„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია „რევოლუციური არჩევნებისთვის“ ემზადება. ამ გზის მომხრეთა აზრით, რევოლუციის მოწყობა იმ პოლიტიკურ ძალებს სურთ, რომლებსაც ხელისუფლებაში მოსასვლელად ძალადობის გარდა სხვა შანსი არ აქვთ. ნინო ბურჯანაძე ამ ოპოზიციურ ძალებს, „სახალხო კრების“ გვერდში დგომისკენ მოუწოდებს.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით კი, „დუელის მონაწილეები იმ იარაღს ირჩევენ, რომელსაც უკეთესად ფლობენ“.
ირაკლი ალასანიამ მორიგი პოლიტიკური განცხადებები გურჯაანის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. პარტიის ლიდერმა გურჯაანელებს „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ მომზადებული „სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაც“ გააცნო:
„ჩვენ რევოლუციური არჩევნებისთვის ვემზადებით. უმუშევრობის დაძლევისა და სოფლის მეურნეობაში არსებული პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით ამომრჩეველს რეალურ ალტერნატივას ვთავაზობთ. გურჯაანშიც იგივე პრობლემებია, რაც დანარჩენ საქართველოში“.
გურჯაანის მოსახლეობას მასთან ერთად „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები - ირაკლი და გია ჩიქოვანები შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ გურჯაანის რეგიონული აგრარული ცენტრიც მოინახულეს.
„რევოლუციის მოწყობა იმ პოლიტიკურ ძალებს უნდათ, რომლებსაც ხელისუფლებაში მოსასვლელად ძალადობის გარდა სხვა შანსი არ აქვთ“, – აცხადებს ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანი:
„დაანონსებული და დარეკლამირებული რევოლუციები არ არსებობს. ეს არის პროცესი, რომელიც საზოგადოებაში უნდა მომწიფდეს. დაანონსება, რომ აპრილში რევოლუციას მოვახდენთ, გამოიწვევს მხოლოდ ერთს - საზოგადოებაში დიდ იმედგაცრუებას, რაც მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებში შედის“.
დეპუტატმა პარალელი გაავლო 2009 წლის 9 აპრილს გამართულ აქციებთან და განაცხადა, რომ იმ პერიოდში ხელისუფლების რეიტინგი თუ 15-17%-ს არ აღემატებოდა და ოპოზიციას კი ორჯერ მეტი რეიტინგი ჰქონდა, უშედეგო აქციებისა და ოპოზიციის მცდარი ქმედების შემდეგ იმავე წლის ნოემბერში ხელისუფლების რეიტინგი 45%-მდე გაიზარდა:
„ამის კიდევ ერთხელ თავიდან გაკეთება მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებს ასხამს წყალს და თუ დღეს რაღაც კონკრეტული რეიტინგი აქვს ხელისუფლებას, აქციების უშედეგოდ დასრულების შემდეგ, შემოდგომაზე ორჯერ მეტი რეიტინგი ექნება. ამას რატომ აკეთებენ, არ მესმის, ეს უკვე ლოგიკას აღარ ექვემდებარება“.
ახვლედიანის თქმით, რევოლუციის წინაპირობების არსებობის შემთხვევაშიც კი „ქრისტიან-დემოკრატები“ რევოლუციური გზით ხელისუფლების შეცვლას არ დაუჭერენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს „ევოლუციურად უნდა მოხდესდა არა რევოლუციურად“:
„საქართველოს დამოუკიდებლობის არც ისე დიდი ისტორია აქვს. ამ პერიოდის განმავლობაში არაერთხელ მოგვივიდა შეცდომა და ხელისუფლება ძალადობრივი ქმედებით შევცვალეთ, რასაც ქვეყნის უკუსვლა მოსდევს. ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილი ჩართულია ახლა საარჩევნო კოდექსზე მუშაობის პროცესში, რომ ქვეყანაში ხელისუფლების ცივილიზებული შეცვლა დამკვიდრდეს. ვისაც ეს არ უნდა, ესაა ის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც 2%-ზე მეტი რეიტინგი და ხელისუფლებაში მოხვედრის სხვა შანსი არ აქვთ, გარდა ძალადობრივი გზისა“.
ამ ფონზე „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ოპოზიციურ ძალებს, ხელისუფლებასთან საარჩევნო კოდექსის ცვლილებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ნაცვლად, კვლავ „სახალხო კრების“ გვერდში დგომისკენ მოუწოდებს:
„თუ ვინმეს უნდა სახალხო კრებასთან ერთად ბრძოლა, არ გაურიგდება ხელისუფლებას და გულწრფელი იქნება, სახალხო კრების კარები მათთვის ღიაა. მათ ამ შემთხვევაში შეეძლებათ იბრძოლონ კრებასთან და ხალხთან ერთად. ყველა ძალას მივესალმებით, ვინც ხელისუფლებას არ გაურიგდება. ოპოზიციურ ძალებს, მოვუწოდებ, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების ნაცვლად ხალხის გვერდში დადგეს. ჯერ-ჯერობით რასაც ვხედავ ხელისუფლება და ოპოზიციური ძალები ხელს უშლიან კრებას და აბნევენ ხალხს“.
ბურჯანაძემ ოპოზიციიისა და სააკაშვილის განცხადებები ერთმანეთს შეადარა:
„ამ ბოლო დროს ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და სააკაშვილის განცხადებები ერთმანეთს გავს. აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილი წაგებულ ომზე ამბობდა მოვიგეო. ოპოზიციაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ წაგებულ მოლაპარაკებებზეც ამბობს მოვიგეო. ასევე გამარჯვებად მიიჩნევენ ადგილობრივ არჩევნებსაც, რაც გასაკვირია“.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, „ხელისუფლება არჩევნების ბედის გადაწყვეტის ბერკეტებს ხელიდან არ გაუშვებს“. როგორც საყვარელიძემ „პირWელს“ განუცხადა, „საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელზეც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ოპოზიციური ძალები აპელირებენ, გადამწყვეტი არ არის“:
„პოლიტიკური „რვიანის“ ფორმატში მიმდინარე პროცესის წარმატების პროგნოზირება ძნელია. ცხადია, ხელისუფლება, რომელსაც დღეს შეუძლია, არჩევნების ბედ-იღბალი გადაწყვიტოს, ამ ბერკეტს ხელიდან არ გაუშვებს. ყოველ შემთხვევაში, ის ყველანაირად ეცდება, ეს ბერკეტი შეინარჩუნოს.
არგუმენტი იმისა, თუ რატომ დათმობს ხელისუფლება ამ უფლებამოსილებას, არ არსებობს, ხოლო განცხადებები, რომელსაც „რვიანი“ და ოპოზიციის მეორე ჯგუფი ერთმანეთის საწინააღმდეგოდ აკეთებენ, მათ შორის ნაპრალს კიდევ უფრო გაზრდის, რაც ძალიან ცუდია, თუ მათ საერთო მიზნები აქვთ“.
რაც შეეხება ხელისუფლების შეცვლის განსხვავებულ გზებს, რომლებზეც ოპოზიციური ძალები საუბრობენ, ექსპერტს უჭირს იმის პროგნოზირება, რომელი უფრო წარმატებული იქნება.
„დუელის მონაწილეები იმ იარაღს ირჩევენ, რომელსაც უკეთესად ფლობენ. ასევეა პოლიტიკაშიც. გააჩნია, ვინ რომელ იარაღს ფლობს უკეთ და რაც მთავარია, ფლობენ თუ არა ამ იარაღს სააკაშვილზე უკეთესად. ასე, რომ, გამარჯვების უნარი იმარჯვებს და არა ესა თუ ის გზა“.