გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია თავდაცვის უწყებაში

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია თავდაცვის უწყებაში

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია იმყოფება. დღეს, გერმანელი სტუმრები, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების ერთობლივი პოლიტიკის საკითხთა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის ანდრეას ქინდლის ხელმძღვანელობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა მიიღო.

მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, საერთაშორისო სამვიდობო ოპერაციებში საქართველოს ჩართულობა და რეგიონული უსაფრთხოების საითხები განიხილეს. საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებსა და ამ მიმართულებით მიმდინარე წლის სექტემბერში დაგეგმილი ნატოს სამიტის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო ასევე,  საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა. სტუმრებთან საუბრისას  მიხეილ დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან ერთი ქართული ასეული ავღანეთში „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიაში გერმანული კონტინგენტის შემადგენლობაში მიიღებს მონაწილეობას. მხარეები  ევროპის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მისიებში საქართველოს ჩართულობის საკითხებსა და სამომავლო პერსპექტივებსაც შეეხნენ.