ბოლო რამდენიმე წელია, რაც საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა დემოგრაფებს მძიმე დასკვნების გაკეთების საშუალებას აძლევს. დაბალი შობადობა და მაღალი მოკვდავობა, მიგრაციის უარყოფითი სალდო და დემოგრაფიული მდგომარეობის ამსახველი მაჩვენებლები – ეს ის ნიშნებია, რაც ჩვენს ერს რეალურ დემოგრაფიულ საფრთხეს უქმნის. ახალი სტატისტიკური მონაცემები, რომელიც დემოგრაფებისთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი და გასული წლის მდგომარეობას ასახავს, წინა წლებთან შედარებით, არცთუ ისე საგანგაშოა და ბევრ მნიშვნელოვან ცვლილებას შეიცავს. ამის შესახებ დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი გია წულაძე გვესაუბრა.
გია წულაძე: ახალი სტატისტიკური მონაცემები, რომლებზეც რეესტრის და „საქსტატის“ ასობით თანამშრომელი მუშაობდა, დემოგრაფებს მეტად მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. ახალი მონაცემებით, წინა ორ წელთან შედარებით, ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს აქვს ადგილი. უპირველესად, ყურადღებას იქცევს ცოცხლად დაბადებულთა მატება, 2007 და 2008 წლებთან შედარებით ეს მაჩვენებელი საგრძნობლად გაზრდილია. 2009 წელს წინა წლებთან შედარებით 14 ათასი ბავშვით მეტი დაიბადა. მატება მოხდა როგორც ქალაქად, ასევე სოფლად. გაიზარდა ცოცხლად დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა იმ რეგიონებშიც, სადაც ტრადიციულად ქართული მოსახლეობა ცხოვრობს. ამას გარდა, მატება გვაქვს იმ რაიონებშიც, სადაც არაქართული მოსახლეობა ჭარბობს.
აქ გასათვალისწინებელია კიდევ ერთი მომენტი, დაბადებული ბავშვების რეგისტრაციის გამოსწორებამ არ უნდა შეგვიქმნას იმის ილუზია, რომ შობადობამ იმატა. თუმცა, ახალი მაჩვენებელი ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ძალიან დიდი ციფრია, ბუნებრივია, ეს ფაქტორი არსებით ცვლილებებს გამოიწვევდა – მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსახლეობის ბუნებრივი მატება. ამას გარდა, გაიზარდა თაობათა განახლება, რაც დემოგრაფიაში მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.
2009 წელს კიდევ იყო სხვა არსებითი ცვლილებებიც. მაგალითად, მოიმატა ქორწინებათა სიხშირემ, წინა წლებთან შედარებით შემცირდა რეგისტრირებული ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვების რიცხვი. გარკვეული თვალსაზრისით, ესეც დადებითი ცვლილებაა. ბევრი დემოგრაფი გეტყვით, აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკა რომ გაგვეტარებინა, შეიძლებოდა ისეთი შედეგებისთვის ვერც კი მიგვეღწია, რასაც ბუნებრივი გზით მივაღწიეთო, თუმცა, ამ გზას ბუნებრივზე მეტად უფრო, ღვთის გზა უნდა ვუწოდოთ, რადგან, როგორც ჩანს, შობადობის მატებაზე ყველაზე გადამწყვეტი გავლენა ჩვენი პატრიარქის ინიციატივამ იქონია, მესამე შვილის გაჩენასთან დაკავშირებით. ახალი მონაცემებით, განსაკუთრებით გაიზარდა ოჯახში დაბადებული მეორე და მესამე ბავშვების რიცხვი. ახალი მონაცემებით აღარ არის დარღვეული სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობა ცოცხლად დაბადებულში. 2009 წლის მონაცემებით, ას გოგონაზე 104,5 ბიჭი მოდის, ეს არის ნორმალური თანაფარდობის მაჩვენებელი.
ბატონო გია, ახალი მონაცემებით, რა რაოდენობას შეადგენს საქართველოს მოსახლეობა და როგორია წელს მიგრაციის სალდო?
– არსებობს რამდენიმე მონაცემი, ოფიციალური და არაოფიციალური, ანუ შეფასებითი. „საქსტატი“ გვაძლევს მუდმივი მოსახლეობის მონაცემს თავისი შინაარსით. მაგრამ, არსებობს ფაქტობრივი მოსახლეობა, ამ მონაცემს იძლევა შეფასებები. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 2010 წლისთვის 4 მილიონ ოთხასი ათასის ფარგლებშია, არაოფიციალური და შეფასებითი მონაცემებით, მოსახლეობა ოთხ მილიონზე ნაკლებია. შეფასებები გვაძლევს სურათს ფაქტობრივ მოსახლეობაზე, რომელიც რეალურად არსებობს, „საქსტატი“ კი იძლევა მონაცემს მუდმივი მოსახლეობის შესახებ, რომელიც იმ მომენტში შეიძლება, არ იყოს ქვეყანაში, მაგრამ გარკვეული ნიშნებით მიეკუთვნებოდეს ჩვენს ქვეყანას. ამას გარდა, მისი ძირითადი საცხოვრებელი ადგილი უნდა იყოს საქართველო.
არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც მიგრაციის უარყოფითი სალდო აღარ ფიქსირდება. წინა წლებში გასული ადამიანების რიცხვი აღემატებოდა ქვეყანაში შემოსულთა რიცხვს და შესაბამისად, მიგრაციის სალდო იყო უარყოფითი.
წელს სალდო დადებითია – ქვეყანაში შემოსული ადამიანების რიცხვი 34 200 ადამიანით აჭარბებს გასულების რაოდენობას. ეს არის ოფიციალური სტატისტიკა, თუმცა ექსპერტებს აქვთ ეჭვი, რომ ეს არაა რეალური სურათი, რადგან მეთოდი, რომლითაც ამ მაჩვენებლის აღწერა ხდება, არავალიდურია. სტატისტიკის დეპარტამენტს არ აქვს სხვა გზა, გარდა ერთი მეთოდისა – მიგრანტების რიცხვის დადგენა ხდება საზღვრის დაცვის დეპარტამენტებზე დაყრდნობით. პატარა ბავშვსაც ესმის, რომ ყველა, ვინც კვეთს საზღვარს, მიგრანტი არ არის. ერთმა და იმავე ადამიანმა ერთი წლის განმავლობაში საზღვარი რამდენჯერმე შეიძლება გადაკვეთოს. ამიტომ, ის მიგრანტად არ ჩაითვლება. აუცილებლად უნდა მოხდეს სხვა ტიპის აღწერა.
დღეს ამ მონაცემის დადგენა ხდება მარტივად, რამდენი წავიდა ქვეყნიდან და რამდენი ჩამოვიდა. ხუთმილიონიან ქვეყანაში სამ-ნახევარი მიგრანტი ხომ არ გვეყოლება?! მიგრანტად ვერ ჩავთვლით საქართველოს პრეზიდენტს და მის თანმხლებ პირებს, რომლებიც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა ქვეყნებში დადიან ოფიციალური ვიზიტებით. მიგრანტი არის გარკვეული კატეგორია, ის, ვინც შემოდის ქვეყანაში სამი თვის ვადით, მიგრანტად არ ითვლება, ის არის ვიზიტორი. მიგრანტი არის გარკვეული სტატუსის პიროვნება, რომელიც შემოდის ქვეყანაში და ამ ქვეყანაში დიდხანს რჩება. საქართველოს კანონმდებლობაში ამ მხრივ არსებობს ხარვეზები და ბევრი დეფინიტია დასაზუსტებელი.
როგორია სიკვდილიანობის სტატისტიკა?
– მას შემდეგ, რაც გაუმჯობესდა სტატისტიკური აღრიცხვა, გაიზარდა სიკვდილიანობის რეგისტრაცია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ობიექტურად გაიზარდა მოკვდავობა. შობადობამ გადააჭარბა სიკვდილს, შეფასებითი მონაცემებით, ათი პროცენტით მეტია მოკვდავობის დონე, ვიდრე ოფიციალური მონაცემებით, 2009 წელს ოფიციალური სტატისტიკით 46 625 ადამიანი გარდაიცვალა, შეფასების მონაცემით – 50 224. მოკვდავობას კოეფიციენტები მოსახლეობის ათას სულზე „საქსტატის“ მონაცემებით შეადგენს 10,6 პრომილს, შეფასებითი მონაცემებით – 13,2 პრომილს. თუმცა, ბუნებრივი მატება უფრო მეტია, ვიდრე კვდომა. მოსახლეობის საშუალო ასაკი ქალებში კვლავ მეტია, ვიდრე მამაკაცებში. თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ აფრიკულ ქვეყანას, სადაც ძალიან დაბალია სიცოცხლის ხანგრძლივობა, ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა აღემატება მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობას.
საქართველოში ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა 75-76 წელია, მამაკაცების კი – 67-68 წელი. სიცოცხლის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით დემოგრაფებისთვის თვალშისაცემი აღმოჩნდა ის, რომ ძალიან გაიზარდა სიკვდილის მიზეზების მეთვრამეტე რუბრიკა. ამ რუბრიკაში ხვდებიან ის ადამიანები, რომელთა სიკვდილის დიაგნოსტირებაც ვერ ხერხდება საერთოდ, სიკვდილის მიზეზების მიხედვით, არსებობს 19 ძირითადი კლასი და ამ მიზეზების გამო სხვადასხვა კლასში შეიძლება მოხვდეს გარდაცვლილი, ადრე ყოველთვის აქტუალური იყო მეორე, მეცხრე, მეცხრამეტე კლასები, რომლებშიც ხვდებოდნენ ახალწარმონაქმნებით, სიმსივნით და ასე შემდეგ. ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, უბედური შემთხვევისა და გარეშე ფაქტორების მიხედვით გარდაცვლილები. ახალი მონაცემებით საგანგაშოდ გაზრდილია მეთვრამეტე კლასი. როგორც ჩანს, ძალიან ცუდ მოვლენასთან გვაქვს საქმე. სხვადასხვა მიზეზებით გარდაცვლილებმა გადმოინაცვლეს მეთვრამეტე რუბრიკაში და ამ რუბრიკაში შემავალთა რაოდენობამ გადააჭარბა ყველა დანარჩენს, გარდა სისხლის მიმოქცევის დაავადებით გარდაცვალების შემთხვევებისა. ეს იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოში გაუარესდა სიკვდილის დიაგნოსტირება.
ახალი დემოგრაფიული მონაცემები იძლევა იმის პერსპექტივას, რომ ერის დაბერების საფრთხე თავიდან ავიცილოთ?
– არა. ერთი და ორი წლის სტატისტიკა, რაც არ უნდა დამაიმედებელი იყოს, არ შეცვლის ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში შექმნილ ვითარებას. ორი წლის შობადობის მატება კარდინალურ ცვლილებებს ვერ მოგვიტანს. ამისთვის ხანგრძლივი პროცესია საჭირო. თუმცა, ერის დაბერება პირდაპირ არის დაკავშირებული შობადობასთან. ეს არის ერთ-ერთი პირველი კომპონენტი. საერთოდ, რაც უფრო მეტია სიცოცხლის ხანგრძლივობა, მით უფრო მეტი ადამიანი რჩება ცოცხალი და ერიც, შესაბამისად, უფრო ბერდება. მაგრამ, შობადობა უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვიდრე სიცოცხლის ხანგრძლივობა.
ექსპერტები თვლიან, რომ დემოგრაფიული დაბერება თავისას იზამს და ჩვენი ერი მომავალში უფრო მეტად დაბერდება. შობადობის გაზრდა არ იქნება უსასრულო და ყოვლისმომცველი, თუმცა ამ მხრივ ჩვენ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე, თუნდაც, რუსები და უკრაინელები. მათ გაცილებით რთული დემოგრაფიული მდგომარეობა აქვთ. ჩვენი მსგავსი ტენდენციები ჩანს სომხეთსა და აზერბაიჯანში. ჩვენ შორის აღარაა ისეთი განსხვავება, რაც იყო ათი წლის წინ. თუმცა, იქ დემოგრაფიული დაბერების დონე უფრო ნაკლებია, ვიდრე საქართველოში. ამის მიზეზი ისაა, რომ იქ უარყოფითი დემოგრაფიული ტენდენციები გაცილებით უფრო გვიან დაიწყო, ვიდრე ჩვენთან. თუმცა, ადრე თუ გვიან, ამ პრობლემის წინაშე დადგება, როგორც სამხრეთ კავკასია, ისე მთელი მსოფლიო.