმა კრემიანმა დუბინკით რომ დაუწყო ცემა, ევგენის ყურებზე აუფარებია ხელები. ცნობილია, მსგავს შემთხვევაში ადამიანი სახეზე იფარებს ხელებს, ამიტომ კრემიანს გაუკვირდა, შეჩერდა და ამის მიზეზი იკითხა. ევგენიმ უთხრა, დირიჟორი ვარო. გამომძიებელს არ ესმოდა, რას ნიშნავდა ტერმინი "დირიჟორი", მაშინ ევგენიმ აუხსნა, რომ მუსიკოსი იყო. ამის თქმაზე თოფის საწმენდი რკინა გაუყარა ყურში.
აქვე მოვისმინე ჩვენება იმის შესახებ, თუ ბერიას შეკვეთით როგორ ამოხოცეს ცოლ–ქმარი. ჩინეთში საბჭოთა კავშირის ელჩი უნდა დანიშნულიყო. ჩინეთი პირველი სახელმწიფო იყო, რომელთანაც საბჭოეთს ყველაზე ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ამდენად, ეს ძალიან დიდ თანამდებობას ნიშნავდა, ფაქტობრივად, მინისტრის შემდეგ მეორე პოსტად ითვლებოდა. ჩინეთის ელჩად მოლოტოვს საკუთარი კანდიდატურა ჰყავდა, ბერიას – საკუთარი. მაგრამ მოლოტოვის კანდიდატურამ გაიმარჯვა. თურმე იმ კაცს რევმატიული მოვლენები აწუხებდა და ჩინეთში გამგზავრების წინ ცოლთან ერთად წყალტუბოში დასასვენებლად ჩავიდა. მაშინვე მათი მოკვლის განკარგულება გაიცა. მოაწყვეს ავტოკატასტროფა, რამაც ორივე შეიწირა.
სასამართლო სხდომაზე ირკვეოდა, რა დღეში იყვნენ პოლიტპატიმრების ცოლები, რომლებიც სრულიად მოუმზადებლები გახლდნენ გადასახლებისთვის. მსგავსი მასშტაბით წამება თვით ინკვიზიციის დროსაც არ ყოფილა, რაც საქართველოში რამდენჯერმე მოეწყო. პირველი იყო !924 წლის აჯანყების ჩაქრობის დროს, როცა ქაქუცა ჩოლოყაშვილმა გაასწრო და ემიგრაციაში წავიდა, მეორე – !929–30–იან წლებში, ამას მოჰყვა 37 წლის არნახული მასშტაბის რეპრესია, რომელსაც კულტურის, მეცნიერებისა და რელიგიურ მოღვაწეთა გარდა, დიდი ბობოლებიც შეეწირნენ, რომლებმაც ერთმანეთის გაჟუჟვა გადაწყვიტეს.
ერთგან წერდით, რომ ჩეკისტები ჰიტლერის "მაინ კამპის" მიხედვით მოქმედებდნენ, სადაც ჰიტლერი არ მალავდა, რომ უნდა განადგურებულიყო ინტელიგენცია, რაც ხალხზე ბატონობას გააადვილებდა.
– ჩეკისტებს წაკითხული არც ექნებოდათ ჰიტლერის "მაინ კამპი", რადგან ისინი წიგნიერნი არ იყვნენ, მაგრამ ზუსტად ჰიტლერისეულ მეთოდებს იყენებდნენ. ჰიტლერს უწერია, რომ, პირველ რიგში, უნდა განადგურდეს ერის ინტელიგენცია, როგორც მისი გონიერი ნაწილი, რის შემდეგაც ყველაფერი ადვილად მისაღწევი იქნება. საბჭოთა რეპრესიებიც უპირველესად ერის საუკეთესო შვილებს ეხებოდა,
37 წლის რეპრესიები მისი წინამორბედებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ ერთმანეთს პოლიტიკოსები დაერივნენ და პოლიტიკური ელიტაც განადგურდა. ამ ამბავში მოჰყვნენ ლევან ღოღობერიძე, ცნობილი ჩეკისტი და ჯალათი, გეგეჭკორი და სხვები. 37 წლის მსხვერპლი გახდნენ პაოლო იაშვილი, რომელმაც თავი მოიკლა, ტიციან ტაბიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, საშა ახმეტელი. ამ ფანტასტიკურმა რეჟისორმა მოსკოვში გასტროლებზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მახსოვს, მოსკოვში ჩემმა მასწავლებელმა პოპოვმა ორი ლექცია საშა ახმეტელის შემოქმედებას მიუძღვნა. !7 სტუდენტიდან, რომლებიც ლექციას ვესწრებოდით, ვინმეს რომ დაებეზღებინა პოპოვი, მასაც დააპატიმრებდნენ, არადა, ჩვენი აღტაცებული ლექტორი ახმეტელის გენიალურობაზე საუბრობდა, დაწვრილებით გვიყვებოდა, როგორ ჰქონდა გადაწყვეტილი სპექტაკლი, როგორ თამაშობდნენ ხორავა, ვასაძე და სხვები. ამ ყველაფერმა კი ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, მოსკოვის გასტროლების შემდეგ ამერიკაში საგასტროლოდ წასვლის საკითხი დადგა, თუმცა, ბერიას ინიციატივით, ეს გასტროლები მოიხსნა. ბერიამ სტალინს მისწერა წერილი, რომ არ ენდობოდა ახმეტელს, მის ჯგუფს, რომლებიც ამერიკაში დარჩებოდნენ, თავს მოჭრიდნენ საბჭოთა კავშირს. ბოლოს კი გაანადგურეს ეს დიდებული პიროვნება.
ვინც სანდრო ახმეტელი მატარებელთან მიაცილა, ის მსახიობებიც დახვრიტეს?
- ყველა არ დაუხვრეტიათ. საშა ახმეტელის გარდა, დახვრიტეს ლაღიძე, ვანიკო აბაშიძე, ელგუჯა ლორთქიფანიძე – შესანიშნავ მსახიობთა დასი, დანარჩენები გადაასახლეს, საიდანაც ზოგიერთი არც დაბრუნებულა. სხვათა შორის, იმ პროცესზე საინტერესო ამბავი მოხდა. ყოფილ ჩეკისტებს როცა წესისამებრ ჰკითხეს, რას მოითხოვთ სასამართლოსგანო, ყველამ პატიება და შენდობა ითხოვა, საშინელ ჯალათს – რუხაძეს გულიც წაუვიდა, დახვრეტა როცა მიუსაჯეს, ერთადერთი გამონაკლისი მოროზოვი იყო. იგი ყოფილი ფეხბურთელი გახლდათ, დინამოს ძირითად შემადგენლობაში ჯერ არ თამაშობდა, მაგრამ დუბლებში იწვევდნენ, კარგი მონაცემები ჰქონდა. მოროზოვი კარგი შესახედავი ახალგაზრდა კაცი იყო, იგი წამოდგა და განაცხადა – საბაკამ საბაჩია სმერტ, ე.ი. არ გაუპროტესტებია, რაც ელოდა, შემდეგ მოკლედ მოჰყვა საკუთარი ისტორია. იგი უპატრონო ბავშვთა სახლში იზრდებოდა, მიიჩნევდა, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ გაზარდა, ბავშვთა სახლშივე აღმოაჩნდა ფეხბურთის ნიჭი, შეამჩნიეს, დინამოში გადაიყვანეს, დაუნიშნეს ხელფასი. ჩეკისტად წასვლა რომ შესთავაზეს, თავი ბედნიერად იგრძნო, რადგან მისი საფიცარი საბჭოთა ხელისუფლება და სტალინი იყო. იგი ამბობდა, მთელი შეგნებით წავედი, რომ უნდა ვებრძოლო საბჭოეთის მტრებს, მაგრამ მალე დავრწმუნდით, რომ ეს იყო ადამიანთა განადგურება და ისინი მტრები არ ყოფილან. ვერ მოვიქეცი ისე, როგორც ჩემი მეგობარი, ცნობილი ფეხბურთელი აბაშიძე, რომელსაც ბერიასთან თათბირის დროს ისტერიკა დაემართა, ყვიროდა, რა გვინდა, რატომ ვანადგურებთ ამ ხალხსო, ის ჩემ თვალწინ აწამეს და მოკლეს, მე ვერ მოვიქეცი, როგორც ჩემი მეგობარი ასლამაზოვი რომელმაც ამ ყველაფერს ვერ გაუძლო და მეოთხე სართულიდან გადმოხტა. მე ეს ვერ შევძელი, ამიტომ ძაღლური სიკვდილი მერგებაო.
ერთადერთი მოროზოვი იყო, რომელიც ამდენ ბობოლებში კაცურად მოიქცა. ის იმდენად ნიჭიერი იყო, რომ თავის დროზე ბერიამ მოსკოვში წაიყვანა, იქ მუშაობდა საგამოძიებო განყოფილების უფროსად. სხვათა შორის, როცა რუდენკომ წამების იარაღები ამოიღო და რუხაძეს უთხრა, აი, რა მზადდებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა კომისარიატში ადამიანთა საწამებლადო, რუხაძემ მიუგო, ამ იარაღებს დააკვირდით დამღაზე, რაც ადასტურებს, რომ მოსკოვშია დამზადებულიო.
დამსწრეთა შორის ბევრი იყო ამ ჯალათების მსხვერპლთა ოჯახის წარმომადგენელი, თუ მომხდარა ექსცესები?
- არა, ვინმეს ხმა რომ ამოეღო, მაშინვე გააძევებდნენ, ხმამაღლა ტირილიც არ შეიძლებოდა. პროცესს ნაწამებთა ცოლ–შვილი ესწრებოდა, ვისაც თითო–ოროლა საშვი მისცეს. ნაწილობრივ, ეს სასამართლო სხდომები საჩვენებლად იყო მოწყობილი, რათა საზოგადოებაში სამართლიანობის განცდა დაენერგათ. სინამდვილეში, სხდომებს აწყობდნენ ისეთივე ჯალათები, როგორც თუნდაც რუდენკო იყო, რომლებიც ჩეკისტებზე უკეთესები არც ყოფილან.
მამათქვენი დიდხანს დაუსხლტა ჯალათებს, ბოლოს მასაც მიაგნეს. მისი რეპრესია როგორ მოხდა?
- მამა დარწმუნდა, რომ მის გარშემო წრე შეიკრა, ახლობელი, მეგობარი აღარ დაუტოვეს, რეპრესია რომ არ შეხებოდა. ამიტომ გამორიცხული იყო, მამაჩემიც არ დაეჭირათ. მამამ განაცხადა, მე მაგათ ციხეში არ ჩავჯდებიო და წავიდა. დიდხანს იმალებოდა, ხან შუა აზიაში იყო, მოსკოვშიც ჩავიდა, იქ ისეთი არეული მდგომარეობა იყო, დამალვა შეიძლებოდა. როცა !2 წლის ასაკში ხიდან ჩამოვვარდი და ღია ჭრილობის გამო განგრენა დამემართა, ათარბეგოვის ქუჩაზე მდებარე ბავშვთა საავადმყოფოში ვიწექი. მძიმე მდგომარეობა მქონდა, არავინ იცოდა, კიდევ განვითარდებოდა თუ არა განგრენა, თუ დაავადება ზევით წავიდოდა, ეს იმ დროს უეჭველ სიკვდილს ნიშნავდა. მახსოვს, დედა ჩემს ლოგინთან იჯდა, ფანჯარასთან კი შესანიშნავი ქირურგი, პროფესორი ჭეიშვილი იდგა, რომელმაც გამსინჯა და, როგორც ჩანს, ფანჯარასთან ფიქრობდა, რა ზომები მიეღო. ამ დროს კარი გაიღო და მამაჩემი შემოვიდა. ამ დროს მას საქართველოში არავინ ელოდა, რადგან იმალებოდა. როგორც გაირკვა, ჩემი ამბავის შესახებ მეგობრებმა შეატყობინეს, ბაქოში ყოფილა და ჩემ გამო ჩამოვიდა. დაჯდა ლოგინზე, მომისვა ფეხზე ხელი, მითხრა, მაგრად იყავი, ვაჟკაცი ხარ, უნდა გაუძლოო.
მთელი ამ ხნის მანძილზე ჭეიშვილი არ მობრუნებულა, კვლავ ფანჯარაში იყურებოდა. დედაჩემმა მამას ჩხუბი დაუწყო, ახლავე წადიო, რადგან შეუძლებელი იყო, ვინმეს არ დაენახა, ძალით გააგდო ოთახიდან. მანქანაში მეგობრები ელოდებოდნენ. როგორც ჩანს, მამას ნერვებმა უმტყუნა და ყვირილი დაიწყო, მეგობრებმა ძალით ჩატენეს მანქანაში. წავიდა თუ არა, რამდენიმე წუთში კარი გაიღო და კგბ–ს სამი თანამშრომელი, ჩეკისტები შემოვიდნენ. დედაჩემს ჰკითხეს, თქვენი ქმარი აქ იყოო? დედამ – არავინ ყოფილაო. ერთ–ერთი ოქროსკბილებიანი ჩეკისტი ლოგინზე ჩამომიჯდა, ბიძიკო, მამაშენი იყო აქაო? ამ დროს ჭეიშვილი მიბრუნდა და ეუბნება, მე თქვენ გიკრძალავთ ბავშვთან ლაპარაკს, რადგან მძიმე მდგომარეობაშიაო. ისიც უცებ წამოდგა, პროფესორი ბრძანდებითო? აქ არავინ ყოფილაო? ჭეიშვილმა უთხრა, ბავშვი მძიმედ არის, ორი საათი აქ ვარ და არავინ ყოფილაო. ამით თავი გაწირა. ჩეკისტებმა ბოდიში მოიხადეს, რადგან ვერ წარმოიდგინეს, რომ პროფესორი ამისთანა ტყუილს იკადრებდა და გავიდნენ. დედაჩემი მივარდა, ხელზე დაუწყო კოცნა პროფესორს, მან გამოგლიჯა ხელი, არ გინდა, დამანებე თავიო, გატრიალდა და გავიდა. ალბათ, უკანასკნელი შანსი დაიტოვა, თითქოს არაფერი დაენახა. მადლობა რომ მიეღო, ეს ნიშნავდა, რომ მომხდარი დამალა.
პროფესორი ჭეიშვილი ჩემთვის საოცარ პიროვნებად დარჩა, რომელმაც უცხო ადამიანებისთვის თავი გაწირა. სხვათა შორის, ნოდარ დუმბაძესაც აქვს ერთ–ერთ მოთხრობაში, ჩეკისტს ოქროს კბილები ჰქონდაო. ვერ გეტყვით, გამოიყენა ჩემი მონაყოლი თუ თვითონაც მსგავსი შეემთხვა. ამდენად, რეპრესიების წლები არამარტო ბოროტების, გმირობის წლებიც იყო. ტიციან ტაბიძესა და პაოლო იაშვილის უახლოესი მეგობარი, გენიალური პოეტი ბორის პასტერნაკი მაგონდება. ტიციანი რომ დააპატიმრეს, "ზარია ვოსტოკას" გამომცემლობის დირექტორ ზლატკინს დაურეკა და ტიციანის ლექსების მისეული თარგმანისთვის გამოყოფილი !7 ათასი მანეთის გადაცემა სთხოვა ნიტა ტაბიძისთვის. მაშინ ეს დიდძალი ფული იყო, პასტერნაკმა უთხრა ზლატკინს, ვიცი, ნიტა ამ ფულს არ აიღებს, თავმოყვარე ქალია, ჩემი ჰონორარი მიუტანე, უთხარი, ვითომ ტიციანს ერგებოდა გამოცემისთვისო. ზლატკინმაც ვაჟკაცურად შეასრულა პასტერნაკის დავალება.
მამათქვენი ვინ დაასმინა?
- მამამ 6 წლის მანძილზე მოახერხა დამალვა, მაგრამ მოსკოვში დააპატიმრეს, ქართველმა დაასმინა, გვარად მესხმა. მამას პასპორტი სჭირდებოდა, ვადა გაუვიდა მის პასპორტს, მესხმა უთხრა, მე გაგიგრძელებ ვადასო, გამოართვა პასპორტი, მეორე დღეს თავზე დაადგნენ და დააპატიმრეს მამაჩემი და არკადი ქუთათელაძე, შესანიშნავი პიროვნება, მოსკოველი ქართველი. მამასთან ერთად ისიც შეეწირა რეპრესიებს. მამაჩემი პროფესიით მეტყევე–ინჟინერი იყო, იმიტომაც დაისაჯა, რომ გვარად ლორქიფანიძე იყო.
1924 წლის აჯანყების შემდეგ რეპრესიები რომ დაიწყო, იმ დროს მამა, დედა და 2 წლის მარიკა სოფელ ქვიტირში მამაჩემის ძმასთან იყვნენ ჩასულნი, თბილისში წამოსასვლელად სამტრედიაში სადგურის ქუჩასთან იდგნენ, რათა მატარებელზე ასულიყვნენ. ამ დროს დაიწყო უბედურება, ხალხს ვაგონში ტენიდნენ, ვაგონები ქალაქგარეთ გაჰყავდათ, ძირითადად ჭიათურის რაიონში და ტყვიამფრქვევებით პირდაპირ ვაგონებს ცხრილავდნენ. ამის შემსწრე ხალხი ყვებოდა, დახვრეტილთა სისხლი ნატყვიარებიდან შადრევანივით მოდიოდაო. ვაგონები გადაჭედილი იყო. უცებ ჩვენებს საბუთების წარდგენა მოსთხოვეს, მამამ პასპორტი მისცა, ლორთქიფანიძე რომ ამოიკითხეს, წამობრძანდითო. ე.ი. თავადიშვილს ამ დროს აქ რა გინდაო, წაიყვანეს მამა. უეცრად დედაჩემმა დაინახა, რომ მოდიოდა ლევან ღოღობერიძე, რომელიც ამ ოპერაციას ატარებდა იმერეთში, მას რამდენიმე ჩეკისტი მოჰყვებოდა, ლევანი ჩვენი ახლობელი იყო, ნათესავადაც გვერგებოდა. დედაჩემი ყვებოდა, ისეთ დღეში ვიყავი, პირი გავაღე, უნდა დამეძახა – ლევან, მაგრამ ვერ დავიყვირეო. საბედნიეროდ, ლევანმა დაინახა, მოტრიალდა, რა გინდა აქო, დედაჩემმა უთხრა, დათიკო წაიყვანესო. ლევანი დედას დიდ პატივს სცემდა, მოსწყდა ადგილიდან, გავარდა და 15–20 წუთში მამა გამოუშვა. მოგვიანებით უკვე თბილისში უთხრა დედაჩემს, შენი იღბალი, რომ ვერ დამიძახე, თორემ ვერ დაგეხმარებოდი, რადგან ვინც მახლდნენ, გაიგებდნენ, რომ ჩემი ახლობელი ხარო. ლევან ღოღობერიძეც ტრაგიკული ბედის იყო.
მშობლები თუ გინერგავდნენ რელიგიის სიყვარულს?
- ახლა იოლად ვსაუბრობ ამ თემაზე, ჩემი თაობის ბავშვი ეკლესიაში ვინმეს რომ ენახა, სკოლიდან გააგდებდნენ. 6–7 წლის ვიქნებოდი, როცა ჩუმად მოიყვანეს მღვდელი და ჩვენთან, სახლში მომნათლეს. ნათლობას ჩემი მშობლების რამდენიმე მეგობარი ესწრებოდა. ჩემი ნათლიები შესანიშნავი პიროვნება, მამის მეგობარი დათიკო დათეშიძე და ასევე ცნობილი კრიტიკოსის – ბესარიონ ჟღენტის და, ექიმი ანეტა ჟღენტი, კარგი ქალბატონი, გახლდნენ. მაშინ ნათლიასა და ნათლულს შორის ახლო ურთიერთობა იყო, მშობლების შემდეგ ისინი ითვლებოდნენ ახლობლებად.
როგორც ვიცი, ევგენი მიქელაძის ხათრით მუსიკაზეც დადიოდით.
- დიახ, ევგენი მიქელაძე და დედაჩემი ბიძაშვილები იყვნენ, და–ძმასავით ერთ სახლში იზრდებოდნენ, მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დედამ მარტომ გაგვზარდა მე და მარიკა, მიგვაღებინა უმაღლესი განათლება. დღეს რომ არ ვარ მუსიკოსი, იმის ბრალია, რომ ძია ჟენია, ასე ვეძახდით ბატონ ევგენის, ნაადრევად განადგურდა. ტრაბახად ნუ ჩამითვლით, ამბობდა, ფანტასტიკური სმენა აქვს, ასეთი სმენის მქონე ბავშვი არ მინახავსო. მისი დაჟინებული მოთხოვნით მუსიკაზე დავდიოდი ანასტასია ვირსალაძესთან, ელისო ვირსალაძის ბებიასთან. იგი საუკეთესო პედაგოგად ითვლებოდა, დღესაც ვუკრავ როიალზე და ვმღერი. მოგვიანებით ომი დაიწყო, შიმშილი, მატერიალური გაჭირვება გადავიტანეთ. თანაც ვერაზე გავიზარდე, ქუჩის ბიჭებში და მუსიკას გულს ვეღარ დავუდებდი. ვინც მუსიკას სწავლობდა, სირისტიანებს ეძახდნენ ვერელები. მიუხედავად ამისა, ჩემს აზროვნებასა და განცდაში მუსიკა ერთ–ერთ ძირითად პროფესიად დარჩა, ძალიან მიყვარს მუსიკა.