ამ დღეებში ჭიათურაში ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ დაფუძნებულმა ასოციაცია „ჭიათურელმა“ მუშაობა განაახლა. ასოციაციის თავმჯდომარედ გამგეობის წევრებმა ფარული კენჭისყრით გურამ გაფრინდაშვილი დაასახელეს. პარალელურად ჩამოყალიბდა სექციები, რომლებსაც ქალაქში ცნობილი პიროვნებები ჩაუდგნენ სათავეში.
აღსანიშნავია, რომ „ჭიათურელის“ ამუშავების მცდელობა უწინაც არაერთხელ ყოფილა, თუმცა საქმე ზოგად ფრაზებსა და სურვილებს არ გასცილებია, ამჯერად კი ასოციაციის წევრები ირწმუნებიან, რომ „ჭიათურელი“ ქმედითუნარიანი იქნება და ჭიათურის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საქმეში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
პირველი ნაბიჯი, რაც ასოციაციამ გადადგა, საჩხერელი ქველმოქმედის, ბიძინა ივანიშვილისადმი გაგზავნილი წერილია.
„თავის დროზე ჩვენმა დიდმა მგოსანმა, აკაკიმ უზომო ღვაწლი დასდო ჭიათურაში მანგანუმის მრეწველობის ჩასახვას და განვითარებას. დღესაც, როცა გადარჩენის ერთადერთი გზა „ჭიათურმანგანუმის“ სრული დატვირთვით ამუშავებაა, ჩვენს მოსახლეობას გადამწყვეტ ფაქტორად თქვენი, მეორე დიდი საჩხერელის, ხელის შეშველება ესახება“, - წერენ ივანიშვილს „ჭიათურლები“.
რამდენად გაიზიარებს საჩხერელი ბიზნესმენი მათ პათოსს, სულ მალე გამოჩნდება.