საქართველოთი ამერიკელი საზღვაო ქვეითები დაინტერესდნენ

საქართველოთი ამერიკელი საზღვაო ქვეითები დაინტერესდნენ

კვირას, გვიან საღამოს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა ჯარების სარდალი, ოთხვარსკვლავიანი გენერალი მაიკლ ჰეიგი ჩამოფრინდა, რომელიც, იმავდროულად ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალთა შტაბის წევრთა და ოპერატიული დაგეგმარების მიმართულებას ხელმძღვანელობს.

თავისთავად, ასეთი რანგის ამერიკელ სამხედროთა ჩამოსვლა ჩვენს ქვეყანაში არავის გაჰკვივრებია. რუსული პრესაც კი, ასე თუ ისე, შეეგუა რეალობას, თუმცა, ჰეიგის სტუმრობასთან დაკავშირებით, რამდენიმე ისტერიულად ანგაჟირებული „ნიუსი“ მაინც გავიდა რუსეთის სატელევიზიო ეთერში.

უპირველეს ყოვლისა, რუსი მედიატექნოლოგები, რომლებიც დიდი ხანია, საინფორმაციო დივერსიებს ახორციელებენ ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციისათვის, ამ ვიზიტს ირანის წინააღმდეგ ამერიკული აგრესიის განხორციელებას უკავშირებენ, რასაც თითქოსდა, ამერიკა საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიებიდან გეგმავს.

უნდა ითქვას, რომ ამ პროვოკაციამ მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო -  ამიერიდან საქართველოში ნებისმიერი ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნის ჩამოსვლა აუცილებლად გამოცხადდება „ანტიირანული კოალიციის შექმნის მცდელობად“, რასაც საბოლოო ანგარიშით, ერაყის მსგავსად, ირანში მმართველი რეჟიმის შეცვლა უნდა მოჰყვეს.

რუსული პრესა იქამდეც კი მივიდა, რომ ავრცელებს ინფორმაციას ირანის ავიაციის მიერ საქართველოს „პრევენციული დაბომბვის“ შესახებ. და ეს მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანაში რუსეთის ოთხი სამხედრო ბაზაა კვლავინდებურად განლაგებული და მათ გაყვანას, კრემლი, ყველაფრის მიუხედავად, როგორც ჩანს, არ აპირებს.

ირანის ოფიციალური წყაროები ამ ცნობას, რასაკვირველია, უარყოფენ და „მშვიდობისმყოფელურ“ განცხადებებს ავრცელებენ, მაგრამ ისიც ცხადია, რომ სამხრეთ კავკასიაში ამერიკული სამხედროების გამოჩენა თეირანს დიდად არ ეპიტნავება. მოსკოვმა კი მიაგნო შესანიშნავ საბაბს, რათა რეგიონში ნებისმიერი უცხო სამხედრო კონტინგენტის გამოჩენა არა მხოლოდ რუსეთის, არამედ სხვა რეგიონულ სახელმწიფოთა ინტერესების შელახვად და აგრესიის მზადებად გამოაცხადოს.

თუმცა, სინამდვილეში, სავსებით ობიექტური ცნობებით, მაიკლ ჰეიგის ვიზიტს არანაირი კავშირი არა აქვს ირანის პრობლემასთან. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს ვიზიტი დიდი ხნის წინათ დაიგეგმა. ასეთი დონის სამხედრო მოღვაწის ყოველი გადაადგილება, რა თქმა უნდა, გარკვეული დატვირთვის მატარებელია. ამერიკელებს, სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით, უდავოდ აინტერესებთ საქართველო, ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო. მაგრამ ეს უფრო სამომავლო, ჰიპოთეტურ განზრახულობათა სფეროს განეკუთვნება და კონკრეტულ ვითარებასთან ან ტაქტიკურ პრობლემებთან საერთო არაფერი აქვს.

წარმოუდგენელია, რუსეთ-ამერიკის ამჟამინდელი ურთიერთობების გათვალისწინებით, პენტაგონმა სერიოზულად დაგეგმოს და განიხილოს ობიექტურად რუსეთის სამხედრო-სტრატეგიული გავლენის სფეროში შემავალი რეგიონიდან ესოდენ მაშსტაბური აქციის განხორციელება. მაშინ, როდესაც მოგვწონს ეს თუ არა, საქართველოში კვლავინდებურად განლაგებულია რუსეთის სამხედრო კონტინგენტი - საკმაოდ სერიოზული შეიარაღებით, ხოლო სულ ახლოს (ჩეჩნეთში) საომარი მოქმედებები გრძელდება, რაც „ჩათრევის“ მექანიზმთა ამოქმედების საშიშროებას ქმნის.

ოღონდ, ეს დისპოზიცია ჭეშმარიტია დღევანდელი ვითარებისთვის. არავინ იცის ზუსტად, რა იქნება ათი წლის შემდეგ. ამდენად, ამერიკის სტრატეგიულ დაგეგმარებათა ცენტრებში, „ყოველი შემთხვევისთვის“ მაინც ამზადებენ შესაძლო მოქმედებათა სქემებს. გენერალ ჰეიგისა და სხვა ელიტარულ სამხედროთა სტუმრობა სწორედ ამისი გამოხატულებაა.

ვინაიდან თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე ამჟამად თურქეთში იმყოფება სამუშაო ვიზიტით, მაიკლ ჰეიგს საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი, ჯონი ფირცხალაიშვილი უმასპინძლებს.

ვიზიტის პირველივე დღეს ჰეიგი დახურულ კარს მიღმა შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს. მოინახულებს კრწანისის სამხედრო ცენტრს, სადაც ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები ქართველ რეინჯერებს წვრთნიან. გარდა ამისა, იგი დაათვალიერებს კოჯრის სასწავლო ცენტრს, სადაც, ნატოს სტრუქტურათა შესაბამისად, ფორმირებული ელიტარული ქვედანაყოფია განლაგებული.

მომდევნო დღეს გენერალი ჰეიგი მარნეულის აეროდრომს დაათვალიერებს. ეს აეროდრომი (რა თქმა უნდა, ამერიკელებთან შეთანხმებით) თურქეთის თავდაცვის სამინისტროს გამოყოფილი გრანტის მეშვეობით შეკეთდა და აღიჭურვა ყველა საჭირო მოწყობილობით, რათა ნებისმიერ დროს (მათ შორის ღამით) მიიღოს დიდი მოცულობის საჰაერო ხომალდები.

თუმცა, ეს ყოველივე მაინც ჰიპოთეტურ შესაძლებლობათა სფეროს განეკუთვნება, ვინაიდან დღევანდელი და, თუნდაც ხვალინდელი რეალობების გათვალისწინებით, ძნელად წარმოსადგენია, გენერალმა ჰეიგმა თავის ძლევამოსილ „საზღვაო ფეხოსნებს“ საქართველოში დესანტირება უბრძანოს სპარსეთის ყურეში განლაგებულ ავიამზიდებიდან.