ეროვნული ბანკი „ქართუს

ეროვნული ბანკი „ქართუს" ფულს უბრუნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მზადაა, ბანკ „ქართუს" გამოძიების დასრულებამდე დაყადაღებული თანხის ოდენობის ფინანსური რესურსი გამოუყოს. ამის შესახებ დღეს პარლამენტში ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განუცხადა.

„ეროვნული ბანკის ფუნქცია ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ეს მოიცავს თითოეული ბანკის სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფას, მათ შორის ბანკი „ქართუსასაც".

ბანკ „ქართუს" ნორმალურ ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ მზად ვართ, საჭიროებიდან გამომდინარე, განვახორციელოთ კომპლექსური დახმარების პროგრამა, ასევე, მზად ვართ, გამოვყოთ ფინანსური რესურსი ორი მილიონი დოლარისა და ერთი მილიონი ევროს ოდენობით. იმ მიზნით, რომ დასრულდეს პოლიტიკური სპეკულირება ამ თანხასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ქადაგიძემ.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკისთვის დაუშვებელია ბანკის საკითხის პოლიტიზირება, საბანკო სექტორში ქვეყანას აქვს დიდი წარმატებები და ერთ-ერთი მიზეზი არის ის , რომ საბანკო სექტორი პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალია.

ჩვენ ამას არ დავთმობთ. სიტუაციის ბოლომდე სტაბილიზაციამდე მზად ვართ, გამოვყოთ სესხი ან სხვა ტიპის ფინანსური ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ბანკ „ქართუს" ირგვლივ პოლიტიკური სპეკულირება შეწყდეს", - აღნიშნა ქადაგიძემ.

შსს-მ რამდენიმე დღის წინ ფულის გათეთრების ბრალდებით ბანკ „ქართუს" საინკასაციაო მანქანა დააკავეს და დიდი ოდენობით თანხა ამოიღეს. საუბარია ორ მილიონ დოლარზე და ერთ მილიონ ევროზე. ამასთან, ბანკ „ქართუში" ეროვნული ბანკი შევიდა.