შალვა რამიშვილმა ახალი გზა აირჩია

შალვა რამიშვილმა ახალი გზა აირჩია

გადაცემა ინტელექტუალურ-ფსიქოლოგიური ხასიათის იქნება და ის „იმედის" ეთერში კვირაში ერთხელ გავა. გადაცემას დაახლოებით ერთი საათი დაეთმობა. გადაცემაში ძირითადად საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები იქნებიან მოწვეულნი, თუმცა - არა პოლიტიკოსები. რატომ მიიღო ეს გადაწვეტილება და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ რამიშვილი ხელისუფლებას გაურიგდა? ამ საკითხებთან დაკავშირებით „რეზონანსი" შალვა რამიშვილს ესაუბრა.

რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ იმედის" არხიდან წაგეყვანათ არაპოლიტიკური გადაცემა. ხომ არ ფიქრობთ, რომ იმედის" ეთერში ამ გადაცემის გამოჩენამ შესაძლოა, გარკვეული უხერხულობა წარმოშვას?

 

- შესაძლოა, გარკვეული უხერხულობა წარმოშვას. მაგრამ, ხაზგასმით მინდა, ავღნიშნო, რომ გადაცემა კერძო სტუდიაში იწერება და მე „იმედის" თანამშრომელი არ ვიქნები. რამდენიმე არჩევანი იყო. ერთ-ერთი გზა იყო, დავმდგარიყავი რომელიმე პოლიტიკური ძალის გვერდით და საბოლოოდ წამხდენოდა იმიჯი.

რატომ?

 

- იმიტომ, რომ არც ერთი პოლიტიკური ძალა ჩემს განსაკუთრებულ სიმპათიებს არ იმსახურებს. მეორე გზაა ის, რომ დავბოღმილიყავი და ნაწყენი ადამიანის პოზიცია დამეკავებინა. ასეც არ მინდოდა. მესამე არჩევანი იყო ის, რომ გამეკეთებინა კარგი, ძვირადღირებული პროდუქტი და ამიტომ ავირჩიე მესამე გზა. ეს არის „თი-ბი-სი ტივის" პროექტი, რომელიც გავა „იმედის" არხზე. გადაცემას ჰქვია „სიმართლის დრო". გადაცემაში ორი სტუმარი იქნება მოწვეული. სტუმარმა 21 შეკითხვას უნდა უპასუხოს, საკუთარ თავზე სიმართლე უნდა თქვას და, რაც მთავარია, ვერ მოიტყუება, რადგან ამას „სიცრუის დეტექტორი" დააფიქსირებს. თუ სტუმარი 21 შეკითხვას სწორად უპასუხებს - 100 000 ლარს მოიგებს. მერწმუნეთ, ეს ადვილი ნამდვილად არ იქნება. შეკითხვებს ფსიქოლოგებისა და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისგან შექმნილი სპეციალური ჯგუფი შეადგენს.

შეგიძლიათ თქვა, რომელი პოლიტიკური პარტიიდან გქონდა შემოთავაზება?

 

- როგორც კი გავეცანი პოლიტიკურ სპექტრში არსებულ ვითარებას, შემოთავაზებებზე ფიქრიც კი აღარ მომინდა. იმიტომ, რომ უამრავი ე.წ. პოლიტიკური ლიდერი საკუთარ საქმეს არასერიოზულად უყურებს. არასერიოზულად მომუშავე ხალხთან არაფერი მესაქმება. ამიტომ, საქმე კონკრეტიკამდეც არ მისულა. როგორც კი დავინახე, რომ ამ ხალხში არ არის საქმის კეთების მზაობა, ამაზე ფიქრს თავი დავანებე. ღმერთმა ხელი მოუმართოთ უჩემოდ. არც ერთი პოლიტიკური ძალის ტორპედო და გავლენის აგენტი არ გავხდები.

გამომდინარე იქიდან, რომ გადაცემა იმედის" ეთერით გავა, უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რამიშვილი გაურიგდა ხელისუფლებასო...

 

- ისინი, ვინც ამ ხმებს ავრცელებს, ბევრს ლაპარაკობენ, ბევრს ყვირიან და სინამდვილეში რა შედეგსაც მიაღწიეს, ვხედავთ. მოდით, ასე ვთქვათ - მე არა მაქვს პოლიტიკოსის ამბიციები, არ მინდა, ქვეყანა ვმართო. ვერც რევოლუციას მოვახდენ, იმიტომ, რომ არ ვიცი, ეს როგორ კეთდება. რევოლუციის მოწყობას გარკვეული გამოცდილება და ცოდნა უნდა.

თუმცა ვარდების რევოლუციის" მოწყობაში საკმაოდ დიდი წვლილი მიგიძღვის..

 

- წინა რევოლუციის მოწყობაში მართლაც მიმიძღვის დიდი როლი, მაგრამ ორგანიზატორი არ ვიყავი. ნახავთ ჩემს საქმიანობას და დამეტყობა, ვარ თუ არა გარიგებული ხელისუფლებასთან.

თი-ბი-სი ტივის" დირექტორი არის ლევან ყუბანეიშვილი, რომელიც დაახლოებულია ხელისუფლებასთან, გადაცემა გადის იმედის" არხზე, რომელიც ასევე სახელისუფლებოა. ერთ დღეს ხომ არ იტყვით, რომ სტრასბურგის სასამართლოდან გამოგაქვთ სარჩელი?

 

- არა. ის დანაშაული, რის გამოც დამაკავეს, არ ჩამიდენია. სტრასბურგის სასამართლოში ერთი სარჩელი მოვიგე და მეორე სარჩელის გამოტანას არ ვაპირებ. ეს წარმოუდგენელია.

ლევან ყუბანეიშვილთან დაკავშირებით არის ძალიან ბევრი კითხვა. სწორედ ამიტომ გაჩნდა ეს კითხვა თქვენთან დაკავშირებით. პირველ არხზე ტენდერების ტენდენციურად ჩატარება, ფინანსების ფლანგვა და ა.შ. ანუ კითხვები მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით არსებობს...

 

- მე ციხეში ვიყავი მაშინ და არ ვიცი ეს საკითხი. ლევან ყუბანეიშვილი ზრდასრული ადამიანია და თვითონ გაარკვიოს, თუ აქვს პრობლემები. ორი დღეა, რაც დავიწყე მუშაობა და არც ლევანისგან და არც სხვა ხელმძღვანელისგან არანაირ წინაპირობებზე და, მით უმეტეს, პოლიტიკურზე საუბარი არ ყოფილა. ეს არის საქმიანი მოლაპარაკება. აქედან გამომდინარე, მის წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვები ჩემთან არ დაისმება. ჩემთან დაკავშირებითაც არის კითხვის ნიშნები, მაგრამ, მე მინდა, ვაკეთო მაღალხარისხიანი გადაცემა და ვამბობ, რომ ეს ხელს არ შეუშლის ჩემს საზოგადოებრივ მოღვაწეობას.

ანუ გააგრძელებ ციხეში არსებულ პრობლემებზე მუშაობას, როგორც ამბობდი?

 

- რა თქმა უნდა. ორი დღის წინათ ჩავატარე პრესკონფერენცია და გავაკრიტიკე შაშკინი. მიუთითეს, რომ რუსთავის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩემს მეგობრებს ძალიან ცუდ დღეში ამყოფებენ-მეთქი. მეორე დღესვე გავარდა და გლდანის ციხე აჩვენა ჟურნალისტებს. მე ვისაუბრე რუსთავის ციხეში არსებულ პრობლემებზე და თვითონ წავიდა გლდანში. ეს იყო ასიმეტრიული პასუხი. ჩემი ვალია, ციხის პრობლემებსა და ადამიანის უფლებებზე გავაგრძელო მუშაობა. მსურს არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნა, რომელიც ამ პრობლემებს უფრო კარგად მიხედავს.

როდისთვის გეგმავთ არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნას?

 

- ძალიან მალე შევქმნი.