როგორ გახდა კლოუნადის დირექტორი ფეხბურთის ფედერაციის  პრეზიდენტი

როგორ გახდა კლოუნადის დირექტორი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი

ამბობს, რომ ქართულ ფეხბურთს წელიწად-ნახევარი უნდა უხელმძღვანელოს, თუმცა მის წარსულს რომ შეიტყობთ, ამის დაჯერება გაგიჭირდებათ. 43 წლის ზვიად სიჭინავას, საკმაოდ ეგზოტიკური და მრავალფეროვანი წარსული აქვს. ერთი ნიძლავით მოსკოვის თეატრის დირექტორი გახდა, თუმცა მერე ისიც შეძლო, რომ სცენის მუშებად გასაღებული ფეხბურთელებით მოსკოვის ჩემპიონატი შვიდჯერ მოიგო. წინასწარ ძნელი სათქმელია, როგორ ფოკუსებს ჩაუტარებს ფეხბურთის ფედერაციის ახალი შეფი ქართულ ფეხბურთს, მაგრამ ის, რომ დიდი ამბიციები აქვს, ფაქტია. პრეზიდენტობა ცნობილ აკადემიაში ასწავლეს, ხეზე ასვლის და ჩამოსვლის წესები არგენტინაში, ამას მის მოხერხებულობას და მეგრულ იუმორსაც თუ დავუმატებთ, შესაძლოა, ჩვენს ტანჯულ ფეხბურთს მართლაც ეშველოს რამე...

ბატონო ზვიად, გილოცავთ ქართული ფეხბურთის თავკაცობას! რატომ გადაწყვიტეთ ფედერაციის პრეზიდენტობა, ფეხბურთთან ოდესმე კავშირი გქონიათ?

– არა, არასდროს. ღმერთმა დამსაჯა. არც კარში ვმდგარვარ არასდროს და არც გოლი გამიტანია. ბავშვობაში, ძმაკაცებთან ერთად სკოლაში ვთამაშობდი ხოლმე ფეხბურთს, მე მათამაშებდნენ იცით რის გამო? მაშინ თამაში იყო „მაზიანებზე“: ქაბაბზე, ლიმონათზე, შოთის პურზე. ერთი-ორი წუთი შემიყვანდნენ ხოლმე სტადიონზე, რომ მერე „მაზიანი“ მიმეტანა. ვერც გაამტყუნებდი მათ – ფეხბურთი კი მიყვარდა, მაგრამ თამაში საერთოდ არ გამომდიოდა.

მით უმეტეს, რა გინდათ ფედერაციაში, ამაზეა ნათქვამი, საიდან სადაო?

– მე არ მგონია, რომ რომელიმე ბიზნესი და საქმე განსაკუთრებული იყოს. სისტემა სისტემაა. მძღოლი ხარ, ჟურნალისტი თუ ხაბაზი, სისტემაში უნდა იჯდე. ფეხბურთი მთელ მსოფლიოში უდიდესი ბიზნესია, თუმცა ჩემთვის ფეხბურთის ფედერაცია ბიზნესის თვალსაზრისით არაა საინტერესო. მე ვარ ზუგდიდში საფეხბურთო გუნდის მფლობელი. სამი წელია, რაც საქართველოში ვარ და ერთი ჩემი ბავშვი უკვე თამაშობს იტალიის „ემპოლში“, ორ ბავშვთან დაკავშირებით დასრულებულია მოლაპარაკებები, ისინი მოსკოვის „სპარტაკში“და „ლევენკუზენ-ბაიერნში“ ითამაშებენ. იცით, როგორი მდგომარეობა იყო ზუგდიდის საფეხბურთო გუნდში, როცა საქართველოში ჩამოვედი? ერთი უპატრონო, ობოლი გუნდი არსებობდა. მას ხელმძღვანელობდა ვალერი გულორდავა, რომელიც ნამდვილი ფეოლა იყო. ერთი დანგრეული „რაფი“ ჰყავდა, არც საბურავი ჰქონდა და გზადაგზა კარები ძვრებოდა. მე შევთავაზე ვალერის, რომ ერთად გაგვეკეთებინა გუნდი. დასარეგისტრირებლად საბუთები მოვაგროვე და საქმეებზე წავედი რუსეთში. ვალერი არ ელოდა, რომ სიტყვას შევასრულებდი. სამ დღეში ჩემმა ძმაკაცმა დამირეკა: ვალერის მანქანის „პაკრიშკები“ არ უვარგა, ორი „პაკრიშკა“ გვინდა, 40 ლარი სჭირდება და იქნებ გამოგვიგზავნოო. იმ ორმოცი ლარით დავიწყე საქმე და ვფიქრობ, რომ არ გავაკეთე ურიგო გუნდი.

ბოლო წლებში უამრავმა ადამიანმა სცადა და ვერ გაართვა თავი ფედერაციის პრეზიდენტობას. მათ შორის ისეთებმაც კი, ვინც ფეხბურთთან მთელი ცხოვრებით იყო დაკავშირებული. თქვენ რის გაკეთებას შეძლებთ?

– პირიქით, მე ვფიქრობ, რომ შევძლებ. ის ხალხი იმაზე მეტად იყო ჩახედული ამ საქმეში, სხვა რამ ეგონათ მთავარი. მე სხვანაირად ვფიქრობ, ჩემი აზრით, უნდა განვითარდეს ინფრასტრუქტურა, მეტი ყურადღება უნდა მიექცეს საბავშვო ფეხბურთს, უფრო კარგი, კეთილმოწყობილი სტადიონები უნდა გაკეთდეს. სამზარეულოში რომ შეხვალთ, თუ კარგი ინგრედიენტები არ გაქვთ, გემრიელ საჭმელს ვერ გააკეთებთ. მე ვცდი საქმის დაწყებას, ყველა ერთად ვნახავთ რა გამოვა. ისე მიყვარს სიახლეები და ექსპერიმენტები, სამი წლის შემდეგ შეიძლება, ქართულ ჰოკეის ვუხელმძღვანელო...

თქვენი მეგობარი პრეზიდენტი დღედაღამ სტადიონებს ხსნის, თქვენგან არ ეკუთვნის ეს საყვედური.

– თქვენ ვინ გითხრათ, რომ პრეზიდენტი ჩემი მეგობარია? თუ იმას გავითვალისწინებთ, რაც პრეზიდენტმა თქვა, რომ ვინც ას კაცს დაასაქმებს ჩემი მეგობარიაო, მე მართლაც ვარ მისი მეგობარი. უფრო მეტიც, სამგზის მეგობარი ვარ, იმიტომ რომ ზუგდიდში სამასი კაცი მაინც მყავს დასაქმებული. ნებისმიერი კაცისთვის კარგია თუ ის პრეზიდენტის მეგობარია, გინდ ზამბიის პრეზიდენტი იყოს ის და გინდაც სომხეთის. პრეზიდენტთან ჩემი მეგობრობა დაახლოებით იმას ჰგავს, რასაც ჩემზე ამ ბოლო დროს საუბრობენ. ზუგდიდში „ჩორტი“ დადის, თითქოს სამასი ათასი გადავიხადე რომ აქ მოვხვედრილიყავი, მეორე ამბავიც ვიცი, მიშა სააკაშვილმა მილიონ-ნახევარი შემომთავაზა, ამ პოსტის დასაკავებლად.

რომელი ვარიანტი ჯობია თქვენთვის? საკუთარი მილიონები არ გაქვთ?

– მილიონები არასდროსაა ბევრი, თან სხვისი ჯობია. ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება დრო, როცა ფული არ გაინტერესებს. მე ვიშოვე ფული შრომით, ბევრი რისკით. ახლა ჩემთვის მთავარია საქმე. წელიწად-ნახევარში რამე რომ არ გავაკეთო, ლანძღვა-გინებაში ამომატრიალებენ, ყველას დაავიწყდება, რომ ჩემამდე ბევრი არაფერი იყო.

თქვენს ბიოგრაფიაში წერია, რომ სოფელ სპარტაში დაიბადეთ, სადაა ეს სპარტა, როგორ აღმოჩნდით იქ?

– როგორ იბადებიან ბავშვები თვითმფრინავებში? ხალხი მიდის, მოდის და ბავშვებიც ჩნდებიან. მე დავიბადე საბჭოთა კავშირში, სტავროპოლის მხარეში, სოფელი სპარტადან ვარ. დედა ბერძენი მყავს, მამა – მეგრელი. დედაჩემის ბაბუა მდიდარი კაცი იყო, 1937 წელს გამოიქცა საბერძნეთიდან. საბჭოთა კავშირმა ბერძენი დევნილები მიიღო და მერე, „კონცლაგერის“ ტიპის სოფელი, სპარტაც დააარსეს მათთვის. სამამულო ომის დროს, ბერძნები იქიდან გამოაგზავნეს, რომ ქართველებს დახმარებოდნენ ჩაის პლანტაციებში. ასე გაბედნიერდა დედაჩემი სამეგრელოში. მე სპარტაში გავჩნდი, მაგრამ მაშინვე ზუგდიდში წამომიყვანეს.

პროფესიით ვინ ხართ?

– ძალიან ბევრი პროფესია მაქვს, მაგრამ არც ერთი დიპლომი არ გამომიკრავს კედელზე. სულ ვამბობ: დავამთავრე ზუგდიდის მეოთხე სკოლა, გაწყობთ? სულ ბოლოს მართვის აკადემია დავამთავრე, სადაც მმართველებს და პრეზიდენტებს ამზადებენ. როცა ამ აკადემიაში სწავლა დავიწყე 38 წლის ვიყავი. ლექციებზე გვერდით 24-25 წლის ბავშვები მესხდნენ. ლექტორი იწყებდა ლექციას და ყვებოდა რაღაც ამბებს, მე ვუთხარი, ეს ასე არაა, ტყუილია-მეთქი. ჰო, ასეც შეიძლებაო, – დამეთანხმა ლექტორი. ორ-სამ ლექციაზე რომ შევუსწორე ნათქვამი, მერე კორიდორში გამაჩერა და მითხრა: ძალიან გთხოვთ, ლექციაზე აღარ მოხვიდეთ, ავტორიტეტს მიფუჭებთო. ის ლექტორი თეორეტიკოსი იყო, წიგნებს წაიკითხავდა, თუმცა ცხოვრებაში რა ხდებოდა, ამაზე წარმოდგენა არ ჰქონდა.

თეორიულადაც კარგად გცოდნიათ, როგორ უნდა გახდეთ პრეზიდენტი.

– იქ სახელმწიფო მასშტაბებზე იყო ლაპარაკი, აქამდე არ გაიზრდება ჩემი ამბიცია. ის სხვა ლიგაა, მე სხვა ლიგაში მინდა თამაში.

იმ ბევრი პროფესიიდან, რომელსაც ფლობთ ყველაზე მნიშვნელოვანი რომელია თქვენთვის?

– აფერისტი...

ეს პროფესია რომ გაქვთ, დუროვის თეატრში იმიტომ მოხვდით?

– არა, დუროვის თეატრში მოვხვდი ნიძლავის გამო. ნიძლავი მეგობრებთან ერთად დავდე ყავაზე, ერთი წლის ვადით, მაგრამ თერთმეტი წელი ვხელმძღვანელობდი ამ თეატრს.

აბა, ტყუილად ჰქონიათ თქვენს უჩინარ კონკურენტებს მომავალი არჩევნების იმედი.

– შეიძლება, ასეც იყოს. 1994 წელს, როცა მთელი ქვეყანა დანგრეული იყო და მოსკოვშიც ცუდი ამბები მძვინვარებდა, მეგობრებთან ერთად ვიჯექი თეატრში და მათ ვუთხარი: რა ხდება თქვენთან, ორმოცი კაცი დგას სცენაზე და დარბაზში მხოლოდ თხუთმეტი მაყურებელი გყავთ, როდემდე უნდა გაგრძელდეს-მეთქი ასე. დავნიძლავდით, რომ მე მივხედავდი თეატრს. მართლაც, ჩვენი თეატრი ძალიან პოპულარული გახდა, ოქროს ნიღაბიც ავიღეთ, პარიზში და ავენიუზე ბევრი პრიზი მოვიპოვეთ. ჩვენ გვქონდა საუკეთესო დარბაზი მოსკოვში, მე არც დრამატურგი ვყოფილვარ, არც რეჟისორი და არც მსახიობი, თუმცა ყველაფერი კარგად წავიდა. ეს იყო საუკეთესო კლოუნადა მოსკოვში.

მიუნჰაუზენიც ყოფილხართ.

– კი, ცოტა „ფოკუსნიკიც“ ვარ. ვნახოთ, როგორ გავიღვიძებ და ერთ ფოკუსს ქართულ ფეხბურთსაც ჩავუტარებ. ერთმა არგენტინელმა კაცმა მასწავლა ხეზე ასვლის და ჩამოსვლის წესები. როცა დუროვის თეატრში ვმუშაობდი, ფეხბურთის გუნდიც კი ჩამოვაყალიბე. თეატრებს შორის ჩემპიონატები იმართებოდა, ჩემი გუნდი შვიდჯერ გახდა მოსკოვის ჩემპიონი. სულ ვეუბნებოდი ჩემებს „ჟილკა“ უნდა გქონდეთ, ოპერის და ბალეტის „ფეხბურთელებს“ ვერ უნდა აჯობოთ-მეთქი? მწვრთნელიც კი ვიყიდე, მეგრული ვარიანტი გავათამაშე და რამდენიმე ნამდვილი ფეხბურთელი სცენის მუშად გავაფორმე. მოკლედ, მაგარი გუნდი გვქონდა. ერთხელ მეც კი ვითამაშე სტადიონზე. „ლენკომს“ ვეთამაშებოდით. გავედი სტადიონზე, ყველა მიცნობდა და ფეხბურთელებმა აქცენტი ჩემზე გადმოიტანეს. ერთიც ჩავიგდე ბურთი და ერთმა „ლენკომელმა“ ცუდად წამართვა ბურთი, ავიღე და ვლეწე. მთელი სტადიონი ყვიროდა მკვლელი მოედნიდან გააძევეთო! ეს იყო ჩემი პირველი და ბოლო თამაში.

ძალიან მრავალფეროვანი ინტერესების კაცი ჩანხართ. თქვენ რუსეთის კულტურის სამინისტროს ფინანსური დირექტორიც ხართ, იციან რუსებმა ქართულ ფეხბურთს რომ უნდა უხელმძღვანელოთ თუ „შატალოზე“ ხართ გამოპარული?

– იქაც აფერისტობით მოვხვდი, რუსების მოტყუება უფრო ადვილია, ვიდრე ქართველების. მე დავანებე თავი იმ სამსახურს. უკვე დავწერე განცხადება იქიდან წამოსვლაზე. თუმცა, რუსებისთვის არაფერი მითქვამს, რატომ წამოვედი იქიდან. მე ვმუშაობდი კომპანიაში, რომელიც ეკუთვნის კულტურის სამინისტროს. ეს კომპანია აწარმოებდა ეკლესიების, ბიბლიოთეკების, თეატრებისა და მუზეუმების რეკონსტრუქციას მთელ რუსეთში. აღარ მინდოდა იმ საქმის კეთება, ახლა აქ მირჩევნია.

ოჯახი სად გყავთ? იქით თუ აქეთ?

– მეუღლეს გაცილებული ვარ, „ცისფერის“ მგონი არაფერი მეტყობა, უბრალოდ ჩვენი ურთიერთობა ვერ აეწყო. უკვე ჩვიდმეტი წელია, რაც ალიმენტს ვიხდი. ახლა ამომეწურება ლიმიტი. ჩემი შვილი თვრამეტი წლის ხდება. თუ ვინმე კარგი კანდიდატურა იცით, მითხართ და მზად ვარ, ცოლად მოვიყვანო.

არა მგონია, თქვენ ამ საქმის მოგვარება თავად გიჭირდეთ.

- საარჩევნო შტაბი კიროვის ბაღში მაქვს. რამდენჯერმე გავიარე პარკში ამ მოტივით, მაგრამ ვერავინ ვნახე – ყველა დაკავებული იყო. არა უშავს, არჩევნებს ჩავამთავრებ და მერე ამ საკითხსაც მივხედავ.