„ლადო ვარძელაშვილს დიდი მადა ჰქონია“

„ლადო ვარძელაშვილს დიდი მადა ჰქონია“

ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატების“ თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანს    ყოფილი გუბერნატორის ლადო ვარძელაშვილის მადა არ უკვირს, როდესაც ის საკუთარ თავს პრემიას უნიშნავდა.

„ახალ თაობასთან“ საუბარში გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, რომ იმ დროს, როდესაც ქვეყანაში 2 მილიონი ადამიანი შიმშილით კვდება და გუბერნატორი  3 ათას ლარიან პრემიას ინიშნავს, ამაზე კომენტარის გაკეთება უჭირს.

- ამ ადამიანისთვის შექმნეს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ვის რაში სჭირდებოდა ან რა განსაკუთრებული სიცოცხლე შესძინა ქართულ სპორტს ამ სამინისტრომ, ვერავინ ვერ იტყვის, უბრალოდ, კონკრეტული ადამიანისთვის ჩამოაყალიბეს სამინისტრო და დაუფასეს ის, რამხელა მადაც ჰქონდა მას, როგორც მიირთმევდა ბიუჯეტის თანხებს, - განაცხადა გიორგი ახლედიანმა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთება უჭირს მთავრობის საპარლამენტო მდივანს გია ხუროშვილს. მან აღნიშნა, რომ ამ საკითხზე კომენტარი შესაბამისმა ორგანომ უნდა გააკეთოს და არა მან. 

დღეს, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, შიდა ქართლის გუბერნატორობის დროს ლადო ვარძელაშვილი 2009 წლის განმავლობაში, ყოველთვიურად 3.000 ლარამდე პრემიას იღებდა.

ამავე სოციალურ ქსელში კიდევ ერთი დოკუმენტი გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, ვარძელაშვილმა თავის თავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 1000 ლარი გამოუყო მობილური ტელეფონის ბალანსის შესავსებად.

აღნიშნული დოკუმენტი 2009 წლის პირველი აგვისტოთი არის დათარიღებული.