ბიომეტრიის ნაციონალური დილემა

ბიომეტრიის ნაციონალური დილემა

[presage.tv]

 

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფი, ხელისუფლების დამსახურებით, ჯერ კიდევ ვერ გასცდა ბიომეტრული მონაცემებით საარჩევნო სიების ფორმირება–არფორმირების და არჩევნების ბიომეტრული პირადობის მოწმობებით ჩატარება–არჩატარების საკითხს.

 

პირველი პრობლემა, რომელიც აღნიშნულ თემას უკავშირდება ხელისუფლების მიერ დათვლილი ფინანსებია, რომელიც ბიომეტრული პირადობის მოწმობების დასაბეჭდად უნდა გაიღოს ხელისუფლებამ, თუმცა ირწმუნება, რომ ამის „ფუფუნება“ მას არ აქვს.

 

200 მლნ ლარი და 7 წლიანი ვადა, სწორედ ამას ითხოვს ხელისუფლება ბიომეტრული პირადობების დასაბეჭდად, მაგრამ „ოპოზიციურ რვიანს“ საკუთარი გათვლები და ვადები აქვს და ხელისუფლებისგან

აბსოლუტურად განსხვავებული.

 

თუმცა, „რვიანის“ დათვლილ ფინანსებს და ვადებს ხვალ შემოგთავაზებთ, ხოლო ახლა კი ხელისუფლებას ვუთმობთ ადგილს, სადაც, როგორც ოპოზიცია თვლის, „ნაციონალურად“ ითვლება თითოეული თეთრი.   

 

ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი  ”ელექტრონული პირადობის მოწმობის თვითღირებულების გაანგარიშების” ანალიზი ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით: 

თითოეული ბიომეტრული პირადობის მოწმობის თვითღირებულება (დღ-ს ჩათვლით)  35.23 ლარია და უნდა დარიგდეს 3 750 000 პირადობის მოწმობა.

მთლიანი ხარჯი, რომელიც სახელმწიფომ მოსახლეობისთვის ბიომეტრული პირადობის მოწმობების დასამზადებლად 7 წლის განმავლობაში უნდა გასწიოს, შეადგენს  132 130 500 ლარს.

 

თითოეული ბიომეტრული პირადობის მოწმობის თვითღირებულებაში (35.23 ლარი) ორი კომპონენტის ხარჯი - ”ერთ ბარათზე პერსონალის ხარჯი (ხელფასები და სხვა) 6,28 ლარს, ხოლო არაპირდაპირი ხარჯი (ოფისის ხარჯები, კომუნალური ხარჯები საკანცელარიო და სამეურნეო საქონელი) 7,54 ლარს შეადგენს. ჯამში ეს თანხა 13.82 ლარია, ხოლო დღგ-ს ჩათვლით 16.3076.

 

გამოდის, რომ 132 130 500 ლარიდან (რაც 7 წლის განმავლობაში 3 750 000 მოწმობის დამზადება უნდა დაჯდეს), 61 153 500 ლარი (16.3076 გამრავლებული 3 750 000)  არის 7 წლის განმავლობაში პერსონალზე გასაწევი და არაპირადპირი ხარჯების (ოფისის ხარჯების, კომუნალური ხარჯების საკანცელარიო და სამეურნეო საქონლის) ჯამი.

 

ამ პროექტის 14 თვეში განსახორციელებლად ხელისუფლება ზემოთ მოყვანილ თანხებთან ერთად დამატებით ითხოვს 57 717 915 ლარს (დამატებითი აპარატურის,  და პერსონალისა და გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის), რითაც პროექტის საერთო ღირებულებად ასახელებს 188 527 110 ლარს.

 

ანუ 14 თვიანი პროექტის კალკულაციაში ხელისუფლებამ პირადობის მოწმობების თვითღირებულებაში ჩაგვიდო ის ხელფასები, რაც 7 წლიანი პროექტის შემთხვევაში უნდა გადაეხადა პერსონალისთვის, ოფისებისთვის,  კომუნალური, საკანცელარიო და სამეურნეო ხარჯებისათვის 7 წლის განმავლობაში.

 

ხელისუფლება გვეუბნება: იმისათვის, რომ ბიომეტრიული პირადობის მოწმობები არა 7,  არამედ ერთ წელიწადში დავამზადოთ, დამატებითი სამუშაოების შესასრულებლად  აუცილებელია დღეს რეესტრში დასაქმებულ თანამშრომლებსა და არსებულ ოფისებს დავუმატოთ 1200 დაქირავებული თანამშრომელი და 80 ოფისი. ამრიგად, საქართველოს ყველა მოქალაქისათვის პირადობის მოწმობის 14 თვეში გაცემის უზრუნველყოფა ხდება რეესტრისათვის პერსონალის და ოფისების ზემოთ აღნიშნული რაოდენობის დამატებით.

 

გამოდის, რომ დღეს სამოქალაქო რეესტრში დასაქმებულმა პერსონალმა ერთ წელიწადში ზუსტად იგივე სამუშაო უნდა შეასრულოს, რასაც, პირადობის მოწმობების 7 წლის განმავლობაში გაცემის შემთხვევაში, ერთი წლის განმავლობაში შეასრულებდა. პროცესის დასაჩქარებლად კი დამატებით ვქირაობთ ოფისებს და პერსონალს.

 

ამიტომ, რადგანაც ეს პროგრამა მხოლოდ 14 თვე გაგრძელდება, ხარჯების გაწერისას სწორი იქნება, ხელისუფლების კალკულაციით წარმოდგენილი ოფისებისა და პერსონალის ანაზღაურების 7 წლის ხარჯს, 61 153 500 ლარს, 6 წლის ხარჯი  (52 417 285 ლარი ) მოვაშოროთ და  ამ ციფრს დავუმატოთ დამატებით დასაქირავებელი  თანამშრომლებისა და  ოფისების ხარჯი.

 

მოქალაქეების მონაცემების შეგროვება (რეგისტრაცია)

ხელისუფლება გვეუბნება, რომ პირადობის მოწმობების გასაცემად უნდა შეაგროვოს  3 750 000 მოქალაქის პერსონალური მონაცემი, რაც, თავისთავად, ძალიან გაზრდილი  ციფრია, მაგრამ ერთი წუთით დავუშვათ, რომ  სწორია. ხელისუფლება ამბობს, რომ ერთ წელიწადში (14 თვეში) ბიომეტრიული პირადობის მოწმობების დასამზადებლად უნდა შეიძინოს დამატებით 240 ფოტო-ჯიხური ბიომეტრიული ფოტოების დასამზადებლად (ხარჯი 8 400 000 ლარი); აგრეთვე, დაიქირავოს და აღჭურვოს 500 მობილური ჯგუფი (1000 კაცი) მოსახლეობის კარდაკარ აღსაწერად (17 500 000 ლარი).

 

ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, დღეს სამოქალაქო რეესტრს 80-მდე რეგიონულ ოფისში განთავსებულია 80 ფოტო ჯიხური. თუ ამას დავუმატებთ ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ კალკულაციაში მოთხოვნილ 240 ახალი აპარატს, ჯამში მივიღებთ 320 ფოტო-ჯიხურს.

ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი გათვლებით, თუკი ის 7 წლის განმავლობაში განაგრძობს პირადობის მოწმობების დამზადებას, მან 80 ფოტოჯიხურით უნდა უზრუნველყოს თვეში 60 000 მოქალაქის ბიომეტრიული  მონაცემის შეგროვება.

 

22 სამუშაო დღეზე გათვლით გამოდის, რომ დღეში თითო  ფოტო-ჯიხურმა უნდა უზრუნველყოს 34 პირის მონაცემის შეგროვება (60 000 / 22 =27228,   2728 / 80= 34).

 

პროცესის ერთ წელიწადში დასრულებისათვის, ხელისუფლების კალკულაციით, მას სჭირდება 320 ფოტო-ჯიხური. ჩავთვალოთ, რომ თითო ფოტო-ჯიხური დღეში საშუალოდ 30 ფოტოს გადაიღებს, რაც ნაკლებია თავად ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ მონაცემზე. 14 თვეში საშუალოდ არის 300 სამუშაო დღე. მივიღებთ შემდეგ სურათს:

დღეში 320 ფოტო-ჯიხურით შესაძლებელი იქნება 9600 მოაქალაქის ბიომეტრიული სურათის გადაღება. სამას დღეში ეს რიცხვი აღწევს 2 880 000 მოქალაქის მონაცემს.

 

ამასთანავე, ხელისუფლება გვთავაზობს 500 მობილური ჯგუფის შექმნას, რომელმაც გადასატანი აპარატურით (მათ შორის, ფოტოაპარატებით) პარალელურ რეჟიმში უნდა დაარეგისტრიროს ის მოქალაქეები, რომლებიც სტაციონარულ ოფისებში არ ან ვერ მივლენ. 

 

ამრიგად, თუკი  სამოქალაქო რეესტრის სტაციონარულ პუნქტებში 320 ფოტო -ჯიხურია აუცილებელი 2 880 000 მოქალაქის მონაცემის შესაგროვებლად,  გამოდის, რომ 3 750 000ამომრჩევლის პირობებში, მობილურმა ჯგუფებმა 300 დღეში რეგისტრაციაში უნდა გაატარონ დარჩენილი 870 000 ადამიანი - დღეში 1 740 ადამიანი. ანუ თითო მობილურმა ჯგუფმა კარდაკარ კამპანიის გზით დღეში რეგისტრაციაში უნდა გაატაროს საშუალოდ 3.48 კაცი!  საშუალოდ 1 ოჯახი, რაც აბსურდია!

 

ხელისუფლების მონაცემებით, თუკი არ შევიძენთ დამატებით ფოტო-ჯიხურებს, სამოქალაქო რეესტრის სტაციონარულ პუნქტებში არსებული რესურსით 14 თვის განმავლობაში შესაძლებელია დაახლოებით 840 000 მოქალაქის მონაცემის შეგროვება. მობილურმა ჯგუფებმა 300 დღეში უნდა შეაგროვონ დარჩენილი 2 910 000 მოქალაქის მონაცემი, ანუ დღეში 9 700 მონაცემი.

 

რეესტრის მონაცემებით, 1500-კაციანი სოფლის მოსახლეობის სრული მონაცემების შეგროვებას დღეისათვის რეესტრის თანამშრომელთა 2 წყვილი ერთ კვირას ანდომებს.  კვირაში 7 სამუშაო დღეც რომ ვიანგარიშოთ, დღეში საშულოდ 100 კაცზე მეტი გამოდის. დავუშვათ, რომ თითო ჯგუფი დღეში 50 კაცის მონაცემს აგროვებს (რაც საერთაშორისო პრაქტიკით ცოტაა).

 

თუ სამოქალაქო რეესტრის სტაციონარული პუნქტები დღეს არსებული სიმძლავრეებით  იფუნქციონირებს, ის შეძლებს 14 თვეში (300 სამუშაო დღეში) 840 000 მოქალაქის რეგისტრაციას, ხოლო  მობილური ჯგუფებით დარჩენილი 2 910  000 კაცის აღრიცხვა დაგვჭირდება. ამ გზით  დღეში აუცილებელი იქნება 9 700 პირის მონაცემის შეგროვება. თუკი თითო ჯგუფი დღეში 50 კაცს აღრიცხავს, სრული აღრიცხვისთვის საკმარისია არა უმეტეს 194 მობილური ჯგუფისა (9700:50) და არა 500 მობილური ჯგუფი.

 

ამრიგად,  ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ კალკულაციაში სრულიად ზედმეტია „240 დამატებითი ფოტოჯიხური - ხარჯი 8 400 000,00 ლარი“; ხოლო 500 მობილური ჯგუფი უნდა შემცირდეს 194 მდე, შესაბამისად, გამოყოფილი ხარჯი -17 500 000,00 ლარი  6 860 000 ლარამდე.

 

მონაცემების დამუშავება

ხელისუფლების კალკულაციით, მონაცემთა შეგროვებისა და განაცხადების ფორმირების პროცესში სრს-ში ჩართულია 400 თანამშრომელი, რომელიც წარმოადგენს 200 სამუშაო წყვილს. ეს 200 წყვილი უზრუნველყოფს თვეში 60 000 მონაცემის დამუშავებას და მონაცემთა ერთიან ბაზაში შეყვანას. ე.ი. 1 წყვილმა თვეში უნდა დაამუშავოს 300 პირის მონაცემები, ანუ 22 სამუშაო დღის პირობებში - დღეში 13-14 (საათში 2) პირის მონაცემები. ეს რაოდენობა სულ ცოტა 3-ჯერ შეიძლება გაიზარდოს.

 

სულ ხელისუფლება გვთავაზობს, რომ მონაცემთა შეყვანაზე უნდა იმუშავოს 1600 კაცმა (400 არსებულს უნდა დავუმატოთ 1200 თანამშრომელი), ანუ 800 წყვილმა. 3 750 000 ათასი კაცის მონაცემების 300 სამუშაო დღეში დამუშავების პირობებში, დღეში 12 500 მოქალაქის მონაცემი უნდა დამუშავდეს. თუ  8-საათიანი სამუშაო დღის პირობებში თითო წყვილი დღეში 50 მონაცემს დაამუშავებს, (2 თანამშრომელს საათში საშუალოდ 6,25 მონაცემის დამუშავება მოუწევს), დღეში 12 500 მონაცემის დამუშავებას 500 თანამშრომელი (250 წყვილი) დასჭირდება (250 ×50=12 500).

 

ამრიგად,  მოქალაქეების მონაცემების დასამუშავებლად რეალურად გვჭირდება 500 თანამშრომელი (250 წყვილი) და არა 1600 კაცი (800 წყვილი), რაც ხელისუფლებამ წარმოგვიდგინა.

 

3 750 000 მოქალაქისათვის ბიომეტრული პირადობის მოწმობის გაცემა

საკვირველია, საიდან მოიტანა ხელისუფლებამ ეს რიცხვი. არც ერთ ადრინდელ დოკუმენტში, არც სამოქალაქო რეესტრის და არც ცესკოს მონაცემებში ეს რიცხვი არ ფიგურირებს. მეტიც, ხელისუფლების მიერ გერმანულ კომპანია „მიულბაუერთან“ გაფორმებული კონტრაქტით 7 წელიწადში სულ 3 039 000 მოწმობის დამზადებაა გათვალისწინებული!

 

ელექტრონული ხელმოწერა

საინტერესოა, რომ ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ კალკულაციაში სადღაც გაქრა ის არგუმენტი, რომ, თითქოსდა, ბიომეტრული პირადობის მოწმობის თვითღირებულების ნახევარი, 15 ლარამდე მოდიოდა ელექტრონულ ხელმოწერაზე. მათ მიერ გადმოგზავნილ კალკულაციაში ბარათის მთლიან ღირებულებაში ელექტრონული ხელმოწერის ხარჯი 1, 19 ლარს შეადგენს.

 

დღგ-ს გადასახადი

ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი კალკულაციით, ბიუჯეტს ეს პროექტი დაუჯდება 188 527 110 ლარი. აქედან დღგ-ის 18% იანი  გადასახადის სახით 33 934 879 ლარი ხარჯების გაწევის პარალელურად უკან ბიუჯეტშივე უბრუნდება. შესაბამისად, მათივე არასწორ გათვლებსაც კი რომ დავეყრდნოთ, პროექტი საბოლოო ჯამში ბიუჯეტს უჯდება 154 592 231.

 

დასკვნა

ამრიგად, პროექტის 14 თვეში განხორციელების შემთხვევაში, პროექტის 7 წელიწადში განსახორციელებლად დაგეგმილ ხარჯებს (132 130 500) უნდა გამოაკლდეს ოფისებისა და პერსონალის ანაზღაურების  6 წლის ხარჯი (52 417 285) და დაემატოს პროექტის ერთ წელიწადში განხორციელებისთვის რეალურად საჭირო დამატებითი ხარჯები.

 

ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი დამატებითი ხარჯები:

28 დამატებითი პერსონალიზაციის მოწყობილობა   8 400 000,00 ლარი

1200 დამატებითი სამუშაო ადგილი                          5 400 000,00 ლარი

1200 თანამშრომლის ტრეინინგი                                 1 000 000,00 ლარი

80 დამატებითი ოფისი                                                  5 000 000,00 ლარი

სერვერული ცენტრის გაძლიერება                             2 000 000,00 ლარი

240 დამატებითი ფოტოჯიხური                                 8 400 000,00 ლარი

500 მობილური ჯგუფი                                                  17 500 000,00 ლარი

საზოგადოების ცნობიერების ამაღლება                    5 000 000,00 ლარი

სულ                                                                  52 700 000,00 ლარი

 

შესამცირებელი დამატებითი ხარჯები:

მოსახლეობის აღრიცხვისთვის არ გვჭირდება 240 ფოტო-ჯიხურის შეძენა, ხოლო მობილური ჯგუფების რაოდენობა მცირდება 194-მდე. შესაბამისად, ხარჯები უნდა შემცირდეს დაახლოებით 19 000 000 ლარით.

2. ვინაიდან მოქალაქეების მონაცემების დასამუშავებლად რეალურად გვჭირდება 500 თანამშრომელი,დღეს რეესტრში დასაქმებულ 400 თანამშრომელს უნდა დაემატოს არა 1 200, არამედ 100 თანამშრომელი. შესაბამისად უნდა შემცირდეს დამატებითი პერსონალის დაქირავების და ტრენინგის ხარჯი 5 865 000 ლარით.

 

3. ვინაიდან დამატებითი ფოტოჯიხურების შეძენა აღარ არის საჭირო და დამატებითი 1200-ის ნაცვლად დასაქირავებელია სულ 100 თანამშრომელი, მათ განთავსება შესაძლებელია რეესტრის არსებულ 80 ოფისში და აღარ არის საჭირო დამატებითი 80 ოფისის დაქირავება და აღჭურვა. შესაბამისად, ხარჯები მცირდება კიდევ 5 000 000 ლარით.

ამრიგად, საჭირო დამატებითი ხარჯები შეადგენს არა ხელისუფლების მიერ დასახელებულ 52 700 000 ლარს, არამედ 22 795 000 ლარს.

შესაბამისად, 14 თვიანი პროექტის მთლიანი ხარჯი შეადგენს 102 508 215 ლარს დღგ-ის ჩათვლით  (132 130 500 - 52 417 285 + 22 795 000).

 

ამასთანავე, თუ გავითვალისწინებთ, რომ რეალურად მოგვიწევს არაუმეტეს 3 მილიონი მოქალაქის აღწერა, რაც თავიდან ფიგურირებდა თავად სამოქალაქო რეესტრის ციფრებში, პროექტის რეალური ხარჯი 20% -ით შემცირდება და დაახლოებით 80 000 000 ლარამდე დავა (დღგ-ის ჩათვლით).

 

დღგ-ს გარეშე ეს რიცხვი 66 000 000 ლარს შეადგენს

ჩვენს კალკულაციაში ინფორმაციის ნაკლებობის გამო  ვერ ვეხებით მთელ რიგ ტექნიკურ ხარჯებს:

ა)  სერვერული ცენტრის გაძლიერება - 2 000 000,00 ლარი; 28 დამატებითი პერსონალიზაციის მოწყობილობა - 8 400 000,00 ლარი. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, ვფიქრობთ, შესასყიდი ტექნიკის რაოდენობა გამოყვანილია იმ ფასიდან, რომელიც რეესტრმა გადაიხადა 7 ერთეულის შესყიდვაში. ვფიქრობთ, რომ შესასყიდი რაოდენობის გაზრდა ერთეულის ფასს შეამცირებს, რაც, შესაბამისად, ხარჯებში აისახება.

ბ) ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი პროექტით, არაპერსონალიზებული ბარათის ღირებულება 9,75 ლარს შეადგენს (დღგ-ს გარეშე). ეს ფასიც აღებულია იმ მონაცემიდან, როცა სამოქალაქო რეესტრი წელიწადში 600 0000 ბარათს შეიძენდა. ვფიქრობთ, 3 750 000 ბარათის ერთდროულად შეძენა ერთი ბარათის თვითღირებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

 

გ) ჩვენს ეჭვს იწვევს ერთეული ბარათის ღირებულებაში ე.წ. არაპირდაპირი ხარჯები, რომელშიც შედის ადმინისტრაციული და ოფისის ხარჯები. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი კალკულაციით, საჯაროო რეესტრი თავისი ოფისების კომუნალური ხარჯების 70%-ს ბარათის თვითღირებულებაში დებს, ეს მაშინ, როცა ეს ოფისები ახლა ფუნქციონირებს და ამ ხარჯებს თავისი შემოსავლიდან ჩვეულებრივ ფარავს. რომ არა ეს პროექტი, რეესტრი ოფისებს ხომ არ დაკეტავდა, ფუნქციონირებას და მოქალაქეებისათვის სერვისების მიწოდებას ხომ არ შეწყვეტდა? ანუ, ამ ხარჯებს რეესტრი მაინც გასწევდა, ამიტომ, ჩვენი აზრით, რეესტრის მთელი საოფისე ხარჯების 70% -ის პირადობის მოწმობაში ჩადება, ამ დოკუმენტის თვითღირებულების გაზრდისა და ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ პროექტის ხარჯების 200 მილიონ ლარამდე  გაზრდას ემსახურება.

 

შესაბამისად, შესაძლებელია ერთ წლიანი პროექტისთვის საჭირო თანხების კიდევ უფრო შემცირება, რისი ზუსტი კალკულაცია დამატებით ინფორმაციას საჭიროებს.

 

გარდა ამისა, შესაძლებელია მოსახლეობის აღწერა-რეგისტრაციისათვის საჭირო ვადების მნიშვნელოვანი შემცირებაც. ამას ადასტურებს ბოლივიაში განხორციელებული პროექტის გამოცდილებაც.

 

ბოლივიის გამოცდილება

2009-2010 წლებში ბოლივიაში წარმატებით განხორციელდა  ბიომეტრული მონაცემებით ამომრჩეველთა აღრიცხვა.

 

ბოლივია აღემატება საქართველოს

ა) ტერიტორიით  15 ჯერ - (ბოლივია - 1 098 580 კმ², საქართველო - 69 700 კმ²)

ბ) მოსახლეობით  2.2-ჯერ - (ბოლივია 9 775 246, საქართველოს 4 400 000)

ქვეყნები ეკონომიკური განვითარების დონით დაახლოებით ერთ საფეხურზე იმყოფებიან (საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი  შეადგენს $2455; ბოლივიაში -  $2,817);  

გარდა ამისა ბოლივიის მოსახლეობის 15% არ ფლობს ესპანურს, რომელ ენაზეც მიდიოდა აღწერა, ხოლო ბევრ დასახლებულ პუნქტში არ მიდის საავტომობილო გზა.

 

ამ პირობებში:

მთელი ბოლივიის მასშტაბით ამომრჩეველთა რეგისტრაციას დასჭირდა 75 დღე.

რეგისტრაცია გაიარა 5 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა;

საარჩევნო სიებში ფიქსირდებოდა ამომრჩევლის შემდეგი ბიომეტრული მონაცემები: ა) ათი თითის ანაბეჭდი; ბ) ბიომეტრული ფოტო. გ) ელექტრონული ხელმოწერა.

 

პროექტის  მთლიანმა ღირებულებამ, რაშიც შედის ხარჯები ტექნიკური აღჭურვილობისთვის, პერსონალის დაქირავებისა და ტრენინგისთვის, კამპანიის საინფორმაციო უზრუნველყოფისათვის და ამომრჩევლის რეგისტრაციისთვის შეადგინა $43 მილიონი ანუ $9. ერთ მოქალაქეზე ბიომეტრული პირადობის მოწმობების დამზადების ხარჯების გათვალისწინებით ერთი მოწმობის თვითღირებულება შეადგენდა $19–ს.