გასული საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს რობაქიძემ დაწერა დრამა „ლამარა“, რომელიც სანდრო ახმეტელმა რუსთაველის თეატრში დადგა. წარმოდგენა თბილისში განსაკუთრებული წარმატებითა და ტრიუმფით მიმდინარეობდა. სწორედ ეს გახდა იმის მთავარი მიზეზი, რომ თეატრი გასტროლებზე იქნა მიწვეული მოსკოვში. „ლამარას“ დიდმა წარმატებამ და მის გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა თვით სტალინის ყურამდეც მიაღწია, რის შედეგადაც მან სურვილი გამოთქვა, წარმოდგენა ენახა. დათქმულ დროსა და დღეს თეატრმა დაიწყო წარმოდგენის ჩვენება, მაგრამ სტალინი იგვიანებდა. პირველი მოქმედება რომ დამთავრდა, თეატრში სტალინი გამოჩნდა. მან თეატრის ხელმძღვანელობას ბოდიში მოუხადა, რომ გადაუდებელი საქმეების გამო დააგვიანა. მისი დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, გაეგრძელებინათ სპექტაკლი, სანდრო ახმეტელმა აღადგენინა დეკორაციები და წარმოდგენა თავიდან დაიწყეს. დამთავრდა სპექტაკლი და მაყურებლებით გაჭედილი დარბაზი მხურვალე აპლოდისმენტებით ულოცავდა დიდ წარმატებას რეჟისორსა და მსახიობებს.
სტალინი სცენასთან მივიდა, მიულოცა ყველა ხელოვანს და გამოთქვა სურვილი რუსთაველის თეატრის ევროპაში საგასტროლოდ გამგზავრების შესახებ. მან იქვე დაუმატა, რომ, სანამ თეატრი გასტროლებზე წავიდოდა, მანამდე დრამის ავტორი გასცნობოდა ევროპას. სტალინს უნებლიედ გამორჩა, რომ გრიგოლ რობაქიძე ევროპას, განსაკუთრებით კი გერმანიას, კარგად იცნობდა, რადგან მან განათლება თავის დროზე გერმანიაში მიიღო.
ასე იყო თუ ისე, 1931 წელს გრიგოლ რობაქიძე თავის მეუღლესთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა, სადაც იგი 1945 წლის აპრილის ბოლომდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. მისი გამგზავრება გერმანიაში აბელ ენუქიძის ჩარევის შედეგად მოხდა.
1933 წლისთვის გერმანიაში ერთმანეთის მიყოლებით გამოვიდა გრიგოლ რობაქიძის სამი წიგნი: „ადოლფ ჰიტლერი უცხოელი მწერლის თვალით“, „მზით გაცისკროვნებული მუსოლინი“ და „ჩაკლული სული“. თუ პირველ ორ წიგნში, ფაშიზმის მოციქულები – ადოლფ ჰიტლერი („ფიურერი“) და ბენიტო მუსოლინი („დუჩე“) განდიდებული, გაღმერთებული და ცამდე არიან აყვანილნი, მესამე წიგნში ძალზე უარყოფითად, დაკნინებულად და ზიზღით არის დახასიათებული იოსებ სტალინი.
ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ პირველი ორი წიგნი, თვით ადოლფ ჰიტლერის განკარგულებით, იმჟამინდელი გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური (ნაცისტური) პარტიის ყველა წევრისთვის სავალდებულო სამაგიდო წიგნად გამოაცხადეს, ხოლო ჩვენთან, დიდი ხნის განმავლობაში ტაბუ ჰქონდა დადებული და „ჩაკლული სულის“ წაკითხვა, გასაგები მიზეზების გამო, აკრძალული იყო.
გრიგოლ რობაქიძის „ჩაკლულ სულში“ არის თავი, რომელიც მთლიანად სტალინს ეხება და ეწოდება „სტალინის ჰოროსკოპი“, სადაც მას სტალინის დახასიათებისთვის რამდენიმე „შედევრი“ აქვს მოყვანილი. აი, ისიც: „ლენინმა განსაკუთრებული სახელი უწოდა სტალინს – „ლეგენდარული ქართველი“. ლეგენდარული ჭარბად იყო სტალინში, ოღონდ ქართული – მეჩხერად. საქართველოში სტალინის ხასიათის თავისებურებას მისი წარმომავლობით ხსნიდნენ: მამამისი ოსი იყო“.
ჯუღაშვილის გვარის შესახებ რობაქიძეს თავისებური ინტერპრეტაცია მოჰყავს. მას თავის რომანში სიტყვა „ჯუღა“ ხშირად აქვს მოხსენიებული, სახელდობრ კი, აი, რას წერს: „ჩანს, ყველა ქართველს დაავიწყდა ამ სიტყვის მნიშვნელობა: „ჯუღა“ რკინის წიდას ჰქვია, რასაც სხვები „შლაკებს“ უწოდებენ“. შემდეგ: „პრესტიჟული ხვლიკის გაქვავებული თავი“ – ასე დაახასიათა ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა, რომელმაც, მგონი, არც კი იცოდა, როგორ ზუსტად მოარტყა მიზანს“, „სტალინი ნაბიჯებს კატასავით ნელა, რბილად დგამდა, თითქოს სურდა, რაღაცას დამალვოდა ან ვინმეს შეუმჩნევლად თავს დასხმოდა...“
ცნობილია, რომ იოსებ ჯუღაშვილის ბავშვობისა და ყრმობის მეგობარი იყო სოსო ირემაშვილი, რომელიც შემდგომ მენშევიკი გახდა და, ბუნებრივია, ჩამოშორდა სტალინს. იგი 1922 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გერმანიაში. 1931 წელს მან გერმანულ ენაზე გამოაქვეყნა წიგნი – „სტალინი და საქართველოს ტრაგედია“, სადაც ხაზს უსვამდა სტალინის ქართულ წარმოშობას და მის სიყვარულს საქართველოსადმი, ქართული ენისადმი. მოგვაქვს ნაწყვეტი სოსო ირემაშვილის წიგნიდან: „ჩვენ და ჩვენს მშობლებს სამშობლო და ქართული ენა ძალიან გვიყვარდა, მშობლების მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდით. რუსი მასწავლებლებისადმი ზიზღი იმდენად დიდი იყო, რომ მათზე შურისძიება ერთადერთ მოთხოვნილებად გვექცა“...
ქვემოთ მიმოვიხილავთ იოსებ სტალინის ქართული წარმოშობის ისტორიას: ჯერ კიდევ 1939 წელს სტალინის დაბადების 60 წლისთავის აღნიშვნამდე, დიდმა ქართველმა მეცნიერმა ივანე ჯავახიშვილმა სკურპულოზურად შეისწავლა, მოიკვლია და მეცნიერულად დაასაბუთა იოსებ ჯუღაშვილის გვარის ისტორიული წარმოშობის საკითხი, რის საფუძველზეც გააკეთა სრულიად ობიექტური და არგუმენტირებული დასკვნები. ივანე ჯავახიშვილი ამტკიცებს, რომ ჯუღაშვილების გვარი დაკავშირებულია ქიზიყის სოფელ ჯუგაანის სახელთან, რომ მის მიერ მოპოვებულ და შესწავლილ ყველა ისტორიულ ძეგლსა და სიგელ-გუჯარში გვხვდება მხოლოდ გვარი „ჯუგაშვილი“. ივანე ჯავახიშვილის აზრით, „ჯუგაშვილის“ ტრანსფორმაცია „ჯუღაშვილად“ მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში უნდა მომხდარიყო, როდესაც გასაგები მიზეზების გამო, საქართველოში დაიწყო რუსიფიკაციის დამკვიდრება. რადგან რუსულ ანბანში ასო „ღ“ არ არსებობს და მისი შესატყვისია ასო „გ“, სწორედ აქედან გამომდინარე, ჩათვალეს, რომ გვარების ნაცვლად, – საგინაშვილის, ჯოგოშვილის, ჯუგაშვილის და ასე შემდეგ, უნდა დამკვიდრებულიყო: საღინაშვილი, ჭოღოშვილი, ჯუღაშვილი... ივანე ჯავახიშვილის დასკვნით, რუსიფიკაციამდე, ესე იგი, მეცხრამეტე საუკუნემდე არსებული გვარი „ჯუგაშვილი“ იყო და ასე უნდა დარჩენილიყო. ამ გვარის ერთი შტო სოფელ მატანიდან ლილოში გადმოსახლდა, ლილოდან კი – გორში. როდესაც იხსენებენ სტალინის სიჯიუტეს, ის შეიძლება ავხსნათ მისი წინაპრების ქიზიყური წარმოშობიდან. აქვე გვინდა მოვიყვანოთ ძველი ქართული თქმულება, თუ რა განსხვავებაა კახელსა და ქიზიყელს შორის. პასუხი ასეთია: „როდესაც კახელს ჩხუბის დროს თავს აჭრიან, იგი უსულოდ ეცემა მიწაზე, ხოლო როდესაც თავს ქიზიყელს აჭრიან, უდავოდ, ქიზიყელი მუშტებმოღერებული კვლავ მტერზე მიიწევს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქიზიყი უბატონო ქვეყანაა“.
იოსებ სტალინის მამა, ბესარიონ ჯუღაშვილი, ნაცნობ-მეგობრებში თავს კახელად მიიჩნევდა. მან შეაყვარა პატარა სოსელოს სიმღერა – „გაფრინდი, შავო მერცხალო, გაჰყევ ალაზნის პირსაო“. არადა, მდინარე ალაზანი გორში არც ავლილი უნახავთ არასდროს და არც ჩავლილი. სტალინს ეს სიმღერა სიცოცხლის ბოლომდე უყვარდა და, შემთხვევა თუ მიეცემოდა, დიდი გატაცებით მღეროდა. ბესარიონ ჯუღაშვილმა სიცოცხლის ბოლო დღეები თავისი წინაპრების მხარეს – კახეთს დაუკავშირა. ავადმყოფი ბესარიონი თელავის საავადმყოფოში მოუთავსებიათ, იქ გარდაიცვალა და თელავის სასაფლაოზეა დაკრძალული.
გრიგოლ რობაქიძე თავის ერთ-ერთ წერილში წერდა: „მე რომ ჰიტლერიანი ვყოფილიყავი, მაშინ არ ვიქნებოდი „გესტაპოს“ დაზვერვის ქვეშ 1941 წლის იანვრის შუა რიცხვებიდან ომის ბოლომდე“. აქ არაფერია გასაკვირი, რადგან ემიგრანტი, იმ დროს, როგორც წესი, მაინც ემიგრანტად ითვლებოდა. გრიგოლ რობაქიძის წერილის პასუხად შეგახსენებთ ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, ნოდარ კაკაბაძის სიტყვებს: „ჩაკლული სულისა“ და ჰიტლერსა და მუსოლინზე ნარკვევების ავტორი ანტიბოლშევიკი და ანტიკომუნისტი კი იყო, მაგრამ ანტინაცისტი და ანტიფაშისტი არ ყოფილა, პირიქით, ლოიალურობას იჩენდა ნაციზმისა და ფაშიზმისადმი, უფრო მეტიც,
სარწმუნო წყაროს გადმოცემით, ცნობილია, რომ გრიგოლ რობაქიძე ჰიტლერის გენერლებთან ერთად დადიოდა საკონცენტრაციო ბანაკებში და ქართველ ტყვეებს მოუწოდებდა, ებრძოლათ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ...
გავიდა ხანი და რობაქიძე უკვე იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ ეშველა საკუთარი თავისთვის, გაქცეულიყო დამარცხებული ფაშისტური გერმანიიდან და თავშესაფარი ეძებნა ნეიტრალურ შვეიცარიაში.
თუ როგორ აფასებდა და პატივს სცემდა რეალისტური მიმართულების მწერლებს სტალინი, მოგვყავს მისი დამოკიდებულება მიხეილ ბულგაკოვისადმი, რომელიც შემდგომ იხსენებდა: „უსასოოდ დარჩენილს, დამირეკა გენერალურმა მდივანმა. ენდეთ ჩემს გემოვნებას: იგი ლაპარაკობდა ძლიერად, დარბაისლურად, ბრძნულად და ელეგანტურად და ჩემს გულში კვლავ გაღვივდა იმედის ნაპერწკალი“... და ეს მოხდა 30-იანი წლების ბოლოს, როდესაც დიდი რუსი მწერალი, თითქმის ყველასგან მიტოვებული, დეპრესიაში იყო ჩავარდნილი. ყოფილმა დისიდენტებმა და მგზნებარე ანტისტალინელმა ალექსანდრე ზინოვიევმა და ვიქტორ სუვოროვმა, განიცადეს მეტამორფოზა და მოახდინეს 180 გრადუსით მკვეთრი შემობრუნება სტალინისკენ. ქვემოთ მოგვყავს მათი გამონათქვამები შემოკლებით.
ალექსანდრე ზინოვიევი: „სტალინი მოიქცა ობიექტური სოციალური კანონების შესაბამისად, სახელდობრ – ერთმმართველობის, ხელისუფლების სისტემის ორგანიზაციის პრინციპით, ხელქვეითებისადმი განკარგულების გაცემით და ხელმძღვანელობისადმი მათი დაქვემდებარებით. სწორედ ამ პირობებში იყო საჭირო დიქტატურა“.
ვიქტორ სუვოროვი: „1937 წლის ტერორი არა სტალინმა დაიწყო, არამედ მეზღვაურმა დიბენკომ 1917 წელს, უფრო ზუსტად კი, ტერორი დაიწყეს ლენინმა, ტროცკიმ და მათმა კამპანიამ“.