„ალასანიას ვურჩევ, ბოდვას შეეშვას“

„ალასანიას ვურჩევ, ბოდვას შეეშვას“

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალია ირაკლი ალასანიას ურჩევს, "ბოდვას  შეეშვას”. როგორც ახალაიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რამდენიმე თვეა,  იქმნება სარეზერვო სისტემა, რომელში გაწევრიანებაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

მისივე თქმით, სარეზერვო სამსახურში გაწევრიანება ნებაყოფლობითია და ამისთვის ანაზღაურებას არავინ იღებს.

"სამუშაოები რამდენიმე რეგიონში ჩატარდა და სარეზერვო სამსახურები შექმნილია, სადაც დაახლოებით 40 ათასი ადამიანია  უკვე გაწევრიანებული. ოპტიმისტურ გეგმით მივდივართ და, საბოლოო ჯამში, 100 ათასი მოხალისე გვეყოლება", – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ნებაყოფლობით სარეზერვო სამსახურების ჩამოყალიბება იმ რეგიონიდან დაიწყო, რომელიც ადმინისტრაციულ საზღვართან არის ახლოს და არ შეიძლება ამ ყველაფრის უკან, "სისულელეები" დაინახონ.

მინისტრის განცხადებით, ამ სამსახურების ჩამოყალიბება მაინცდამაინც რამდენიმე თვის წინ იმიტომ დაიწყო, რომ 2006 წელს ეს შეუძლებელი იყო, 2008 წლის ომმა კი ამის აუცილებლობა შექმნა.

"ომი მნიშვნელოვანი ბიძგი იყო, რათა სრულფასოვანი ანალიზი ჩაგვეტარებინა და,  როდესაც დრომ მოუწია, მაშინ დავიწყეთ", – განაცხადა ახალაიამ და დასძინა, რომ რეზერვისტები გამოყენება მხოლოდ საომარი მოქმედებებისას ან სტიქიური უბედურებისა ხდება და პოლიტიკურ შიდა დაპირისპირებაში მათი გამოყენება არ შეიძლება.

დღეს "თავისუფალი დემოკრატების"ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამეგრელოში შეიარაღებული ფორმირებების შექმნის შესახებ ინფორმაციას უშიშროების საბჭოს მიაწვდის.

მისი განცხადებით, სამეგრელოში აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობს ახალაიების კლანი - როლანდ ახალაია, რომელიც რეგიონის პროკურორია და მისი ვაჟები, რომელთაგან ერთი თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობს, მეორე კი შინაგან საქმეთა სამინისტროში ქვედანაყოფებს აკონტროლებს.

როგორც ალასანიამ აღნიშნა, სწორედ ახალაიებს დაავალა სააკაშვილმა მსგავსი ფორმირებების შექმნა, მათ კი შესაბამისი დავალებები მისცეს კონკრეტულ პირებს, რომლებიც წარმოადგენენ სამართალდამცავ სტრუქტურებს.

მისი ცნობით, ეს პირები არიან: რომან შამათავა, ნუგზარ ფინგანი, სერგო უბილავა, ფრიდონ შენგელია, თორნიკე მალაზონია, კობა თოდუა, მამუკა იოსავა, ზაზა ჯანჯღავა, ზვიად გაგუა და დავით დარსმელიძე.