უნდა დაისაჯოს თუ არა შალვა ოგბაიძე?

უნდა დაისაჯოს თუ არა შალვა ოგბაიძე?

არსებულმა რეალობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ის, რაზეც „ალია“ წლების მანძილზე წერდა, რომ ნორმალურ მოქალაქეს თავდაცვის მიზნით უნდა ჰქონდეს იარაღის ტარების უფლება და არა მარტო სახლში.

ვინაიდან ეს მხოლოდ პარლამენტის პრეროგატივაა, „ალიამ“ დეპუტატებს ასეთი კითხვით მიმართა: შალვა ოგბაიძეს პროვოკაცია მოუწყვეს, ჩაუდეს იარაღი. თქვენ რას იღონებთ იმისათვის, რომ საზოგადოების ფართო სპექტრს ჰქონდეს იარაღის ტარების უფლება?

გია ბარამიძე:

- მე ვერაფერს ვიღონებ, გენაცვალე. არსებობს კანონი, რომელიც არეგულირებს ამას.

არ იბრძოლებთ, რომ საზოგადოების ფართო სპექტრს დაუკანონდეს იარაღის ტარების უფლება?

- წინააღმდეგი ვარ იმისა, განურჩევლად ყველას ჰქონდეს იარაღის ტარების უფლება. რაც შეეხება საზოგადოების ფართო სპექტრს, სასურველია, ადამიანებს თავის დაცვა პირადი იარაღით არ უხდებოდეთ, მაგრამ მე მაინც ყველა პატიოსან და წესიერ ადამიანს მივცემდი იარაღის ტარების უფლებას. მათ უნდა ჰქონდეთ თავის დაცვის საშუალება უწესოებისაგან და ყაჩაღებისგან.

ვალერი გელბახიანი:

- არა ვარ მომხრე იარაღის ტარების უფლება ჰქონდეს საზოგადოების ფართო სპექტრს. აი, ოგბაიძე, იარაღის გამო არ უნდა დაიჭირონ, იგი საზოგადოებისათვის საშიში ადამიანი არ არის. უფრო კრიმინალურ ელემენტებზე უნდა გავრცელდეს სისხლის სამართლებრივი დევნა.

ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ბოროტმოქმედებს უფრო არ იჭერენ...

- ბოროტმოქმედი უნდა იქნეს დაჭერილი ამისათვის...

ბატონო ვალერი, რა უფრო ადვილია, კანონი შევცვალოთ თუ რეალობა?

- ჩვენი საზოგადოება არ არის მომწიფებული იმისთვის, რომ მის ფართო სპექტრს დაუკანონდეს იარაღის ტარების უფლება. ეს სწორად არ იქნება აღქმული.

აკაკი ასათიანი:

- მე მგონი, უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ შალვა ოგბაიძე უსამართლოდ არ დაისაჯოს, თორემ ყველასთვის იარაღის დაკანონება სულაც არ არის ჩემი ნება.

ბოროტმოქმედს ისედაც აქვს იარაღი. თქვენ არ გსურთ, წესიერ ადამიანს ჰქონდეს თავის დაცვის საშუალება?

- ეს ძალიან სერიოზული თემაა, ახლა კომენტარებს ნამდვილად ვერ გავაკეთებ.

ვიტალი ხაზარაძე:

- იარაღის ტარების უფლება თავის დაცვის საშუალებად შეიძლება ჩაითვალოს?

რატომაც არა. ბოროტმოქმედს ისედაც აქვს იარაღი და წესიერ ადამიანსაც თუ ექნება იარაღის ტარების უფლება, ამით რა დაშავდება?

- არ მიფიქრია ამ საკითხზე ამ კუთხით...

ახლა იფიქრეთ...

- მე მაინც ვშიშობ... ჩემი აზრით, საზოგადოების ფართო სპექტრისათვის იარაღის ტარების უფლების მინიჭება მაინც სარისკოა. რაც შეეხება შალვას, მე ვიცნობ, როგორც ჩამოყალიბებულ პიროვნებას, რომლისგანაც საზოგადოებისათვის საზიანო ქმედება წარმოუდგენელია.

კობა დავითაშვილი:

- მომხრე ვარ, იარაღის ტარების უფლება ჰქონდეს ყველა მოქალაქეს. ყაჩაღი და ბანდიტი ისედაც შეიარაღებულია, ეგეთი ადამიანი დაუსჯელია ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ კარგი იქნება, წესიერ ადამიანსაც თუ მივცემთ თავის დაცვის საშუალებას.