სახალხო კრება ბრძოლის „გადამწყვეტ, საბოლოო ეტაპს“ იწყებს

სახალხო კრება ბრძოლის „გადამწყვეტ, საბოლოო ეტაპს“ იწყებს

„სახალხო კრება“ აღარ ხუმრობს. ნინო ბურჯანაძე საქართველოში მოსალოდნელ პროცესებზე დასავლეთის „ადექვატურ რეაგირებას“ მოითხოვს. „ვარდების რევოლუციის“ ერთ–ერთი მთავარი შემოქმედი „ყველანაირად ეცდება“, რომ ხელისუფლების შეცვლა მშვიდობიანად მოხდეს. 

როგორც ბურჯანაძემ ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან აუდრონიუს აჟუბალისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, „ქართველი ხალხი საქართველოში შექმნილი ვითარების მოთმენას არ აპირებს“:

„დასავლეთის მხრიდან ადექვატური რეაგირება გვჭირდება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანას პრაქტიკულად ნეობოლშევიკები მართავენ და საქართველო მოდერნიზებული საბჭოთა კავშირია“.

მისივე თქმით, აღნიშნული პოზიცია ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემაც მოისმინა.

ბურჯანაძე აზუსტებს, რომ სახალხო კრება აქტიურ ქმედებაზე მაშინ გადავა, როდესაც სახალხო დაუმორჩილებლობა ბოლომდე მომზადებული იქნება. მისი თქმით, კრება ყველანაირად ეცდება, რომ ხელისუფლების შეცვლის პროცესი მშვიდობიანი იყოს.

„რევოლუციის პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ხელისუფლებამ უნდა აიღოს ყველანაირი პასუხისმგებლობა სისხლის ღვრის შემთხვევაშიც. აქტიურ მოქმედებაზე გადავალთ მაშინ, როდესაც სახალხო დაუმორჩილებლობისთვის ბოლომდე მზად ვიქნებით.

სახალხო კრება ნამდვილად ყველაზე ძლიერი საზოგადოებრივი მოძრაობაა, მის გვერდში კი ჩვენი სახით ყველაზე ძლიერი პოლიტიკური პარტიაა. 35 რაიონში შექმნილია წინააღმდეგობის კომიტეტი, თბილისში 12. შევქმენით ახალგაზრდული მოძრაობა, რომელიც ყველაზე ძლიერი ახალგაზრდული მოძრაობაა სხვებთან შედარებით.

ჩვენ მართლაც გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ დღევანდელი რეჟიმი შევცვალოთ, თუმცა ყველანაირად ვეცდებით, რომ მშვიდობიანი გზით მოხდეს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დაცდას არ ვაპირებთ, იმ პოლიტიკური პარტიებივით, რომლებიც საარჩევნი კოდექსის გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ“.

ბურჯანაძის თქმით, კრება ხელისუფლების სცენარით არ იმოქმედებს:

ჩვენ გვექნება ჩვენი სცენარი და დავიწყებთ მოქმედებას მაშინ, როდესაც რეალურად მზად ვიქნებით“.

აღმასრულებელი საბჭოს წევრი ნონა გაფრინდაშვილი ოპოზიციური გაერთიანების სტრატეგიას უფრო აკონკრეტებს და ამბობს, რომ ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებისთანავე „სახალხო კრება“ ბრძოლის გადამწყვეტ, საბოლოო ეტაპს იწყებს. ორგანიზაცია კომიტეტების მობილიზაციას აცხადებს და აღდგომის შემდეგ საყოველთაო დაუმორჩილებლობას გამოაცხადებს.  

როგორც კრების თბილისის შეხვედრაზე ნონა გაფრინდაშვილმა განაცხადა, „თბილისის კომიტეტები მზადყოფნაში არიან, სრულად მობილიზებულია საქართველოს მთელი მასშტაბით შექმნილი სამოქალაქო წინააღმდეგობის 52 (70%) კომიტეტიც, ხოლო კიდევ 22 მუშაობის პროცესშია“.

„ეს ამ ტიპის ბოლო შეხვედრაა. დღეს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ყველასთან, ვისაც ამ რეჟიმისგან გათავისუფლება რეალურად უნდა და ხელისუფლებას არ გაურიგდება. აღმასრულებელი საბჭო ყველა კომიტეტს, შეფიცულებს, ახალგაზრდულ მოძრაობას დავალებას აძლევს, მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე გადავიდეთ.

ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებისთანავე „სახალხო კრება“ ბრძოლის გადამწყვეტ, საბოლოო ეტაპს იწყებს. იმ დროისთვის მოქმედების კონკრეტულ გეგმას გამოვაცხადებთ. ამ დღისთვის მთელი საქართველო მზად უნდა იყოს“,- აცხადებს გაფრინდაშვილი და აქვე დასძენს, რომ „სახალხო კრება“ „საქართველოს დანაშაულებრივი რეჟიმისგან გასათავისუფლებლად ბოლომდე იბრძოლებს“.

„შეფიცულების“ ახლადარჩეული ხელმძღვანელის, გია ბურჯანაძის განცხადებით კი, ყველა მშვიდობიანი მეთოდით იბრძოლებენ, რათა ხელისუფლების დემონტაჟი მოახდინონ. მისი განმარტებით, „შეფიცულები“ იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების უკანონო ქმედებებს, ადამიანების უფლებების დარღვევებს შეეწინააღმდეგებიან, გაერთიანდებიან და დაიცავენ მოქალაქეს.

მათთან არასამთავრობო ორგანიზაციებიც თანამშრომლობენ, რომლებიც მოქალაქეებს იურიდიული კუთხით დაეხმარებიან. „შეფიცულებს“ სპეციალური სამკერდე ნიშნები „შეფიცულების“ ლოგოთი ექნებათ. გამოცხადდება ცხელი ხაზის ნომრები, სადაც მოქალაქეებს დასახმარებლად „შეფიცულებთან“ დაერკვა შეეძლებათ.

„შეფიცულები“ მთელი საქართველოს მასშტაბით „სახალხო კრების“ მიერ გახსნილ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კომიტეტებთან იმოქედებენ. გია ბურჯანაძის თქმით, ისინი კუნთმაგარი და ფიზიკურად ძლიერები შეიძლება არ იყვნენ, თუმცა მათი მთავარი იარაღი ხალხის დაცვა და სიმართლისთვის ბრძოლა იქნება.

ამასთან, როგორც გია ბურჯანაძემ განაცხადა, ისინი მოქალაქეებს ხელისუფლების უკანონო მოქმედებებისგან კანონით დაშვებული მექანიზმებით დაიცავენ, როგორც იურიდიულად, ისე - ფიზიკურადაც.

რაც შეეხება ფიზიკურ დაცვას, გია ბურჯანაძემ ამგვარი განმარტება გააკეთა: „როდესაც მეგობარ გოგონას, თქვენს გვერდით მყოფს, მიაყენებენ შეურაცხყოფას, გაიქცევით პოლიციაში? მას ხომ დაიცავთ ფიზიკურად! ასეთივე ფუნქცია ექნება შეფიცულებსაც – გადაეფარებიან მოქალაქეს, რომელსაც ხელისუფლება უკანონოდ დევნის“.