სკანდალი „მზის” ეთერში

სკანდალი „მზის” ეთერში

გადაცემა „მზესუმზირას" ფორმატი მოითხოვს, რომ მისი წამყვანები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პიროვნებები იყვნენ, რათა პირდაპირ ეთერში ყოველთვის იყოს დაძაბულობის და სკანდალურობის თუნდაც პატარა მუხტი, მაგრამ ეს გარკვეულ „საფრთხესაც" შეიცავს – ხომ შეიძლება წამყვანებმა ზღვარი ვერ დაიცვან და ამას რაღაც გაუთვალისწინებელი მოჰყვეს.

ცოტა ხნის წინ ასეც მოხდა.

ერთ–ერთი გადაცემის დროს მაკა შალიკაშვილის რეპლიკა გიორგი ნაზღაიძეს არ მოეწონა და გადაცემა პროტესტის ნიშნად დატოვა. გია ჯაჯანიძემ სიტუაცია ჩააშოშმინა და გიორგის წასვლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით ახსნა – ცუდად გახდაო.

ამის შემდეგ ნაზღაიძე და შალიკაშვილი ერთად ეთერში აღარ სხდებიან. გია ჯაჯანიძეს ერთ დღეს თანაწამყვანად მაკა ჰყავს, მეორე დღეს – გიორგი.

ამ ცვლილებებს მაკა პროდიუსერების ჩანაფიქრით ხსნის, გიორგი კი აღიარებს, რომ ის ნაწყენია.

„სარკე" შეეცადა, გაერკვია, რა მოხდა რეალურად „მზის" ეთერში.

მაკა შალიკაშვილი:

 

- იმ დღეს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ჩემსა და გიორგის შორის არანაირი დაძაბულობა არ არსებობს. შეიძლება გარედან ასე გამოჩნდა, რომ მე და გიორგიმ სერიოზულად ვიკამათეთ და ამის შემდეგ დავცალცალკევდით. გია და გიორგიც ხშირად კამათობენ, მე და გიაც და ამაში გასაკვირი არაფერია. ამბობენ, რომ მე იმ დღეს პირდაპირ ეთერში გიორგის კაცობას შევეხე. ეს სისულელეა. პირიქით, შემიძლია გითხრათ, რომ მეტად სიმპათიური მამაკაცია და ძალიანაც მომწონს. ის, რომ დღეს მე და გიორგი გადაცემაში ერთად არ ვსხდებით, ჩვენი ბრალი არაა, ასეთი გადაწყვეტილება პროდიუსერმა მიიღო.

გია ჯაჯანიძე:

 

- კამათი ჩვენი თანმდევია. იმ დღეს, როცა გიორგი ეთერიდან გავიდა, ცუდად იყო. გადაცემაში სამივე მშვიდად შემოვედით, ეთერი რომ დაიწყო, გიორგიმ თქვა, ძალიან ცუდად ვარო. ბოლოს ისე ცუდად გახდა, მეორე ბლოკში შემოსვლა ვეღარ შეძლო. გიორგი არ არის ის ადამიანი, რომ ასე ადვილად ავარდეს და რამე ეწყინოს. არ ვიცი, რატომ შეიქმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ჩვენ გიორგის ვეჩხუბეთ. არ ვიცი, რატომ განაცალკევეს მაკა და გიორგი... ისე, ყველაზე დიდი ჩხუბისთავი მე ვარ, მაშინ მე უნდა წავსულიყავი.

გიორგი ნაზღაიძე:

 

- დასამალი არაფერია და შემიძლია გითხრათ, რომ იმ დღეს ნამდვილად რაღაც გაუგებრობა მოხდა. სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე, გადაცემა დამეტოვებინა. სერიოზული არაფერი მომხდარა. უბრალოდ იმ დღეს ზედმეტად ავყევი ემოციებს. ალბათ დიდი დოზით ჩემი ბრალიც იყო, იმ დღეს რაც მოხდა. გაუგებრობები ყველგან ხდება, მთავარი ისაა, რომ დღეს მე, მაკა და გია მეგობრები ვართ და ძალიან დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს, შეცდომებზე ვიზრდებით.

იმ დღეს ვინ დაუშვა შეცდომა?

 

- არავინ, ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ ჩვენ კარგად არ ვიცნობთ ერთმანეთს.

ამ ფაქტის შემდეგ ყველა ამბობს, რომ მაკას და გიას გამუდმებით დასცინით, ბოლოს მაკამაც ვერ მოითმინა და ამიტომ მოხდა სერიოზული კონფლიქტი.

 

- არა, არა! ხომ გეუბნებით, ეს უბრალო გაუგებრობა იყო. ჯერ ისე ვერ გავიცანით ერთმანეთი, რომ რაღაცეები ხუმრობად აღვიქვათ და არა – პირად შეურაცხყოფად. იმ დღეს მართლა არავინ ყოფილა დამნაშავე, ორივეს ვუყვარვარ და გვერდში მიდგანან. უბრალოდ რაღაც არასწორად გავიგე და გადაცემა ამიტომ დავტოვე. იმ წუთში თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი.

როგორც მაკამ და გიამ მითხრეს, თქვენ იმ დღეს ცუდად იყავით და ამიტომ დატოვეთ გადაცემა, თქვენ კი ამბობთ, რომ შეურაცხყოფილად იგრძენით თავი. ბოლო–ბოლო რომელი ამბობთ სიმართლეს?

 

- რატომღაც იქ ასე თქვეს, რომ ცუდად გავხდი. მე კი არ მინდა, მოვიტყუო. იმ დღეს ვთქვი, არ მინდა გადაცემაში ჯდომა, ძალიან ცუდად ვარ–მეთქი. არ ჰქონდა მნიშვნელობა, როგორ ვიყავი და რა მწყინდა, მაგრამ არ მინდოდა და მორჩა!

მაკას რაღაც უთქვამს თქვენს კაცობაზე...

 

– სიმართლე გითხრათ, მე ამ თემის დახურვა მინდა და თქვენთან საუბრით ასეც მოვიქცევი. მთავარი ისაა, რომ ორივე ძალიან მიყვარს, ალბათ ის გაუგებრობაც საჭირო იყო. ბევრმა ჩხუბმა უფრო გაგვაერთიანა, სამივენი ვართ რაღაცაში დამნაშავეები. არ მინდა, დავწვრილმანდე და ვთქვა, იმ წუთას რა გაუგებრობა მოხდა. დავსხედით, ვილაპარაკეთ და მივხვდით, რომ რაღაცეებში სამივე არასწორად მოვიქეცით.