რამდენი მილიონი შესთავაზეს გუბაზ სანიკიძეს ნაციონალებმა

რამდენი მილიონი შესთავაზეს გუბაზ სანიკიძეს ნაციონალებმა

„ეროვნული ფორუმის" ლიდერი გუბაზ სანიკიძე არასაპარლამენტო ოპოზიციაში არსებულ გაუგებარ სიტუაციაზე ამბობს, ოპოზიცია იმედებს ვერ ამართლებსო, თუმცა იმედოვნებს, რომ რამდენიმე კვირაში სიტუაცია დაიწმინდება.

ბატონო გუბაზ, დარწმუნებული ვიყავი, რომ საარჩევნოდ ოპოზიცია, თუნდაც არასაპარლამენტო, ერთიან კანდიდატურაზე ვერ შეთანხმდებოდა, მაგრამ თუ ისე დაუპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, რომ ხელისუფლებაც დაავიწყდებოდათ, არ მეგონა.

- მე მეგონა. მოვლენათა განვითარების ლოგიკა ამაზე მეტყველებდა. ხელისუფლების გავლენებიც იკვეთება. როგორც ჩანს, ოპოზიციის ერთი ნაწილი ფარულად ან ირიბად თანამშრომლობს ხელისუფლებასთან.

რომელს გულისხმობთ?

- გამოცანად დარჩეს.

რა ფორმით ჩანს?

- ოპოზიციაში საქმეები რომ ცუდადაა, ეს მხოლოდ ამბიციების ბრალი არაა. ამიტომ ფორუმი ამ პროცესს ემიჯნება.

თუმცა, იმის მიუხედავად, რომ არჩევნებში არ მონაწილეობთ, თავი მაინც ჩათვალეთ ვალდებულად, თქვენი პოზიცია ზურაბ ნოღაიდელის მიმართ დაგეფიქსირებინათ. რატომ?

- ნოღაიდელის არჩევნებთან დაკავშირებით არაფერი გვითქვამს. მის ბიოგრაფიასთან და ქვეყანაში მის ნამოქმედართან დაკავშირებით პრეტენზიები გვაქვს. ნოღაიდელი იყო და რჩება თანამონაწილედ საქართველოს დაქცევაში სააკაშვილთან და სხვებთან ერთად. მისი ვოიაჟებს, მოსკოვში წასვლა–წამოსვლას ღალატად არ ვთვლი. ნოღაიდელის პერსონასთან მაქვს პრობლემები და არა მის საგარეო ორიენტაციების ცვლასთან. იცით, ნოღაიდელს რუსულ პრესაში რა დაუწერეს? გაყიდულები უნდა იყიდოო. არ მჯერა, რომ ნოღაიდელი ამ ქვეყნის დიდი მამულიშვილია.

ნინო ბურჯანაძის მამულიშვილობის გჯერათ?

- არც ბურჯანაძის, თუმცა ნოღაიდელსა და ბურჯანაძეს შორის გარკვეული სხვაობები არის. ბურჯანაძეს ქვეყნის მიმართ პოლიტიკური უპასუხისმგებლობა აქვს, ნოღაიდელი კრიმინალია.

ირაკლი ოქრუაშვილის მიმართაც იყო ბევრი ბრალდება, მაგრამ ოპოზიციამ გულში ჩაიხუტა.

- ქართული ქონების გასხვისებაში ნოღაიდელს ლომის წვლილი მიუძღვის. მორალური საკითხიცაა. როგორ მოიქცა ზურაბ ნოღაიდელი ზურაბ ჟვანიას მკვლელობის შემდეგ? მოკლული მეგობრის სავარძელში ჩაჯდა და სიტყვა არ დაასველა. ყველაფერი შეიძლება გადადო სავარძლისთვის, ფულისთვის?! ნოღაიდელისნაირი კაცი დასავლეთში ციხეში იჯდება, არა - რუსეთთან ურთიერთობის და ღალატის გამო, არამედ, რაც მან ქართულ ეკონომიკას დამართა.

მასე ბევრი უნდა იჯდეს ციხეში.

- რა თქმა უნდა, მაგრამ დაქცეულ ქვეყანაში დამნაშავეს ვერ ნახავთ, ყველა ბატკანია. სააკაშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულება ცნობილია, მაგრამ არ მომწონს, რომ ყველა ამ ადამიანზე აპირებს ხელის შეხოცვას. საქმეს პერსონები კი არა, ადამიანთა ჯგუფები აშავებენ. ჩემი ამოცანაა, არა მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლება, არამედ მთელი "მოქალაქეთა კავშირის" გუნდი აღმოჩნდეს სანაგვეზე.

ბევრი მოქკავშირელი დღეს ოპოზიციაშია. გამოდის, რომ თქვენ და ლეიბორისტებიღა დარჩებით.

- დიახ, ჩვენ და ლეიბორისტები ვრჩებით. ჭადრაკის სასახლეში რა ხალხიც იყო შეკრებილი, "მოქალაქეთა კავშირი" არ გაგახსენდათ?

ასეთი განცდა ბოლო სამი წლის განმავლობაში არაერთხელ მქონია.

- „მოქალაქეთა კავშირი" ნაცმოძრაობის მამაა და რაც მამა იყო, ის შვილია. თხუთმეტი წელია ეს ხალხი გვასწავლის ჭკუას, "აშენებს ქვეყანას".

დანარჩენ ოპოზიციას რას უშვრებით? ყოფილ "მოქალაქეებს", ნაცებს და მათ მეგობრებს?

- აქ არ არის საუბარი ჩვეულებრივ ადამიანებზე, საუბარია ათ–თხუმეტ ადამიანზე, რომლებიც სულ არიან - მაჭავრიანი, ბარამიძე, გაბაშვილები...

ობა დავითაშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, ირაკლი ალასანია და ბვერი სხვა, იმ კანტორიდან არ არიან?

- რამდენადაც ვიცი, ალასანია "მოქალაქეთა კავშირის" წევრი არ ყოფილა.

შევარდნაძის ხელისუფლების უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო.

- სპეცსამსახურებში მუშაობდა და მასთან პრეტენზია არაა. პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ვამბობ.

კობა დავითაშვილი? "მოქკავშირშიც" იყო და ნაცების ერთ–ერთ მთავარი იდეოლოგიც იყო.

- დავითაშვილიც ამ პოლიტიკურ ჯგუფთან იყო ერთი პერიოდი, მაგრამ მასზე არ მაქვს ლაპარაკი. რაღაც წრეა ადამიანების, რომლებიც სულ ერთად არიან, ხანდახან გაიყოფიან, ზოგი ხელისუფლებაში რჩება, ზოგი ოპოზიციაში მიდის, მერე პირიქით გადაატრიალებენ ქვეყანას.

ჭორი გავიგე, ფორუმი ბურჯანაძესთან რაღაც ერთობას აპირებსო.

- სწორად გაგიგიათ, რომ ჭორად გაგიგიათ. ფორუმს რატომღაც სულ პოლიტიკურ გარნირად გამოყენებას უპირებენ. შარშანწინ ოქრუაშვილთან გაგვაერთიანეს, შარშან ზაფხულში ალიანსში შეგვიყვანეს, ახლა ბურჯანაძესთან ვყოფილვართ. მოლოდინებია, რომ ნოღაიდელთანაც მივდივართ. ფორუმი არავის გვამში შეძრომას არ აპირებს.

გინდათ, კიდევ ერთი ჭორი გითხრათ? "ეროვნულ ფორუმს" შევარდნაძე აფინანსებსო.

- ჩვენი დამფინანსებლები დაგისახელოთ? რუსეთი, მერაბიშვილი, სააკაშვილი, ახლა შევარდნაძე! შევარდნაძე თუ გვაფინანსებს, ეს ხელისუფლებამ ვერ შეიტყო?!

შეუტყვია და, როგორც მითხრეს, ამაზე გაბრაზებული სააკაშვილი გამსახურდიას კომისიით ცდილობს, შევარდნაძეზე ჯავრი იყაროსო.

- როგორი საინტერესო კომბინაციაა! პატიოსანი ვარ ქვეყნის და ხალხის წინაშე, თუმცა შემოთავაზებები ბევრი გვქონდა.

ხელისუფლებამ შემოგთავაზათ?

- აბა, ოპოზიციას ფული არ აქვს, გაღლეტილი დადის.

რამდენი შემოგთავაზეს?

- ბევრი, რამდენიმე ათეული მილიონი.

თქვენს ადგილზე შეიძლება ბევრისთვის სულს წაეძლია.

- ვისაც ასეთი ჭორების სჯერა, ფიქრობენ: "25 მილიონს თუ სთავაზობს ხელისუფლება, მე რომ შემომთავზოს, ხომ ავიღებდი? მე თუ ავიღებდი, ე. ი. გუბაზმაც აიღო". ჭკვიანი კაცი ფულს ხელს მოკიდებს.

მით უმეტეს, როცა ქვეყანაში პოლიტიკა აღარ კეთდება.

- გეთანხმებით. მაგრამ ვიღაც მაინც უნდა იყოს, ვინც რაღაცეებს არ იკადრებს. რაღა დაგიმალოთ და, ძალიან მსიამოვნებს, როცა ერთ ადგილზე ვაგზავნი ადამიანებს, შემოთავზებებით რომ მოდიან. 25 მლნ რომ გითხარით, კი არ შემოუთავაზებიათ, ამას ხალხი ამბობს, რომ ავიღეთ.

აბა, რამდენი შემოგთავაზეს?

- ბოლო შემოთავაზება იყო, შენ თვითონ დაწერე ციფრი, რამდენი გინდაო. სულ ბოლო შემოთავაზება რა იყო, არ გაინტერესებთ?! რა გინდა, გაგვაგებინეო. რაც მე მინდა, თქვენ ვერასოდეს მიხვდებით, ამიტომ თქმას აზრი არ აქვს–მეთქი, ვუპასუხე.

ასეთი რა გინდოდათ?

- ამ ქვეყნის ფეხზე დაყენება.

მასე ამბობს ყველა, მათ შორის მიშა სააკაშვილიც.

- მიშა სააკაშვილსა და ჩემ შორის, მგონი, განსხვავება არის. თუ ვერ ატყობთ? არ ვარ საშუალო ბოთლი, რომელსაც ღვინის ქარხანა უშვებს. მარტო გარეგნობას არ ვგულისხმობ, თუმცა ამასაც აქვს მნიშვნელობა.

ქვეყანა არასოდეს გიმართიათ და რა გარანტიაა, რომ თქვენ უკეთესად მართავთ?

- რატომღაც მგონია, რომ უკეთესად გამომივა, რადგან ვიცი, როგორ იმართება. ქვეყნის მართვა არც ისე რთულია, თუ ადამიანი წესიერად იქცევი.

მახსოვს, სააკაშვილი პრეზიდენტი რომ გახდა, მოსკოვში ჩვეულებრივი რეისით გაფრინდა და კანცელარიის წინ ერთოთიანი ბინა იქირავა, ასე წესიერად უნდა ვიცხოვროთო.

- ახლა სად ცხოვრობს? თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ხელისუფლებაში რომ მოვალ, სასახლეს ავიშენებ, რა ვიცი...

მაგაზე უკვე იზრუნა სააკაშვილმა. ავლაბრის რეზიდენცია დაგხვდებათ.

- ერეკლე მეფის სასახლე გინახავთ? ზოგს რცხვენია, ამნაირ სახლში რომ ცხოვრობდაო, მე ვამაყობ, რომ ასეთი მეფეები გვყავდა.

მოდით, დღევანდელობას დავუბრუნდეთ. არასაპარლამენტო ოპოზიციაში ალბათ თბილისის მერობის ორი გამოკვეთილი კანდიდატურა იქნება: ირაკლი ალასანია და ლევან გაჩეჩილაძე. "ეროვნული ფორუმი" რომელს დაუჭერთ მხარს?

- არც ერთს. ფორუმი არ მონაწილეობს იმ საქმეში, რომელიც წინასწარ წაგებულია. ხელისუფლებას უკვე გაყალბებული აქვს. 30 მაისს აღარაფერს გააყალბებს. ერთ ყალბ ბიულეტენს ვერ მოძებნის ვერავინ. სამი მილიონ შვიდასი ათასი ამომრჩეველიაო. კაცი გვეუბნება უკვე, ერთი მილიონი მაქვს გაყალბებულიო. მეტი რა გითხრას?!

აბა, რატომ მონაწილეობს ეს ხალხი?

- არ ვიცი. პეპლები რატომ მიდიან ცეცხლთან? ჰგონიათ, რომ მთვარეა.

დათო ბერძენიშვილმა თქვა, თუ ვინმე იმიტომ არ იღებს არჩევნებში მონაწილეობას, რომ გაყალბების შემთხვევაში პროცესების თავში მოექცევა, ძალიან ცდება, აქციების სათავეშიც ჩვენ ვიქნებითო. გაყალბების შემთხვევაში საპროტესტო აქციებში არ ჩაერთვებით?

- არ გეტყვით, როდის და რა იქნება. წინასწარ რომ განაცხადებებს აკეთებენ, ესეც სისულელეა. არავის ძახილზე ფორუმი არსად მივა. ვაპირებთ, თვითონ განვახორციელოთ ყველა ქმედება, რასაც საჭიროდ ჩავთვლით.

ანუ ოპოზიციის ცნობილი ლოზუნგი "ძალა ერთობაშია" თქვენთან არ მოქმედებს?

- სადაა ძალა?! ნულების პარადია!