როგორ გაუმწარა ცხოვრება ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ჯოზეფ ქეიმ

როგორ გაუმწარა ცხოვრება ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ჯოზეფ ქეიმ

მალე ხუთი წელი გავა ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან... მისი ოჯახის წევრებს ამ წლებში ბევრი სირთულის გადატანა მოუხდათ. ხშირი იყო უსამართლობა, შეურაცხყოფა, არაერთი ბრალდება და ასე შემდეგ, თუმცა, ვერავინ გაიხსენებს მათ თუნდაც ერთ უღირს პასუხს... ნათელა პატარკაციშვილი დღესაც ქართველებრაელთა დამეგობრებას ემსახურება. სასაუბროდ სწორედ მისი ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად შევხვდით.

ქალბატონო ნათელა, თქვენთვის საქართველოში ცხოვრება გარკვეულწილად  მტკივნეული არ არის?

 

არა!... საქართველოს გარეშე ერთ დღესაც ვერ გავძლებ. ლონდონში რომ ჩავიდოდი, მაშინვე წამოსვლა მინდოდა ხოლმე. ბადრი მეუბნებოდა: დედა, გორში ხომ  არ ჩამოსულხარ, ლონდონში ხარ და რას გარბიხარო... სხვაგან ცხოვრება მიჭირს, თორემ, ყველგან შემიძლია, ვიცხოვრო. მიყვარს ჩემი მეგობრები, ჩემი სახლი, თბილისი და საქართველო.

ბატონი ბადრის შვილებზე რას გვეტყვით?

 

- ბადრის შვილებს საქართველო ძალიან უყვართ. ოთხი შვილთაშვილი მყავს. ბადრის გარდაცვალების შემდეგ სამი ბავშვი გაჩნდა. დღეს ერთ-ერთი 2 წლის გაგვიხდა.

ბატონი ბადრის ვაჟთან თუ გაქვთ ურთიერთობა?

 

- დათოსთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ის საქართველოში მამის გარდაცვალების შემდეგ არ ყოფილა. რაც შეეხება დათოს დედას, შედარებისთვის ვიტყვი, რომ ინა ჩემი საკუთარი რძალია, იყო და იქნება ყოველთვის. ძალიან კარგი გოგოა, ნაზი ხასიათის, გარეგნობითაც ძალიან ლამაზია. სულ ახალგაზრდა – 20 წლის იყო, რომ მოვიყვანეთ...  დათოს დედამ რომ მკითხა, ჩემზე რას იტყოდითო, ვუთხარი, ჩემი შვილიშვილის დედა ხარ, ვაჟი გყავთ, პატივს გცემთ, მაგრამ, რძლად არასოდეს მიმიღიხართ-მეთქი. ეს სიტყვები ძალიან ეწყინა. რადგან არ სურს, ეს წყენა უკან წაიღოს, მეც არ ვრეკავ. არც შევეხმიანები, არავითარ შემთხვევაში. დავიჯერო, თვითონ ვერ გაიაზრა, ვინ არის ბადრის მეუღლე?! ბადრის გარდაცვალების დღეს თუ ჩამოვლენ, კარგი იქნება, თუ არა და, ვერაფერს გავხდებით.

რა ხდება დღეს „არკადიაში”?

 

- „არკადიაში” ბადრის ოფისები ჰქონდა და მეგობარ ბიზნესმენებთან შეხვედრებს მართავდა. ასევე, იმართებოდა ოლიმპიური კომიტეტის შეხვედრები. დღეს იქაურობას არანაირი დატვირთვა არ აქვს, მაგრამ, ალბათ, დროთა განმავლობაში ექნება. ბადრის შვილები უკვე დიდები არიან: ერთი 32 წლისაა, მეორე – 28-ის და ნელ-ნელა ყველაფერს მიხედავენ. ორივეს ძალიან უყვართ საქართველო, მათი პატარა შვილები ხომ გიჟდებიან. თონის პური იმდენად უყვართ, რომ ჰგონიათ, რომ სხვაგან არ იშოვება. პირველ შვილთაშვილს, მელანოს, ეგონა, რომ კარტოფილი მხოლოდ ჩვენთან კეთდებოდა... სხვათა შორის, ჩემს რძალს ლონდონში ქართველი მზარეულები ჰყავს და ყოველთვის ქართულ კერძებს ამზადებენ... ბავშვებმა სამი ენა იციან – ქართული, რუსული და ინგლისური... ლონდონი ძალიან კარგია, ბევრი შეძლებული ხალხი ცხოვრობს, შედარებით გაჭირვებულებიც არიან, მაგრამ, ჩვენები ძალიან კარგად ცხოვრობდნენ და ახლაც არა უშავთ.

თქვენს ასოციაციაზე რას გვეტყვით?

 

- ჩვენი ასოციაცია ათი წელია, რაც ჩამოყალიბდა და ებრაელებისა და ქართველების ურთიერთობას ემსახურება. არაჩვეულებრივი საღამოები გვაქვს, თვეში ერთხელ შეხვედრებს ვატარებთ.

ევა ბაბალაშვილი: ეს ასოციაცია ებრაელებისა და ქართველების მეგობრობას ემსახურება. საქართველოდან ბევრი ებრაელი წავიდა და, ის ტრადიციები, რაც 26 საუკუნის განმავლობაში იყო ჩამოყალიბებული, სადღაც სივრცეში იფანტება. ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს ტრადიციები არ დაიკარგოს.

საღამოები ასეთ ფორმატშია: მოდის ორი პიროვნება – ქართველი და ებრაელი, ვაჯენთ სავარძლებში, მათ უკან აღმართულია ქართული და ებრაული დროშები. ქართველი ჯდება ებრაული დროშის წინ და ებრაელი – პირიქით. ისინი საუბრობენ იმის შესახებ, თუ რა გააკეთა ამ ორმა ერმა 26 საუკუნის განმავლობაში და როგორ წაიყვანეს საქმით წინ ეს მეგობრობა. ჩვენი „ოსკარი” და საჩუქარი გვაქვს, რაც ქალბატონი ნათელას ინიციატივაა...  ამ „ოსკარს“ დავარქვით „ესთა” – ანუ, ესტა და თამარი. თამარი ყველამ ვიცით, ვინ არის, ესტა კი არის ქალი, რომელმაც ძალიან დიდი ხნის წინათ იხსნა ებრაელი ერი ფიზიკური განადგურებისგან.

ვერიკო ანჯაფარიძე თამაშობდა სპექტაკლში „ურიელ აკოსტა”, შემდეგ სოფიკომ განაახლა ეს სპექტაკლი და ნატო მურვანიძე და ნიკა თავაძე ათამაშა მთავარ როლებში. ამ სპექტაკლში ქალებსაც და კაცებსაც აცვიათ სამოსი, რომელიც ერთი გვერდიდან ქრისტიანულია, ხოლო მეორე მხრიდან – ებრაული... სოფიკო ჩვენთან ერთად იყო ექვსი წლის განმავლობაში.

ნატო კვანტალიანი: დღეს ჩვენი ასოციაციის საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია. ვცდილობთ, ეს ორი ერი საქმითაც იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული, მით უფრო, როცა ჩვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი სამუშაო ადგილის შექმნა. ვცდილობთ, ადამიანებს ვაჩუქოთ სითბო, სიყვარული და ხვალინდელი დღის იმედი. ასეთი გამოთქმა არსებობს. ადამიანს, თევზის მიცემას, თევზის ჭერა ასწავლო, ჯობიაო. ჩვენც ეს დევიზი დავისახეთ მიზნად და გვაქვს გარკვეული მიღწევები. ჩვენი ასოციაციის ეგიდით „თეთრი ტბის” მიმდებარე სკვერში ხეები ირგვება...

ქალბატონო ნათელა, როდესაც ნაციონალური მოძრაობა არჩევნებში დამარცხდა, ამბობდნენ, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი მათი უსამართლობა იყოო... ანუ, ის, თუ როგორ მოექცნენ ბევრ ადამიანს და, პირველ ყოვლისა– ბადრი პატარკაციშვილს.

 

- არაფრის თქმა არ შემიძლია. რომ ვიცოდე, ჩემს შვილს ვინ რა დაუშავა და ვინ რა ჩაიდინა, შეიძლება, ყველაფერი მეთქვა. ვის დავადო ხელი, როცა ჩემს შვილს ჩემმა დისშვილმა უღალატა?! ვინმეს მასზე მეტად რომ ეღალატა ჩემთვის, ასეთი მტკივნეული არ იქნებოდა. ჩემმა დისშვილმა ბადრის მთელი ქონება გაფანტა, მოიპარა და, რა უყო, ღმერთმა უწყის. საუბარია ჯოზეფ ქეიზე...  ერთმანეთთან საშინელი დამოკიდებულება გვაქვს, ხმას არ ვცემთ.

როგორ დარწმუნდით, რომ ბადრი პატარკაციშვილს ყველაზე მეტად ჯოზეფ ქეიმ უღალატა? 

 

- ბადრი ისე დავასაფლავეთ, არც ჩემმა რძალმა, არც ჩემმა გოგონებმა და არც მე, არ ვიცოდით, რა ცუდი საქმეები გააკეთა ჯოზეფ ქეიმ. ბადრის დასაფლავებიდან ორი დღის შემდეგ ჩემმა რძალმა დამირეკა და მითხრა: დედა, ვიცი, ახლა ცუდად ხარ, მაგრამ, იქნებ დამეხმაროთ, ჯოზეფ ქეი უნდა მოვიდეს და მე მარტო არ შევხვდებიო... მე, ჩემი გოგონები და სიძე (მზიას მეუღლე) „არკადიაში” წავედით... მისვლიდან ცოტა ხნის შემდეგ ჯოზეფ ქეი ჩემს რძალს გადაეხვია და ეუბნება:  შენ იცი, შენს ქმარს სხვა ქალთან შვილი რომ ჰყავსო?! ამის დრო იყო?! ქალმა სამი დღის წინ ქმარი დაასაფლავა და, შე ვიგინდარა (ბოდიში ამ სიტყვაზე), ქალს ამ ამბავს ეუბნები?! ინამ რაღაცნაირად ამოისუნთქა და – ვაიო, – დაიძახა. ჩემი შვილი, მზია, ფეხმოტეხილი იყო, მაგრამ, ამ სიტყვების გაგონებაზე ყავარჯნით წამოვარდა და უყვირა – ახლა მოგკლავო. მზიასთვის ხელი რომ არ წაევლო მის ქმარს, ისიც იქვე მოკვდებოდა (კაფეში ვისხედით და კაფელის იატაკი იყო)... აი, ასე გაგვამწარა. ისედაც სათანადოდ  ვერ დავიტირე ჩემი შვილი – ბადრის უფრო მეტი ცრემლი ეკუთვნოდა, მაგრამ, გულში იმდენი დარდი და უბედურება გამიჩნდა, არავის დანახვა და ლაპარაკი აღარ შემეძლო... მესამე დღეს ჯოზეფ ქეიმ დამირეკა და მითხრა: დეიდაჩემო, შენთან მოსვლა მინდაო. ვუთხარი, თუ პირი გაქვს, მოდი-მეთქი. ორლიტრიანი ბოთლით ხელში წყალი ეჭირა – ჩემთან რომ არ დაელია, თვითონ მოიტანა... ვუთხარი: არ გრცხვენია, სოსო, შენ ბადრის და მის მეუღლეს რას უკეთებ, კაცად ვინ გაქცია და ასე უბრუნებ-მეთქი? დეიდაჩემო, შენ ვერ მიხვდი, ეს ქონება რომ შენთვის მინდა და შენი ორი გოგოსთვისო?! – ვუთხარი, ძალიან ცუდად ვარ, გააღე კარი და გადი-მეთქი.

თქვენი და სად არის და მასთან თუ გაქვთ ურთიერთობა?

 

- მგონი, ამერიკაშია... რა თქმა უნდა, არავითარი ურთიერთობა არ მაქვს მასთან, ისეთი დღეები მანახა მისმა შვილმა. ენა ვერ აღწერს, რაც მე გადავიტანე. ძალიან ბევრი მოიქცა ცუდად, მაგრამ, ახლა რომ დავასახელო და ხელი დავადო, ასეთები არ მჩვევია. შეიძლება, ისეთი რამე ვთქვა, რაც სიმართლეს არ შეიცავდეს და ამას არასოდეს ვიკადრებ.

ყველაზე მეტად ვინ გედგათ გვერდით მძიმე წლებში?

 

- არავინ, არც ერთი პოლიტიკოსი და, არც არავინ გვჭირდებოდა. ნონა გაფრინდაშვილი ჩვენი ოჯახის მიმართ ისე მოიქცა, ახლაც მგონია, რომ ჩემი საკუთარი დაა. არაჩვეულებრივი ოჯახი აქვს – ვაჟი, რძალი, შვილიშვილები... მინდა, დიდხანს იცოცხლოს და კარგად იყოს. ნონა გაფრინდაშვილი ერთადერთი ადამიანია, რომელიც წმინდა ქალია და სიმართლეს ლაპარაკობს... ბადრი როგორც დედას ძალიან პატივს მცემდა და ასეთსავე პატივს სცემდა საქართველოს. სურდა, განურჩევლად ყველა კარგად ყოფილიყო, ქართველი იყო, რუსი, სომეხი, ებრაელი თუ თათარი...

ევა ბაბალაშვილი: ქალბატონი ნათელას დაბადების დღე იყო და ბადრი ვერ დაესწრო. არადა, სურდა დედამისისთვის სიურპრიზი მოეწყო, მაგრამ, ვერ გვპოულობდა, რადგან, სულ საქმით ვიყავით დაკავებული და ხშირი მიმოსვლა გვიწევდა. იმ დღესაც სოფიკო ჭიაურელთან მივდიოდით, რომელსაც სპექტაკლი ჰქონდა – „დედა-დედოფალი”...  ერთი მსახიობის თეატრი, მოგეხსენებათ, პატარაა და სოფიკომ შემოგვითვალა, სწრაფად მოდით, წინ არავინ მოგასწროთ ადგილების დაკავებაო... გზაში, ვხედავთ, პოლიცია მოგვდევს და აცხადებს, ესა და ეს ნომერი მანქანა გააჩერეთო... მე ვიყვირე: ნათელა, ნამდვილად გვიჭერენ, ან სწრაფად უნდა წავიდეთ და გავქრეთ, ან გავჩერდეთ-მეთქი. ბოლოს გადავწყვიტეთ, მანქანა გაგვეჩერებინა. ირგვლივ მოძრაობა შეწყდა, ყველა გაჩუმებული იყო და ელოდა, რა მოხდებოდა, ჩვენი მძღოლი კი შიშისგან დამუნჯდა... ამ დროს, იღება მანქანის კარი და ბადრი გამოჩნდა, ლამაზი, გრძელი ლაბადით  და მოდის გაღიმებული... მიუახლოვდა ქალბატონ ნათელას – ეს, დედა, შენ – უთხრა და ხელზე აკოცა... ხალხი გაოგნებული იყო. ეს სასწაული ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება.

ბადრის იმდენად უყვარდა დედამისი, არ არსებობდა სტუმარი, ვინც არ უნდა ყოფილიყო, თუნდაც უცხო პლანეტიდან, მასთან შეხვედრაზე თან არ წაეყვანა. საერთოდ, მილიონერებს ასეთი რამ არ ახასიათებთ, მაგრამ, მისთვის დედა იყო პირველი. ძალიან ჰგვანან ერთმანეთს... ბადრის გარდაცვალების შემდეგ ქალბატონმა ინამაც ზუსტად ისე განაგრძო.

ნატო კვანტალიანი: ბადრი, დედის მსგავსად, ძალიან ღვთისნიერი პიროვნება იყო. ისრაელში ვიმყოფებოდით, სადაც სპეცრეისით გადავფრინდით ქალბატონ ნათელასთან ერთად. თვითმფრინავში შესულებს ყველას ძალიან დიდი თაიგულები დაგვხვდა სკამებთან, ყველაზე დიდი თაიგული კი ქალბატონი ნათელასი იყო... თვითმფრინავში ნამდვილი ოაზისი იყო მოწყობილი და ისე ჩავედით ისრაელში, ვერც გავიგეთ. ბადრიმ მთელი ერთი სასტუმროს სართული აიღო ჩვენთვის და გაგვანაწილა. როდესაც შეიტყვეს, რომ ქალბატონი ნათელა ისრაელში თავის ოჯახთან ერთად იმყოფებოდა, ყველას გაუჩნდა სურვილი, ჩვენთვის ყურადღება მოექცია. ხშირი იყო საღამოს მიწვევები.…

ერთ მშვენიერ დღეს, ერთ-ერთ ქალაქში მივდიოდით ღონისძიებაზე, სადაც ქალაქის მერმა მიგვიწვია. გამოვედით და, ქალბატონ ნათელას ყველაზე მეტად რომელი მანქანაც მოეწონა, იმას მივაშურეთ და ჩავსხედით. თურმე, ის მანქანა ბადრისთვის ყოფილა (რომელიც, თუ არ ვცდები, ერთადერთი იყო ისრაელში). როცა დავბრუნდით, ბადრი  მოსაცდელში იდგა და ჩვენს დანახვაზე გაეცინა: დედა, ყველაფერი ძალიან მიხარია, მაგრამ, მანქანის გარეშე თუ დამტოვებდი, ვერ წარმოვიდგენდიო...

ევა ბაბალაშვილი: ბადრი პატარკაციშვილი იყო ერთადერთი, რომელიც ლორდების პალატაში აღმოჩნდა. საგანგებოდ მიიპატიჟეს და წევრად აირჩიეს. ეს დიდი სასწაულია. მგონი, რუსეთიდანაც არავინ არის ლორდების პალატაში, რადგან, პატარა დახურული კლუბია.

ქალბატონო ნათელა, ბატონი ბადრის მამას როგორ იხსენებთ?

 

- შალვა ძალიან კარგი პიროვნება იყო. ყველას დახმარება უყვარდა. მართალია, მაშინ არ გვქონდა იმდენი საშუალება, როგორც ახლა, მაგრამ, სხვებს მაინც ეხმარებოდა. ჩემი ქმარი მაღაზიაში მუშაობდა. მაშინ იმპორტული საქონელი ძალიან იშვიათად შემოდიოდა. დეზერტირების ბაზართან 33-ე მაღაზია ჰქონდა. ძალიან ბევრი ადამიანი იცნობდა და უყვარდა.