ექვსი წლის წინათ, როდესაც დღევანდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მაშინდელი ოპოზიცია პარლამენტში "გადადექის" ძახილით შეიჭრა, უკვე ექსპრეზიდენტი შევარდნაძე იმ ჩაის გარეშე დარჩა, რომელიც საპარლამენტო ტრიბუნაზე ედგა, ქვეყანაში კი აღმშნებლობის ახალი ტალღა გამოცხადდა.
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, იყო ბევრი აქცია და არნახული მასშტაბის პროტესტი, 7 ნოემბერი, პრეზიდენტის გადადგომა და აგვისტოს ომი. დღეს ოპონენტები სააკაშვილს სახელმწიფოს ავტორიტარულ გზაზე გადაყვანაში სდებენ ბრალს, "ესაა არაადამიანური ლიბერალიზმის ზეიმი", "არშემდგარი სახელმწიფო", "მიშა, წადი" და ა.შ. - ასეთი სახის ეპითეტები და მოწოდებები ხშირად ისმის ხელისუფლებისა და პრეზიდენტის მისამართით, რომელიც ხელისუფლებაში სწორედ ამ პრობლემების გადაჭრის მიზნით მოვიდა.
"მთავრობამ შეძლო მთავარი დაპირების განხორციელება, რომელიც მოგვცა ვარდების რევოლუციამ, მთავრობამ შეძლო შესაძლებლობების გაჩენა ჩვენი ხალხისთვის, რომ ვიცხოვროთ უკეთესად, პერსპექტივის და მომავლის იმედის გაჩენა, მთავრობამ შეძლო შანსის მიცემა ჩვენი ხალხისთვის. ახლა უკვე ყველა ჩვენგანზეა გამოვიყენებთ თუ არა ამ შანსს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დაახლოებით თვენახევრის წინ მთავრობის ერთ-ერთ გასვლით სხდომაზე.
საპირისპიროს ამტკიცებენ ოპონენტები. დავით უსუფაშვილი, ლიდერი "რესპუბლიკური პარტიიდან", რომელიც ვარდების რევოლუციის პერიოდში სააკაშვილის გვერდით იდგა, ამბობს, რომ პრეზიდენტის დანაპირებიდან წარმატება ისაა, რომ ედუარდ შევარდნაძისა, ასლან აბაშიძისა და ლევან მამალაძის გარეშეა საქართველო, თუმცა, დანარჩენი ვერც ერთი ძირითადი დანაპირები ვერ შესრულდა - არც ქვეყანა გახდა უფრო უსაფრთხო, არც ტერიტორული მთლიანობის საკითხია აღდგენილი, არც დემოკრატიის ხარისხია უკეთესი და სახელმწიფო ინსტიტუტებიც არც არიან უფრო მეტი ნდობით აღჭურვილი.
"ცალკეული მიღწევები არის არასტაბილური. ეს არის ახალი, მაგრამ დამახინჯებულია წარმოდგენა სახელმწიფოებრივ ცხოვრებაზე. მიღწევები არის, თუნდაც ცალკეული რეფორმები პოლიციის სფერში - ფორმიანი პოლიციელების მიმართულებით პროგრესია, მაგრამ რეპრესიული მანქანა შიდა პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის გამოიყენება. სამხედრო სფეროში შესაძლოა, ჯარი უკეთესად არის აღჭურვილი, მაგრამ იქ დილეტანტიზმი მეფობს", - ამბობს უსუფაშვილი.
შედარებისთვის უსუფაშვილს სტალინი მოჰყავს და ამბობს, რომ ისიც სახელმწიფოს აშენებდა, მაგრამ ეს არ იყო მოქალაქეებისათვის და საქართველოშიც არის იგივე პროცესი, "ესაა არადამიანური ლიბერალიზმის ზეიმი".
"კონსერვატორი" კახა კუკავა წარმატებებზე საუბრისას ამბობს, რომ აჭარის ინტეგრაცია სერიოზული წარმატება იყო, ასევე ენერგეტიკაში განხორციელებული რეფორმები, რომლის შედეგად დღეს დენი მიეწოდება მოსახლეობას, თუმცა იქვე ამბობს, რომ წარუმატებლობები ძალზე ბევრია, საიდანაც ყველაზე მთავარია ტერიტორიების დაკარგვა, რომელიც შეუქცევადი პროცესია და მომავალი ხელისუფლების პირობებში არ ექვემდებარება სწრაფ გამოსწორებას.
"საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის განხეთქილებაა, რაც ტრაგედიაა. ჩვენ ბოლო 20 წლის მაძილზე არ გვაქვს სახელმწიფო და მუდმივად არის კედელი აღმართული. სააკაშვილმა ამას კი არ უწამლა, პირიქით, საერთოდ არნახულ დონეზე აიყვანა ეს დაპირისპირება. მე 30-იანი წლების რეჟიმს არ მოვსწრებივარ, მაგრამ სააკაშვილი რეჟიმი არის ყველაზე უფრო აუტანელი, რომელიც საქართველოში არსებობდა", - ამბობს კუკავა.
კუკავა ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები არიან აფერისტები, მათი არგუმენტების უკან არ დგას კონკრეტული ციფრები, რომლის მიხედვითაც საქართველო არის რეგიონში ყველაზე განუვითარებელი ქვეყანა და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი არის ორჯერ უფრო დაბალი, ვიდრე ნებისმიერ მეზობელ ქვეყანაში.
"ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ოთხჯერ დაბალია, ვიდრე მეზობლებთან და ეს მონაცემები კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დადგება, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციების გამოკვლევები უდგას უკან", - აღნიშნავს კუკავა.
ეკა ბესელია, მოძრაობა "ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი, ამბობს, რომ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს მიმდინარე პროცესში გაგრძელებული საავტომობილო გზების შეკეთება, ასევე, ქალაქის დასუფთავების სამსახურის მუშაობა, დანარჩენი კი მას მძიმედ ახსენება - დაკარგული ტერიტორიები, ათეულ ათასობით უსახლკარო ადამიანი, ხელყოფილი უდანაშაულო ადამიანთა სიცოცხლე, უამრავი უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანი და ელიტარული კორუფცია, რომელიც, ბესელიას თქმით, მმართველი დანაშაულებრივი კლანის ჩამოყალიბებას უკავშირდება, რომელმაც ჩანასახშივე მოკლა დემოკრატიული ინსტიტუტები და ქვეყანა გადაიყვანა ავტორიტარული რეჟიმისკენ მიმავალ გზაზე.
"აღმშენებლობითი პროცესი მიმდინარეობს სააკაშვილის გუნდისათვის, მათთვის არის ყველა ამქვეყნიური სიკეთე, რაც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. წინსვლა არ დაეტყო უმთავრეს ინსტიტუტებს - სასამართლოს, მედიას და ა.შ. თუ სააკაშვილი 10-ლარიან ქრთამის შემთხვევაზე არნახულ სიმკაცრეს იჩენს, კორუფციის ის შემთხვევები, რომელიც სახელისუფლებო ელიტაშია, წარმოუდგენელ ციფრებთან იყრის თავს", - აცხადებს ის.
"ვარდების რევოლუციის" მიღწევებზე საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი ამბობს, რომ 2003 წლამდე საქართველოს სახელმწიფო იყო მარტო ქაღალდზე, ხოლო 2003 წლის ნოემბრიდან დაიწყო თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა, რომლის წინაპირობა საუკუნის 80-იანი წლები და ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა იყო. დარჩიაშვილი ამბობს, რომ პირველ პრეზიდენტს და მის გარემოცვას ჰქონდა დიდი სურვილი, თუმცა არ აღმოაჩნდათ გამოცდილება, რასაც საბოლოო სახე 2003 წლიდან მიეცა.
"ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლება აიღეს იმ ადამიანებმა, რომელთაც მოტივაციაც ჰქონდათ და ასევე იცოდნენ, რა და როგორ გაეკეთებინათ. უშეცდომო არავინაა და როდესაც ქვეყნის მოდერნიზებას ანხორციელებ, რომელსაც ამის გამოცდილება არ ჰქონია, ამასთან არის დაკავშირებული კონკრეტული წარმატებები და შეცდომებიც.
დარჩიაშვილი ამბობს, რომ ოპონენტების მხრიდან ყველაზე დიდი სისულელეა, როცა აგვისტოს ომს შეცდომასა და მარცხს უწოდებენ. ის ამბობს, რომ მატერიალური მარცხი დიდია, მაგრამ ეს არაა პოლიტიკური მარცხი.
"ეს იყო მტრის შემოსევა და ქვეყანა გადარჩა, მიუხედავად იმისა, რომ მისი 20% ოკუპირებულია. ამ შემოსევის მიზანი იყო ქვეყნის მოდერნიზაციის პროექტის დასრულება, რაც ვერ განხორციელდა და პროექტი გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. ეს არის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და ვისაც ეჭვი ეპარება, მისი საქმეა, ვისაც არ გვეპარება, გაგვატარეთ", - ამბობს დარჩიაშვილი.
ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრისას ის ამბობს, რომ რევოლუციას თავისი ხარვეზები აქვს და ხელისუფლების შეცდომა იყო, რომ არ ხდებოდა დიდი აქცენტი კომუნიკაციაზე, იმისი ახსნა საზოგადოებისთვის, თუ რა და როგორ კეთდება. დარჩიაშვილი ამბობს, რომ დიდი აღმოჩნდა გაუცხოება საზოგადოების გარკვეულ ფენებს შორის.
"მეტი ენერგია უნდა დახარჯულიყო. იგივე კრიმინალთან ბრძოლაში, რომ იყო გადაცდომები, ასევე საკუთრების საკითხებში, ესეც არ არის ახალი, მაგრამ ეს არ იყო გამიზნული, როგორც ოპოზიცია ცდილობს ჩვენებას. ამ ბრძოლაში შეუძლებელი იყო ყველა ნაბიჯის გათვალა და გაკონტროლება", - ამბობს დარჩიაშვილი.
დარჩიაშვილი აღიარებს, რომ გახმაურებულ მკვლელობებზე იყო გადაცდომები, მაგრამ იქვე დასძენს, რომ სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა ნებისმიერი მხრიდან არის დაუშვებელი და შეუძლებელია უზენაესობის პრინციპიდან გადახვევა.
"კრიმინალთან ბრძოლაში საშინელი შეცდომები იქნა დაშვებული, იგივე ამ ბრძოლაში დანაშაულის სახემიღებულ შეცდომად იქნა აღქმული მთელი რიგი შეცდომები, მაგრამ მერე არის სასამართლო, რომელიც ამაზე მსჯელობს და აკისრებს პასუხისმგებლობას კონკრეტულ პირებს და განაჩენი უკვე მოსამართლის სინდისზეა დამოკიდებული. ამის ალტერნატივაა ლინჩის წესი და მაშინ უარი უნდა ვთქვათ მოდერნიზაციაზე", - ამბობს დარჩიაშვილი.