- ქუთაისური დაჯგუფება თანამედროვე რუსეთში ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი და გავლენიანია. მას ჰყავს საკუთარი კონტრდაზვერვა. მისმა საცეცებმა შეაღწიეს თვით კრემლშიც კი, – ამტკიცებს "გაზეტა რუსკა".
ქუთაისური დაჯგუფების ლიდერია ცნობილი კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი (ტარო). მასზე როგორც რუსეთში, ისე საქართველოში ლეგენდები დადის. გამომდინარე აქედან, ქუთაისური დაჯგუფებაც ლეგენდის შარავანდედშია გახვეული.
ტარიელ გურამის ძე ონიანი დაიბადა 1958 წელს ტყიბულში, მეშახტის ოჯახში, – გვამცნობენ რუსი პუბლიცისტები პოდლევსკი და ტერეშონოკი. მათ კალამს ეკუთვნის ბესტსელერი "კანონიერი ქურდები: ნახტომი ხელისუფლებისაკენ".
ონიანის მამა შახტაში უბედური შემთხვევისას დაიღუპა. ტარიელი მაშინ სულ პატარა იყო. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, "ქუჩაში გავიდა" და პროფესიონალი დამნაშავე გახდა:
– ონიანი, – წერს გაზეთი "სეგოდნია", – უდავოდ კარგი ორგანიზატორია, არც ალღო და ინტელექტი აკლია. სხვაგვარად კანონიერი ქურდი ვერ გახდებოდა. ბუნებრივია, მის "აღზრდაზე" ქუთაისმა უდიდესი გავლენა იქონია. ამ ქალაქმა ხომ არაერთი ცნობილი კანონიერი ქურდი გამოზარდა.
"ყმაწვილი ტყიბულიდან", – ასე იცნობდა მას ჯერ ქუთაისი, შემდეგ თბილისი და მოსკოვი... ის თავიდანვე გამოირჩეოდა ამბიციითა და გაქანებით.
– ონიანი არავის ეპუებოდა, მაგრამ დროულად უკანდახევაც იცოდა. მუდამ ზუსტად საზღვრავდა, ვის და როდის დაპირისპირებოდა, ამიტომაც ამ შეხლა–შემოხლებიდან ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა, – წერს "სეგოდნია".
ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ონიანი ახალბედა პატიმარი იყო, ზონებში მის გარშემო მუდამ საკმაოდ მჭიდრო ჯგუფი იკრიბებოდა. ტარო ზუსტად საზღვრავდა, ვის და რატომ დაპირისპირებოდა.
– ღონე არასდროს აკლდა, ჩხუბიც ემარჯვებოდა, ამიტომ უშიშრად შეერკინებოდა მათ, ვინც ყოყლოჩინობდა და კუნთებზე იყურებოდა. ჯერ კიდევ ახალბედა ტარომ რამოდენიმე ასეთი ბრძოლა მოიგო, რამაც მისი ავტორიტეტი გაზარდა, – წერს "სეგოდნია".
ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ტარომ თავი გამოიჩინა როგორც რეკეტიორმა. თავის მეგობრებთან ერთად აკითხავდა იატაკქვეშა მეწარმეებს და ფულს სთხოვდა. ვინც უარს ეტყოდა, ისჯებოდა. ნელ–ნელა ტარომ თავისი საქმიანობა გააფართოვა და ხელი ნარკობიზნესს მიჰყო.
– ამ დროს მან პირველი გავლენიანი მფარველები შეიძინა, – წერს "სეგოდნია". ონიანი სწრაფად ადის იერარქიულ კიბეზე. ქურდად გასული საუკუნის 70–იან წლებში აკურთხეს. მისი პოზიციები თავად ქუთაისში მომძლავრდა.
თავისი ამბიციური ხასიათიდან გამომდინარე, ონიანს უჭირდა სხვისი ძალაუფლების აღიარება, განსაკუთრებით მაშინ, თუკი საქმე მისსავე "კოლეგა" კანონიერ ქურდს ეხებოდა.
– გამომდინარე აქედან, ონიანს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ივანკოვთან, (მეტსახელი იაპონჩიკი) და უსოიანთან (დედ ჰასანი), – წერს "სეგოდნია".
როგორც ცნობილია, იაპონჩიკი მთელი საბჭოთა იმპერიის კრიმინალური სამყაროს ლიდერობაზე აცხადებდა პრეტენზიას. ტარო ამას ხმამაღლა აპროტესტებდა:
– ახალი ლენინი გამომივიდა, რა, – ამბობნდა იგი.
იაპონჩიკს მან პირდაპირ განუცხადა, რომ მისი, როგორც ქურდის, უფლებებში ეჭვი ეპარება.
– ჯერ კიდევ გასარკვევია, თუ ვინა ხარ.
– მაინც ვინ ვარ? – წარბები შეიკრა იაპონჩიკმა.
– ვინა და "სამოზვანეცი!" – დაიყვირა ონიანმა.
დღეს, ამ დაპირისპირებასა და სისხლიან შეტაკებებზე, რაც ამას მოჰყვა, ლეგენდებს ჰყვებიან. ბევრი გამოთქვამს ვარაუდს, რომ სწორედ ონიანმა შეუკვეთა იაპონჩიკის მკვლელობა, თუმცა, ეს მხოლოდ ვერსიაა, მისი დამტკიცება ვერ მოხერხდა.
იაპონჩიკთან დაპირისპირებამ ლოგიკურად წარმოშვა კონფლიქტი მის "პადელნიკ" დედ ჰასანთან. თუმცა, ჩხუბის ფორმალური საბაბი ონიანისა და მეორე კანონიერი ქურდის – ილია პატარაიას დაპირისპირება იყო. დედ ჰასანმა პატარაიას მხარე დაიჭირა.
– სამაგიეროდ, ონიანმა უშვერი სიტყვებით შეამკო, – წერს "სეგოდნია".
ამრიგად, ტაროსა და დედ ჰასანს, ასევე ტაროსა და იაპონჩიკს შორის მტრობა ჩამოვარდა. ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ სწორედ ონიანი იდგა დედ ჰასანზე თავდასხმის უკან.
– ვინც ამას ამტკიცებს, მატყუარაა! როდესაც დედ ჰასანს ესროლეს, ონიანი უკვე ციხეში იჯდა, – წერს კონსტანტინოვი, თუმცა, დღევანდელ რუსეთში მკვლელობა ციხიდანაც შეიძლება შეუკვეთო. ისეთ "ავტორიტეტს", როგორიც ონიანია, ამისი გაკეთება არ გაუჭირდებოდა.
ქუთაისის დაჯგუფება მკვეთრად გაძლიერდა მას შემდეგ, რაც მისი ლიდერი ონიანი გახდა. ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ონიანმა გავლენიანი მფარველები შეიძინა. პარალელურად, მას არანაკლები კავშირები გააჩნდა მოსკოვშიც.
– ქუთაისური დაჯგუფება 50–100–მდე კანონიერ ქურდს ითვლის, – ამტკიცებს "სეგოდნია", – მასში არის 500–მდე აქტიური მებრძოლი. ეს მათ საშუალებას აძლევთ ძლიერი პოზიციები ჰქონდეთ მოსკოვში.
გაზეთის მტკიცებით, ქუთაისური დაჯგუფება წარმატებით ეწევა რეკეტს, ნარკობიზნესს, აკონტროლებს სათამაშო ბიზნესს:
– კაზინოების დიდი ნაწილი ან "ქუთაისელების" საკუთრებაა, ან მათი მფარველობის ქვეშ იმყოფება, – წერს "სეგოდნია".
ექსპერტები ქუთაისური დაჯგუფებიდან გამოყოფენ ვახოს, მინგოს, პატოს, თუმცა ონიანის მარჯვენა ხელი უდავოდ შაქრო კალაშოვი (შაქრო ახალგაზრდა) გახლდათ. "სეგოდნიას" ცნობით, ონიანმა და შაქრომ შევარდნაძის რეჟიმს არაერთხელ გაუმართეს ხელი.
– ონიანი მონაწილეობდა მძევლების დახსნის პროცესში, – წერს "სეგოდნია", – შაქრო კალაშოვს კი შევარდნაძის მთავრობის პირველი პირები ხვდებოდნენ. შევარდნაძის ბრძანებით, მას დაცვასაც კი გამოუყოფდნენ ხოლმე.
ონიანს მფარველები მოსკოვშიც უხვად ჰყავდა. მათ შორის იყვნენ ბანკირები, ბიზნესმენები, მთავრობის წევრები. შედეგად, "ქუთაისურმა დაჯგუფებამ" მოსკოვში ფრთები ფართოდ გაშალა.
– სსრკ–ს დანგრევის შემდეგ, ამიერკავკასიელი კანონიერი ქურდების უმრავლესობამ რუსეთში გადაინაცვლა, – წერენ პოდლევსკიხი და ტერეშონოკი, – ამისი მიზეზი უამრავია. თუმცა, მთავარი ორი რამაა: რუსეთში, ამიერკავკასიისაგან განსხვავებით, სამოქალაქო ომები არ მძვინვარებდა, არ იყო "ბესპრედელი". მეორეც, რუსეთში ქურდების მიმართ დამოკიდებულება შემწყნარებლური იყო. მილიცია ნაკლებად აწუხებდა, გავლენიანი წრეები კვლავინდებურად დახმარებისათვის კრიმინალებს მიმართავდნენ. რუსეთში კვლავაც ფუნციონირებდნენ ზონები, სადაც კრიმინალები თავს ისე გრძნობდნენ, როგორც თევზი წყალში.
არსებობდა კიდევ ერთი ფაქტორი: სსრკ–ს დაშლის შედეგად წარმოიქმნა ხელისუფლების დეფიციტი. წნეხი, რასაც ადრე კრიმინალები ძალოვანებისაგან (შს, სუკი) განიცდიდნენ, შესუსტდა. ამან მათ საშუალება მისცა საერთაშიორისო კავშირებზე გასულიყვნენ. გამონაკლისს არც "ქუთაისელები" წარმოადგენდნენ. მათ მჭიდრო კავშირები დაამყარეს ესპანეთსა და იტალიასთან.
– ონიანმა ესპანეთში ბიზნესსაქმიანობა დაიწყო, – წერს "სეგოდნია", – პარალელურად დაამყარა კონტაქტები სიცილიურ მაფიასთან და იტალიის პოლიტიკურ წრეებთან. მის მეგობრებს შორის თვით სილვიო ბერლუსკონიც კი იყო.
ესპანელი სამართალდამცველები "ქუთაისელებზე" შეტევისათვის დიდხანს და გულმოდგინედ ემზადებოდნენ. მოწინააღმდეგე მართლაც სერიოზული იყო. ბოლოს და ბოლოს განხორციელდა ოპერაცია "კრაზანა". ამით "ქუთაისური დაჯგუფების" მოღვაწეობას ესპანეთში ბოლო მოეღო.
ქუთაისური დაჯგუფების ლიდერი ონიანი დღეს პატიმრობაშია. მიუხედავად ამისა, ქუთაისელების პოზიციები რუსეთში კვლავაც ძლიერია.
– რუსი სამართალდამცავები თვალს ხუჭავენ ამიერკავკასიელი, განსაკუთრებით კი ქართველი კრიმინალების ბევრ მოქმედებაზე. მეტიც, ხშირ შემთხვევაში მათ ხალისით აძლევენ თავშესაფარს. როგორც ჩანს, მოსკოვში კვლავ ახსოვთ 1991–92 წლებში საქართველოში დატრიალებული მოვლენები. მაშინ, კრიმინალების მეშვეობით დაამხეს პრეზიდენტი გამსახურდია, გააჩაღეს სამოქალაქო ომი, რითაც საქართველო დაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. რუსეთში კვლავ არიან ძალები, რომელთაც ამისი განმეორება სურთ და თუკი მათ ეს შეძლეს, საქართველო საბოლოოდ დაიშლება, – წერს "გაზეტა ლვოვსკა".
ქუთაისური დაჯგუფებაც ჯერჯერობით კვლავ რჩება ერთ–ერთ ყველაზე გავლენიან კრიმინალურ დაჯგუფებად რუსეთში. მოახერხებენ თუ არა მათ საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებას? ამას მომავალი გვიჩვენებს.