[ნინო მიქიაშვილი]
ბათუმში, ასამდე ჩვენი თანამემამულის ბრძოლაში დაცემიდან 90 წლისთავზე, მათი დაღუპვის ადგილას მემორიალის აღმართვა დღემდე ვერ მოხერხდა, მაშინ, როცა ე.წ. სიყვარულის ქანდაკების დადგმას ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი მოხმარდა, რომ აღარაფერი ვთქვათ, მბრუნავი რესტორნისთვის განსაზღვრულ რამდენიმე მილიონზე (რომელიც ასევე ბიუჯეტიდან გამოიყოფა) და სხვა პროექტებზე.
ბათუმის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსს, ნათია სურგულაძეს წერილობით ასეთი კითხვებით მივმართეთ - გთხოვთ გვიპასუხოთ, გაიმართა თუ არა კონკურსი, იმ მემორიალის ასაგებად, რომელიც თეატრის უკან არსებულ მოედანზე უნდა დაიდგას და რომელმაც უნდა უკვდავყოს 1921 წლის მარტში დაღუპული მამულიშვილების ხსოვნა? კონკურსი თუ გაიმართა, საინტერესოა, რა შედეგით დასრულდა და თუ კონკურსი არ გამართულა, მაშინ გთხოვთ, განგვიმარტოთ, რა არის ამის მიზეზი?
ცნობისათვის - ბათუმის მერიამ, კონკურსი პირველად 2010 წლის 20 მარტს გამოაცხადა. გასული წლის 25 მარტს, ჩვენთან საუბრისას ნათია სურგულაძემ აღნიშნა, რომ კონკურსი მარტის ბოლოს დასრულდებოდა, ხოლო გამარჯვებული ესკიზის ავტორს 7 000-ლარიანი პრემია გადაეცემოდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსს 2010 წლის 2 მაისსაც მივმართეთ. ნათია სურგულაძემ განგვიმარტა, რომ მარტში გამოცხადებულ კონკურსზე გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, რის გამოც კონკურსს ხელმეორედ, სავარაუდოდ, მაისის ბოლოსთვის გამოაცხადებდნენ და მასში მონაწილეობის მსურველებს, სამთვიან ვადას მისცემდნენ. ამასთან, ამ კონკურსთან დაკავშირებით საზოგადოება უფრო მეტად ინფორმირებული, რომ ყოფილიყო, 1921 წლის მარტში მომხდარი ბრძოლის ისტორიაზე კლიპსაც გადაიღებდნენ და ტელეეთერით გაუშვებდნენ.
ჩვენთვის მოწერილ ძალიან მოკლე პასუხში, ბათუმის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი, ნათია სურგულაძე ამბობს, რომ ”აღნიშნული კონკურსის გამოცხადება მართლაც ძალიან დაგვიანდა, რასაც, სამწუხაროდ, ობიექტური მიზეზები ჰქონდა”.
ნათია სურგულაძე: ”ამჯერად მდგომარეობა ასეთია - ამ დღეებში იურიდიული ნიუანსები ზუსტდება. სავარაუდოდ მარტის ბოლოს, ხელახალი კონკურსი გამოცხადდება. მასთან ერთად გამოცხადდება სხვა მემორიალის კონკურსიც (აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი). თითოეულ მათგანზე სავარაუდო თანხა 7 000 ლარი იქნება. რაც შეეხება ფილმს - მერიამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ დაეფინანსებინა მრავალსერიიანი დოკუმენტური ფილმი, ბათუმის ისტორიის შესახებ, რომლის პირველი და მეორე სერია წელს უნდა გადავიღოთ. ამ ფილმში მოთხრობილი იქნება ბათუმის გათავისუფლების ისტორიულ ფაქტებზეც. ფილმში აღწერილი პერიოდი მე-19-20 საუკუნეების მიჯნას მოიცავს”.
1921 წლის 21 თებერვალს, როცა თბილისის თავზე წითელი დროშა აფრიალდა, მარტში თურქებმა ბათუმის სტრატეგიული ობიექტები დაიკავეს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა 17 მარტს ბათუმის ნავსადგურიდან სტამბულისკენ სამუდამო ემიგრაციაში გაიხიზნა, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით ქართველებმა ბათუმისთვის ბრძოლა გააგრძელეს და 23 მარტს წარმატებით დააგვირგვინეს – ბათუმი დამპყრობლისგან გაათავისუფლეს. ბათუმისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირები (80 ადამიანი) თეატრის უკან, ე.წ. აზიზიეს მოედანზე დაკრძალეს. მათი საფლავები 1990 წლამდე უკვალოდ იყო გამქრალი.
1921 წლის მარტში დაღუპული გმირების საფლავები, ეროვნული მოძრაობის აზვირთების წლებში, ბათუმელმა პატრიოტებმა აღმოაჩინეს. იქ 50–მდე მიცვალებული ესვენა, მათ შორის 1 ქალი – სალომე ყანჩაველი. ვარაუდობენ, რომ 30 დაღუპული ნათესავებმა მაშინვე გადაასვენეს, აჭარის მეზობელ რეგიონებში. 1991 წელს აღმოჩენილი ნეშტები გააპატიოსნეს, თეატრის შენობაში პანაშვიდი გადაუხადეს და პირვანდელ ადგილას დაკრძალეს. შემდეგ მემორიალის დადგმის მიზნით კონკურსი გამოცხადდა, მაგრამ ქვეყანაში არსებული კატაკლიზმების გამო, საქმე ბოლომდე ვერ მივიდა.
მიმდინარე წლის 23 მარტს ბათუმში, სწორედ იმ ადგილას, სადაც 90 წლის წინ ბრძოლაში დაღუპული ჩვენი თანამემამულეების საფლავებია, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თაოსნობით აქციის გამართვა იგეგმება, რომელზეც იმ ხელშეკრულებასაც გააპროტესტებენ, რომელზეც ხელი თურქეთის და საქართველოს კულტურის მინისტრებმა უნდა მოაწერონ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ხელშეკრულების ტექსტი საზოგადოებისთვის უცნობია. ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული საჯარო განცხადებებიდან მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ისტორიულ ტაოში არსებული ქართული ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ თურქეთი გარკვეულ მოთხოვნებს აყენებს, რომელთა შორის ქართული საზოგადოების მხრიდან ყველაზე მწვავე რეაქცია ბათუმში, ე.წ. აზიზიეს მეჩეთის აშენების მოთხოვნას მოჰყვა.
გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთი მეჩეთის აშენებას სწორედ იმ ადგილას მოითხოვს, სადაც 90 წლის წინ გენერალი მაზნიაშვილი, თანამემამულეებთან ერთად ებრძოდა დამპყრობელს.
1991 წლის შემდეგ ყოველ წელს, ბათუმლები ყვავილებითა და სანთლებით მიაგებენ პატივს 1921 წლის მარტში დაღუპულ ჩვენს თანამემამულეებს. როგორც ასეთი მასშტაბური სახის აქცია, აქამდე ჯერ არ გამართულა. ბუნებრივია, უცნობია რამდენი ადამიანი მიიღებს ამ აქციაში მონაწილეობას. ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერჯერობით არანაირი განცხადება არ გაუკეთებიათ, ამ აქციის თანმდევ დადებით, ან უარყოფით მხარეებზე.
სამაგიეროდ, ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლები აქციას გაემიჯნენ და ადგილობრივ ტელევიზიასთან, ტვ25-თთან მოსალოდნელ საფრთხეებზე შესაშური პროგნოზები გააკეთეს. მათ ისიც იწინასწარმეტყველეს, როგორი განცხადებები გაკეთდება 23 მარტს - ”არ ვღებულობთ მონაწილეობას, რადგან ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ მიტინგს, რომელიც იქნება აღსავსე მიუღებელი რიტორიკით, ქსენოფობიური გამოხტომებით და გამოიწვევს დაძაბულობას საზოგადოებაში, რომელსაც ჩვენ გავურბივართ”.