მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შემდეგ გახდება თუ არა ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი უჩვეულოდ ჰუმანური? გაუხსენებენ თუ არა რუსეთს ძველ ცოდვებს - გაზით მანიპულირებასა და ემბარგოს დაწესებას? ჩაანაცვლებს კი ჩინური პროდუქცია იაპონურს და აითვისებს თუ არა მის ბაზარს? ამ და სხვა საკითხებზე ვესაუბრებით კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს, ეკონომიკის დოქტორ დავით ნარმანიას.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის თქმით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანება რუსეთს საქართველოს თანხმობის გარეშეც შეუძლია. ლავროვის თვალსაზრისი არგუმენტირებულია?
- დავიწყოთ იმით, თუ რა ტიპის რეგულაციები აქვს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას ამა თუ იმ ქვეყნის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. იქ არ არსებობს ვეტოს უფლება, რაზედაც ხშირად აპელირებენ. ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, რომ გაწევრიანების დროს საყოველთაო კონსენსუსი უნდა მოხდეს, ანუ ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა უნდა არსებობდეს ქვეყნის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. თუმცა, არსებობს კიდევ ცალკეული დებულებები, რომლებიც აზუსტებენ გაწევრიანების პროცედურებს. ამ პროცედურების მიხედვით, სამუშაო ჯგუფის ყველა წევრი ქვეყანა თანხმობას თუ გამოთქვამს, ასეთ დროს შესაძლებელია, ქვეყანა წევრად იქნას მიღებული. იმის გამო, რომ საქართველო სამუშაო ჯგუფის წევრი ქვეყანა არ არის, შესაბამისად, შესაძლოა, საქართველოს წინააღმდეგობის შემთხვევაშიც, რუსეთი მსო-ში მიიღონ.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფორმატით, მსგავსი პრეცენდენტი სხვა დროსაც დაფიქსირებულა?
- მსო-ს წევრი 153 ქვეყნის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, დღემდე ანალოგიური პრეცენდენტი არ ყოფილა, რომ საყოველთაო კონსენსუსის გარეშე მიეღოთ რომელიმე წევრი ქვეყანა. ჯერჯერობით, არც ისეთი შემთხვევა დაფიქსირებულა, ერთი რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგობის მიუხედავად, ხელის გადაგრეხვის პრინციპით, მეორე ქვეყანა მაინც მიეღოთ მსო-ის წევრად. ამდენად, ვფიქრობ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ამგვარ პრეცენდენტს არ დაუშვებს.
თუ მაინც დაუშვეს ეს პრეცენდენტი?
- თუ დაუშვა, მაშინ კიდევ არსებობს ათამდე ქვეყანა, რომელთა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასაც სხვა ქვეყნები ბლოკავენ, ამიტომ უკვე ამ ქვეყნებსაც ექნებათ პრეტენზია გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
რუსეთის მსო-ში გაწევრიანება საქართველოზე როგორ აისახება?
- ვერ ვიტყვი, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას რაღაც უარყოფითი მომენტი შეიძლება ჰქონდეს. მასში გაწევრიანება რუსეთისთვის ნიშნავს, რომ მან პოლიტიკური მოსაზრებებით თავი უნდა დაანებოს ქართული პროდუქციის შეზღუდვას რუსეთის ბაზარზე. რა თქმა უნდა, მას შეუძლია გარკვეული ტიპის პრეტენზიები ხარისხთან დაკავშირებით გაწევრიანების მერეც დააყენოს. თუმცა თუ ამას რაიმე პოლიტიკური ელფერი მიეცემა ან ხელოვნურად იქნება გამოწვეული, დავა შესაძლოა, მსო-ის ფორმატით განიხილონ და იქ გადაწყდეს ეს საკითხი. ანუ კიდევ ერთი დამატებითი ბერკეტი იქნება საქართველოს სასარგებლოდ დავების მოგვარებისთვის. აქამდე დავა ვერ წყდებოდა, რადგან საქართველოსგან განსხვავებით, რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი არ ყოფილა. ასეთ შემთხვევაში, მსო-ს დავის განხილვის მანდატი არ ჰქონდა.
როგორც ვიცი, არსებობს პრეცენდენტები, როცა პატარა ქვეყნებს დიდი ქვეყნების კორპორაციებთან დავა მოუგიათ მსო-ს ფორმატში და მათთვის ფინანსური სანქციები დაუკისრებიათ. ცნობილია, რომ ევროკავშირის ქვეყნების სარჩელის საფუძველზე დააჯარიმეს აშშ. ან კიდევ, რამდენიმე მსხვილი კორპორაცია-მაიკროსოფტი, კოდაკი და სხვები ევროპელების მიერ აღძრული სარჩელების საფუძველზე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში 4 მილიარდი დოლარით დაჯარიმდნენ. რამდენად ჰუმანური გახდება რუსეთი მსო-ში გაწევრიანების შემდეგ?
- ბევრი ქვეყანა აიძულებს რუსეთს, რომ მსო-ს ფორმატში უფრო მეტად ჰუმანური იყოს, ვიდრე-აქამდე. მსგავსი ფორმატი არა მხოლოდ ემბარგოებისა და ხელოვნური შეზღუდვების მოხსნას ითვალისწინებს სხვადასხვა ქვეყნისთვის, არამედ მოლაპარაკებების წარმოებას მსო-ს ფორმატით. ასევე, ეს გულისხმობს ტარიფებთან დაკავშირებულ საკითხებსაც, ანუ დროთა განმავლობაში ტარიფების ლიბერალიზაციას.
თუ რუსეთი სხვა რომელიმე ქვეყანასთან განსხვავებული ტარიფებით ვაჭრობას მოისურვებს, იგი ზღვრული ტარიფების ფარგლებში კონკრეტულ ქვეყნებთან მოლაპარაკებების წარმოებას შეძლებს. საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე რუსეთი აპელირებდა, რომ მას არ სჭირდებოდა მსო-ის წევრობა, რადგან ენერგეტიკული თუ სხვა ტიპის რესურსებით ისედაც მდიდარი ქვეყანა იყო და პირიქით, მსოფლიოს ბევრი ქვეყანა მასზე იყო დამოკიდებული. მაგრამ დროთა განმავლობაში, რუსეთი მიხვდა, რომ მსო-ს გარეშე ის შორს ვერ წავიდოდა. შესაბამისად, რუსეთმა ფარულად დაიწყო მსო-შო გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები.
ექსპერტთა მოსაზრებით, მოკლევადიან პერსპექტივაში მსო-ში გაწევრიანება უარყოფითად აისახება რუსეთზე. საბაზრო კონკურენციიდან გამომდინარე, უცხოური კომპანიები რუსული პროდუქციის ბაზარზე შეზღუდვას შეეცდებიან და მას რთული ბრძოლა მოუწევს დამკვიდრებისთვის. ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში, დაახლოებით 5 წელიწადში, ეს შედეგს გამოიღებს რუსეთისთვის. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს პერიოდი რუსეთის პრემიერ-მინისტრის-პუტინის საპრეზიდენტო ამბიციებს შეიძლება დაემთხვეს?
- ეს პოლიტიკური საკითხია და მე ნაკლებად კომპეტენტური ვარ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა ძალიან საინტერესოა თვითონ რუსი ეკონომისტების მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი მსო-ში გაწევრიანებით იმაზე მეტს დაკარგავს, ვიდრე მიიღებს. ეს ძირითადად მოკლევადიან პერიოდს ეხება. წმინდა ფინანსური თვალსაზრისით კი, გრძელვადიან პერიოდში, შესაძლოა, რუსეთმა უფრო მეტი სარგებელი მიიღოს, ვიდრე-დანაკარგი.
ფაქტია, რომ მსო-ში რუსეთის გაწევრიანებისთვის პუტინი განსაკუთრებულად აქტიურობდა.
- რა თქმა უნდა, ბოლო პერიოდში ამ საკითხთან დაკავშირებით პუტინის აქტიურობა აშკარა იყო და არ გამოვრიცხავ მის პოლიტიკურ ამბიციებს. მაგრამ ფაქტია, რომ გრძელვადიანი პერსპექტივით, რუსეთისთვის გაწევრიანება პოლიტიკურადაც მომგებიანი იქნება და ეკონომიკურადაც. ამიტომ რუსეთის მოქმედი პრემიერი თუ ფიქრობს, რომ იგი მომდევნო პერიოდში პრეზიდენტი გახდება, ცხადია, მას პოლიტიკურადაც აწყობს და ეკონომიკურადაც, რომ რუსეთი მსო-ს წევრი იყოს.
თუმცა რუსი ხალხის ნაწილს არ აწყობს მსო-ში რუსეთის გაწევრიანება. ეს მათი საბჭოური მენტალობით აიხსნება და ისინი კვლავაც ძველ დროში არიან ჩარჩენილნი...
- მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება რუსეთში იმიტომაც არ უნდათ, რომ დროთა განმავლობაში, საბაჟო ტარიფების ლიბერალიზაცია უნდა მოხდეს. ეშინიათ იმის, რომ კონკურენცია უფრო მძაფრი იქნება და ადგილობრივ წარმოებაში ცალკეულ პრივილეგიას დაკარგავენ. ბუნებრივია, ეს ასეც იქნება. გარკვეული ტიპის დარგების მაჩვენებლები, რომლებსაც დღეს ხელოვნურად ინარჩუნებს რუსეთის მთავრობა და მათ სუბსიდირებას ახდენს, შესაძლოა, მომდევნო პერიოდში შემცირდეს, მაგრამ გაიზარდოს უფრო ხარისხიანი პროდუქციის იმპორტი.
ლიბერალური ეკონომიკური კურსის პირობებში ხელოვნური ბარიერების დაწესება ზღუდავს ეკონომიკას ანუ, საბოლოო ჯამში, ის არაა მომგებიანი ეკონომიკისთვის. ასე რომ, რუსეთს ბევრი რამ აქვს ასაწონ-დასაწონი, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, საქართველომ დღესაც რომ მისცეს თანხმობა რუსეთს, ის დღესვე ვერ გახდება მსო-ს წევრი. არსებობს მოსამზადებელი პერიოდი გაწევრიანებამდე და გაწევრიანების შემდგომ მინიმუმ ხუთწლიანი პერიოდი ბმული ტარიფების სისტემისთვის, რაც ნიშნავს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მან რეფორმები სხვადასხვა თვალსაზრისით უნდა გაატაროს.
რეალურად, რამდენ ხანში შეიძლება რუსეთი მსო-ს წევრი გახდეს?
- ეს უფრო მეტად პოლიტიკურ საკითხად არის ქცეული, ვიდრე ეკონომიკურ საკითხად. თუმცა უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, რუსეთი ალბათ ვერ გახდება მსო-ს წევრი. მით უმეტეს, სანამ რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, როგორც საქართველოსთან, ისე სხვა ქვეყნებთან. სანამ ყველა საკითხი არ იქნება მოთელილი და რუსეთი მკაფიოდ არ გააკეთებს განაცხადს მსო-ს წინაშე, რას აპირებს მომავალში, მანამდე ის ვერ გახდება წევრი.
აქამდე რუსეთი ცნობილი იყო, როგორც ბინძური ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებელი მსოფლიო ასპარეზზე. მსო-ში გაწევრიანება მას აიძულებს, ბინძური თამაშის წესებზე ხელი აიღოს?
- დიახ, გახსოვთ საქართველოსთვის დაწესებული ემბარგოს თემა, გაზით მანიპულიება. ვფიქრობ, საქართველოს ემბარგო და ევროპასთან რუსული გაზით მანიპულირება რუსეთის ორი ყველაზე მძიმე დანაშულია. ეკონომიკური თუ პოლიტიკური თვალსაზრისით ჩადენილი ეს დანაშაული რუსეთს საქართველოს თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნების წინაშე მიუძღვის. ალბათ ეს დარჩება კიდეც რუსეთის „სახელის“ ნაწილად, რამაც მას იმიჯი გაუფუჭა. თუმცა ალბათ ეს კონკრეტული დანაშაული რუსეთს სერიოზულად ხელს არ შეუშლის, რადგან რუსეთი იმდენად დიდი მოთამაშეა მსოფლიო ეკონომიკურ არენაზე, რომ მას დიდი წინააღმდეგობები არ შეხვდება. მისი წარსულის გამო მნიშვნელოვან პასუხს არ მოჰკითხავენ. ის გახდება მსო-ს წევრი ქვეყანა, თუმცა პოლიტიკის გადახედვა სერიოზულად მოუწევს.
საქართველოს ხელისუფლება აქამდე აცხადებდა, რომ მსო-ში რუსეთის გაწევრიანებისთვის მხარდაჭერას არ აპირებდა. თქვენი აზრით, რა იყო ის ბერკეტი, რამაც მას პოზიცია შეაცვლევინა?
- ვერ ვიტყვით, რომ ამ საკითხთან მიმართებით საქართველოს ხელისუფლება ბოლომდე თანახმაა. ალბათ შეიძლება, გულის სიღრმეში თანახმაა, მაგრამ ჯერჯერობით არსებობს სავაჭრო თემები, რომლითაც რუსეთთან, კარგი გაგებით, უნდა ივაჭროს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ. მოლაპარაკებათა სტადიაზე, ჩემი აზრით, მაქსიმალური წინადადებები უნდა დააყენოს, რათა გარკვეული ტიპის დათმობა განხორციელდეს რუსეთის მხრიდან. რაც შეეხება ცუდ სცენარს, რომ საერთოდ, საქართველოს იგნორირებით, ხელის გადაგრეხის პრინციპით მოხდეს რუსეთის გაწევრიანება, მე მგონი, თვითონ მსო არ წავა ამ ბერკეტზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველო უსუსური აღმოჩნდეს დიდი ქვეყნების წინაშე, რომლებიც ძირითად პოლიტიკას თამაშობენ.
რით აიხსნება ონიშჩენკოს განცხადება რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნებასთან დაკავშირებით? ესაა პერიოდული დათბობა საქართველოსთან მიმართებით? ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, როგორც ყოფილმა ბიზნესმენმა, ქართველ ბიზნესმენებს ურჩია, ამ „უცნაური ფიგურის“ (ონიშჩენკოს) დაპირებებს არ ენდონ, რადგან არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ რუსეთის ხელისუფლებას საქართველოსთან მიმართებით გული არ გაუწყრება და ისევ ემბარგოს არ გამოაცხადებს.
- რაც შეეხება რუსეთის მთავარ სანიტარს - ონიშჩენკოს - ის უკვე თითქმის ორი წელია, პერმანენტულ განცხადებებს აკეთებს, რომ შესაძლოა, ქართული პროდუქცია დაშვებულ იქნას რუსეთის ბაზარზე. როგორც კი მან ასეთი განცხადებების გაკეთება დაიწყო, აშკარა იყო, რომ რუსეთი მსო-ში გასაწევრიანებლად ემზადებოდა. ამიტომ მან ნელ-ნელა მოთელა საქართველოს პოზიცია და პოლიტიკა, შეამზადა საქართველო, რომ ადრე თუ გვიან მისი პროდუქცია რუსეთის ბაზარზე დაბრუნდებოდა. ეს ასეც იქნება. მსო-ში გაწევრიანების შემდეგ ქართული პროდუქცია რუსეთის ბაზარზე დაბრუნდება.
რუსი მომხმარებლები ელიან ქართულ პროდუქციას?
- რა თქმა უნდა, რადგან ჯერჯერობით ქართული პროდუქციის ნიშის დაკავება სხვა ქვეყნის პროდუქციამ ბოლომდე ვერ შეძლო. ქართული ღვინის ნიშა ვერ დაიკავა მოლდოვიდან შეტანილმა ღვინომ. ასევე, ქართული მინერალური წყლების ნიშა ვერ დაიკავა სხვა ქვეყნებიდან შეტანილმა მინერალურმა წყალმა, რადგან რუსებს საკმაოდ კარგად ახსოვთ ორივე პროდუქცია და კიდევ სხვა ქართული პროდუქციაც. ასე რომ, ის მალევე დაიმკვიდრებს რუსულ ბაზარზე თავის ადგილს. მთავარია, პოლიტიკური ნიშნით შეზღუდვები მოიხსნას. ის ცოდვები, რაც ჰქონდათ ქართველ ექსპორტიორებს, რომ მთელ რიგ შემთხვევებში, უხარისხო პროდუქციაც გადიოდა, ალბათ ამას უფრო მეტი ყურადღება მიექცევა, რათა კვლავ პოლიტიკური ნიშნით არ მოხდეს პროდუქციის დევნა.
მსოფლიოსა და საქართველოს ეკონომიკაზე რამდენად აისახება იაპონიაში განვითარებული მოვლენები? ცხადია, მსოფლიოს წარმოების დეფიციტი არ გააჩნია. მეტიც, ყველა სექტორში ჭარბწარმოება შეიგრძნობა. აქედან გამომდინარე, ვინ ჩაანაცვლებს იაპონიის სავაჭრო ნიშას?
- მსოფლიო ეკონომიკაზე იაპონიაში არსებული მოვლენები უკვე დიდწილად აისახა. მთავარია, რომ ნავთობზე მოთხოვნის შემცირება მოხდა. შესაბამისად, ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე დოლარით შემცირდა ნავთობზე ფასები. ასევე, იაპონური პროდუქცია, რომელიც მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ბაზარზე გადიოდა, შეიზღუდა და არ ხდება მისი ექსპორტი. ამდენად, გარკვეული თვალსაზრისით, დეფიციტი შეინიშნება, რითაც სარგებლობენ სხვა ქვეყნები და კონკურენციის მომენტიდან გამომდინარე, ცდილობენ, ეს ნიშა დაიკავონ და შეავსონ. განსაკუთრებით ეს ჩინეთზე ითქმის.
არის კი ჩინური პროდუქცია იმ ხარისხის, რომ იაპონური ჩაანაცვლოს?
- რაღაც თვალსაზრისით, შედარებით უფრი ხარისხიანი ჩინური პროდუქციაც არსებობს, რამაც შესაძლოა, დაიკავოს ბაზარი. რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკაზე იაპონიის მოვლენების გავლენას, არსებითი არ იქნება, რადგან ჩვენი და იაპონიის ეკონომიკა მჭიდროდ არ იყო ინტეგრირებული ერთმანეთთან. არის გარკვეული ტიპის ექსპორტ-იმპორტის ოპერაციები, თუმცა როგორც კი იქ ვითარება სტაბილური გახდება, ჩვეული ექსპორტ-იმპორტის ოპერაციები კვლავაც აღდგება. თუმცა შესაძლოა, რომ იაპონიიდან შემოტანილი ახალი ავტომობილების ფასი გაიზარდოს. რაც შეეხება მეორადი მოხმარების ავტომობილებს, მათი რეალიზაცია და ექსპორტი იაპონიიდან უფრო მეტად გაიზრდება. ასე რომ, შესაძლოა, პირიქით, გაიაფდეს კიდეც მეორადი მოხმარების ავტომობილი. ჯერჯერობით, ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ ჩვეულ რიტმს რამდენად სწრაფად დაუბრუნდება იაპონიის ეკონომიკა. იქ ფაქტობრივად, პარალიზებულია ენერგოსექტორი, რამაც ბევრი სხვა სექტორების გაჩერება გამოიწვია.
როგორ გგონიათ, რამდენ ხანში დაუბრუნდება იაპონია ნორმალურ რიტმს?
- ალბათ ორი-სამი წელი მაინც დასჭირდება, რომ ეკონომიკური ზრდის, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლებს დაუბრუნდნენ.
მანამდე ჩინეთმა რომ დაიკავოს ბაზარი?
- ჩინეთი დაიკავებს გარკვეულ სეგმენტს. ფაქტია, იაპონია ამ მდგომარეობის მერე სერიოზულად გადახედავს თავისი ეკონომიკის კონიუქტურასაც. ასე რომ, შესაძლოა, რაღაც ტიპის სექტორები მეტად განვითარდეს, რაღაც ტიპის სექტორები - შედარებით ნაკლებად.
ფიქრობთ, რომ იაპონიიდან საქართველოში ავტომანქანების ნაწილების შემოტანის მაჩვენებელი გაიზრდება? ბუნებრივი კატაკლიზმებიდან გამომდინარე, უნაკლო მანქანები ალბათ ნაკლებად დარჩა იაპონიაში.
- უნაკლო მანქანები იაპონიის სამხრეთ ნაწილში მაინც შემორჩა, რადგან სტიქიური მოვლენები ძირითადად უფრო ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა. თუმცა მომხდარის გამო დაზიანებული ავტომობილები ძალიან ბევრია. შესაძლოა, ისინი დაშლილი ნაწილების სახით შემოიტანონ. მით უმეტეს, რომ ჩვენი ქვეყანა არც ისე პატარა ბაზარია ასეთი ტიპის მეორადი მოხმარების ავტონაწილების იმპორტის თვალსაზრისით.