მანანა ნაჭყებია: ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციები აჟუბალისისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა

მანანა ნაჭყებია: ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციები აჟუბალისისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ ხელისუფლებისადმი ოპოზიციის პრეტენზიები,  მოისმინა. აუდრონიუს აჟუბალისი მანანა ნაჭყებისას, თინა ხდიდაშელს, ნინო ბურჯანაძეს, ნესტან კირთაძეს, ირაკლი ჩიქოვანს და ნიკა ლალიაშვილს „თბილისი მერიოტში” შეხვდა. 

 

სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს და ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების, საარჩევნო გარემოს და მედიის თავისუფლების  კუთხით არსებული ვითარების შესახებ საკუთარი პოზიცია გაცნეს.

 

შეხვედრის ერთ–ერთი მონაწილე მანანა ნაჭყებია ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ წარმოებული ფიარ–კამპანიის წყლაობით საერთაშორისო ორგანიზაციებს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ხშირად ვირტუალური წარმოდგენა აქვთ და აუდრონიუს  აჟუბალისთან საუბრისას ისინი ამ ვირტუალური რეალობის  გაფერმკრთალებას შეეცადნენ.

 

კონკრეტულად რა თემებით დაინტერესდა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე?

– ეუთოს თავმჯდომარესთან შეხვედრის დღის წესრიგში სულ სამი საკითხი იყო. პირველი –  როგორ ვხედავთ საქართველო–რუსეთის ურთიერთობების განვითარებას, მეორე – რას ვფიქრობთ ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოზე და  რა სახის ცვლილებებს ვითხოვთ და მესამე – ეუთოს თავმჯდომარეს ჩვენგან სურდა მოესმინა, თუ როგორ გვესახება ქვეყანაში შემქნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი.

 

საქართველო–რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით შეხვედრის მონაწილე ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა პოზიცია ფაქტობრივად ერთნაირი იყო - რომ მოსკოვთან ურთიერთობების დარეგულირება და დიალოგის განახლება აუცილებელია, მაგრამ არა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაზარალების ხარჯზე.

 

ოპოზიციისთვის ერთერთ მნიშვნელოვანი პრობლემა საარჩევნო გარემოსა და სისტემის შეცვლაა, რა ინფორმაცია მიაწოდეთ  მას?

– საქართველოს ხელისუფლება ცდილობს საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ეუთო, ასევე - დასავლეთი, დაარწმუნოს, რომ ქვეყანა დემოკრატიულად ვითარდება. ჩვენ შევეცადეთ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე დაგვერწმუნებინა, რომ ეს, სამწუხაროდ, ასე არ არის.

 

ვისაუბრეთ არაერთ პრობლემაზე. მათ შორის პრობლემაზე, რომელიც მედიის გამჭვირვალობის კუთხით არსებობს. ვისაუბრეთ არასამართლიან საარჩევნო გარემოზე, სასამართლო დამოუკიდებლობის დაბალ ხარისხზე და ბიზნესზე ზეწოლაზე. აუდრონიუს აჟუბალის ასეთი არაერთი ფაქტი დავუსახელეთ.

 

თინა ხიდაშელმა თვალნათლივ დაუხატა მათ დევნილებთან დაკავშირებით არსებული რეალობა. აღნიშნა, რომ მათ ფაქტობრივად წართმეული აქვთ დასაქმების, ოჯახის დამოუკიდებლად შენახვის უფლება და ისინი ბოლომდე ხელისუფლებაზე დამოკიდებულები  გახდნენ.

 

ხელისუფლებასა და ოპოზიციურ რვიანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე თუ ისაუბრეთ?

– დიახ, შეხვედრის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება იყო. მეც და შეხვედრაში მონაწილე ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმაც სკეპტიციზმი გამოვხატეთ იმასთან დაკაშვირებით, რომ ხელისუფლება ამ პროცესებისადმი საკუთარ პასუხისმგებლობას აცნობიერებს.

 

ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს ვუთხარით, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის მომავალს პასუხისმგებლობით ვეკიდებით და ნამდვილად არ გვინდა, რომ მოვლენები ეგვიპტის ან, ლიბიის სცენარით განვითარდეს და ამიტომ ვდგამთ ამ ნაბიჯებს. მაგრამ ვერ ვხედავთ, რომ ხელისუფლება შექმნილ რეალობას საღად აფასებს და  შემხვედრი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.

 

რატომ, მათ ხომ უკვე წარადგინეს საკუთარი პროექტი, სადაც ოპოზიციური რვიანის მოთხოვნები ნაწილობრივ აისახა?

– ხელისუფლების მიერ  9 მარტს წარმოდგენილმა პროექტმა, სადაც ოპოზიციის მხოლოდ ცალკეული მოთხოვნები იყო გათვალისწინებული კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ხელისუფლება შექმნილ რეალობას არაადეკვატურად აფასებს.

 

ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან ჩვენს საუბარს წინ უსწრედბდა მისი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან. ბატონმა აჟუბალისმა გვითხრა, რომ დავით ბაქრაძე ამ პროცესისადმი ოპტიმისტურად არის განწყობილი. 

 

სამწუხაროდ, ჩვენ იძულებულნი ვიყავით გვეთქვა, რომ ამ ოპტიმიზმს არ ვიზიარებთ და ხელისუფლება თუ საკუთარ პოზიციებს არ გადახედავს, ეს პროცესი შესაძლოა ჩიხში შევიდეს.

 

რა რჩევები მოისმინა ეუთოს თავმჯდომარემ ოპოზიციისგან?

– ჩვენს მიერ მიწოდებულმა ინფორმაციებმა ბატონი აჟუბალისი დააფიქრა. რაც შეეხება რჩევებს, ჩვენი ერთადერთი რჩევა იყო ის, რომ საერთშორისო ორგანზიაციების წარმომადგენლებთან ამ ფორმატის შეხვედრები უნდა იმართებოდეს პირიქით. ანუ, დელეგაცია ჯერ საზოგადოების იმ ნაწილს უნდა ხვდებოდეს, რომელსაც განსხვავებული ხედვა აქვს  და შემდეგ უკვე - ხელისუფლებას.

 

ვგულისხმობდით შეხვედრებს როგორც ოპოზიციური ძალების, ასევე - საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებთან. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ხელისუფლებას არ ჰქონდეს შესაძლებლობა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეცდომაში შეიყვანოს. ისინი სერიოზულდ არიან დაინტერესებულნი ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებით.

 

საქართველოში გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით ძირითად დასკვნას ფაქტობრივად ეუთო ამზადებს. რამდენად დამაჯერებელ აღმოჩნდა აჟუბალისისთვის თქვენი არგუმენტები?

– ყველა ჩვენი არგუმენტი თუ შენიშვნა მან ყურადღებით მოისმინა. უნდა გითხრათ, რომ მისთვსაც და დელეგაციის სხვა წევრებისთვისაც, გარდა   საქართველოში ლიტვის ელჩისა, ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციები მოულოდნელი აღმოჩნდა. 

 

ვისაუბრეთ იმაზე, რომ, არათუ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, არამედ ადამიანებიც, რომლებიც გამოთქვამენ ხელისუფლების საწინააღმდეგო აზრს, ხშირად იდევნებიან.

 

აღვნიშნეთ, რომ საქართველოში ბიზნესი არ არის თავისუფალი და ხშირად ხდება ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ობიექტი. თორემ  წარმოუდგენელია, ნორმალურ ქვეყანაში ბიზნესი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებით დაინტერესებული არ იყოს ან ბიზნესმენს არ ჰქონდეს პოლიტიკური სიმპათიები და ვერ ბედავდეს მისთვის სასურველი პოლიტიკური ძალის დაფინანსებას.

 

სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ქართული ოპოზიციური პარტიების შენიშვნებს საერთშორისო ორგანიზაციები ყველაზე ნაკლები ყურადღებით ეკიდებიან. თქვენს არგუმენტებს დამაჯერებლობა ხომ არ აკლია?

– საერთაშორისო ორგანზიაციები ჩვენს შენიშვნებს ყოველთვის ყურადღებით ეკიდებიან. უბრალოდ, საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, აზერბაიჯანის და სომხეთის ხელისუფლებები არ ცდილობენ მათთვის ვირტუალური რეალობა შექმნან.

 

ვირტუალურ რეალობაში ამ შემთხვევაში რას გულისხმობთ?

– მაგალითად იმას, რომ შეხვედრის არცერთ მონაწილეს, გარდა საქართველოში ლიტვის ელჩისა, წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ დონალდ ტრამპი სინამდვილეში საქართველოში ფულის ჩადებას არ აპირებს და ის, რასაც ტრამპის სახელი დაერქმევა ქართველი ბიზნესმენების ფულით გაკეთდება.

 

სამწუხაროდ, სააკაშვილი საკმაოდ სერიოზულ თანხებს ხარჯავს რომ საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოში არსებული რეალობის შესახებ ვირტუალური წარმოდგენა შეუქმნას, აჩვენოს, თითქოს ყველაფერი კარგადაა და ქვეყანა დემოკრატიული გზით ვითარდება. თუმცა, ჩვენ ამ მითის გასაფანტავად ძალღონეს არ დავიშურებთ. ეს ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესაც განვუცხადეთ.