მსახიობ ნიკო გომელაურს ცოტა ხნის წინ ძმა გარდაეცვალა. როგორ შეხვდა იგი ამ ტრაგედიას და რა როლი აქვს მის ცხოვრებაში ოჯახს – ამ ყველაფერზე იგი ჟურნალ "სარკესთან" საუბრობს.
ბატონო ნიკო, ბიჭისთვის მამას დიდი მნიშვნელობა აქვს. მამათქვენმა რა როლი ითამაშა თქვენს ცხოვრებაში?
- მამა ბანქოს პროფესიონალი მოთამაშე იყო, ჯეჯი გომელაური. ბევრისთვის ეს მიუღებელია, მაგრამ მამა ჩემთვის საყვარელი ადამიანი იყო, მისგან მხოლოდ კარგი ვისწავლე. რომ გავჩნდი, ციხეში იჯდა, 4 წელი ვერ მნახა. ვიცოდი მისი არსებობის შესახებ და მეუბნებოდნენ, რომ მალე დაბრუნდებოდა. დაბრუნდა, მაგრამ 4 წლიანი განშორების შემდეგ ჩემი მშობლების ურთიერთობა ვეღარ აეწყო. მამას არეული ცხოვრება ჰქონდა, ციხემაც ვერ შეცვალა, ვერ გახდა ბოლომდე პატიოსანი მოქალაქე. ალბათ ერთ–ერთი მიზეზი ესეც იყო, რომ ერთად ცხოვრება ვერ აეწყო. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მამას და მე ურთიერთობა არ გვქონდა, ზოგჯერ ერთად ვსადილობდით კიდეც.
როგორი იყო თქვენი მამაშვილობა?
- შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მამა დახვეწილი და არისტოკრატი ადამიანი იყო, განსხვავებით ჩემგან. მე ბებია–ბაბუების გაზრდილი, გამეტიჩრებული ვიყავი. მამა თავხედობისთვის მსჯიდა ხოლმე, არ აქვს მნიშვნელობა, რა სახით, მისი ერთი სიტყვა, შენიშვნაც კი საკმარისი იყო ჩემთვის. ნასვამმა ერთი–ორჯერ მითხრა, მეამაყება, რომ ჩემი შვილი ხარო და ეს ნათქვამი ჩემი ცნობადობით არ იყო გამოწვეული, ბევრად ადრე მითხრა.
თქვენ გყავდათ ნახევარძმა, როგორი ურთიერთობა გქონდათ ერთმანეთთან?
- ჩემი ძმა დედას პირველი შვილი იყო. ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. საერთო დედა გვყავდა და ეს ჩვენს ურთიერთობაში არ იგრძნობოდა. ღვიძლი ძმებივით ვიყავით. ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობდით. 9 წლით უფროსი იყო ჩემზე. როცა დადაჩემი ჩემზე ფეხმძიმედ იყო, მამა დაიჭირეს და ამიტომ მამობასაც და ძმობასაც ჩემი ძმა მიწევდა. შეძლებისდაგვარად კარგად გაართვა თავი, როგორც შეიძლება ეს გააკეთოს ამ ასაკის ადამიანმა. აღზრდის მომენტი, პირველი ბიჭური გაკვეთილები სწორედ ჩემს ძმასთან არის დაკავშირებული. ძალიან გული დამწყვიტა მისმა ამქვეყნიდან წასვლამ.
ქუჩის სკოლა გავლილი გქონდათ?
- მე სკოლას და აკადემიას არ ვეძახი, მაგრამ ბიჭი ქუჩაშიც უნდა იყოს. თუმცა ჯერ ოჯახში უნდა აღიზარდოს, რომ მერე ქუჩაში მოქცევა იცოდეს. ზოგს ქუჩა უზრდელობასთან აქვს გაიგივებული. შეიძლება დღეს ასეც არის. ჩვენს დროს ქუჩაში რომ სიტყვა გქონოდა სათქმელი, კარგი ოჯახიდან უნდა ყოფილიყავი. ვერ ვიტყვი, რომ ქუჩაში ბევრ დროს ვატარებდი, არც განსაკუთრებულად გასახსენებელი მაქვს რამე. კრიმინალი არ ყოფილა, ჩხუბი და უსიამოვნება – კი. ბიჭმა ეს უნდა გაიაროს, დედიკოს კალთაში ჯდომა არ არგებს მომავალ კაცს, თუმცა, უკიდურესობაში არ უნდა გადაიზარდოს და კრიმინალში არ გადავიდეს. ქუჩას ჩემთვის არაფერი მოუცია, უბრალოდ, დედიკოს ბიჭი არ გავიზარდე.
ვინ შენიშნა თქვენში ლექსის წერის ნიჭი?
- არ მახსოვს, მგონი, ასეთი რამე არავის უთქვამს. რაც თავი მახსოვს, სულ რაღაცას ვწერ. შენ უნდა წეროო, არავისგან გამიგია. პირველი წიგნი ჩემი ძმის და მეუღლის დამსახურებაა. ლექსები კი მქონდა, მაგრამ წიგნად გამოცემას არ ვაპირებდი. მოიძიეს სპონსორები, გამოიცა პირველი კრებული. ამ დღეებში უკვე მე-7 წიგნის პრეზენტაცია იქნება. წიგნს "ახალი ლექსი" ჰქვია.
რატომ, ახალი მიმდინარეობაა თქვენს შემოქმედებაში?
- ვერ ვიტყვი, რომ რამე ახალი მიმდინარეობაა, ეს მკითხველმა უნდა გადაწყვიტოს. ჩემთვის რაღაცეები ახალი სათქმელია. როცა ნახავთ, შეიძლება შეადაროთ ჩემს სხვა ლექსებს და მიხვდეთ, ან ვერ მიხვდეთ, რას ვგულისხმობ.
როგორი მეუღლე ხართ?
- ცუდი მეუღლე ვარ. უფრო ყურადღებიანი რომ ვიყო, უკეთესი იქნებოდა. ეს არ ხდება მხოლოდ დროის სიმცირის გამო, ადამიანური ბუნებიდან გამომდინარეობს. ამას ვგრძნობ, კარგია, რომ გამოვასწორო ეს ნაკლი.
შემოქმედებზე ამბობენ, უცნაური ადამიანები არიანო, თქვენზე შეიძლება, ეს ითქვას?
- ადამიანი, რომელიც თავის თავზე ამბობს, უცნაური ვარო, ჩემს თვალში სულელია. ჩემს თავზე სულელი ვარო, ამის თქმა შემიძლია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ უცნაური ვარ, ეს შეიძლება სხვამ თქვას.
ბოლო პერიოდში აქტიურად წერთ?
- როგორც ვწერდი, ზუსტად ასე ვწერ. ასე ვწერდი მთელი ჩემი ცხოვრება. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. შეიძლება ერთ დღეს ოთხი რაღაც დავწერო, მერე ერთი თვე – საერთოდ არაფერი.
ოჯახური იდილია რამდენად გიწყობთ ხელს შემოქმედებით საქმიანობაში?
- არ ვიცი, რამდენად მაქვს ოჯახში იდილია, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობ ოჯახის ზურგს და ეს ძალიან მეხმარება, როცა შეგიძლია მიხვიდე სახლში, დაგხვდეს ისეთი გარემო, რომ დაივიწყო პრობლემები.
როგორი ურთიერთობა გაქვთ შვილებთან?
- არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. ვარ ძალიან არამკაცრი მამა. ამიტომ შვილებთან ავტორიტეტი არ მაქვს. თუმცა თავად ამბობენ, რომ ძალიან დიდ პატივს მცემენ. ალბათ ამ შემთხვევაში მამის მძიმე ხელი უფრო ჭრის ხოლმე, ვიდრე რჩევა–დარიგება. ჩვენ ძალიან ვმეგობრობთ. ეს არ არის ფამილარული დამოკიდებულება. ასეთი დამოკიდებულება მეგობრებშიც არ მიყვარს. ნამდვილად ვართ მეგობრები და ალბათ იმ ზღვარზე, რაც შეიძლება 18 წლის გოგომ და 16 წლის ბიჭმა მამას მოუყვეს, არ მგონია, რამეს მიმალავდნენ. გულახდილები არიან ჩემთან, მიყვებიან, რჩევებსაც იღებენ.
სიმკაცრე საერთოდ არ გახასიათებთ?
- არ ვარ მკაცრი, მგონი. თუმცა შეიძლება რაღაცაზე გავღიზიანდე და ეს გამოვხატო.
შვილები დადიან თქვენს სპექტაკლებზე?
- ზოგჯერ დადიან, ნაკლებად აინტერესებთ. თეატრის მოყვარულები არ არიან, ისევე, როგორც მე – მაყურებლად იშვიათად დავდივარ თეატრში, არ მიყვარს. როლში ყოფნა მირჩევნია. ალბათ ეს გენეტიკურად გამოჰყვათ.
როგორც მაყურებელი, კრიტიკულად უყურებთ სპექტაკლს?
- არა, ვუყურებ, რომ ვისიამოვნო. ვნახო საინტერესო, ვნახო, რაც გამაოცებს. არ მივდივარ იმიტომ, რომ შემდეგ გავლანძღო, ცუდი ვთქვა დამდგმელ რეჟისორზე, ან მსახიობებზე. ვითხოვ, რომ სცენიდან დამაინტერესონ, გამაოცონ, რაც იშვიათად ხდება, ამიტომ არ დავდივარ თეატრში.