გთავაზობთ გაზეთ „ახალი თაობის“ ინტერვიუს გოგა ხაინდრავასთან.
ბატონო გოგა, იმის მიუხედავად, რომ საქართველოში არ იმყოფებით, ყოველთვის საქმის კურსში ხართ, თუ რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ქართული ოპოზიცია ორ ნაწილად გაიყო. ერთი ნაწილი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე მიდიოდა, თუმცა, რატომღაც ჩიხში შევიდა ეს მოლაპარაკებები... მეორე ნაწილი კი რევოლუციებს აანონსებს. როგორია თქვენი შეფასებები ამ ყველაფერთან დაკავშირებით?
- ყველაზე მეტად მომეწონა შენი რეპლიკა - რატომღაც ჩიხში შევიდაო. აბა, როგორ წარმოგიდგენიათ ამ ბოროტმოქმედების ჯგუფთან, რომელმაც უზურპაცია გააკეთა ხელისუფლების, აწამებს საკუთარ მოსახლეობას და პრაქტიკულად კადაფის რეჟიმის მსგავსი რეჟიმია, ფიქრობთ, რომ შესაძლებელია რაიმე მოლაპარაკება?! ეს არის თავის მოტყუება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ეს არის დასავლეთის წინაშე ბალეტის ცეკვა დემოკრატიის ხმაზე, იქნება მოიწონონ, როგორც მომავალი მარიონეტული რეჟიმი და მეტი არაფერი. რომელ მოლაპარაკებაზე შეიძლება ლაპარაკი პათოლოგებთან და ავადმყოფებთან, ისეთებთან, როგორებიც არიან სააკაშვილი, ბოკერია, რამიშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი. რაზე უნდა მოელაპარაკო მაგათ?! ეს საკუთარი ხალხის სისხლით გაჟღენთილი, საკუთარი ხალხის მოპარული ფულით გასუქებული რეჟიმია, რომელსაც საკუთარი ვნებებისა და ფობიების გარდა არაფერი აინტერესებს. ვის ატყუებს ეს ხალხი, საკუთარ თავს თუ საკუთარ პოლიტიკურ გვამობას იგრძელებს?! რა ცვლილებებია შესაძლებელი სააკაშვილის ხელში?! ერთი კადაფი გაატარებს ლიბიაში დემოკრატიულ ცვლილებებს და მეორე სააკაშვილი - საქართველოში. ეს ხომ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს?! საკუთარ თავს ატყუებ, ატყუებ, რატომ შეგყავს შეცდომაში ევროპული საზოგადოება, რატო ქმნი ილუზიას, რომ ამ ქვეყანაში არსებობს დემოკრატიული პროცესი, მოლაპარაკებები, რაღაცა კონსტრუქციულობა და ასე შემდეგ? ეს ხომ არ არსებობს, ეს ხომ ტყუილია თავიდან ბოლომდე და ვერც იარსებებს. რატომ აკეთილშობილებენ ვითარებას ვითომდა ამ დემოკრატიული პროცესის არსებობისას? ამ ოპოზიციონერებს ხომ დასცინიან კუბლაშვილები, ბოკერიები, რამიშვილები, დასცინიან ამ რვიანს. სწორედ ეს არის ჩვენი უბედურება, რომ პოლიტიკური სპექტრი არის ის, რაც არის.
დემოკრატობანას თამაშობენ?
- აბა, რა! მე არ ვიცი, ამ თამაშს რა დავარქვა. ამ თამაშმა უკვე ძალიან მახინჯი და სახიფათო ხასიათი მიიღო. ცოტაც და შეიძლება ფეხი დაუცდეთ და ზუსტად იმ წუმპეში ამოყონ თავი, სადაც სააკაშვილი და მისი რეჟიმია. რაც შეეხება ანონსირებულ რევოლუციებს, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ადრე თუ გვიან პანჩურებით გაყრის იქ, სადაც სააკაშვილისა და ამ რეჟიმის ადგილია. დარწმუნებული ვარ ამაში, მაგრამ, რა კავშირი ექნებათ მასთან იმ პოლიტიკურ დაჯგუფებებს, რომლებიც რევოლუციებზე ხმამაღლა ლაპარაკობენ, დრო გვაჩვენებს. ჯერჯერობით მხოლოდ მკაცრი განცხადებები მესმის და ხანდახან ღიმილისმომგვრელი რაღაც თეატრალურ–პანტომიმური დადგმები. ის, ვინც რაღაცის გაკეთებას აპირებს, როგორც წესი, ბევრს არ ლაპარაკობს.
იმაზე მაინც უნდა შეთანხმებულიყო ოპოზიცია, რომ ერთმანეთს მაინც არ დასხმოდნენ თავს...
- არა, ეგ ქართველებს არ შეუძლიათ. როგორ შეიძლება, ქართველები ერთმანეთს თავს არ დაესხან. ეგ არ შეუძლიათ და ნუ ვთხოვთ ასეთ რამეს. ეს არის ქართველების ცხოვრების წესი, სპორტი, რომ ერთმანეთი უნდა ლანძღონ, აგინონ, რადგან გათენდება ერთხელაც ის დღე, რომ სააკაშვილის რეჟიმი გაქრება და ხომ არ შეიძლება, შენი კოლეგა, რომელთან ერთადაც ფიცს დებდი, კარგი აღმოჩნდეს. ის აუცილებლად ცუდია, მექრთამეა, იმიტომ რომ მარტო შენა ხარ ერთადერთი გადამრჩენელი და შენ უნდა ჩაგბარდეს საქართველოს ხელისუფლება. დანარჩენი შენ გარშემო ყველა ნაგავია. ამიტომ ეს ნაციონალური სპორტი გახდა საქართველოში და გასაკვირი არაფერი აღარ არის. ეს უნიათობის ნიშანია, იმის ნიშანია, რომ რაც მთავარია, იმის დაძლევის თავი არა გაქვს, თანაც ამაში სახიფათო ხომ არაფერია, ლანძღე, რამდენიც გინდა. აი, მერაბიშვილის წინააღმდეგ წასვლა სახიფათოა საქართველოში, სააკაშვილის და განსაკუთრებით რურუების საწინააღმდეგოდ. ბასიშვილების საწინააღმდეგოდ წასვლა არის და მათი მხილება, რომ ეგენი არიან ყაჩაღები, ზონდერბრიგადების პატრონები, რომლებიც აწიოკებენ და სისხლს უშრობენ საქართველოს მოსახლეობას. მათი მხილების ეშინიათ, შეიძლება, მოხვდეთ ამის გამო, თორემ გაჩეჩილაძე, ხაინდრავა, კოკა გუნცაძე და ირაკლი ბათიაშვილი ლანძღე, რამდენიც გინდა, ტალახი ესროლე და გათხვარე. ეს ხომ მარტივია! რაღაც, ხელისუფლების მისამართით კი არაფერი მესმის... ვერ ვხედავ, რომ იცავდნენ დევნილებს, რომლებსაც ქუჩაში ყრიან, ხოლო "ვენოკების" მიტანისას 27 სექტემბერს იქ, იცოცხლე, მთელი პოლიტიკური სპექტრი გამოჩნდება ტელეკამერების წინ, ხოლო როდესაც წიხლებით სცემენ და ცხვირპირს უმტვრევენ ვეტერანების ცოლებს, იმ ბიჭების დედებსა და ცოლებს, რომლებიც მიწაში წვანან, იქ გვერდზე დგომა სახიფათოა, იქ შეიძლება, შენც მოგხვდეს და კიდევ გართულებებიც მოჰყვეს ამას. არ ჯობია, ეს ყველაფერი ტელევიზორებში, მარიოტებში, ვაშინგტონებში, ჩუმ–ჩუმად მოსკოვებშიც მოხდეს? რა, ასე არ ჯობია?...
რადიკალურ ოპოზიციაში ორი ძალაა გამოკვეთილი, თუმცა, ისინი საკმაოდ დაპირისპირებულნი არიან ერთმანეთთან. ალბათ, თქვენთვისაც ცნობილი იქნება ეს ინფორმაცია, მათი ურთიერთობა ფიზიკურ შეხლა–შემოხლაშიც გადაიზარდა. მიუნხენის ფაქტი საკმაოდ გახმოვანდა. თქვენ ორივე მხარეს გყავთ მეგობრები და ძნელია კრიტიკა, მაგრამ მაინც როგორ შეაფასებდით ამ ყველაფერს?
- ეს კერძო შემთხვევაა. ამას პოლიტიკასთან არ ვაიგივებ. იმთავითვე ეს არც დამიმალავს. თქვენ სწორი ბრძანეთ, ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანები არიან ერთ ბანაკშიც და მეორეშიც. რაც შეეხება ამ წლების განმავლობაში უშუალოდ ლევან გაჩეჩილაძეს, კოკა გუნცაძეს, სოზარ სუბარს, ირაკლი ოქრუაშვილს - მათთან ურთიერთობა ბევრად უფრო ახლო იყო ჩემი და ერთად ბევრად უფრო მეტი გავიარეთ, ვიდრე ბურჯანაძის ფრთასთან. თუმცა, ნინოსთანაც ძალიან კორექტული და კარგი ურთიერთობა მაქვს უკანასკნელ წლებში. მე თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი ამისი და ნინომაც ძალიან კარგად იცის ეს. მე ვთვლი, რომ ბიწაძის განცხადებები იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო, იმიტომ რომ მსგავსი ტიპის განცხადებებს აუცილებლად უნდა მოჰყვებოდეს მტკიცებულება. ეს ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ ყველა ამ პროცესში მე ვმონაწილეობდი, მაგრამ, გარდა იმისა, რომ ბიწაძე ფარდის უკან იჯდა, მე არაფერი რეალური და კონკრეტული, არგუმენტირებული არ მომისმენია. როდესაც ლაპარაკია ადამიანის ღირსებაზე, მის სინდის–ნამუსზე, მით უმეტეს საჯაროდ გაცხადებული პრეტენზია უნდა იყოს აუცილებლად გამაგრებული. მხოლოდ ის, რომ ამას ლაპარაკობს თუნდაც პატივცემული ადამიანი, ერთი ან ორი, ოჯახის წევრი, ეს ჩემთვის არგუმენტი არ არის, ისევე, როგორც მთელი საზოგადოებისთვის. რაც შეეხება მიუნხენის ინციდენტს, კაცები არიან და რა ვიცი...
ეს უფრო პირადი ანგარიშსწორება იყო?
- რა თქმა უნდა. ეს არ არის პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილი. ორი კაცი შეხვდა ერთმანეთს. ერთი იყო ნაწყენი იმაზე, რაც იმან თქვა. ეტყობა, ამან ვერანაირი არგუმენტი ვერ მოიყვანა თავისი პოზიციის დასაცავად და მიიღო ის, რაც მიიღო... აბა, სხვაგვარად როგორ უნდა შევაფასო. ეს სხვა რამეა და ამას პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს.
თუმცა, ბიწაძის პოზიცია იყო, რომ ხელისუფლების დაკვეთას ასრულებენ, რათა პროვოკაციაზე წამოაგონ...
- ეს ყველაფერი გაგებული მაქვს. ხელისუფლებასთან შეკრული ვინღა აღარ არის. ბიწაძე სასაზღვრო ჯარების უფროსი იყო და 7 ნოემბერს სააკაშვილის ბანაკში იყო. ასევე – ნინო ბურჯანაძეც. ამის მიუხედავად, 9 აპრილს ერთად ვიდექით და ეს მათთვის არავის უთქვამს. რას ნიშნავს ხელისუფლებასთან, რა, ხელისუფლების გამო სცემა გაჩეჩილაძემ ბადრი ბიწაძე? ეს ხომ სასაცილოა. ყველაფრისგან თეატრს ნუ ვაკეთებთ. არის რაღაც ამბავი, რაც კაცურ კონტექსტშია გასარკვევი და თავისი წესი აქვს. ეტყობა, სააკაშვილის დავალებით სცემა გაჩეჩილაძემ ბადრი ბიწაძეს. რა ვქნათ, მივიღოთ ასე, თუ მაგას ბადრი ასე ამბობს. ალბათ, ვინმე დაიჯერებს...
ბატონო გოგა, მოდით, შევთანხმდეთ იმაზე, რომ საზოგადოების ნაწილს ამ ყველაფრის მაინც სჯერა, საზოგადოება ზიანდება ამით და მას უფრო მეტად უცრუვდება გული ოპოზიციაზე...
- არა, საზოგადოება ისეა დაზიანებული, რომ ეს უარესს ვერაფერს მოუტანს. მე ვთვლი, რომ ეს საზოგადოებაზე აბსოლუტურად არ მოქმედებს არანაირად, იღებს, როგორც რეალობას, ყოველდღიურს. მეტი ზიანი, რაც ამ ხელისუფლებამ მიაყენა ჩვენს საზოგადოებას, ყოვლად წარმოუდგენელია. საქართველოში რომ ვიყავი, ყველაფერი ასე მძაფრად არ ჩანდა. სამარცხვინო მდგომარეობაში იმყოფება საქართველო. აბსოლუტურად სამარცხვინო, გასაცოდავებული ხალხის ქვეყანა, გასაცოდავებული, უღირსი საზოგადოების, რომელსაც ყოველდღიურად ლაფს ასხამს და დასცინის ხელისუფალი, რომელიც მთელ მსოფლიოში შიზოფრენიკად არის მიჩნეული და ყველამ მშვენივრად იცის, რომ დუჟმორეული გიჟია. კადაფისა და მაგის კარიკატურები ერთმანეთის გვერდიგვერდ არის, ერთი სარკის ანარეკლია. გაჩეჩილაძემ და ბიწაძემ თუ იჩხუბეს მიუნხენის აეროპორტში, ამით უსახლკარო და მოშიმშილე ადამიანები ნამდვილად არ დაზარალდებიან.
მოდით, ხელისუფლების შიგნით მიმდინარე პროცესებზეც ვისაუბროთ. ამბობენ, რომ ბოკერია–ბენდუქიძე ერთიანდებიან სააკაშვილის წინააღმდეგ. რამდენად არიან ოპოზიციაში წამსვლელები და რამდენად გაწირავენ სააკაშვილს?
- სააკაშვილს გაწირავენ. მგონი, "დათა თუთაშხია" საქართველოში ყველას აქვს წაკითხული. აი, ვირთხების კასრია სწორედ. სააკაშვილს კი არა, საკუთარ მშობლებს გაწირავენ ეგენი. ადამიანებს, რომლებსაც სინდის–ნამუსი, სიყვარული არ გააჩნიავ, ღმერთი არ იციან, რა არის, რაზე ველაპარაკო. მამა ბუასილი რომ იქნება კაცი, იმისგან რას უნდა ელოდებოდე? ეგენი არიან მამა ბუასილის საზოგადოების წევრები და ამ საზოგადოების თავმჯდომარეა კახა ბენდუქიძე. მან კარგად იპოვა თავისი ადგილი და სახელი. სააკაშვილს შეჭამენ კი არა, მისგან ბდღვირს არ დატოვებენ. გასიებული რომ არის სხვისი ნაწოვი სისხლით ეს ბენდუქიძე, თავისი ქონება რაღაცნაირად ხომ უნდა გადაარჩინოს. აბა, თავმოყვარე კაცი, მაგისი კაპიტალების პატრონი, სააკაშვილის კარზე ლაქიად არ იქცეოდა. სწორედ რომ ლაქიად იქცა. სად აღარ გადაიყვანეს, ოღონდ არ მოშორებოდა სააკაშვილს. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, საქართველოში როცა ჩამოდიოდა, ადამიანი, რომელსაც ასეულობით მილიონი დოლარი აქვს, რაში სჭირდება ეს ფული, ვერ გავიგე. თუმცა, ძალიან მანიშნებელი განცხადება გააკეთა თავიდანვე, რომ ყველაფერს გაყიდის, სინდისის გარდა და მაშინ ვუთხარი კიდეც, რომ ეს ყველაფერი სწორედ სინდისია, რადგან ის ყველაფერი სინდისის შემადგენელი ნაწილია. რა თქმა უნდა, ემზადებიან, ბუნებრივია და არა მარტო ეგ დაჯგუფება, იქ სხვა დაჯგუფებებიც გამოჩნდება. რურუების დაჯგუფება, ამ კაციჭამიების და მათი როლი საქართველოს ხელისუფლებაში ცალკე ფენომენი და კარგად შესასწავლია, ჩემი აზრით, რომ მეორედ ეს უბედურება აღარ დაგვემართოს. იქ ათასი ვარიანტი იხილება. ყველაზე სამწუხარო იქნება ჩემთვის, რომ შეიძლება აღმოჩნდეს, დღევანდელი ეს ე.წ. დემოკრატიული ოპოზიციის ნაწილი არ დადგეს მათთან ერთად, ერთ ბანაკში. ეს იქნება ყველაზე სავალალო.
ამაზე უკვე ბევრი საუბრობენ, ბატონო გოგა, რომ ოპოზიციაც გარეულია ამაში...
- დიახ, ამის ნიშნები არის. ეძებენ დასაყრდენს. იქ მოლაპარაკებები მიდის შესაძლო კონფიგურაციებზე. ეს იქნება ყველაზე სამარცხვინო ნაბიჯი იმ ადამიანებისა, რომლებიც საკუთარ თავს ოპოზიციას უწოდებენ დღეს, ყველაზე სამარცხვინო და უპატიებელი. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბოკერიასთან და ბენდუქიძესთან ერთად დადგება, აღმოჩნდება ზუსტად იმ იმ უბედურების წრეში, რომელმაც საქართველოს დამართა ის, რაც დამართა. არანაირი არგუმენტი ამასთან დაკავშირებით, ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემასა და დემოკრატიაზე არგუმენტად არ ჩაითვლება, ყოველ შემთხვევაში – ჩემთვის. თავიანთი არჩევანია, სად დადგებიან, მაგრამ, ბენდუქიძისნაირ გახრწნილ გვამებთან, ასევე ბოკერიასნაირ, ნაციონალური მოძრაობის ლეშისნაირთან გვერდით დადგომას ნამდვილად არავის ვურჩევ.
იქ ბენდუქიძეა. ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ჯგუფი დასაყრდენს რუსულ ძალებში ეძებს?
- ესენი ყოველთვის რუსულ ძალებს არ ეყრდნობოდნენ? სამწუხაროდ, საკმაოდ მოკლე მეხსიერება აქვს ქართველ საზოგადოებას, იმიტომ რომ ვარდების რევოლუცია საქართველოში რუსებმა მოაწყვეს. მინდა გაგახსენოთ, რომ შევარდნაძის გადადგომა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ივანოვის გადაწყვეტილება იყო. ის ჩამოფრინდა სააკაშვილის დასახმარებლად. ჩემი თვალით ვარ ამის მომსწრე და მნახველი. დილის ექვს საათზე ჩამოვიდა და სწორედ იმ დროს თქვა უარი შევარდნაძემ პრეზიდენტობაზე, თუმცა, ამას არ აპირებდა და ეს ახლა დანამდვილებით ვიცი, რომ რუსეთის დაჟინებული მოთხოვნა იყო. მინდა გაგახსენოთ, რომ ასლან აბაშიძე აჭარიდან იმავე ივანოვმა წაიყვანა. რა თქმა უნდა, დასაყრდენი არის რუსეთი და სწორედ ამისთვის იყო ბენდუქიძე მოვლენილი საქართველოში, რომ დაენგრია და გაეყიდა საქართველოს ხერხემალი. თუ რამე ეკონომიკური არსებობდა, ყველაფერი რუსებს მიჰყიდეს, მათ ხელშია. აგვისტოს ომის მერე ერთი თვე არ იყო გასული და ენგურჰესი მიჰყიდეს რუსებს. რომელი ერთი ჩამოვთვალო, თბილისის წყალი, თელასი, ოქრო, ვერცხლი, თუ რამეა საქართველოში, ყველაფერი მათ ხელშია, მაშინ როცა ამ აბსოლუტური უგუნურ, პატარა გონებისა და დიდი პოლიტიკური ამბიციის მქონე ადამიანებს დღესაც რატომღაც დასავლეთზე ორიენტირებული ლიდერი ჰგონიათ სააკაშვილი. ამ დროს არის ისეთი პრორუსული, რომ, რომ იტყვიან, ცეცხლი გასდის უკნიდან. შედეგებიც ჩანს. ხე ნაყოფით იცნობა და არა სიტყვებით. სიტყვა ბევრი მესმის ანტირუსული და საქმეები არის პრორუსული. ასეთი წარმატება რუსეთს, როგორიც დღეს აქვს საქართველოში და თუ გინდათ საერთოდ მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს მხარდაჭერით, არასოდეს ჰქონია.
ამბობენ, რომ აპრილიდან სერიოზული საპროტესტო ტალღა აგორდება. თქვენ რამდენად ელით ამას?
- ღმერთმა გისმინოთ. მე პოლიტიკოსების დიდი იმედი არა მაქვს. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ კოკა გუნცაძისა და სოზარ სუბარისნაირი ადამიანების ძალიან მეიმედება. ლევანს კარგად ვიცნობ და ვიცი მისი პოტენცია. ამ ხალხის ძალიან მეიმედება. ღმერთმა ქნას, ვნახოთ, მაგრამ ეს პირადული შთაბეჭდილებებია და პოლიტიკური ანალიზის საშუალებას ნამდვილად არ მაძლევს.