კახი კალაძის საქმეები ცუდად მიდის

კახი კალაძის საქმეები ცუდად მიდის

კახი კალაძის საქმეები ძალიან ცუდად მიდის. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს ქვეყნის ხელისუფლება შემოსწყრა. მასზე საქართველოს პრეზიდენტიც ძალიან განაწყენებულია. სწორედ ამის გამო დაიწყეს ნაციონალებმა მისი ქონების ჩამოთმევაზე საუბარი.

ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ კახი კალაძეს ქობულეთში მდებარე სასტუმრო "კოლხეთი", "არსენალის მთა" და "კალა კაპიტალი" უნდა ჩამოართვან. როგორც ნაციონალები განმარტავენ, ამ ქონების გარეშე კალაძე შეიძლება განუხორციელებელი ბიზნესპროექტების გამო დარჩეს.

კახი კალაძემ "კალა კაპიტალი" ზურაბ ნოღაიდელთან ერთად დააფუძნა და სასტუმრო "კოლხეთი" ქობულეთში მილიონ სამასი ათას დოლარად შეიძინა, თუმცა, გაკეთებული ჯერ იქ არაფერია.

რაც შეეხება "არსენალის მთას", კალაძემ სახელმწიფოსგან 38 მილიონ დოლარად იყიდა, თუმცა, მხოლოდ 19 მილიონი აქვს გადახდილი. აღნიშნულ მთაზე 2016 წლისთვის საცხოვრებლები და ბიზნეს–კომპლექსები უნდა აშენებულიყო, რისთვისაც კალაძეს 700 მილიონის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.

სახელმწიფო კალაძეს დარჩენილი 19 მილიონისა და ჯარიმის სახით დაკისრებული 15 მილიონის გადახდას სთხოვს.

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ ჭელიძემ განაცხადა, კალაძე დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს და ვერც ვადას ასახელებს, თუ როდის შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.

გავრცელებული ინფორმაციით, "არსენალის მთასთან" დაკავშირებით ვალდებულება კალაძის ყოფილ პარტნიორ ზურაბ ნოღაიდელსაც ეკისრება. რამდენიმე გადავადების მიუხედავად, კალაძე არც ჯარიმას იხდის და არც ინვესტიციას ახორციელებს.

კალაძე ისევ ნაციონალების ფანი რომ ყოფილიყო, საეჭვოა, ხელისუფლება ამაზე ალაპარაკებულიყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც კალაძეს ჩვენს ხელისუფლებაზე განსხვავებული აზრები გაუჩნდა, ნაციონალებმა მისი ვალდებულებები გაიხსენეს.

ოპოზიციიის ერთ–ერთი ლიდერი ალეკო შალამბერიძე არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა კალაძე დააპატიმროს. ეროვნული ნაკრების კაპიტნისთვის ქონების ჩამორთმევა, მისი აზრით, საერთაშორისო სკანდალს გამოიწვევს.

რა კავშირი აქვს დემეტრაძის დაკავებასთან კახა კალაძეს, რატომ გადაეკიდნენ მას ნაციონალები, ამის შესახებ ალეკო შალამბერიძე "სარკეს" ესაუბრება.

ცნობილი გახდა, რომ კახა კალაძეს ხელისუფლება ქონების ჩამოთმევას უპირებს. მას ამ ქონებასთან დაკავშირებით ადრეც ჰქონდა პრობლემები. მაშინ მას ხელისუფლებამ შეღავათები დაუწესა. ახლა კი, ამბობენ, რომ მასთან დაკავშირებით გამონაკლისს არ დაუშვებენ. რატომ შეიცვალა დამოკიდებულება ნაკრების კაპიტნის მიმართ?

– ცხადია, გამონაკლისს არ დაუშვებენ. არ დაუშვებენ იმიტომ, რომ ყველას ყველაფერს ართმევენ. საკუთრების ერთადერთი მფლობელი ამ ქვეყანაში არის მიხეილ სააკაშვილი და მისი ბანდა. კალაძემ როგორც კი სათანადოდ შეაფასა საქართველოში შექმნილი ვითარება, მაშინვე დაიწყეს საუბარი მისთვის ქონების ჩამორთმევაზე, კალაძეს სასტუმრო "კოლხეთს", "არსენალის მთასა" და "კალა კაპიტალს" ართმევენ. ამ ადამიანს ქონებას ართმევენ იმის გამო, რომ მან საქვეყნოდ განაცხადა საქართველოს ხელისუფლების არადემოკრატიულობაზე. მას საკუთარი ფულით ნაყიდ ქონებას ართმევენ. თანაც, იმ ფულსაც ხომ გააჩნია, რა ფულითაც აქვს მას ეს ქონება ნაყიდი.

რას ჰქვია, ფულსაც გააჩნია?

– იმას, რომ ამ ადამიანს ეს ფული ალალი შრომით, თავისი ფეხებით აქვს ნაშოვნი, სააკაშვილისა და მისი ბანდის მსგავსად, ხალხის ხარჯზე კი არ უშოვია. ეს ნაციონალებს ნაკლებად ადარდებს. საქართველოში დღეს არის ტირანული მმართველობა. ამ ქვეყანაში ადამიანს არ უნდა ჰქონდეს ქონება. ქონება მარტო სააკაშვილსა და მის კლანს უნდა გააჩნდეს. მოდით, მარტო კალაძეზე ნუ გავამახვილებთ ყურადღებას. მაუდკომბინატის აქციონერებთან დაკავშირებით უნდა გითხრათ ერთი ამბავი. ამ ადამიანებს საკუთრება ეკუთვნით, მაგრამ არ აძლევენ.

ვინ არ აძლევს?

– არის რაღაცა ჰოლდინგი, რომლის სათავეში სააკაშვილი იქნება.

მართლა სააკაშვილი დგას, თუ ისე, ზოგადად, თქვით?

– ამ ქვეყანაში ყველაფერი სააკაშვილსა და მის ბანდას ეკუთვნის. ყველაფრის დირექტორი არის სააკაშვილი. ამ კომბინატის უკანაც ის იქნება.

მოდით, ისევ კალაძეს დავუბრუნდეთ, რატომ მოხდა მასთან დაკავშირებით ასე მკვეთრად პოზიციების შეცვლა. იყო დრო, ის ნაციონალების სახედ ითვლებოდა და ყველა ჭეშმარიტი ნაციონალი ამის გამო მილანსგულშემატკივრობდა.

– მაშინ ეს იმიტომ ხდებოდა, რომ კალაძე სააკაშვილთან ახლოს იყო. აბა, ყოჩაღი ბიჭი იყავი და არ გეთქვა, რომ „მილანი“ მოგწონდა. მთელი მმართველი პარტია „მილანის“ გულშემატკივარი იყო.

გია ხევიაშვილი ხომ მიუნხენის ბაიერნსგულშემატკივრობდა და თანაც ღიად?

– გულშემატკივრობდა და ამის გამო დასაჯეს კიდეც.

როგორ დასაჯეს?

– კაცი სოფლის მეურნეობის მინისტრობაზე ოცნებობდა და ლტოლვილთა სამინისტრო ჩააბარეს. მერე, საერთოდ მოხსნეს სამსახურიდან. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. თუმცა, „მილანის“ მხარდაჭერა ნაციონალური აუცილებლობა იყო. ის რატი სამყურაშვილის მეჯვარე გახლავთ. კალაძე დიდი ფეხბურთელია და მასთან გვერდზე დადგომაც კი საამაყო იყო. ახლა, ყველაფერი შეიცვალა.

რატომ შეიცვალა, კალაძე ხომ ისევ დიდი ფეხბურთელია?

– რა თქმა უნდა, დიდი ფეხბურთელია. ამას გარდა, კახი თავისუფალი ადამიანია. ზოგიერთი პოლიტიკოსივით სააკაშვილის მონა კი არ არის. როცა დაინახა, რომ ქვეყანაში უსამართლობას ჰქონდა ადგილი, თავისი პოზიცია დააფიქსირა. ჩვენი კონსტიტუციის მიხედვითაც კი, ყველა ადამიანს შეუძლია თავისი აზრი გამოხატოს. ამ უფლების დარღვევის უფლება არავის აქვს, მით უმეტეს, თაღლით სააკაშვილს. როგორც უკვე გითხარით, კახი თავისუფალი ადამიანია და მან საჯაროდ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება კანონს არღვევდა. მან თავისი პრინციპული პოზიცია დააფიქსირა გიორგი დემეტრაძის დაკავებასთან დაკავშირებით.

ერთ–ერთმა ოპოზიციონერმა თქვა, დემეტრაძე იმიტომ დააკავა ხელისუფლებამ, რომ კალაძისთვის ფულის "შეწერა" უნდათო. მართალია ეს ამბავი?

– არ ვიცი. დემესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები გაჩნდა. კალაძემ ამასთან დაკავშირებით საკმაოდ მწვავე და სამართლიანი პროტესტი გამოთქვა.

ისინი მეგობრები არიან და გასაგებია, რომ კალაძე მისი დაკავების გამო ძალიან აღშფოთდა. ამის შემდეგ დაიწყო საუბარი ხელისუფლების უკანონობაზე. დემე რომ არ დაეჭირათ, კალაძე ამ უკანონობას ალბათ ისევ ვერ დაინახავდა.

– ამაში ვერ დაგეთანხმებით. ეროვნული ნაკრების კაპიტანი დემეს დაკავებამდეც აფიქსირებდა თავის განსხვავებულ მოსაზრებებს. უცხოურ მედიასთან საუბარში მან ბევრჯერ გააკრიტიკა სააკაშვილი და მისი ხელისუფლება. ეს უფრო ადრე იყო, ვიდრე დემეს დაიჭერდნენ. მეგობრის დაკავების შემდეგაც იგივეს ამბობს, ოღონდ უფრო მწარედ.

თუმცა, იყო დრო, როცა ის სააკაშვილის ქმედებებს ვერ ამჩნევდა, საქართველოში ადამიანებს საკუთრებას მაშინაც ართმევდნენ, როცა კაპიტანი სააკაშვილთან მეგობრობდა. მაშინ რატომ არაფერი თქვა?

– ეს ადამიანი „მილანში“ თამაშობდა. იქ არ ეცალა, საქართველოში მიმდინარე პროცესებისთვის თვალი ედევნებინა. როცა ეს უკანონობა შეამჩნია, თავისი პოზიცია ღიად და მწვავედ დააფიქსირა. ამის გამო მას დღეს საკუთრებას ართმევენ.

ოფიციალური ვერსიით, კაპიტანს ქონებას შეუსრულებელი სამუშაოების გამო ართმევენ.

– ასე იტყვიან, აბა, რეალურ მიზეზს ხომ არ დაასახელებენ. ამ ქვეყანაში მესაკუთრეების უფლებები დაცული არ არის. ამ მხრივ, არც კალაძე აღმოჩნდა გამონაკლისი.

არის ვერსია, რომ ის შეიძლება დააპატიმრონ კიდეც. თქვენი აზრით, ასეთი რამე შესაძლებელია?

– ყველაფერი მოსალოდნელია სააკაშვილისგან. ებრაელი ბიზნესმენების დაკავება თუ გაბედეს, როგორ გგონიათ, კალაძეს ვერ დააკავებენ? ებრაელ ბიზნესმენებთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ მართლაც გაუგონარი რამ ჩაიდინა. ეს ადამიანები სრულიად უდანაშაულოდ დააკავეს. უდანაშაულო ადამიანების დაკავება საქართველოში არავის უკვირს, მაგრამ ამ მხრივ განსაკუთრებით ვერაგულად მოიქცნენ. ეს ადამიანები საქართველოში ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა შემოიტყუა. თუ ეს გააკეთეს, ახლა ის მითხარით, რატომ ვერ გაბედავენ კალაძის ანდა ნებისმიერი სხვა ადამიანების დაკავებას.

ამ დღეებში ნაციონალების ერთმა ჯგუფმა კალაძის კარგ ფეხბურთელობაშიც ეჭვი შეიტანა. მათ იტალია–საქართველოს თამაშის დროს კალაძის მიერ გატანილი ორი ავტოგოლიც გაიხსენეს...

- ამაზე ლაპარაკი არის ბავშვობა. ეს ამბავი ყველაზე მეტად კალაძეს ეწყინა. საკუთარ კარში გოლის გატანისგან არც ერთი დიდი ფეხბურთელი დაზღვეული არ არის. საქართველოში კი, ამ ხელისუფლების უკანონობისგან არც ერთი ადამიანი დაზღვეული არ არის.